Feedback

'თუ ღმერთი შენსკენ არის, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გებრძვის'... დიკა სალაყაია PKTV-ს 'მოზაიკაში', ლანა ბიბილურიძესთან

  /   ნანახია 850 ჯერ

'თუ ღმერთი შენსკენ არის, რა მნიშვნელობა აქვს,  ვინ გებრძვის'...  დიკა სალაყაია PKTV-ს 'მოზაიკაში', ლანა ბიბილურიძესთან

PKTV- ბლიც-ინტერვიუ

 

მე ვარ...

ის  ქალი, ვინც ერთხელ შეიყვარა და მთელი ცხოვრება უყვარს.

ყველაზე ხშირად ვკარგავ...

ნდობას ადამიანების  მიმართ; როგორც იტყვიან, კარგად  ვისწავლე  ოქროს მოოქროვილისაგან  გარჩევა.

არასდროს არის გვიანი...

 ცხოვრება დაიწყო თავიდან, პატიება ითხოვო,  ოცნებები აისრულო... შენი წილი გმირობა ჩაიდინო ან უბრალოდ  - მაგრად ჩაჰკიდო ხელი საყვარელ ადამიანს, მთის მწვერვალზე აიყვანო - და უთხრა,  რომ გიყვარს...

საუკეთესო მოგონებები...

მზიანი დილაა.... ბებიას სახლთან შავი ავტომობილი ჩერდება, მე და ჩემს დას ბებიასთან გვტოვებენ... ჟრიამულით შევრბივართ ეზოში... ჭიშკართან თუთის ხე დგას... ღობეზე აყვავილებულ გლიცინიებს პეპლები ეხვევიან... ბებია ოდა სახლიდან გამოდის, ხელებს შლის და გულში გვიკრავს ....

გოლვაფირო....

გოლვაფიროოოოო...

ბრძნული აზრი , რომელიც ხშირად მახსენდება...

'თუ ღმერთი შენსკენ არის რა მნიშვნელობა აქვს ვინ გებრძვის'.

ის, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ადამიანში...

არის უწიგნურობა,  ანგარება,  უკულტურობა.

მენატრება...

 ბავშვად ყოფნა; გლიცინიებისგან  რომ ‘’სუნამოს'  და 'სიცოცხლის ელექსირს' ვამზადებდი, ის წლები.

მე, როგორც მშობელი...

ძლიერი ვარ! შვილებისთვის ეკლებზე გავლაც შემიძლია და მხურვალე მზის ხელის შევლებაც.

ცხოვრება გვაიძულებს...

 ზოგჯერ გავიღიმოთ,  როცა სულაც არ გვეღიმება...

წლების მატებასთან ერთად სწავლობ , როგორ მართო საკუთარი ემოციები...

გაჩუმდე მაშინ , როცა ერთი სული გაქვს, კოკისპირულად იწვიმო...

ასეა,  წლების გასვლასთან ერთად ვხვდებით,  რომ ვიზრდებით, ვიცლებით და საკუთარი მიზნების, პრიორიტეტების გადაფასებას ვსწავლობთ....
ნელ-ნელა ვუცვლით ადგილს ჩვენი ცხოვრების თაროზე ადამიანებს, ისტორიებს , დღეებს, ოცნებებს....უინტერესო წიგნებივით გვავიწყდებიან ზოგიერთები....
დრო გადის და აღმოვაჩენთ, რომ სულაც არ არის აუცილებელი, დღის მონაკვეთი დაუთმო იმ ადამიანებთან საუბარს,  რომლებსაც, უბრალოდ, უნდა უსმინო...
ვხვდებით, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ყველა მეზობლის თავგადასავალი და კულინარიული მიღწევები ვისმინოთ...
სულაც არ არის აუცილებელი, დაბადების დღეზე მივიდეთ, იმიტომ რომ, მიგვიწვიეს, მაგრამ წასვლა არ გვინდოდა...
სულაც არ არის აუცილებელი, 'შანელის' სამოსი ჩაიცვა თუ უბრალოდ ბებიის ნაჩუქარი შალი გსურს მოიხვიო....

 

გულით დავატარებ...

სიყვარულს... სიყვარულს... სიყვარუუულს

წარსული არის...

ზღაპარი,  რომლის რეჟისორიც უბრალოდ იყო დრო...შენ კი ხან ამ ზღაპრის ბედნიერი გმირი იყავი, ხანაც - დარდიანი...

წარსული - ზოგჯერ გაკვეთილია აწმყოში გამოსადეგად...

წარსული - ზოგჯერ ღიმილია,  ზაფხულის წვიმიან ღამეს ღია ფანჯრებთან მდგომს რომ გაგახსენდება და გაგაღიმებს....

წარსული - ზოგჯერ ტკივილია,  რომლის გადაწერაც,  გადაშლაც გინდა, მაგრამ ვერ შლი...

ვსწავლობ...

უარის თქმას... მოოქროვილად ამიანებთან დაშორებას...

სამშობლო ჩემთვის არის....

მავთულხლართებზე შერჩენილი სევდა და იმედი...

სოხუმის სანაპირო.... სამაჩაბლო...  ის გმირები, რომლებსაც ესროდნენ და მაინც საქართველოს მიწას კოცნიდნენ...

კიდევ რამდენი რამეა ჩემთვის სამშობლო.... რაღაც ამოუხსნელი... გულში რომ გყავს, ვერ ტოვებ...ვერ მიდიხარ...ვერ ელევი....შენია და შენშია...

 ამქვეყნად მოვდივართ იმისთვის, რომ...

ამქვეყნიური გამოცდა ჩავაბაროთ ? -  ცოტა ბანალურია,  მაგრამ....

ალბათ იმისთვის მოვდივართ ქვეყნად, რომ გვიყვარდეს.. .ვიზრუნოთ... მოვუფრთხილდეთ... ყოველი წამით დავტკბეთ...

განა მარტო იმიტომაც არ ღირს ქვეყნად მოსვლა,  დედა რომ შუბლზე გკოცნის და - პირიქით... შუაღამე მხოლოდ იმიტომ, რომ გეღვიძება, შენი პაწაწინა შვილების სურნელი შეიგრძნო და მძინარეს ფრთხილად მოეფერო....

სუნთქვები დაითვალო...

მათ სიზმრებს უდარაჯო,  რომ იქაც.... სიზმრადაც ვინმემ არ დაუფრთხოს ძილი...

 სიკვდილი...

მეზიზღება... ვერ ვიტან ამ სახელს... მზარავს... ეს უნდა გამოვტოვო! J

ხალხი...

საოცარი ფენომენია:  ერთ დაძახებაზე, ერთ ისტორიაზე და ერთი ადამიანის გარშემო ისე შეიძლება შეიკრას  -  რომ იხსნას,  გადაარჩინოს ან გაანადგუროსJ...

 მეგობარია ს, ვინც...

მხოლოდ წარმატების დროს კი არა, დამარცხებულსაც რომ გვერდით გიდგას.

სიყვარულია...

როცა გარეთ ცივა და შენ თბილი სარკმლიდან ითვლი ნაბიჯებს.. -  როდის მოვაო?

სიყვარულია, როცა უკანასკნელი ფულით მხოლოდ იმიტომ გადიხარ ქუჩაში, რომ გაყინული ბავშვი გეგულება ტროტუარზე და მისთვის გსურს თბილი ტანსაცმელი იყიდო....
სიყვარულია, როცა ძილის წინ იმ უცხო ადამიანზე ილოცებ, რომლის ავდმყოფობის ამბავმა დაგადარდიანა....
სიყვარულია, როცა დღესასწაულის აღნიშვნა 'ფეშენრესტორნის' ნაცვლად ხანდაზმულთა თავშესაფრის მოკითხვით გინდა ჩაანაცვლო...
სიყვარულია, როცა ერთი პატარა ყოჩივარდების კონა გირჩევნია ძვირადღირებულ სამკაულს....
სიყვარულია, როცა მთელი დღის დაღლილი შინ ბრუნდები და ღიმილით ამზადებ შვილებთან ერთად კერძს....
კიდევ რამდენი რამეა ამ ქვეყნად სიყვარული.....
რამდენი რამეეეეეე.....

ლექსი, რომელიც შეესატყვისება დღევანდელ ყოფას (ჩემსასJ)

'ალბათ შევიცვალე,
წლებიც მომემატა,
თმისაც შევიცვალე ფერი,
ალბათ გემოვნებაც ცოტა გამიმკაცრდა -
- ახლა სისადავე მშვენის...

ახლა ძველებურად აღარ ვიბუტები,
არც მსურს ამიტაცონ ხელში,
როცა სულში წვიმს და
როცა ავდარია,
ვხვდები -
- მეც ბევრ რამეს ვხვდები...

ახლა ხასიათიც ალბათ შემეცვალა,
ახლა ვერ ვტყუვდები ბევრგზის,
უკვე გავიზუთხე ყველა ნიღბის კითხვა,
ყველას მივუტევე თმენით...

ზოგი დამეკარგა, ზოგსაც დავეკარგე,
გულით ახლობლებთან ვრჩები,
ყალბი მეგობრებიც გზა-გზა დაიფანტნენ,
ამას, დრო გადის და, ვხვდები.

ვხვდები,
რომ ყოველდღე უნდა გაიზარდო,
უნდა გაიშალო მხრებში,
თუკი ასჯერ გზაში სადღაც ჩაიმუხლე,
მაშინ ასმეერთედ დგები...
...............................
ალბათ შევიცვალე,
წლებიც მომემატა,
ხშირად საკუთარ თავს ვებრძვი,
არ ღირს ნერვების შლად თურმე წვრილმანები,
როცა უფალი გყავს გვერდით...'

 

 ქალს შევადარებდი.. .

მოულოდნელობებით სავსე ოკეანეს; არასოდეს იცი რა შესაძლებლობებს მალავს, რისი მიღწევა შეუძლია ან უბრალოდ მისგან რას უნდა ელოდე... როგორც ჯონ ლენონმა თქვა, ქალის გარეშე ნაპოლეონიც ერთი ჩვეულებრივი იდიოტი იქნებოდა....

ილუზიაა...

 ეს არის გამოგონილი სამყარო,  ფალსიფიცირებული, ყალბი...  ქვიშისგან აგებული სასახლე, რომელიც აუცილებლად თავზე ჩამოგეშლება.

იმედი...

არის ძალადაცემული წამოდგე... სიბნელეში მზე აანთო... ფანჯრები ფართოდ გამოაღო და მიიღო გადაწყვეტილება,  რომ ცხოვრებას თავიდან დაიწყებ.

 ბედისწერა... 

'შუბ­ლზე  რაც გა­წე­რია,  იმას ვერ წა­უხ­ვალ'  -  არ მჯერა მსგავსი დოგმატების, მაგრამ მჯერა უფლის ნების… ის რომ, უფლის ნების გარეშე სამყაროში არაფერი ხდება, ცხადია.

ოდითგანვე ასე მოგვდგამს...

'მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით,  რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით,  როგორც დაკოდილ ძერას - ყვავები' (კონსტანტინეგამსახურდია)...

ჩვენი უბედურება ისაა, რომ...

მხოლოდ წარსულით და მომავლით ვცხოვრობთ...  ვამბობთ, რომ საქართველოს ჰქონდა და ყველაფერი კარგად იქნება!

ვისაც ოდესმე ჰყვარებია.. .

იცის,  რა შეუძლია სიყვარულს, მხოლოდ მას შეუძლია გაუგოს შეყვარებულს... მხოლოდ მას შეუძლია ესმოდეს  'მარიტასი'.

ხელოვნებაა...

ყველაზე დიდი ჰუმანური აღქმა მოვლენების... ის, რაც სულიერად გზრდის,  გალამაზებს...

ოქროს შუალედია სამყაროს ორ უკიდურესობას შორის...

ის, რაც გადაგვარჩენს...

 რწმენა,  სიყვარული,  თანადგომა,  განათლება, საკუთარი შესაძლებლობების სწორად რეალიზება...

ჩემი აუხდენელი ოცნება...

  გავატარო ერთი აგვისტო სოხუმშიJ...

ჩვენი დროის გმირები..

არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმიდან უკანასკნელ გემს არ გამოჰყვნენ... რომლებიც დღემდე ფიქრებით ელოდებიან...

გმირები არიან ისინი, ვინც საქართველოს დროშაზე ფეხით არშედგნენ...  ვინც 13 ივნისის ტრაგედიისას საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნეს სხვები...

გმირები არაინ ისინი, ვინც შიშველი ხელებით იცავენ საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებს, ტაძრებს...

მადლიერი ვარ.. ..

 როგორც ოსკარის დაჯილდოებაზე ამბობენ ხოლმეJ, მადლობა დედას, მეუღლეს, ჩემს დას, მეგობრებს და განსაკუთრებული მადლობა ჩემს მკითხველს, რომელიც ყოველდღე უდიდეს სითბოს და სიყვარულს მჩუქნის.

ჰობი...

ამ ბოლო დროს ერთი პოზიტიური ახირება დამჩემდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ტანსაცმელებს,  წიგნებს, პროდუქტებს ვაგროვებ და მერე თავშესაფრებში და მარტოხელა დედებთან დავდივარ... 

როცა გაიზრდები, მიხვდები, რომ...

ცხოვრება ისეთი ფერადი არ არის, როგორიც შენი ვარდისფერი სათვალიდან ჩანდა.

ნუ გეშინიათ..

საკუთარი თავის წარმოჩენის;  ზოგჯერ საკუთარი თავის თვითშეფასებაც უნდა შეგეძლოთ, რომ სწორად გადადგათ ნაბიჯები.

ნუ გეშინიათ მარცხის  -  აუცილებლად გამოგადგებათ მომავალში (კარგი გაკვეთილია)...

ნუ გეშინიათ ნაბიჯის გადადგმის -  არასოდეს დარჩეთ იქ, სადაც ზედმეტად იგრძენით თავი...

ნუ გეშინიათ სიმართლის  -  ტყუილში ცხოვრებას მწარე სიმართლე ჯობს...

 ოცი წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ...

ყველაფერი ვიცოდი, ოცდაათი წლის ასაკში მივხვდი,  რომ არაფერი მცოდნია. ათი წელი დავხარჯე იმაში,  რომ მეღიარებინა,  თურმე არ ყოფილა ისე, როგორც მე მეგონა - ფრედერიკ ბედბეგერი.

ერთხელაც მოგიწევთ იმის აღიარება..

რომ ცხოვრებაში თქვენც დაგიხარჯავთ დრო უქმადJ,  ნერვები წვრილმანებზე და ფული - სისულელეებშიJ...

ნუღარასდროს დაბრუნდებით...

იქ, სადაც წამოსვლისას კარი მაგრად მოიჯახუნეთ.

თუ ვინმეზე მეტი გგონიათ თავი, იცოდეთ...

რომ ძალიან სასაცილო ხართ.

იცხოვრე ისე, რომ...

უკან მოხედვის არ შეგრცხვეს.

ქორწინების შემდეგ იცვლება...

ის რომ, საყვარელ მამაკაცს ხშირად ავიწყდება ქორწინების თარიღების მოლოცვა...

არასდროს მისცე ვინმეს უფლება...

მოგატყუოს,  ზევიდან გიყუროს,  გამოგიყენოს....

ოცდამეერთე საუკუნის სენი...

'სელფომანია'.

თუ ვიქნებოდი პატიმარი...

იქაც აუცილებლად გავაფერადებდი დღეებს...

 გაიღიმეთ , თუნდაც…

ეს არ იყოს ადვილი.

უნდა შეგეძლოს...

ხმამაღლა თქვა  - ცხოვრებას ვიწყებ თავიდან და უნდა დაიწყო...
ზაფხულის კოკისპირულ წვიმაში ფანჯრები გამოაღო ფართოდ და უბრალოდ შენთვის... გულში მოყვე თავიდან ბოლომდე ის პატარა ამბები, რაც გინდა, რომ გადაშალო... გააქრო....
უნდა გააქრო....
ტკივილები ღიმილებით აფერადო...
სიცივე - სითბოთი...
ბოღმა - სიკეთით...
ერთი მაგრად ამოისუნთქო დარდი, მერე გაშალო ხელები და ბედნიერება ჩაისუნთქო....

ვაგროვებ...

პოზიტივებს,  ოქროს ადამიანებს ჩემს ირგვლივ და გლიცინიებს..

უამბეთ  შვილებს...

ძილის წინ თქვენი ცხოვრების ზღაპრები, დარწმუნებული ვარ, 'წითელქუდას' აჯობებს.

არ მჭირდება...

ზედმეტი ნივთები და ყალბი მეგობრები.

აღარ მჯერა...

თვალის ასახვევად ნათქვამი ცარიელი სიტყვების.

 თუ გეუბნებიან, არაფერი გამოგივაო...

თქვენ მაინც სცადეთ,  იქნებ საპირისპირო დაამტკიცოთ..

სიყვარული რომ არგახუნდეს...

საჭიროა მთელი გულით გიყვარდეს… ყოველდღე გიყვარდეს, შენთვის და არა - სხვის დასანახად...