Feedback

ჟურნალისტ გიგა ლელაძის პოსტ-ფაქტუმი: "მეოცნებენი" - ანუ ბერტოლუჩის ეს რომ ენახა...

  /   ნანახია 397 ჯერ

ჟურნალისტ გიგა ლელაძის პოსტ-ფაქტუმი:

გემოვნებაზე არ დაობენო, ნათქვამია, მაგრამ რეალურად ყველაზე მეტს ამ ფენომენზე დაობენ. ალბათ, უმეტესობამ ადამიანებისა კარგად უწყის, ვინ იყო ბერნარდო ბერტოლუჩი და რას წარმოადგენს მისი შემოქმედება. მოგვწონს თუ არა მისი ქმნილებები, ფაქტია, ისინი კინოშედევრებადაა აღიარებული და ალბათ, უმიზეზოდ არც არავინ აღიარებდა... მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფილმია "მეოცნებენი". ჩემს სტატიაში აღნიშნული ფილმის რეცენზიიას ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ სახელის ხსენებაზე ჩვენი "ოცნება" მახსენდება რატომღაც... და მაინც, რა არის ქართული ოცნება (საუბარს არ ვაპირებპოლიტიკურ მოძრაობაზე)?...

როგორც აღვნიშნე, ფილმ "მეოცნებენის" რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩია, მაგრამ ვინ რეჟისორობს ქართულ ოცნებას? ქართველი ხალხი რეალურად მეოცნებედ იქცა, რამეთუ ნამდვილად არ გვაქვს რეალობა ისეთი, რომ ლაღად და მშვიდად ვიცხოვროთ. და მაინც, რა გვინდა და რაზე ვოცნებობთ?

90_იანებიდან რომ მოვყვეთ და უფრო შორს არ წავიდეთ, ეპოქაში, როცა  შეგვეძლო რეალურად გვეცხოვრა ისე როგორც ერს, როგორც გამართულ, მართლმადიდებელ, ძლიერ ქვეყანას, - სინამდვილეში რა გავაკეთეთ? - ერთი ხელის მოსმით გავანადგურეთ ის, რაც ჩვენი ერთადერთი სწორი გზა იყო - ეროვნული მთავრობა! მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, არ მოვსწრებივარ ხსენებულ პერიოდს, მაინც ვიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას, რამეთუ მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. როცა შეეძლო ხალხს, შეენარჩუნებინა მოპოვებული თავისუფლება, სწორედ მაშინ გადაძალა "რაღაც" ძალამ და უკუვაგდეთ სიმწრით მოპოვებული დამოუკიდებლობა და დავრჩით მეოცნებეებად. დიახ, სწორედაც რომ არახალია ეს სახელი ჩვენს ქვეყანაში...

დაინგრა, განადგურდა რეალობა და დაიწყო ჩვევად ქცეული ოცნების გაგრძელება. "ელიოზის" მსგავსად, ნატრვრის თვალის ძიება! ერთ ლირიულ გადახვევას გავაკეთებ - ქუთაისის "ლიტოფონის ქარხანაზე" (აწ განსვენებულ)  დიდი ასოებით, მკაფიოდ გასაგებად  ეწერა ტექსტი - "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო", - ზუსტად რომ ასეა ჩვენი საქმე. შე კაი დედ-მამისშვილო, რას ეძებ, რას ეპოტინები?! ნუთუ სიბრმავე შემოგეპარა ქართველო ერო და ვერ აღიქვი რეალობა? თუ სხვა სენმა გძლია და უკეთესი მოგინდა? ალბათ ერთიც და მეორეც. და რა მოხდა ამის შემდეგ? მოხდა ის რომ, გაძვალტყავებულ და დაჩაჩანაკებულ ხალხს (მაპატიოს მკითხველმა, მაგრამ რეალურად ასეა) მუდმივ ძიებასა და ოცნებაში უწევს ცხოვრება.

მოვიდა შევარდნაძე, შეეგება ერი ზარზეიმით, არიქა, გვეშველაო, მაგრამ რაც მოხდა თუ არ გვახსოვს ასაკის გამო, ვინმეს გადმოცემით ხომ მაინც ვიცით? რამდენი რამის მოყოლა და გახსენება შეუძლია 90_იანებგამოვლილ ხალხს, კარგად მოგვეხსენება.

ბევრი იარა თუ ცოტა, ჩვენმა ქვეყანამ, ჩაბნელებულ და დანგრეულ გზებზე, მოვედით 2003 წლამდე და "შეიცვალა" ხელისუფლება - "წავიდა შინ" შევარდნაძე და მოვიდა მიშა. არიქა, გვეშველა, ხალხოო!!! ზარ-ზეიმით მოყვანილი ედუარდი ზარზეიმითვე ჩავანაცვლეთ სააკაშვილით. ოღონდ შევარდნაძე არა და, ვინც გინდა იყოსო! აჰა, ბატონო, მოვიდა! თქვა მიშამ: იყოს ნათელი და იქმნა ნათელი - თბილისი სინათლის ქალაქად იქცა, გზებიც დაიგო და ახლა გატკეცილ, გაპრიალებულ გზებზე დავეშვით თავქვე!..

2012  - ოღონდ მიშა არა და, ვინც გინდა ოყოსო! მოვიდა ბიძინა. მას შემდეგ ვტკეპნით თითქოს ერთსა და იმავე ადგილს. მთელი ქვეყანა ერთ დიდ თავკომბალას ჰგავდა მანამ, რამეთუ თბილისი გახდა "მეგაპოლისი" და დანარჩენი საქართველო დავიწროვდა. დღეს კი ერთი დიდი ჭორვილაა  ჩემი დაბეჩავებული ქვეყანა.

მტკივა... გული ხომ მტკივა, სულიც, მაგრამ კიდევ რაღაც მტკივა. ჩემი სამშობლო მტკივა! რა გვჭირს თანამემამულენო? მამულიშვილნო?! დღეს ისევ აქციები და მიტინგებია ჩემს ქვეყანაში. ქაშვეთის მიმდებარედ, პარლამენტის წინ "ვითხოვთ".  რას ვითხოვთ? - ოღონდ ბიძინა არა და, ვინც გინდა იყოს? - არა! ეგრე აღარ გამოვა! სანამ არ გავიაზრებთ, რომ 90-იანებში დავუშვით სავალალო შეცდომა, მანამ არაფერი გამოვა! სწორედ ეროვნული ძალაა საჭირო ქვეყნის გადასარჩენად! იქნებ გავიაზროთ, რომ მოყოლებული სწორედ 90_იანებიდან ჩვენი ოცნების რეჟისორი მხოლოდ ერთი ადამიანია?! თუნდაც უკვე გარდაცვლილი. ალბათ ყველას გვახსოვს სულხან-საბას იგავი "მაოხრებელი მკვდარი"...

მოკლედ, სანამ რეალურად არ შევხედავთ მოვლენების განვითარებას, დავრჩებით გიორგი ლეონიძის "ელიოზებად" და ვეძებოთ ნატვრის თვალი.

ხო მართლა, ეს რომ ბერნარდო ბერტოლუჩის ენახა, აუცილებლად მოიწონებდა რეჟისურას. "მეოცნებენი" ხომ მან შექმნა?!