Feedback

ბროლის ქალი. ქეთი სესიაშვილის პოეზია

  /   ნანახია 527 ჯერ

ბროლის ქალი. ქეთი სესიაშვილის პოეზია

მართალია, საქართველოში პოლიტიკურად და აპოლიტიკურადაც საკმაოდ ცხელი დღეებია, მაგრამ ცოტაოდენი განტვირთვისთვის მაინც გთავაზობთ ჩემს, ანუ ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის ლექსებს...
ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებთ და ნუ დამსჯით, თუ დიდად არ მოიხიბლებით ჩემი გულიდან ამოსული წრფელი გრძნობის სტრიქონებით.
თუ შეფასებებს მოინდომებთ, აქვე ღიად კომენტარებში დამიწერეთ. გმადლობთ.

ქეთი სესიაშვილის პოეზიიდან:

ბევრჯერ წავიქეცი...
24.06.19

ბევრჯერ დავიღალე,
ბევრჯერაც დავეცი...
ბევრჯერ წავიჩოქე,
მაგრამ ვერ დამაჩოქეს.
ბევრჯერ ამეცრემლა,
ბევრჯერ ამატირეს,
ბევრჯერაც გამკილეს
და ბევრჯერ დამაღონეს.
ბევრჯერაც გავიქეცი,
ბევრჯერაც წავიქეცი,
უფალს ვუხმობდი და,
ფეხზეც წამოვდექი.

ბევრჯერ განმიცდია
თითქოს - უბედობა,
ბედისწერის ქალი
ბევრსაც ვგონებივარ;
ბევრჯერ გამეღიმა
სხვების ნაბოდვარზე,
ბევრჯერ უპასუხოდ
გულში მიდარდია...
ბევრჯერ გამიცრუვდა
გრძნობის აღმაფრენა,
ბევრჯერ ჩამირგია
თავი ჩემს ხელებში...
ჩუმად მიფიქრია -
ხვალე რა იქნება?
თუმც პასუხი კი
არვის გაუცია...

ბევრჯერ მაწყენინეს,
ბევრჯერ იჩურჩულეს,
ზურგიც კი მეწვოდა
ჭორის თვალებისგან,
ბევრჯერ უკითხავთ: 
განა შენც გიჭირსო?
ღმერთმა ხომ სილამაზე
შენთვის გაიმეტა?..
ბევრჯერ გამკენწვლია
გულში ღადარები,
ბევრჯერ სამსხვერპლო კრავს
ჩემს თავს ვადარებდი.

ბევრჯერ გავქცეულვარ...
ახლაც გავიქცევი,
ვიცი, კარგად ვიცი
სადღაც წავიქცევი...
მე შენ ზურგს შეგაქცევ
და არ დაგანახებ -
რომ წაქცევისას ძალიან ვიტკინე.
შორიდან დამინახავ
მხრებზე ჩამოყრილი
ქარში გაბნეული ქერა დალალებით,
მე კი - წაქცეული პატარა ბავშვივით,
ცრემლებდანამული თეთრი ღაწვებით
ფეხზე წამოვდგები,
ისევ გავიქცევი
და ძალიან შორს -
ღრუბლებში ჩავინთქმები.

ბევრჯერ გაგიცინებ,
როცა დაიძინებ,
სიზმრად გეწვევი და
წარსულს მოგიყვები,
გეტყვი, რომ ძნელია
ცხოვრების ხლართები,
უაზრო ზღაპრები
და დითირამბები...
მე ხომ ბალღი ვარ და
მთვარის ასული,
სადღაც ჩაკარგული და
სადღაც გასული;
შენგან შორს - მაგრამ
შენთან ახლოს მყოფი
ჩუმი ტკივილებით - სახემოცინარი...
არ გდარდობ,
აღარ მწყინს,
აღარც ვიბუტები,
შენს გზას გავყურებ, თუმც აღარ გიბრუნდები...
უკვე ჩავათავე 
ბოლო აკორდები,
თვალსაც მიეფარა
ბოლო ვაგონები;
გული დაიღალა
ამდენი ფიქრებით,
აღარ გელოდები,
აღარ მაგონდები...

ვიცი, იფიქრებ, რომ
ისევ დავიღლები,
ისევ დავეცემი,
ისევ წავიჩოქებ...
მაგრამ ისიც იცი, 
რომ არ დავიჩოქებ...

ვიცი, გამკილავენ,
ბევრიც არ დამინდობს,
ზურგიც ამეწვება
ჭორის თვალებით;
სადღაც ჰორიზონტზე
დაგლანდავ ოდესღაც,
დიდრონ თვალებსაც შემოგაფეთებ
და მოგაძახებ:
დაიგვიანე!

ბევრჯერაც დავიღლები,
ბევრჯერაც დავეცემი,
ბევრჯერაც წავიჩოქებ,
მაგრამ არ დავიჩოქებ.
ბევრჯერაც ავცრემლდები, ბევჯერაც ავტირდები,
ბევრჯერაც გამკილავენ
და არ დამინდობენ...
ბევრჯერაც გავიქცევი,
ბევრჯერაც წავიქცევი,
უფალს მოვუხმობ და,
მაინც წამოვდგები!


ბროლის ქალი
24.06.19

ჩემი ცხოვრების მატარებელმა
დაიგვიანა...
ვდგევარ მარტო
ცარიელ ბაქანზე...
თუმცა გარშემო ხალხი მიდი-მოდის - 
წყვილად და ცალ-ცალკეც...

არ მაშინებს ჩემი სიმარტოვე,
ვცდილობ, შევეგუო,
რას? - არ ვიცი...

სული დაიბზარა და
ბროლივით დაიშალა...
ჩავიმუხლე ნამსხვრევების ასაკრეფად,
მაგრამ - ბროლია და,
მარცვლები ხელიდან მისხლტება...

ვერავინ ხვდება ჩემს მოძრაობებს,
რადგან სულის ნამსხვრევები
რეალურად არ ჩანს...
ამიტომაც არ მოდიან დასახმარებლად,
არც არავინ მთავაზობს ხელის გამოწვდენას 
და უბრალოდ, 
მიდი-მოდიან...
ყველას საქმიანი იერი აქვს,
თუმც, სინამდვილეში, საქმე არავის აქვს,
ისე - მოძრაობენ...

მე კი ხელის ცეცებით 
ვეძებ მიმობნეულ ბროლის ნამსხვრევებს -
სული მინდა, ავკინძო
და ჩემს სხეულში გავამრთელო...

რა ძვირფასია ბროლი
და რა უგულო -
რატო დაიმსხვრა?
ხომ იცოდა, გაიფანტებოდა
და მე ვეღარ შევძლებდი აკრეფას?

ცრემლები თქეშით წამოვიდა თვალიდან და,
გონებაც გამინათდა:
ესე იგი, ვიპოვე ჩემი სული -
რადგან ვტირი...
უსულო გვამს ხომ ცრემლები არ სდის?
ესე იგი, ნამდვილად ვიპოვე...
მე - ცოცხალი ვარ!..

მატარებელიც ჩამოდგა და ვაგონში ავდივარ...

ვიღაც თავაზიანად მიღიმის...

ავტორი ქეთი სესიაშვილი