Feedback

PKTV-ში წერილი მოვიდა: ღია წერილი მიხეილ ბატიაშვილს!

  /   ნანახია 547 ჯერ

PKTV-ში წერილი მოვიდა:   ღია წერილი მიხეილ ბატიაშვილს!

 ალექსანდრე ჟღენტის,

საქართველოს საპარლამენტო კინოკომისიის თავმჯდომარე (1991),

საქართველოს სახელმწიფო კინოკორპორაციის დამაარსებელი,

პროექტის „ყველაზე მოკლე დღე“ სცენარის თანაავტორი

 პ/ნ 65002008353

მცხ: ი. ჭავჭავაძის  გამზ. #11, ბ. 30

0179 თბილისი,  საქართველო

ტელ.:  + 995 597 330 526;  + 995 32 222 3615

e-mail:   alikozhgenti5@gmail.com

 ღია წერილი

ბატონო მიხეილ,

„ყველაზე მოკლე დღე“ შემოქმედებითი ჯგუფი ბოლო სამი წლის განმავლობაში სამართლებრივი გზით ცდილობს შეაჩეროს მომავალი ფილმის დაუფარავი, დადგენილი ნორმატიული აქტების სისტემატური დარღვევებით დაბლოკვა. ამის ჩამდენები არ ერიდებიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ისედაც უბადრუკი დებულების უგულვებელყოფას, პოლიტიკურ პროვოკაციებს. ეს განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მოახლოებული საიუბილეო თარიღების აღნიშვნასთან დაკავშირებით. ჩვენი პროექტი სწორედ საქართველოს უახლესი ისტორიის უმძაფრეს მოვლენებს ეხება.

თქვენ პირადად პასუხისმგებელი ბრძანდებით ისეთი არაკვალიფიციური, პროვოკაციული ქმედებების ჩამდენი მოხელის მფარველობაში, როგორიც ჯერ კიდევ კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მყოფი ბატონი ზურაბ მაღალაშვილია.

თავისი არაკვალიფიციურობა ბატონმა მაღალაშვილმა თავად აღიარა ა.წ. „ასავალ-დასავალის“ №5-ში გამოქვეყნებულ მის გამონათქვამში: „დროა კინოცენტრის ხელმძღვანელად პროფესიონალი მოვიდეს“ (!).

თქვენ, ბატონო მიხეილ, სისტემატურად თავს არიდებთ ჩვენ მიერ გამოგზავნილ პრეტენზიებზე პასუხის გაცემას. პასუხის გაცემას ნორმატიულად დადგენილ ვადებში თავს არიდებს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი დავით ლომინაშვილიც. რაც შეეხება შიდა აუდიტის და მონიტორინგის ხელმძღვანელებს (ისინი ხშირად იცვლებიან), ბატონ მამუკა ბახტაძის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ბატონ ალ. დარახველიძის 29.01.2019-ის წერილობითი მითითების შემდეგ, მათ თქვენსა და ბატონ ლომინაშვილის მაგივრად, პასუხი გამოგზავნეს, ოღონდ არა წერილების ავტორთან - კინორეჟისორ ქალბატონ მაია არჩვაძესთან, არამედ ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვილთან. როგორც ჩანს, სამინისტროს მოხელეებმა ჩათვალეს, რომ ე. წ. პასუხი, ჩვენ მიერ სამინისტროს ყველა დონის ხელმძღვანელებთან ნახევარზე მეტი წლის განმავლობაში გაგზავნილ წერილებზე, ერთი დოკუმენტის გამოგზავნით ამოიწურება. ჩვენ ასე არ მიგვაჩნია.

სამწუხაროა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში ე. წ. დასკვნებს კანონის დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე ისეთივე კვალიფიკაციის „ექსპერტები“ წერენ, როგორი კვალიფიკაციისაც  კინოცენტრის დღევანდელი ხელმძღვანელია, რომელიც ფირის ოდენობას „ყუთების“ რაოდენობით განსაზღვრავს! (კინოცენტრის ფეისბუქ გვერდი, 21.01.2019).

ვინაიდან თქვენგან უკვე მეშვიდე თვეა პასუხი არ მიგვიღია და, სავარაუდოდ, არც მივიღებთ, კომენტარს გავუკეთებთ ქალბატონ თამარ თევზაძის წერილს, რომელიც მან ტელეკომპანია PKTV-ს ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთევან სესიაშვილს გაუგზავნა. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელი წერილში (11.02. 2019) წერს: „კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ინტერესთა კონფლიქტის მოტივით კონკრეტული პირის მიერ საექსპერტო კომისიის შემადგენლობის დატოვების საკითხთან დაკავშირებით დასკვნაში მითითებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ვადაში უნდა მოხდეს ცვლილების განხორციელება და ვინ არის აღნიშნულზე პასუხისმგებელი ... სწორედ ამ კონტექსტშია მითითებული ხსნებული დებულების დარღვევის ნაწილობრივი დადასტურება ამ საბუთში“.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმას, რაც თავად „უფროსის ფუნქციათა შემსრულებელმა“ აღიარა: კინოცენტრის დებულებაში, რომელიც მილიონობით სახელმწიფო თანხების განაწილებასთან არის დაკავშირებული, წერია, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტის არშესრულებისას, პასუხისმგებლობა არავის არ დაეკისრება. და ამას აფიქსირებს აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი!

თქვენი სამინისტროს აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ინსპექტირების დასკვნაში (05.09.2018) აღნიშნულია, რომ „მიზანშეწონილია მოძიებულ იქნას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“ და რომ საქართველოში „შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით ჩამოყალიბდეს და დაინერგოს საექსპერტო კომისიის წევრთა შერჩევის საერთაშორისო აპრობირებული წესი და პროცედურები... წარიმართოს გამჭვირვალედ“.

ეს ყველაფერი თქვენს სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებისადმი  გაგზავნილი, თუმცა დღემდე განუხორციელებელი მითითებებია.

ამჯამად კი ვითარება ასეთია:

ჩვენი პროექტის დაბლოკვაში დოკუმენტურად მხილებული კინოცენტრის ხელმძღვანელი ტოვებს თავის თანამდებობას ისე, რომ პასუხი არ მოეთხოვა ჩადენილისთვის. მეტიც, წასვლამდე მას ახალი კონკურსების (მათ შორის, სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დაფინანსების კონკურსის) გამოცხადების საშუალება მიეცა. აქედან გამომდინარე, სადებიუტო პროექტების კონკურსი სხვა ხელმძღვანელმა უნდა ჩაატაროს, რისთვისაც საჭიროა მისი ამ თანამდებობაზე დამტკიცება, რაც ადვილი არ იქნება სრულიად უვარგის დებულების არსებობის პირობებში, მითუმეტეს, რომ ჩვენც, განსაკუთრებით დაზარალებული პროექტის ავტორები, სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, ყველაფერს ვიღონებთ, რომ ამ თანამდებობაზე არ აღმოჩნდეს ისეთივე არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი პიროვნება, როგორიც დღევანდელი დირექტორია. საინტერესოა, „საერთაშორისო გამოცდილების“ გათვალისწინებით, საექსპერტო კომისია ისევ საკონკურსო პროექტების მიღების დასრულების შემდეგ დაინიშნება, თუ პირიქით, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება? რა კრიტერიუმებით მოხდება ახალი დირექტორის შერჩევა? რა კრიტერიუმებით შეარჩევს ეს ახალი დირექტორი საექსპერტო კომისიას?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური, რომლის „ძირითადი მიზანი და ამოცანაა სამინისტროს არსებული პოლიტიკის და პროცედურების შესრულების ანალიზი“, თავს უფლებას აძლევს მოგვწეროს შემდეგი: „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განცხადებაზე პასუხის მომზადება საჭიროებს განსხვავებულ დროს, რაც დამოკიდებულია განცხადებაში მითითებული საკითხების რაოდენობაზე, მოცემულობაზე, თავისებურებასა და გარემოებებზე. ამასთან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განცხადების ავტორებს ეგზავნებათ წერილობითი პასუხი. თქვენ აღნიშნავთ, რომ ჟურნალისტური გამოძიების პროცესში გამოვლინდა დარღვევები. გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს მონაცემებს კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების თაობაზე.  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ დამატებით იქნება წარმოდგენილი დარღვევების შემცველი კონკრეტული ინფორმცია, შესაბამისი მტკიცებულებებით (მათ შორის, დოკუმენტი, მითითება კონკრეტულ ფაქტზე/გარემოებაზე ან/და პირზე), შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღებს ყველა ზომას მათი შესწავლისა და აღმოფხვრის მიზნით“.

საბჭოთა ეპოქის სტილში დაწერილი ეს პასუხი ბევრ სიცრუეს შეიცავს და დროის გაჭიანურების კლასიკური მაგალითია. ჩვენს პროექტთან დაკავშირებული ყველა გარემოება და დარღვევა ჩამოთვლილი და მითითებულია იმ მრავალ საბუთში, რომელიც აქტირებულია და თქვენს სამინისტროში დევს.

ჩემი წერილის ბოლოს კი მოვიყვან ციტატას  24. 12.2018-ის PKTV-ს გადაცემაში „ვის და რატომ აშინებს „ყველაზე მოკლე დღე“ გაჟღერებული განცხადებიდან:                

  „ყველაზე აღმაშფოთებელია, რომ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, ქართული სახელმწიფოს უმძაფრესი მოვლენების ამსახველი ფილმის პროექტის განსახილველად სისტემატურად და მიზანმიმართულად, იწვევდა ადამიანებს, რომლებიც  მასმედიის ყველა საშუალებებით და პირად საუბრებში დაუფარავად აძაგებდნენ ქართველი ერის მიერ არჩეულ ეროვნულ ხელისუფლებას, მოუწოდებდნენ საზოგადოებას მისი დამხობისაკენ და სისხლიანი დაპირისპირებისაკენ. მათმა თანამოაზრეებმა 1991 წლის 24 დეკემბერს ტყვიამფრქვევებით დაცხრილეს საქართველოს სახელმწიფო კინოკორპორაციის შენობა და გაძარცვეს ქართული კინოკომბინატი. ბატონი მაღალაშვილი ე.წ. საექსპერტო კომისიაში იწვევდა ისეთებსაც, ვინც გააყალბა ისტორიული ფაქტები და იმითაც, ვინც ამაში უწყობდა ხელს. ყოველივე ეს კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას (პირველ რიგში მინისტრს) უნდა აღეკვეთათ. ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა“.

ჩვენი დასკვნა ასეთია:

როგორც თავად სამინისტროს აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური აღიარებს, კინოცენტრში კონკურსები ტარდება უვარგისი დებულებით და ამ კონკურსებს ატარებენ არაკვალიფიცური მოხელეები, ატარებენ სისტემატური დარღვევებით და ამ დარღვევებისთვის პასუხს არ აგებენ.

ეჭვგარეშეა, საქმე გვაქვს მანკიერ სისტემასთან „სამინისტროში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების“ განხორციელებისას. ჩვენ სამართლებრივად წინ აღვუდგებით ყველაზე მასობრივი ხელოვნების სფეროში არსებულ ასეთ განუკითხაობას.

ჩვენი პროექტის რეჟისორს, შესანიშნავი მოკლემეტრჟიანი ფილმების ავტორს - ქალბატონ მაია არჩვაძეს 22 წელია უბლოკავენ გზას დიდი ეკრანისაკენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ სადებიუტო ფილმების გადაღების მოსურნე ქართველი ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები, რომელთა შორის, ეჭვგარეშეა, ეკრანის მომავალი დიდი ოსტატებიც არიან, ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორშიც ქალბატონი მაია არჩვაძეა. სახელოვანი ქართული კინო თაღლითების და მათი მფარველების ხელში არ უნდა იყოს.

ალექსანდრე ჟღენტი

საქართველოს საპარლამენტო კინოკომისიის თავმჯდომარე (1991),

საქართველოს სახელმწიფო კინოკორპორაციის დამაარსებელი,

პროექტის „ყველაზე მოკლე დღე“ სცენარის თანაავტორი

 16.02.2019

თბილისი


მსგავსი გადაცემები და სტატიები:

https://pktv.ge/index.php?action=full_news&id=5886

https://pktv.ge/index.php?action=full_news&id=5885

https://pktv.ge/index.php?action=full_news&id=5878

https://pktv.ge/index.php?action=full_news&id=5873

https://pktv.ge/index.php?action=full_news&id=5840

https://pktv.ge/index.php?action=full_news&id=5807