Feedback

საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეების ჩატარება დაანონსდა.!!

  /   ნანახია 254 ჯერ

საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეების ჩატარება დაანონსდა.!!

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, 16-17 ნოემბერს თბილისში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება.


ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს, 10:00 საათზე, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - მიხეილ მიატლიკოვი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური გაუძღვებიან.

როგორც „PKTV-ს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, კულტურის დღეების საზეიმო გახსნის ცერემონია და გალა-კონცერტი 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ჩატარდება. გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის სახელმწიფო აკადემიური ქორეოგრაფიული ანსამბლი “Xорошки”, სახელმწიფო ანსამბლი „Песняры”, დამსახურებული არტისტი ალენა ლანსკი, ოპერისა და ბალეტის დიდი ნაციონალურ-აკადემიური თეატრის დამსახურებული არტისტი ვლადიმერ გრომოვი და სიმღერების საერთაშორისო საბავშვო კონკურსის - „ევროვიზია 2017“ ნაციონალური შესარჩევი ტურის ფინალის გამარჯვებული ჰელენა მერააი.

რუსთაველის თეატრის ფოიეში მოეწყობა ასევე, ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის გამოფენა «Беларусь и белорусы». 
ამავე დღეს, 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში (ივ. მაჩაბლის ქ. N13) გაიმართება ბელარუსი პოეტის, იანკა კუპალას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით, «Грузия, дружная с солнцем страна». ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბელარუსი ლიტერატორის შემოქმედება, რომელიც მის საქართველოში სტუმრობის პერიოდს უკავშირდება.

კულტურის დღეების ფარგლებში, 16-17 ნოემბერს, კინო სახლში (რუსთაველის 52), 14:00 საათიდან 20:30 საათამდე, ნაჩვენები იქნება ბელარუსი რეჟისორების ფილმები. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებას. 
ბელარუსის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.