Feedback

"ახალი ფინანსური კრიზისის საფრთხე”

  /   ნანახია 519 ჯერ

თუ მსოფლიოში დოლარის კურსი კიდევ გაიზრდება, გაჩნდება დომინოს ეფექტის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკაში ახალ ფიასკომდე მიგვიყვანოს.
ამის შესახებ გერმანელი ექსპერტი ვინანდ ფონ პეტერსდორფი თავის საავტორო სტატიაში ”ახალი ფინანსური კრიზისის საფრთხე” წერს, რომელსაც გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine აქვეყნებს. ავტორის თქმით, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ახალი ფინანსური კრიზისი იწყება, რაც დოლარის გამყარებას უკავშირდება. ”ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ ისარგებლა აშშ-ის დაბალი საპროცენტო განაკვეთით დოლარში კრედიტის აღებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება განვითარებადი ქვეყნების კომპანიებს, რომელთაც დიდი კრედიტები აიღეს და ახლა ნედლეულზე განსაკუთრებულად შემცირებული ფასების გამო იტანჯებიან და იძულებული არიან გაუმკლავდნენ კრედიტის ღირებულების ზრდას”, - წერს ვინანდ ფონ პეტერსდორფი.

ავტორის განმარტებით, სწორედ ამიტომ განვითარებადი ქვეყნებისთვის დოლარის კურსის მატება კატასტროფაა. მისივე თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დოლარის ღირებულება მსოფლიოს ძირითადი ვალუტების მიმართ 12%-ით გაიზარდა.  ”დოლარის კურსის მომავალი მატება, პირველ რიგში განვითარებადი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, ძალიან სახიფათო იქნება, რადგან ეს ქვეყნები ისედაც ძნელად უმკლავდებიან ბოლო კრიზისებს. ბრაზილია და რუსეთი სტაგნაციასა და დეპრესიას განიცდიან, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შეჩერდა და როგორც ჩანს, მხოლოდ ინდოეთი იმყოფება ახალი გაფურჩქვნის ხანაში”, - წერს გერმანელი ჟურნალისტი.

ავტორისვე თქმით, განვითარებად ქვეყნებში დოლარში აღებული კრედიტის რაოდენობა საკმაოდ დიდია. ვინანდ ფონ პეტერსდორფის თქმით, ჟენევის ბანკის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში კორპორატიულ სექტორს ორი ტრილიონი დოლარის კრედიტი აქვს.

http://www.bpn.ge/ekonomika/10754-qakhali-finansuri-krizisis-safrthkhe.html?lang=ka-GE