Feedback

დაუბეგრავი მინიმუმის თანხების დაუფლების ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

  /   ნანახია 457 ჯერ

დაუბეგრავი მინიმუმის თანხების დაუფლების ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად, გამოავლინა სქემა, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან მოქალაქეები: ნანა მენთეშაშვილი, ზურაბ ვაჩეიშვილი, გრიგოლ ძაგანია და ლევან შურღაია, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სალომე დევაძე, ნიკოლოზ ვეკუა, ელეონორა გიორგაძე, ნანი კობახიძე და ვასილ გაბუნია.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო - შპს "პრო მაშინი"-ს ბუღალტერი ნანა მენთეშაშვილი, მისი ყოფილი მეუღლე გრიგოლ ძაგანია და მათი მეგობარი ზურაბ ვაჩეიშვილი ე.წ. "დაუბეგრავი მინიმუმის" პროგრამის ამოქმედების შემდეგ განზრახ, ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ საწარმოს გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს.

"ამის შემდეგ, ამ მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ ე.წ. "დაუბერგავი მინიმუმის" სახელმწიფოს კუთვნილ თანხას. საერთო ჯამში, ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 419 095 ლარი", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათი ცნობით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

წყარო:http://www.bpn.ge/finansebi/10708-daubergavi-minimumis-thankhebis-dauflebis-faqtze-ramdenime-moqalaqe-daakaves.html?lang=ka-GE