Feedback

სამსახურებრივი რეკეტი - ანუ როგორ ართმევენ ხალხს დაუბეგრავ მინიმუმს

  /   ნანახია 503 ჯერ

სამსახურებრივი რეკეტი - ანუ როგორ ართმევენ ხალხს დაუბეგრავ მინიმუმს

თაკო მათეშვილი

რა უნდა ქნათ მაშინ, თუკი თქვენთვის განკუთვნილ დაუბეგრავი მინიმუმის თანხას თქვენი უფროსი იღებს და პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში სამსახურიდან გაგდებით გემუქრებათ? - საუბარი უნდა ჩაიწეროთ და თქვენს გამომძალველ დამსაქმებელს უჩივლოთ. შედეგად, თქვენ კუთვნილი თანხა დაგრჩებათ, უფროსი კი ციხეს 3 წლის "ესტუმრება."

ამ რჩევას იურისტები იმ მოქალაქეებს აძლევენ, რომელთაც არაკეთილსინდისიერ და კანონის დამრღვევ დამსაქმებლებთან უწევთ მუშაობა. ასეთი ადამიანების რიცხვი კი, როგორც აღმოჩნდა, არცთუ ცოტაა.

მოგეხსენებათ, 2013 წელს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა. იგი დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება, მაქსიმუმ, 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს.

კერძოდ, თუ წლის განმავლობაში თქვენ მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, სახელმწიფო 360 ლარს დაგიბრუნებთ, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას კონკრეტული თანხის 20 პროცენტი ექვემდებარება.

ამ ინიციატივით შარშან დაახლოებით 400 ათასამდე დაბალშემოსავლიანმა გადამხდელმა ისარგებლა. იგივე განმეორდა წელსაც და 1 აპრილიდან სახელმწიფომ დასაქმებულთა ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა დაიწყო. პროცესი 30 სექტემბრამდე გასტანს. დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ელექტრონულ დეკლარაციას ავსებს და მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციას აქვე იღებს.

"რეზონანსისათვის" ცნობილი გახდა, რომ თბილისში კერძო დაწესებულებებსა თუ მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ზოგიერთი დამსაქმებელი დაუბეგრავი მინიმუმის მათთვის მიტანას უკვე მეორე წელია სთხოვს და არწმუნებს, რომ ეს მათი თანხაა, ვინაიდან თანამშროლების ხელფასისათვის საშემოსავლოს სახელმწიფოს სწორედ ისინი უხდიან.

"რეზონანსი" რამდენიმე დაზარალებულს ესაუბრა, თუმცა ვინაობის გამხელა არცერთმა არ ისურვა, რადგან, როგორც ამბობენ, ამ შემთხვევაში უცილობლად გამოემშვიდობებიან სამსახურს.

ქალბატონი, რომელმაც სახელი და გვარი სწორედ ამ მიზეზით არ გვითხრა, თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის სუპერმარკეტის ხილ-ბოსტნეულის სექციაში მუშაობს. მისი ხელფასი თვეში დაახლოებით 300 ლარია. ამბობს, რომ შარშანაც და წელსაც იმ თანხის უფროსობისთვის მიცემა მოუწია, რომელიც სახელმწიფოსგან დაერიცხა. გაპროტესტებას ვერ ბედავს, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინია.

"ვიცი, რომ უკანონოდ იქცევა, შეიძლება დასაჭერიც კი არის, მაგრამ რა ვქნა, ეგ რომ დაიჭირონ, უსამსახუროდ დავრჩები და თუ არ დაიჭერენ, თავად გამაგდებს. მარტოხელა დედა ვარ, ორი პატარა ბავშვი მყავს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა შვებაა ჩემთვის 360 ლარი, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს?! უხელფასოდ და უსამსახუროდ დარჩენას, მირჩევნია ეგ თანხა ისევ ჩემს უფროსს მივუტანო," - გვეუბნება ქალბატონი.

იგივე პრობლემა აქვს ჩვენს შემდგომ რესპონდენტსაც, რომელიც ვინაობას წინამორბედის მსგავსად, სამსახურის დაკარგვის შიშით ვერ გვიმხელს და ვერც იმ საწარმოს დასახელებას გვეუბნება, რომელშიც უკვე რამდენიმე წელია მუშაობს.

"ნახევარფაბრიკატების საწარმოში ვმუშაობ. შარშან, დაუბეგრავ მინიმუმის ჩარიცვხვაზე რომ გავცელდა ინრომაცია, უფროსმა ყველა დაგვიბარა და გვითხრა - ეგ ფული ჩემია, რადგან სახელმწიფოს საშემოსავლოს მე ვუხდი და არა თქვენო. ამიტომ, ჩაგერიცხებათ თუ არა, მომიტანეთო. შეწინააღმდეგება ვერც ერთმა ვერ გავბედეთ, რადგან სამსახურის დაკარგვის შეგვეშინდა.

"წელსაც იგივე განმეორდა. მარტის ბოლოს გაგვაფრთხილა უფროსმა - ჩაგერიცხებათ თუ არა მომიტანეთო და შეწინააღმდეგებს ვერც წელს ვბედავთ. ახლობლებმა კი მირჩიეს, უჩივლეო, მაგრამ ჯერ ერთი, მაგისთვის ცალკე დამჭირდება ფული და მეორეც - სამსახურიდან გამათავისუფლებს. კერძო საწარმოა და ჩემი გაგდება ერთ წამში შეუძლია. სამსახურის დაკარგვის შიშით, ყველაფერს ვიტანთ. არადა, 360 ლარი ჩვენთვის ცოტა არ არის."

მაკა კი 24 წლისაა და ბარში მუშაობს. მუშაობა გასული წლის ზაფხულში დაიწყო. გვიყვება, რომ დაწესებულებაში მის გარდა კიდევ რვა ადამიანია დასაქმებული. დაუბეგრავი მინიმუმის აღება ყველას უწევს. შესაბამისად, მისი შეფი უკანონოდ მალე ჯიბეში 3 240 ლარს ჩაიდებს.

"ჩემი ზოგიერთი თანამშრომელი ხვდება, რომ უფროსის მოთხოვნა უკანონოა და უკმაყოფილებას გამოხატავენ, ოღონდ ჩუმად. ზოგი კი იმასაც ვერ ხვდება, რომ ეს მისი ფულია და ჰგონია დაუბეგრავი მინიმუმი მართლაც უფროსმა უნდა აიღოს, რადგან "საშემოსავლოს ის იხდის." ასეთი კატეგორიის ადამიანების მოტყუება და მართვა ძალიან ადვილია.

"თუ დააკვირდებით, მსგავსი რაღაცეი უფრო ხშირად მომსახურების სფეროში ხდება. ანუ, ისეთ ადგილებში, სადაც ძირითადად საწყალი და უთქმელი ხალხი მუშაობს. მათ "დაჩმორებას" რა უნდა? რასაც უფროსი ეტყვის, კანონი ჰგონიათ. მე და კიდევ ერთი-ორი ადამიანი კი შევეკამათეთ, მაგრამ გვითხრა - თუ აქაური წესები არ მოგწონთ, სხვა სამსახური მონახეთო.

"ჩვენც გავჩუმდით და თანხა რომ ჩაგვერიცხება, მივუტანთ. ასე რომ არ გავაკეთოთ, გაგვყრის - გვეტყვის თქვენი მუშაობა არ მომწონს, ან სამსახურში 5 წუთი დაგაგვიანდათ, ან კლიენტს არ გაუღიმეთ სათანადოდო. შარის მოდებას და საბაბის მოძებნას რა უნდა? ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებები საერთოდ არაა დაცული," - ამბობს მაკა.

ჩვენი რესპონდენტების მონაყოლი იურისტ გელა ნიკოლაიშვილს გადავეცით, რომელმაც განგვიცხადა, რომ ამ ადამიანების დამსაქმებლების საქციელი სისხლის სამართლის დანაშაულია და 181-ე მუხლის მიხედვით, რომელიც გამოძალვას გულისხმობს, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ითვალისწინებს.

იგი დაზარალებულებს რჩევასაც აძლევს:

"მათ ადგილას მე ასე მოვიქცეოდი - ან უფროსს ამ ყველაფერს მოწმის თანდასწრებით ვათქმევინებდი, რათა დადასტურება შემძლებოდა, ან საუბარს ჩავიწერდი. ამის გაკეთება დღეს პრობლემა არაა, ვინაიდან ხმას ნებისმიერი მობილური ტელეფონი იწერს.

"შემდეგ უფროსს ვეტყოდი - იურისტთან კონსულტაცია გავიარე და თუ თქვენ ამის გულისთვის სამსახურიდან დამითხოვთ, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ამ ყველაფრის მტკიცებულება გამაჩნია და პროკურატურაში გიჩივლებთ.

"თუკი თქვენი რესპონდენტები ამას დაამტკიცებენ, მათ უფროსებს დააპატიმრებენ და ბრალს წაუყენებენ. მესმის, რომ შეიძლება ამ ადამიანებს მომავალში სხვა რამეზე მოსდონ შარი და სამსახურიდან მაინც გააგდონ, მაგრამ მათ ეს მტკიცებულება ექნებათ და სიმართლეს ადვილად დაამტკიცებენ," - ამბობს ნიკოლაიშვილი.

კითხვაზე, ჩაითვლება თუ არა ფარული ჩანაწერი ოფიციალურ მტკიცებულებად და მიიღებს თუ არა მას სასამართლო მხედველობაში, იგი შემდეგნაირად გვპასუხობს:

"ფარული ჩანაწერი ოფიციალურ მტკიცებულებად იმ შემთხვევაში მიიჩნევა თუ საქმე პირადად იმას ეხება, ვინც ეს ჩანაწერი გააკეთა. თუკი ამ საუბარს არა მონაწილე, არამედ ვინმე სხვა ჩაიწერს, მაშინ ის მტკიცებულებად არ გამოდგება," - გვითხრა იურისტმა.

''რეზონანსი''

კომენტარები
კოტე
რა გამოდის, ამას სახელმწიფო კი არ აძლევს, არამედ დამსაქმებელი. ასე, ბიზნესის ხელშეწყობა კი არა, მისთვის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება ხდება.

tamari   (11.04.2015)
როდესაც დეკლარაციას ვავსებდი დამიწერა რომ 232 ლარი მეკუთვნოდა,მე კი მხოლოდ 53 ლარი ჩამერიცხა.ამ შემთხვევაში რა ხდება და რაშია საქმე? ვინმეს თუ ქონია ასეთი შემთხვევა? ვერ გავერკვიე რა მოხდა....

vaja  
tu martla damsaqmebeli ixdis sashemosavlos masin es xom usamartlobaa. masin adeqit da saertod gaauqmet sashemosavlo 500 larze nakleb xelfasze. mashin es gaugebrobac moixsneba. ra sisulelea jer axdevineb da shemdeg ukan ubruneb.