Feedback

საქართველოში 430 ათასამდე ადამიანი ღატაკია

  /   ნანახია 438 ჯერ

 საქართველოში 430 ათასამდე ადამიანი ღატაკია

"რეალური გათვლით, მოსახლეობის 45% ნამდვილად იქნება სიღარიბის ზღვარზე"

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ღატაკია, ანუ 430 ათასამდე ადამიანი. ეკონომისტების ერთ ნაწილს კი სტატისტიკური ინფორმაცია მეტისმეტად დაკნინებულად ეჩვენება. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40% ღარიბია, შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან დრამატულია.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური ერთ-ერთი ყველაზე "მაჩანჩალა" დარგია, შესაბამისად, 2014 წლის სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის დათვლილი. რაც შეეხება 2013 წლის ოფიციალურ მონაცემებს, შარშანწინ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%, ანუ 430 ათასამდე ადამიანი ღატაკთა კატეგორიაში გადიოდა. ხაზგასასმელია, რომ რამდენიმე წელია ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი არ იცვლება. ეს ნიშნავს, რომ სახელისუფლებო ცვლილება, ახალი საინვესტიციო პროექტები, სადღაც ასობით გახსნილი საწარმო მოსახლეობის ცხოვრების დონეს ვერ ცვლის.

ეკონომისტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ სტატისტიკის მონაცემები დაკნინებული და არასწორია. რეალურად, თუკი ამ მაჩვენებელს 2005 წლის მეთოდოლოგიით დავითვლით (მცენარეული და ცხოველური პროდუქტების თანაფარდობა) ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 45% ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლებს. საქართველოში სიღარიბის დათვლის რამდენიმე მეთოდოლოგია არსებობს. როგორც ყოველთვის, ნეგატიური მონაცემების შემცველი კრიტერიუმის დადგენა იმ მეთოდოლოგიის გამოყენებით ხდება, რომელიც ნაკლებად დრამატულ სურათს ხატავს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის სოსო არჩვაძის განცხადებით, 2014 წელს სახელმწიფო სუბსიდიებისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსების ხარჯზე სიღარიბის მაჩვენებელი ცოტათი შემცირდება.

"სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ბევრი მიმართულების სუბსიდირებას ახორციელებს. ამასთანავე, განათლების სისტემას აქვს - უფასო სახელმძღვანელოები, სამედიცინო მომსახურების საკმაოდ დიდ წილს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს. შესაბამისად, ამ კუთხით მოსახლეობის პირადი ხარჯი იზოგება. შესაბამისად, სიღარიბის მაჩვენებელი 2014 წელს უნდა შემცირდეს", - ამბობს სოსო არჩვაძე.

ეკონომისტები სიღარიბის დონეს რამდენიმე კუთხით განიხილავენ. ერთია - წმინდა სტატისტიკური, როდესაც ქვეყნის სტატისტიკური სამსახური სხვა ეკონომიკურ უწყებებთან შეთანხმებით, დაახლოებით, 150-ლარიან საარსებო მინიმუმს განსაზღვრავს. ფაქტობრივად, ღარიბად მიიჩნევა ის ადამიანი, რომელსაც 150 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ეს არის წმინდა სტატისტიკური მიდგომა.

მეორეა - სუბიექტური მიდგომა, ანუ რა შემოსავლის შემთხვევაში მიიჩნევს ადამიანი თავს ღარიბად. რეალურად, ადამიანს მინიმალურ დონეზე არსებობისთვის გაცილებით მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე 150 ლარია.

"ქვეყანაში არსებული სიღარიბის დონის შესაფასებლად მარტო სტატისტიკური მონაცემების გადმოღება სწორი არ იქნება. მით უმეტეს, რომ ამ ციფრებს სერიოზული განსჯა და გადახედვა სჭირდება", - ამბობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.

მისი აზრით, მედიანური სიღარიბის 21%-იანი მაჩვენებელი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. რეალური გათვლით, სიღარიბის ზღვარს მიღმა, ანუ სიღატაკის დონეზეა ის ადამიანი, რომელსაც 300 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ღარიბი კი ის ოჯახია, რომლის შემოსავალი 1000 ლარია. "ღარიბად მიიჩნევა ოჯახი, რომლის შემოსავალი 1000-დან 1200 ლარამდე მერყეობს. ასეთი ოჯახი ავტომატურად ღარიბთა კატეგორიას უნდა მიეკუთვნებოდეს. ამ გათვლებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დაახლოებით 45% ნამდვილად იქნება სიღარიბის ზღვარზე. შესაბამისად, სტატისტიკურად შემცირებული და დაკნინებული მონაცემები რეალურად არ მიმაჩნია", - ამბობს არჩვაძე.

კიდევ ერთი ექსპერტის ნოდარ კაპანაძის განცხადებით, ოფიციალური ინფორმაცია ქვეყანაში ღარიბთა რაოდენობის შესახებ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მექანიზმი გვაქვს, დათვლა ვერ ხერხდება. "სიღარიბის მაჩვენებლის დასადგენად სტატისტიკაში ყველა მონაცემია, ცნობილია მექანიზმიც, მაგრამ რატომღაც არ ითვლიან. ამიტომ საუბარი, თუ რამდენი პროცენტია საქართველოში ღარიბი, ცოტა რთულია. თავად სიღარიბე არის ძალიან კომპლექსური საკითხი, მას სჭირდება განხილვა, შემცირებას კი - მუშაობა, მაგრამ არც ერთი ხელისუფლება ამით არ დაინტერესებულა", - ამბობს კაპანაძე.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ სიღარიბის შესამცირებლად რეალური პროგრამა არც ახალ ხელისუფლებას შეუქმნია. "ამჟამად არსად შემხვედრია სიღარიბის შემცირებასთან დაკავშირებული რამე კონცეპტუალური ხედვა", - ამბობს კაპანაძე.

ის, რომ საქართველოში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ამაზე "ჯინის" კოეფიციენტიც მიუთითებს. სტატისტიკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მთლიანი ფულადი ხარჯების მიხედვით, "ჯინის" კოეფიციენტი - 0,47-ია. სტატისტიკოსების განცხადებით, როდესაც "ჯინის" კოეფიციენტი 0,40-ზე მაღლაა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში საშემოსავლო და ქონებრივი დიფერენციაცია მაღალია.

არჩვაძის განცხადებით, არა მარტო ევროპაში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი საქართველო ერთადერთია, სადაც შემოსავლებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. "ჩვენ გვაქვს დაახლოებით 6 ათასი ლარის მშპ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის პარიტეტით და როდესაც ამას ერთ სულზე უთანაბროდ ანაწილებ, ღარიბთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესით იზრდება", - ამბობს სოსო არჩვაძე.

მაკა ხარაზიშვილი

კომენტარები
 
გია
 
მე ვფიქრობ უფრო მეტიც, თუ ესე წავიდა ცხოვრება შეიძლება 90პროცენტს გასცდეს, ჩვენთან რაიონში ოჯახი არ მეგულება ბანკის ვალი არ ქონდეს თან უკვე წლებია ამატებენ, გადაფარვას აკეთებენ ბანკებიდან პირველ ჯერზე თუ 1000 ლარი გამოიტანეს ვერ გადაიხადეს მთლიანად და ზოგი უკვე 30 40 ათას გაცდა. ვინც ერკვევით დამეთანხმებით ალბათ რასაც ვგულისხმობ. პირამიდა იქმნება ოჯახები საშვილიშვილოდ ბანკის ვალებში ვარდებიან, მგონია რომ ამით ზალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ. სამაგიეროდ ბანკები მილიონებს შოულობენ.
 
 
khatia
 
რას ამბობთთ ყვავის ქვეყანაა, აბა ნახეთ როგორი მანქანები დადის და როგორი პრემიები აქვთ, ევროპაც კი შოკშია