Feedback

ინტერვიუ შალვა აბულაძესთან: კრიმინალი დავხვეწე და დავიყვანე შემოქმედებით დონეზე

  /   ნანახია 748 ჯერ

ინტერვიუ შალვა აბულაძესთან: კრიმინალი დავხვეწე და დავიყვანე შემოქმედებით დონეზე

პოლიციელების მკვლელობის ბრალდებით ძებნილი 36 წლის ბორჯომელი შალვა აბულაძე, ზედმეტსახელად შალალო, ერთი წლის წინ გაზეთ „ბორჯომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყვება სამყაროს მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ. ამბობს, რომ უყვარს სიკეთის კეთება, რომ ციხეში გატარებული წლები დაეხმარა ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვაში და მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. 

ინტერვიუს აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებში. 

„ყველა ისე რომ გვიყურებდეს, როგორებიც რეალობაში ვართ, მაშინ სამყარო იდილიურად და ჰარმონიულად იქნებოდა მოწყობილი. ამ სამყაროში ბოროტი ძალების არსებობაც აუცილებელია. სიკეთე იმიტომ არის სიკეთე, რომ ჩვენ სულ წინააღმდეგობაში მოვდივართ მასთან, ბრძოლა გვიწევს. ის, რომ შენში რევოლუცია მოახდინო და ახალი ადამიანი აღმოაჩინო, ამისთვის საკუთარ თავთან გიწევს ბევრი მუშაობა“ - ამბობს შალვა აბულაძე. 

იგი შესაძლებლად მიიჩნევს ადამიანის გარდაქმნას და ამის მაგალითად საკუთარი თავი მოჰყავს. მისი აზრით, ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე ეტაპი, როდესაც იზრდება პასუხისმგებლობა, ვალდებულებები და ამის მიხედვით ირჩევს ადამიანი, რომელ სოციუმს მიეკედლოს. შალვა აბულაძის შემთხვევაში კი ეს ცვლილება ციხეში გატარებულმა პერიოდმა გაპანირობა.

„ერთი თავზე ხელაღებული ბიჭი ვიყავი. რეალობას, რომელსაც ვქმნიდი მომწონდა და ჩემს თავს მხოლოდ ასეთად ვხედავდი. კრიმინალი დავხვეწე და დავიყვანე შემოქმედებით დონეზე. მქონდა ჩემი შიდაგანაწესები, ქუჩის ბიჭების იდეოლოგიას არ ჰგავდა ჩემი ცხოვრების სტილი, ჩაცმის სტილი, ინტელექტი. სინანულამდე მიდიხარ მაშინ, როცა ხვდები, რომ ღმერთმა ბევრი გაპატია. როცა ხარ ძალიან დიდი ცოდვილი. მერე ამ ცოდვებისგან მძიმდები და ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ მსუბუქდები. ჩემი ფერისცვალება გამოიწვია რამ? მყავდა ძალიან ბევრი მტერი, ადამიანები თავიანთი ცუდი საქციელით გვასწავლიან როგორ ვიცხოვროთ,“ - აცხადებს ინტერვიუში შალვა აბულაძე. 

როგორც ის ყვება, ციხეში 13-14 საათს კითხვაში ატარებდა. ციხიდან გამოსულმა თავისი ოთახი საკნის სტილში მოაწყო. ამას კი იმით განმარტავს, რომ ყოველთვის ახსოვდეს ციხე, რადგან ცდუნებებმა არ ჩაითრიოს. როგორ ამბობს, გასაჭირში სწორედ ცდუნებების გამო აღმოჩნდა. 

„ქონება და ფული იყო საშუალება მიზნამდე მისაღწევი და არა მიზანი. მთელი ცხოვრება ვცდილობ, ფული იყოს ჩემთვის საშუალება და არა მიზანი. როცა ვარ თბილისში, მე დავდივარ მეტროთი, სამარშუტო ტაქსით, რადგან გავიგო, რა უჭირს ხალხს. თუ მე ჯიპით ზემოდან გადავხედავ მათ, მე ვერ გავიგებ მათი პულსის მაჯისცემას. როცა კარგად ხარ, არ გშია, გგონია, რომ ყველა ასეა. მეც მქონდა ფუფუნებისკენ მიდრეკილება, ფულს ვშოულობდი, დიდი გავლენა მქონდა და ამ ყველაფერს ბოროტად ვიყენებდი. რვა წელი ვიყავი დევნაში, განსაცდელში, მავიწროებდნენ, დაკეტილ კარებში, სადაც იყვნენ ჩემი მტრები, მე ვიყავი ერთი, ისინი ბევრნი. თვითგადარჩენის ინსტიქტი 24 საათი ჩართული მქონდა. ის რეალობა იყო საჭირო ალბათ, რომ გავძლიერებულიყავი. არასდროს ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი“ – ამბობს იგი. 

როგორც მისი ინტერვიუდან ირკვევა, ახალგაზრდებთან ურთიერთობა სიამოვნებს. რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებისთვის მართავდა კონკურსს ქართულ წერაში და გამარჯვებულს სტიპენდიას უნიშნავდა. მისი ინიციატივით გაიმართა ასევე აქცია „ერთად გადავარჩინოთ ბორჯომის ბუნება“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ნერგები დარგეს.

„მიწა გაძლევს სერიოზულ ენერგიას, გაკეთილშობილებს და ამ დროს იცი, რომ შენ აკეთებ სიკეთეს. ბავშვები თუ გინდა გაზარდო, ისინი ჯერ სიკეთის კეთებას უნდა მიაჩვიო. ადვილად მიღწევადი არაფერი უნდა იყოს ადამიანისთვის. გზა, რომელსაც ისინი ახლა გადიან, მე უკვე გავლილი მაქვს და მინდა, ისინი შეცდომებისგან დავაზღვიო. დღეს, XXI საუკუნის ენა კომუნიკაციის ენაა. სიყვარულია გადამრჩენელი! სწორი მაგალითი უნდა მივცეთ და გული გაუთბებათ. უყვარდეთ მოყვასი, როგორც თავი თვისი. ადამიანის დანიშნულებაა, უყვარდეს ადამიანი!“ - ამბობს აბულაძე. 

4 აპრილს, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცეველებმა გადამოწმების მიზნით მოქალაქე გააჩერეს, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად ერთი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორე კი ამჟამადაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული თავდასხმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა შალვა აბულაძემ განახორციელა, რომელმაც ამავე წლის იანვარში, ლიკანში, ცეცხლი გაუხსნა ორ პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულდებდა. ორივე მათგანი დაიჭრა, ერთი კი მოგვიანებით გარდაიცვალა. 

შალვა აბულაძე იძებნება.