Feedback

შემინდეთ, მამაო, რამეთუ არ შევისმენდი თქვენს დარიგებებს, თორემ უკუნისამდე გლოვა მომიწევს

  /   ნანახია 439 ჯერ

შემინდეთ, მამაო, რამეთუ არ შევისმენდი თქვენს დარიგებებს, თორემ უკუნისამდე გლოვა მომიწევს

XX საუკუნეში ერთ ქალაქში გარდაიცვალა 30 წლის ქალი, სახელად მარიამი. ის 20 წლისა მიათხოვეს ერთ ხელოსანს. მცირე ხნის შემდეგ კაცი ჯარში გაიწვიეს. მარიამი ერთხანს პატიოსნად ელოდა ქმარს, შემდეგ კი გარყვნილ ცხოვრებას მიჰყო ხელი. მის მოძღვარს ძალიან აწუხებდა ეს ამბავი და გამუდმებით სთხოვდა, ცოდვები მოენანიებინა და ღვთივსათნო ცხოვრებას დაბრუნებოდა. ქალი მოკრძალებით პასუხობდა, ვეცდებიო, მაგრამ ცოდვის ჭაობს თავს ვერ აღწევდა.

ერთ დღეს მოძღვარს მომაკვდავი მარიამის საზიარებლად უხმეს. ქალს თურმე სამი თვე ეავადმყოფა და დარდსა და ტირილში გაეტარებინა ეს დრო.

მოძღვარს მარიამი დარდიანი დახვდა. უამბო, რომ ამ სამი თვის მანძილზე განვლილი ცხოვრების გამო სინდისი ქენჯნიდა და ძალზე წუხდა, რომ თავის დროზე არ შეისმინა მოძღვრის დარიგება. ზოგჯერ სასოწარკვეთილებამდეც კი მიდიოდა, მაგრამ რაღაც შინაგანი ხმა ეუბნებოდა: "უმჯობესია, საკუთარი ცოდვების გამო იტირო, უფალი შეგინდობს, რამეთუ მისი მოწყალება უფრო მეტია, ვიდრე ზღვაში ქვიშა". მარიამიც დღედაღამ ტიროდა ღრმა სინანულით და უფალს ევედრებოდა, ცრემლის ზღვა მოემადლებინა მისთვის.

ბოლოს მარიამმა მოძღვარს გასული ღამის ამბავი მოუთხრო: "წუხელ ძალიან ცუდად ვიყავი. ბოროტი ცდილობდა, ცხონების ყოველგვარი იმედი მოესპო ჩემთვის. აღარ ვიცოდი, რა მეღონა, მაგრამ უეცრად ის ბერი გამომეცხადა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავადმყოფი და უძლური შევიფარე, მამასავით მოვუარე, მომჯობინებულს ქურქი ვაჩუქე, გავაცილე და ვთხოვე, ჩემთვის ელოცა.

ბერმა მკაცრად მკითხა: "მარიამ, ნუთუ კვლავ სცოდავ და ცდილობ, წინ აღუდგე უფლის მოწყალებას? ის, ვინც კაცობრიობის ცოდვები იტვირთა, განა შენსას ვერ იტვირთავს? ჩვენი ცოდვებისთვის ვნებული განა საბრალო ცოდვილის დაღუპვით გაიხარებს? განა არ იცი, რაოდენ მოწყალედ იღებდა და შეუნდობდა ცოდვილთ, რომელთაც მისი გულმოწყალების იმედი ჰქონდათ? ილოცე და სასოებას ნუ დაკარგავ. მე გიშუამდგომლებ ღვთის წინაშე, რადგან ოდესღაც მოხუცებული მანუგეშე და ძვირფასი შესამოსლით შემმოსე, ერთადერთი ქურქი შემომწირე მაცხოვრისა და მოყვასის სიყვარულისთვის. "ღმერთი სიყვარული არს და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა" (1 იოანე 4:6), - ბრძანებს ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე. ნუთუ გგონია, მაცხოვარს უფრო ნაკლებად უყვარხარ, ვიდრე შენ გიყვარდა ღატაკი მგზავრი?" ბერის სპეტაკ სახეზე სიხარულის ღიმილი დავინახე, ჩემი ქურქი, ტანთ რომ ეცვა, მზესავით ანათებდა.

"მშვიდობა შენდა, შვილო ჩემო!" - მითხრა ბერმა და გაუჩინარდა.

საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. ვგრძნობ, რომ აღსასრული მიახლოვდება, მინდა, ჩემი აურაცხელი ცოდვა მოვინანიო და კურთხევა და შენდობა გთხოვოთ. ღვთის გულისათვის, შემინდეთ, მამაო, რამეთუ არ შევისმენდი თქვენს დარიგებებს, თორემ უკუნისამდე გლოვა მომიწევს".

ქალმა მოინანია, ეზიარა და იმავე საღამოს გარდაიცვალა. მოძღვარი რომ წავიდა, მარიამი ყველას გამოეთხოვა და ამის შემდეგ სიტყვაც აღარავისთვის უთქვამს. ეგებ იმიტომ, რომ მეტყველების უნარი წაერთვა ან იმის გამო, რომ სიყვარულით ანთებულ საკუთარ გულში იყო ჩაღრმავებული... არავის გაუგია, როგორ მიაბარა მან უფალს თავისი მორჩილი სული.