Feedback

ყურადღება! 2019 წლის 28 ოქტომბერს!!! სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების თბილისის ფილიალის განცხადება-მოსაწვევი

  /   ნანახია 609 ჯერ

ყურადღება! 2019 წლის 28 ოქტომბერს!!! სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების თბილისის ფილიალის განცხადება-მოსაწვევი

სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების თბილისის ფილიალის წარმომადგენლობა გიწვევთ!!!

 29 წლის წინათ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველად, საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული, დემოკრატიული და გაუყალბებელი არჩევნები, რომელშიც ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის საარჩევნო ბლოკმა - “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”-მ. ამრიგად, ამ დღეს, საქართველოს მოსახლეობამ ეროვნული სახელმწიფოებრიობის შესაქმნელად ნდობის მანდატით აღჭურვა თავისი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, მიცემული ხმებით დაუმტკიცა მას ერთგულება და ამით მასთან ერთად მშვიდობიანი გზით ბოლო მოუღო საქართველოში კომუნისტურ მმართველობას. 1990 წლის 28 ოქტომბერი - ესაა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა და მისი სულიჩამდგმელების, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ პოლიტიკურად უზადოდ გააზრებული და განვლილი უკომპრომისო ბრძოლის ბრწყინვალე მონაპოვარი, ესაა რესპუბლიკურ წყობაში სამართალმემკვიდრეობისა და კონსტიტუციური უწყვეტობის პრინციპის აღდგენის შესაძლებლობის დასტური და უპრეცენდენტო მაგალითი, ესაა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ პრინციპებზე დამყარებული ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნის მცდელობის დასაბამი.

ამ მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად გიწვევთ ყველას, ვისაც ესმის ამ დღისა და საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელობა, ვისთვისაც ძვირფასია თავად ეს მოძრაობა და არა საკუთარი წვლილი ამ მოძრაობაში, ვინც უკომპრომისოდ იბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად, 2019 წლის 28 ოქტომბერს, დღის 12 საათზე შევიკრიბოთ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში და ერთად გადავიხადოთ საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი;

იგივე დღეს, 13:30 საათზე გადავინაცვლოთ უზენაესი საბჭოს შენობის წინ, 9 აპრილის ძეგლთან და პატივი მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილსა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულებს, ხოლო 15 საათზე კი, ამ თარიღის მნიშვნელობაზე სასაუბროდ შევიკრიბოთ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში/ლადო გუდიაშვილის ქ. 7-ში.

რეგიონებში მცხოვრებთ გთხოვთ შეიკრიბოთ თქვენს ქალაქებსა და რაიონებში 9 აპრილის ძეგლებთან და შესაბამისად აღნიშნოთ ეს დღე.

სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების თბილისის ფილიალი,

2019 წლის 14 ოქტომბერი