Feedback

კლასიკოსი მწერლის - ოთარ ჩხეიძის დიდი გენია!

  /   ნანახია 170 ჯერ

კლასიკოსი მწერლის - ოთარ ჩხეიძის დიდი გენია!

რჩეული ამონარიდები

 

 

მოამზადა ლალი ბარძიმაშვილმა,

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ჟურნალისტი

ოთარ ჩხეიძე - დიდი გამბედაობის, ვაჟკაცური სულის კლასიკოსი. რეპრესირებული. ლიტერატურათმცოდნე, წევრი მწერალთა კავშირისა. დასანანია, რომ უმაღლესში ფილოლოგებსაც არ გაგვაცნეს ეს მწერალი. "მთაგრეხილი", "ბურუსი", "ლანდები", - ბოლშევიკური, კომუნისტური ეპოქის კრიტიკა, დროის, რომელიც ყველაფერს ზღუდავდა. "ბორიაყი" (ნისლს ნიშნავს). ზაფხულში ვეცნობოდი ამ ნაწერებს, უჩვეულო თხრობას. "ბორიაყი" ეკრანიზებულიცაა, თუმცა ბოლშევიკების პერიოდი შეცვლილია და ძირითადი ამბებიც შემოკლებული. (ფილმის სახელწოდება - "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"). წიგნში მთელი მდგომარეობის სრული სურათია... როგორ ნადგურდება საუკეთესო ნაწილი. ღია სეფასებებია. რად ღირს ბექას და თეკლას დიალოგი...

სხვა დრო დამდგარიყო. აი, დასურათება და დასტურიც ამ ნაწარმოებებიდან:
- "როდის იყო, რომ შესაფერისი და მოსახერხებელი დრო
იცოდნენ წრფელმა, უშუალო, პატიოსანმა ადამიანებმა, მოხერხებისა
აბა იმათ რა გაეგებოდათ... უამისოდ ჰო წრფელნი და პატიოსანნიც აღარ დაერქმეოდათ"... იცვლებოდა გარემო - "იბნევიან, ჰკარგავენ გზასა, ძარღვსა ჰკარგავენ, უდუნდებათ ძარღვი ცხოვრებისა და ბორიალობენ, აქეთ-იქით აწყდებიან, წაიქცევიან, წამოდგებიან... ეხლებიან აქეთ-იქითა... იქცევიან, ზოგჯერ ვინმესაც მოიყოლებენ... ძალა ეყოფათ წამოხანხალდნენ, რო იბორიალონ... მაგრამ ისიც თუ წამოდგება, ვინც მოიყოლეს?.." მწერალი ქომაგია ზნეობის, სიკეთის, ფასეულობათა უცვლელობის. " რაც უნდა იყოს, ადამიანის გადარჩენის სურვილი თუ გამოძრავებს, ჭეშმარიტების გზას არც გადასცდები... კამეჩი წევს და იცოხნის, თავის ამინდი ჰგონიაო, ლაფში ჩაფლული ურემი, შინ მოტანილი ჰგონიაო. ურმულის მოტივებიდან არის, კარგი ურმული იცოდნენ, დაკნინდა ურმული, მალე ვეღარც გავიგონებთ...წუთისოფელი ასეა, სიმღერაც იცვლება, ეშხიც იცვლება... ადამიანისთვის ზრუნვის გრძნობაც იცვლება, მხოლოდ ჩვენღა ვფიქრობთ, თუ როგორ გადავარჩინოთ ეს კეთილი გრძნობა..." რაოდენ მეტყველია ეს სტრიქონები... თავგზა არეოდა ყველას. "უძლურთა სიყვარულიც არაფერი ყოფილა, ვითარცა სიძულვილი უძლურთა, ძლიერთა სიძულვილი ყოფილა გამანადგურებელი, ძლიერთა სიყვარული ყოფილა აღმტაცი...წასულა ის დრო... ან ისინი ჩაფერფლილან ან გრძნობა ჩაფერფლილა..." "კაცი ნუ იტყვის, არავინ მინდაო, წუთისოფელი მწარედ გამოსცდის, მარტოობა დააღალატიანებს"...
"ადამიანის შეწირვა ადვილია, წაქეზება და გადაჩეხვა ადვილზე ადვილია, გადარჩენაა ძნელი... გადარჩენაში სიკეთეა"... თუნდაც - "აჰყვეს გულსა...მარტო იყვეს თავის ომშია, გულის ომშია"...მართალთქმა: -"ცხოვრება ხასიათია, ხასიათი თან მიჰყვება, საითაც უნდა გადავარდეს ადამიანი". "შენს გულსა და გონებას მიჰყევ, თორემ თვალის ცეცებაში გამოგიქრება წუთისოფელი, შენი თავი დაგეკარგება"... გაციებულა სამყოფელი, კაცთა შორის არაბუნებრივს ეჩინა თავი, სხვა ზრახვებს. "ნათესაობა სხვა რაღა არის, თუ არ გესტუმრე, თუ არ მისტუმრე, თუ არ მომიჯექი გვერდითა, თუ არ მოილხინე, თუ არ მომალხინე, სხვა რა არის - მეთქი, ერთი მიბრძანე!.." "აღარა დარჩენილა მორჩილების გარდა, ხოლო ცდუნება მორჩილება ყოფილა". ასეთ დროს სჩვევია - "მიფუჩეჩდება მნიშვნელოვანი, გაზვიადდება უმნიშვნელო, წვრიმალი, უხეიროც გაზვიადდება... დრომ იცის ასეთი თამაში..." " სიტყვაი "რჩეული" მოძველებულიყო თუ გაბურთავებულიყო, ანთუ დატანილიყო, დამორჩილებოდა "გათანაბრებასა"..."
"ანთუ დაჟანგდა ძველი სიტყვაი, ანთუ სიცოცხლე იმგვარად გატკბილდა, უკეთუ ისე დაჩლუნგდა კაცი, სიმწრის გემო აღარ გაეგება... -გაძლებასაც გაძლება უნდა". "უმაღლესი ზომაც ეს თუ ყოფილა სასჯელისა: განცდა უსასოობისა, უძლურებისა, უმწეობის განცდა ყოფილა"... აღარავინ აღარაფრისთვის იყო ხელგამომღები. მიშვებულიყო ცხოვრება, ალალბედად, დაუცველად.
"მიყვარს ის, რაც ყველაფერს თავის ოდენობას აძლევს, მცირეს
არ აუშვებს, დიდს არ დააბამს, თუ ვერ დააბამს, მიყვარს, მიტაცებს..."
სიყვარულის , სიბრძნის მწერალი. ზვიად გამსახურდია იყო მისი დიდი შემფასებელი, რომანიც მიუძღვნა ზვიადს, პუბლიცისტიკაც...
პირველად მწერალს 2018 წ. გავეცანი ნაწარმოებით ბარნოვზე, გურულ მწერალს ბარნაველს დღემდე ვერ დავუბრუნეთ ქართული გვარ-ვინაობაც.
'ბარნაველი' ( რომანი) -
'სადაც უნდა ყოფილიყო, საკუთარ თავს დაეძებდა, მოწოდებას დაეძებდა.' ერთზე ამბობს და მრავალზე ცნაურდება.
'ღირსი ღირსს მოიმკისო.' 'უფრო სამღელვაროს დაეძებდა ყველაფერში, ვიდრე სასაცილოს... ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თუ იმათი აზრი სხვანაირად არც შეირხევა'... დიადთა სხვაობაც ეს არის;
'სჯეროდა, რო სიყვარული ხატია ღვთისა'.
'მას არაფერი აქვს საჭირბოროტო, სუფთაა, ხალასი, უანგარო, წმინდა, ქვეყანას დაჰხარის სხივივითა, ქვეყანაც შეჰხარის ვითარცა სხივსა, ბედნიერია, სავსეა სავსებითა.' სიკეთე გახარებაა, სიყვარული ლხენაა, როგორ შეიძლება სიმძიმილი ახლდეს. ეს არ დაიშვება, მხოლოდ -
'საშუალონი თუ სუსტი თვით იძლევიან, მარცხდებიან, მწარედა მარცხდებიან...'
'რაც თვალში გეცემა, ძებნა რად უნდაო.' ქვეყნად ყოველივე ვალია.
'ადამიანს ყოველთა გაფრთხილება დაჰკისრებია, კაცთა, ცხოველთა, მცენარეულთა, რადგანაც ის არის უმაღლესი სახეობა სიცოცხლისა, გონიერი სახეობა, მგრძნობიარე სახეობა.'
ერთი ნაწილია, ადამიანთა კატეგორია, რომ 'ისე გადააბრუნებს შენს დიდ მაგალითს, შენც შეგბღალავს'... 'ძველთაძვლი ხერხია -დასწამე მეტოქესა, აიძულე თავი დაიცვას, გამარჯვება შენს მხარეს იქნება'...ფანდია ერთგვარი -'ვისაც დასცინებენ, იმისას აღარაფერს დაიჯერებენო.'
'აგერ ხალხი ირევა...ფუსფუსებენ, ტრიალებენ... ყიდულობენ, ყიდიან... ერთმანეთს ეხლებიან, რომელი რომელს დაასწრებს, აიტაცებს, გააქანებს საჭმელსა, სასმელსა, შესამოსელსა...ამაზე შეხლილან, შებმულან...აღტაცებულან ან დაღრეჯილან...არ ესმის ამათი, ამათ იმისი არ გაეგებათ, ეცოდება ძალიან ესენი, ამათ ის ეცოდებათ'... 'ზრდილობითი საუბარიც დაიკარგა დროთა ამათა შინაო." ადამიანის მნიშვნელობა გაუფასურებულა.
'დარჩა მღელვარე ცხოვრება, აღსავსე წინააღმდეგობებითა, უთანხმოებით, მღელვარე, ოღონდ წაღუნული, წანაბული, წაყუჩებული'...'ვაგლახ, შიში რო ყველგან შიშია, ყველგან უვარგისი...' ცხოვრებას თავის რიგი და წესი აქვს -
' უზნეჩვეულებოდ ცხოვრება არ არსებობს, ადამიანი არ არსებობს, არც ზნეჩვეულება არსებობს უადამიანოდ.'
'ძლიერ ხასიათს ადევნება სჩვევია' ანუ ძლიერი მაგალითია, გადამრჩენელია. დაცოტავებულა ის დარბიელი, რამაც მომავალი უნდა აიყოლიოს, იღვაწოს. 'ასეთნიც არიან, მცირე რამისათვის რო წაგაქეზებენ, აგავსებენ აღტაცებითა... არიან კაცნი, დიდ ღვაწლს რომ გაგიბიაბრუებენ, რა ვუყოთ მერე, კაცნი არიან. მხოლოდ სად არის ეს დიდი ღვაწლი?! თორე გაგიბიაბრუონ...'
'ქვისმტეხლებადაც რო არა ღირანო...ანგრევენ, რო იმათ ადგილას უგემოვნება და უსახურობა აღმართონო.'
და რას გამოარჩევს -
'არ უყვარდა სიავე, სიბოროტე, არ უყვარდა ისეთი არაფერი, რაც დაამცირებდა ადამიანს, ყველაფერში კეთილის საწყისს დაეძებდა, ყველგან გულისხმობდა ამაღლებულსა, უნდოდა როგორმე დაეხსნა, გაემართლებინა ადამიანი.... სულის დასახსნელად მოვლინებული.'
'შენივთებოდა ფიქრი ყველასი, გრძნობა ყველასი, ქმედება ყველასი.'
'იმისთვის ყველა ერთია, ერთნაირია, ყველა კეთილია, რადგან სუყველას კეთილი თვალით შეჰყურებს, ყველასგან სიკეთეს გამოარჩევს, სიკეთე ამოაქვს. უსიკეთოდ არაფერია... მხოლოდ ჰპოვებდე, მხოლოდ მიაგნებდეო. ღირსებაც ის არის თუ პოვნა ძალგიძს.' ხოლო, 'მხიარულად იყო ქართველი თავის ღმერთთა კარს'... გაშინაგნებული სხვა რამ იყო.
'გადარჩენის სიმძიმეს ჩასწვდა... სიმძიმე ყოველთვის არჩევანი იყო, ბედიც აქ იყო, უბედობაც, ხსნაც აქ იყო, ფათერაკიცა...ერის ხასიათიც აქა ყალიბდებოდა.' ყველაფრის მძლე ვერ იქნება თუნდ ერთი საჩინო;
'სხვათა ჩივილიც გადაჰქართულებოდა (გადაგვარებაზე), თავისი სიმწარეცა.'
'შარავანდედად ვერ გადაიქცა, ვერ დაემსგვანა აპოთეოზსა, უნდა დამგვანებოდა , უნდა ყოფილიყო აპოთეოზი'...
'ტოლი ტოლია ტოლისაო.' დიდ ადამიანთა ხვედრზე -
'თვითონვე იყო ნიმუში ამტანობისა, მაგრამ მაინც როდემდის აიტანდა... მართლაც ღმერთები უნდა ყოფილიყვნენ, კაცთა სიყვარული შენარჩუნებოდათ'... ისტორიული წიაღსვლები ხომ ცალკე თემაა...
სხვადასხვა შეგონებანიც:
"ქოთანმა თქვა: ჩემი ძირი ოქროსიაო, ციცხვმა უთხრა: რასა ბრძანებ, განა შიგ არ დავტლაპუნებო."
"ირემი ერთია, მდევარი ათასიო."
"ზოგი სწირავს, ზოგსა სწირავენ, ზოგი შეიწირავს, ვინცა წირავს არ დაემართება, ვინც შეიწირავს არც იმას, ვისაცა სწირავენ?." (გამეტებაზე).
დიალოგიდან - რას ამბობო, ვის შეუძლია ჩვენში ამის მოხერხება და პასუხი - იმას, ვინც იცის შენ რომ ასე გგონია...
-"ეს გაბზარული სიყვარული, გატეხილი სიკეთე, დაკარგული ნდობა, ვის კისერზეა... ახლა შენ მითხარი, კიდევ მითხარი, როგორი უვალო გამოდიხარ..."
"სიყვარულიო, - რომ ამბობ, რა ღირს ეგ შენი სიყვარული?
და პასუხი - განუზომელია..."
ზოგჯერ ხალისი და ზერელობა ერთია...
"ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო
და ჩაყოლილნი ეგებ გადარჩენილან, ჩათრეულნი დალეწილან უსათუოდა, ზოგს ეგეც ერჩივნა დალეწილიყო, ვიდრე უნებურ რამეს ჩაიდენდა. ეგება მხოლოდ ჭიდილი ყოფილა სილამაზე ცხოვრებისა, ხოლო დანებება სიმახინჯედ გამოჩენილა. ეგება ცხოვრებას დალეწილთა ბედი უფრო ამაღლებს..."
"სულმდაბლობისას ვერას გაიგებდა მშვენიერებით გაბრუებული...მხოლოდ წმინდა სული თუ უწევდა იქამდისა, წმინდა, უმტვერო... არის ისე როგორც სიალალე იქნება... თუ დაბნეულიყვნენ სიმახინჯით დაბნეულიყვნენ... თუ ადამიანს არაფერი ეუარება"...
"შენი თუ გაგიგია, სხვისასაც მიხვდები".
დიალოგიდან - "ის გაამაყებს, რასაც სიამაყის დაცემა ჰქვია, ის გაქედმაღლებს, რაც ჩემთვის სიამაყის დაკარგვა იქნება. აი, როგორ დავშორებივართ ერთმანეთსა."
"ცუდს რო არ ავყვეთ, ეს მაინც უნდა შეგვეძლოს... (თუ უნებლიე ადამიანი არა ხარ)..."
ჩემთვისაც ეს დიდი და განვლილი თემებია... პირდაპირ შეფასებებია, უდრტვინველად, სულამოყოლებით თქმული.
კვლავ რჩეული ფრაზები:
"იყვნენ ბუნებრივი. ბუნებისანი...თავისუფალნი და ბუნებრივნი...არ ეურჩებოდნენ ბუნების წერილსა... იცოდნენ რა იყო გონიერი, უგნური რა იყო... და ვიდოდა წუთისოფელი. ვიდოდა ასე დარბაისლურადა... სოფელი ვერ შეშლიდა წესსა. სოფელი ვერ აურევდა სოფელსა. ერთი აურევდა. აურევდა ერთი ცოდვილი. სოფელი იმას გადაჰყვებოდა... ცხოვრება მხოლოდ რო წესია და უწესობა ცხოვრება არ არის... წესი ბორგავდა. წესად აღარ იყო... "
- "იცოდნენ, რო არაფერი იყო წუთისოფელი. მარადისოფელთან არაფერი იყო".
"მე მაინც კაცი კაცი მგონია, მე მაინც კაცურად შემტკივა გული...თურმე ასე როდი ვარგებულა; გული რო გულია, განურჩეველი არა ვარგებულა...გულია ეს ოხერი, ზოგჯერ ისე უკუღმა ტრიალებს, კისერს მოგტეხს და გაწყევლინებს თავბედს."
"რამდენი მაღალი აზრი დაწიხლულა, რამდენი მდაბალი ამაღლებულა."
"ღმერთი თუ გაგიშვებს, ადვილად შედგები ეშმაკის გზაზედა... ქვას ქვეშ იყოს იმისი სახელი, მე ის არ ვახსენო..."
"ადამიანი ადამიანის საზომია... ასე ჰო არ განსჯის კეთილი გული, რაც თვითონ ემძიმება, მძიმე ეგონება სხვისთვისაც"...
სიმბოლური თქმანიც - "ჩამოსხდებიან მაღაზიის წინა, სალაყბოც ისაა და სალოცავიცა... სალოდნელიც ის არის... წინათ ეკლესიასთან რო ჩამოსხდებოდნენ... ის წინათაო; მერე და ყველაფერი რო იცვლებაო, ესეც შეიცვალა..."
ფუტკარზეც, -"ტოვებს ნესტარსა, - ნაჩხვლეტში ტოვებს... იღუპება მწერი უსაჩინოესი, უტკბილესი მწერი... რო უბოძებია ღმერთსა იარაღი... შრომის
ნიმუში, სიმბოლო შრომისა და წესრიგისა, იღუპება ზოგჯერ უაზროდა, ერთი გაცხარებით იღუპება"...
-"სიტყვა იყო ღმრთისა და არც რა უჭირდა ქვეყანასა... სიტყვა იქცა საქვეყნოდა და ღმერთსაც გაუჭირდა... ვეღარც ქვეყანა შეელევა ღვთით კურთხეულ სიტყვასა და აღარც ღმერთი ინებებს დაიბრუნოს სიტყვაი იგი გალიზღებული, გაამქვეყნიურებული"...
"სიტყვა სახეა ცხოვრებისა"...
(მასთან ყველაფერი თავსგადახდენილივითაა, რაც ნარკვევში არ შემიტანია, ვცდილობ აქ გამოვაქვეყნო)... მონატრებული დრო, მონატრებული, შეშველებული სხარტი სიტყვა. სატევარივით უხვდება გადაგვარებასაც.
ერთი მრავალივით გელაპარაკება: დასაბამიდან, ხალხის სიბრძნით, მარაგით, არაკებით, ანდაზებით, მრავალფეროვან სახეებით და შენსას გაცნობს. მადლით გაპურებს, კვალკეთილად მიგიძღვის - "მე გეტყვი, შენ გაიგონებ. ავდევნებივარ ჩემს მოვალეობასა... და, როცა იქნება, ვინმე მაინც გამიხდება მადლობელი."
ისევ ნიშანდობლივი:
"სიფრთხილე თუ არ იცის სიალალემა, და მდევარმა თუ ხერხი იცის"...
"სიალალე ღმერთის წილია... სიავე სიბრმავეა.."
"ჩამალავენ სიმართლესა და ამაყობენ გამონაგონითა...მისდევთ მაინცა სიმართლეცა თანა... და ვერ გაასწრებენ...სიმართლე ასე დადის ურმითა, ურმით დადის და ვერ უსწრებენ ბედაურებითა."
"დროა მკურნალი ყველაფრისაო, ნათქვამი როა... სიკეთის დროა მკურნალი როა. სიავის დრო არაა მკურნალი. სიავეს არ უნდა მიეცეს დროი".
"კაცი კაცია. კაცური კაცი კიდევ უფრო მომეტებული."
"ერთი კაცი ერთ სოფლადა ღირს... სოფელიც უმწეოა თუ ერთიც აღარ ჰყავს"...
"... სიშორე რა არის თუ გული მთელია?! სიახლოვე რა არის თუ გული გაიყო?!"
ოთარ ჩხეიძის საოცრად საოცარი თხრობა; ძველქართული სიტყვა-თქმანი; მომწონს ძველსახელწოდება კატის ხატაური - " ხატაური დაკრუტუნებდა, დაიტოქებოდა"... ასევე, გაბრაზების გამომხატველი სიტყვა - სახეზე, "დაეფშხალა", ზუსტად რო გადმოსცემს გამომეტყველებას. ხშირად იყენებს ამ გამოთქმას...
(კლასიკოსზე ნარკვევი ცხოვრების შეჯამებაცაა. საუკეთესო ეპიზოდებს მხოლოდ სტატიაში გაეცნობა მკითხველი, იმ დიდ სათქმელს, რომელიც სხვა საგონებელია)...
გამაოგნებელია!
მთავარსათქმელი სამერმისოდ, ისევ მცირედს მოვიხმობ: - მშვენიერება დაჰკარგოდათ და სიცოცხლე სულდგმადღა გადაქცეულაო...
"აღარც აღარავინ რო აღარ იყო წინააღმდეგი აღარაფრისა"...
"ქვეყანა გაძლებისა იყო... ვისაც გაუძლია ისა ყოფილა... ყოფნით მაინც ცოტანი ყოფილან...
გაუხდიათ გაუსაძლისადა ეს წუთისოფელი. წუთისოფელს რაო, წუთისოფელს თითონ არაფერი, თუ გამძლებს უქცევია გაუსაძლისადა"...
დაუშვებელი დაშვებულა, საჭირო გაძევებულა. გამეტება გადარჩენის გზა გამხდარიყო:
"ყველას ჯავრი სჭირდა ყველასი... ერთიმეორეს ასახელებდნენ, ყველა იყო
დასახელებული, ვიღაცას რო ზომიერება არ დაეცვა, ყველა გაიწირებოდა"...
"ეთერზე" ზღაპარიც ჩაწნული ისეა, რომ ორგანაც მეორდება, ასეცა გვჭირს ალბათ: -
ეთერსა და დედინაცვალზე,
-სამწყემსურში გაგდებულს,
ნახევარ კუტს რო გაატანს, თან დაადევნებს: ამვლელსაც აჭამე, ჩამვლელსაც აჭამე, შენცა ჭამე და, რაც რო გადაგრჩეს, შინ მოიძღვანეო...ახერხებს ეთერიც უმოწყალო ცხოვრების დავალებას, ახერხებს სიკეთეს სიავის საპირისპიროდ... ახერხებს დამჯაბვნელი გარემოს დაჯაბვნასაც, ეს გადმოსცა.
სულისშემძვრელი ეპიზოდებია;
"ანთუ" - ძალიან მომწონს ეს კავშირიც.
ერთი მოძღვრისგან მაგონდება : - ყველა უსიყვარულობის სათავე და მიზეზი ეს არის, რომ არ შეგვიძლია გავიზიაროთ სხვა ადამიანის სიყვარული საკუთრად... კაცმოთნეობა კი საპირისპიროა, როცა სარგებელს ეძებენო...
ასევე, - "განსაცდელი," სიტყვას დავუკვირდეთ, საცდელს ნიშნავსო... ყველაფერი საცდელია და ამ საცდელში გამარჯვების!..
მადლობა, ვინც გამარჯვებას ახერხებს ყოველდღიურზე. ზოგჯერ არც იცის ადამიანმა რა შეუძლია და ამ შეძლებაშია ყველაფერიც.
ოთარ ჩხეიძე ახლოსაა სულთან, საყოველთაო სიყვარულით აღსრულდება ცხოვრება, ოდენ გაწამაწიად რომ ქცეულა. თუმც გვიან გავეცანი კლასიკოსს, დიდებულ მწერალს, მაგრამ მასთან ყველაფერი უცებ ლაგდება, ყველა საზომს ერთდროულად პოულობ, ყველა კითხვის გასაღებიც აქვეა მთავარის აღმოსაჩენად, გავსებს...და ვეღარ წყდები. სახასიათოა, შენეულია, გათბობს ძარღვიანი სიტყვით, უმცდარად ცხოვრების დიდ ტილოს ქმნის, ყველაფერი რომ დაინახება, შეიგრძნობა; გაწვდის თვალსაჩინოდ, რათა აღრევას გადაურჩეს ყოველი აუცილებელი. თანამონაწილეს გხდის. ყველაფერს თავის ფერს აძლევს, თავის გვირგვინს ადგამს; რას არ შეიძლება გასცდე, დამცრობას რისხავს... ხომ არაფერი გადაგავიწყდა, გადაგქართულებიაო და ხშირად ახსენებს ერთბაშობას!.. კითხულობ და ხედავ ცხადად ამ დროს, დროს, რომელსაც რაღაც დააკლდა და ისევ სიყვარულმა უნდა შეავსოს.
- "თურმე შეიძლება ირჯებოდე მართებულადა და ისჯებოდე უმართებულოდა, თურმე ყველაფერი შეიძლება"...
- "კაცნი ვართო, იტყვიან ხოლმე და ყველაფერს გაამართლებენ. ღირსებაც კაცურია, სისუსტეცა, სიკეთეც კაცურია, სიავეცა, მაგრამ არის კაცადკაცურიცა, ეს სიავის აცილებაა, ეს სისუსტის ძლევაა... მცირედში სუსტი, ისუსტებს დიდშიცა"...
- "სადაც მტერი ჩაგისაფრდება, იქ მოკეთეც გამოგიჩნდება"...
სიყვარულის და იმედის წიგნია...
დიდთა ცხოვრება ასეა.... "კონტრასტებში არაფერსა და ყველაფერს შორის"...
"სადა ნაყოფიერება ბოროტთაი, შენ უნაყოფობა კეთილთაი" - ერთ-ერთი მისი რომანის ეპიგრაფია ეს წმინდა სიტყვები. სიყვარული "ზღვაა წვეთში"- მისივე პერიფრაზით მის ცხოვრება-შემოქმედებაზე ვიტყოდი.
ცხოვრების, სიცოცხლის არსს გიჩვენებს.
დასასრულს ოთარ ჩხეიძის ჩინებული არაკი: - მონადირეები გამოეკიდნენ ირემს, სდიეს, სდიეს... გაუსხლტა ირემი, იქროლა, იქროლა... წამით სულისმოსათქმელად შეჩერდა, იქვე კუს მოკრა თვალი, - შენს გახარებას, საფარი ჰო არსად იცი, მონადირეები მომდევენო...საფარი რო ვიცოდე, რაღა მიჭირს, მეც მონადირეები მომდევენო, მიუგო კუმ. - შენცაო?! გაოცდა ირემი, შენც ვინმე მოგდევსო?!..
ნიშნეულია...
ეს მხოლოდ მცირედი სიტყვა და უბრალო მონაკრებია, ნარკვევს კი ახლო მომავალში შემოგთავაზებთ - საფუძვლიან კვლევას დიდ თემაზე.
მწერლის ნაწარმოებები კი მრავალ ენაზეა თარგმნილი...
ბოლოთქმა: სიცოცხლე ადამიანს ეძლევა როგორც დავალება. ბიბლია გავიხსენოთ - ღმერთმა ცას უწოდა მყარი, ხმელეთს მიწა... ყველაფერია თქმული. ასევე კაცობრიობის ისტორიაში ორი ქვეყანაა - წილხვედრი და მდგმურობის ქვეყანა, ბიბლიის მიხედვით... თავისუფალი ხარ წილხვედრ - მკვიდრ ქვეყანაში და არა სხვაგან, ან სხვის საფარველქვეშ. სულხან- საბაც თავისუფალს ასე განმარტავს - არავისი მონა.
მწერლობაც ორ უდიდეს ღირებულებას იცავს - სიცოცხლეს და თავისუფლებას. ტკბობაც ამას მოაქვს და მშვენიერების ძალმოსილებაც ამაში მდგომარეობს.