Feedback

პოლიციის მაიორი გიგა ფერაძე: 'ხშირად მეკითხებიან მეგობრები - ვინც დიდი ხანია, მიცნობს და იცის: ჯერ სკოლაში, და მერე თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე...',PKTV-ს 'სოც.რევიზიაში'

  /   ნანახია 216 ჯერ

პოლიციის მაიორი გიგა ფერაძე: 'ხშირად მეკითხებიან მეგობრები - ვინც დიდი ხანია, მიცნობს და იცის: ჯერ სკოლაში, და მერე თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე...',PKTV-ს 'სოც.რევიზიაში'

ხშირად მეკითხებიან კურსელები, კლასელები, კოლეგები, მეგობრები - ვინც დიდი ხანია, მიცნობს და ვინც იცის, ჯერ სკოლაში და შემდეგ თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების ამბავი, თუ რატომ გადავწყვიტე პოლიციელობა, როცა შეიძლებოდა კარიერის გაგრძელება სხვა ასპარეზზე (სასამართლო, სადაც გავიარე  სამაგისტრო პრაქტიკა სააპელაციოში, იუსტიცია - სადაც გენინსპექციაში გავიარე სტაჟირება, კერძო სამართლის მიმართულება - რა განხრითაც დავამთავრე მაგისტრატურა და ა.შ.), უფრო მეტად იქნებოდა შესაძლებელი იურისპრუდენციაში შეძენილი ცოდნის განვრცობა და პრაქტიკული რეალიზება. მაგრამ მე ავირჩიე შსს და აქვე შორეულ წარსულში მომხდარ ერთ ისტორიას გიამბობთ, რომელიც, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იცის ჩემს გარშემო და რამაც ერთგვარი კოდი ჩადო ჩემს ცნობიერებაში, რომ გავმხდარიყავი პოლიციელი:

შავბნელი 90-იანი წლები... მხედრიონი... ყოველ დღე გაგონილი ყაჩაღობის სხვადასხვა ისტორია, სისასტიკის გამოვლინების სხვადასხვა ხერხებითა და მეთოდებით (დასერვა, დაუთოვება, აბაზანაში ჩახრჩობა და ა.შ.): ერთ ჩვეულებრივ საღამოს, მე 6 წლისა და ჩემზე 2 წლით უმცროსი ჩემი ძმა ლადო, საწოლში ვთამაშობდით. სამუშაოდან დაღლილი მამა შინ დაბრუნდა, მისი, ახლადშეძენილი ყავისფერი "ნივით", ისეთი ნასვამი, რომ ა/მ ფარეხში ძლივს გაჩერა მანქანა.

სახლში შემოსულს საწოლიდან წამომხტარი ბავშვები მივეგებეთ და შევუსკუპდით სავარძელზე დამჯდარს - ერთი - ერთ კალთაში, მეორე - მეორეში, ლოყაზე ვეფერებოდით და შევცქეროდით რუსულ ძილისპირულ "ბაიუ ბაიუშკის". ღვეზელების ცხობაში დაღლილი, შუბლზე ოფლმოკიდებული დედა სამზარეულოდან გამოვიდა, წაკრული თავსაბურავი ფქვილიანი ხელებით მოიხსნა, წინსაფრითვე  გვერდით მოგვიჯდა სამივეს - მამა-შვილებს და ის იყო, თავისი ტკბილი ენით და მორიდებული ტონით მამასთვის საყვედური უნდა ეთქვა: ამდენი რატომ დალიე და საჭესთან ასეთი ნასვამი რამ დაგსვაო, რომ გაისმა ხის კარების წიხლით შემომტვრევის საშინელი ხმა და ვერც კი გავერკვიეთ, ისე მოულოდნელად აღმოჩნდნენ ჩვენს თვალწინ "კალაშნიკოვით" შეიარაღებული ექვსი ნიღბიანი, პირის ღრუდან ამომავალი საშინელი სპეციფიური სუნითა და ნიღბიდან მომზირალი სისხლისფერი თვალის ჭრილებით (სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ). გადამთვრალ მაამჩემს სხვა არაფერი დარჩენოდა, რომ ყაჩაღებისთვის მიემართა: 'ცოლ-შვილი არ დამიწიოკოთ და, რაც გაგიხარდებათ, მოკიდეთ ხელი და წაიღეთო'.

ამ დროს, ერთ-ერთმა ყაჩაღმა ჩემს ძმას ხმამაღლა მოლაპარაკე ტელევიზორზე მიუთითა: 'პატარა ბიჭი, წამოხტი, ტელევიზორი გამორთეო'. ლადუკამ გაბრაზებულმა მიაძახა: 'მიდი და შენ თვითონ გამორთე, რა, ხელები არ გაქვსო?' პატარა 'ღლაპის' სულისკვეთებით გაღიზიანებულმა მეორემ, ნასვამ მამაჩემს, რომელსაც მუხლებზე ჩვენ ვესხედით, სამხედრო ჩექმიანი წიხლი სახეში ისეთი უთვაზა, რომ მამა ადგილზევე გაითიშა, შემდეგ დედას მიუტრიალდა და მკაცრი ტონით უთხრა: 'ზედმეტი მოძრაობების გარეშე ადექი, უჩუმრად და ძვირფასეულობა, ფული და მანქანის გასაღები მე ჩამაბარეო'!!! გამწარებულმა დედამ ვეღარ მოითმინა და აგრესორ ერთ-ერთ ყაჩაღს ხელებით ეცა, ამ დროს მეორემ, ავტომატიდან  მიჯრით დედის ფეხებთან სამი ტყვია შესაშინებლად ისროლა - ქალია, შეეშინდება და გაჩერდებაო. მაგრამ დედა არ შეშინდა, ხელი გაინთავისუფლა და სამზარეულოსკენ გაიქცა, ორი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, რომ ისევ დააწიეს ავტომატის ჯერი, ამჯერად უკვე სხეულის მიმართულებით... დენთის ნისლში გახვეულ ოთახში გაგიჟებული ვღრიალებდით ორივე ძმა, დამფრთხალ-შეშინებულები ერთმანეთს ვეხუტებოდით და დასისხლიანებულ, ცხვირგახეთქილ, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამას ვეწებებოდით.

ჩემი სვანი დედა ცოტა მძიმეწონიანი იყო და, როგორც შემდგომ გაირკვა, ჩაბნელებულ სამზარეულოში, ფანჯრის რაფაზე ამძვრალს იდაყვით მინა ჩაემტვრია და გადამხტარა. მოგვიანებით, შემთხვევაზე მოსული გამომძიებლები მხრებს იჩეჩავდნენ გაკვირვებით: ამხელა ქალი ფანჯრის გაუღებლად ამ ვიწრო 'რამკაში' როგორ გაეტიაო...

7,62 კალიბრის ერთმა ვაზნამ დედას ბარძაყში გაუარა, კედელზე მიკეცილი საუთოვებელი მაგიდის სამმაგი 'დეესპე' გახვრიტა და სადღაც 8 სანტიმეტრზე შევიდა კედელში.

დედა ყვიროდა: მეზობლებო, გვიშველეთ, ყაჩაღები დაგვეცნენო. ფეხზე ნატყვიარი გამავალი ჭრილობიდან სისხლდენითა და მინებზე გადაჭრილი ხელით, დაუძლურებული ღობეზე გადაძვრა და მეზობლის სახლთან არმისული, ეზოშივე ჩაიკეცა. ამ დროს მეზობელ მანანა დეიდას, რომელიც ყვირილის ხმაზე გამოვარდა თავის ეზოში, ჩვენს აივანზე დაზვერვაზე მდგარმა ერთ-ერთმა ყაჩაღმა  ავტომატიდან დაუშვა ჯერი, მოცვივდა მთელი სამეზობლო - ზოგი ნაჯახით, ზოგი -ცელით, ბარით, დანით... დაბნეული ყაჩაღები ისე გაიქცნენ, რომ ვერაფერი ვერ წაიღეს. გათიშული მამაჩემი მეზობლებმა ძლივს მოიყვანეს გონზე...

დედას ორი ურთულესი ოპერაცია დაჭირდა; განგრენა წაუვიდა და ძლივს გადაურჩა ფეხის ამპუტაციას. იგი მაშინ სადღაც 28 წლის იყო და სულ გაჭაღარავდა. ჩვენ, ბავშვებს, განცდებისგან რამდენიმე თვის მანძილზე ღამეები არ გვეძინა და ძილში ვხტოდით. ..

ის საქმეც, ისევე როგორც მაშინდელი უამრავი გაუხსნელი საქმე, შემოიდო ხაშურის რაიგანყოფილების თაროზე...

იმ დღიდან მოყოლებული, ჩემს გონებაში არ იშლება კადრები, რომელიც მიმძაფრებდა იმის შეგრძნებას, რომ ყველა ადამიანი, ვისაც შეიძლება დახმარება დაჭირდეს, იმწუთიერი დედაჩემია და მე, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არასოდეს დავიხევ უკან, იმათ დასახმარებლად, რომლებიც შეიძლება ჩემს შველას  საჭიროებდნენ.

ამის მერე დიდი დრო გავიდა. ჩემს საპოლიციო 10-წლიან კარიერაში იყო ავტოავარია სანაპიროზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჩემი თანამშრომლის მსხვერპლით, რომელშიც მეც საკმაოდ დავზიანდი (გამოღადრული ყელი და გემატომა თავში); იყო დამწვრობები ხელებზე ვერაზე, ყაზბეგის ქ. #14-ში ხანძარმოდებული იტალიური ეზოს მეორე სართულიდან ჩარჩენილი მოხუცის გამოყვანისას; გახსნილი ცეცხლი რუსთაველის გამზ. #34-ში დაჭრაში ეჭვმიტანილის ცხელ კვალზე დევნა-დაკავებისას; სასროლეთში მოქმედი პოლიციელებიდან ჩემი მიმართულებით რამოდენიმეჯერ უნებლიედ გამოსროლილი ტყვია უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო და კიდევ იმდენი სახიფათო სიტუაცია, ვინ მოთვლის...

მეუბნებოდნენ, შეეშვი, შვილო, სხვა საქმე ნახე, ხომ ხედავ პოლიცია ძალიან საშარო სამსახურიაო, მაგრამ, პირიქით, მე უფრო მეტი შემართებით განვაგრძე მუშაობა... ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, პროფესია და ყველა ის პოლიციელი, ვინც ღირსეულად ატარებს სამხრეებს, მის ქვეშ მოაზრებულ საპასუხისმგებლო სტატუსს, თმენის ვალდებულებას, მაღალ მორალურ/სამართლებრივ სტანდარტებსა და ღირებულებებს!!!

პოლიციის მაიორი გიგა ფერაძე

პატარა გიგა ფერაძე ძმასთან და მშობლებთან ერთად