Feedback

ქეთი სესიაშვილი: ' მე ვარ თერგი და ეს იმ მამაკაცს გაუმარჯოს ველურ ქალში სისუსტეს რომ გაამარჯვებინებს!', PKTV-ს 'მოზაიკაში', ლანა ბიბილურიძესთან

  /   ნანახია 427 ჯერ

ქეთი სესიაშვილი: ' მე ვარ თერგი და ეს იმ მამაკაცს გაუმარჯოს ველურ ქალში სისუსტეს რომ გაამარჯვებინებს!', PKTV-ს  'მოზაიკაში', ლანა ბიბილურიძესთან

ბედისწერა-სვირინგი შუბლზე

 

1.მე ვარ..

- ქეთი სესიაშვილი. ერთი რომანტიკოსი და თან რეალისტი. უცნაურია, მაგრამ ჩემი პროფესიის, ანუ ჟურნალისტიკის პრინციპების თანახმად, რომ თუ კარიდან არ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა გადახვიდე, თან ისე, რომ მორალურად არავინ გაანადგურო, ცხოვრებაშიც ასეთი ვარ - რომანტიკოსი და თან - რეალისტი.

მე ვარ ადამიანი - ბობოქარი თერგივით, მუდმივად ძიებაში, სამყაროს ძიებაში, ფერების ძიებაში, ადამიანის ძიებაში, მამულის სიყვარულში თავგანწირული ბრძოლის ძიებაში... ვიბრძვი კალმის ხმლითა და ხანჯლით, ხანდახან ძალიან ბასრად... მაგრამ იმავდროულად საკმაოდ მორცხვი ვარ და გულჩვილი... ბუნებით ვარ ქალი -დედოფალი, ქალი - მბრძანებელი, თუმც... ამ კაკლუც "ჩემში" მაინც ცხოვრებისეული პროკურორი ზის... ალბათ ამიტომაც წავედი ცხოვრებაში პროფესიით ჟურნალისტური გამოძიების ხაზით, თუმცა მსახიობობაზე ვოცნებობდი ბავშვობიდან და სცენა ჩემი სულის საკმაოდ დიდი ნაწილი გახლდათ და დღემდე არის კიდეც... ჰოდა ამიტომაც ვთქვი, რომ მე ვარ რომანტიკოსი და იმავდროულად, რეალისტი!

მთავარი - მე ბუნებით დედა ვარ!

2. მინდა დავამტკიცო,რომ..

- ცხოვრება, რომელიც ეკლიანი გზით მატარებს, საოცრად მიმზიდველი და მშვენიერია. მე ხომ ბუნებით პოეტი ვარ. მიყვარს ლაბირინთები...

3.გაიღიმეთ და...

- ღიმილი საოცრად მიხდება... თვალები ოდნავ მეჭუტება და გულიანად მეცინება... თუმც თვალები სევდიანია, ალბათ იმიტომ რო, მწვანე ფერის თვალს სევდა უხდება...

ვიღიმი კიდევ მაშინ, როცა საჩუქრებს მჩუქნიან, რადგან მე ვარ ქალი სურპრიზების თაყვანისმცემელი...

4. არ იფიქროთ , რომ..

- როცა თავს მეხივით რაღაც განწირულობა დაგატყდება, როცა გგონია, რომ დამთავრდა, როცა გგონია, რომ არ გაგიმართლა, როცა გგონია, რომ მიგატოვეს - დასრულდა! არა, . მერწმუნეთ, სწორედ რომ მაშინ იწყება სიახლე, რადგან დაცემისას გადატყავებული მუხლებიდან რომ სისხლი გდის და გტკივა, გეწვის, ის თუ არ მოიბანე, თუ არ ეცადე მის მოშუშებას, ახლიდან ვერ გაივლი... ინსტიქტურად დგები და მუხლებს იშუშებ... ასეა ცხოვრებაში - დაცემიდან ფეხზე ადგომას და გავლას ცდილობ, ანუ ისევ ახლიდან იწყება პირველი ნაბიჯები... ამ ხნის მანძილზე მე ბევრჯერ დამიწყია თავიდან ყველაფერი... ესე იგი, მე თქვენ გჭირდებით, რადგან არცერთი დაცემისას უფალმა არ მომაკვდინა...

5. ოცი წლის წინ...ოცი წლის მერე...

ოცი წლის წინათ ვიყავი გოგონა - როგორც იტყოდნენ ჩემზე : სილამაზის მეტრი... 20 წლის შემდეგ ვიქნები ულამაზესი და უგემრიელესი ძალიან დიდი ბებია... უძლიერესი დედა, უბედნიერესი მეუღლე, უდიდესი კომპანიების მფლობელი და უბრალოდ, ისევ ის ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი!

6. ყველაზე ხშირად ვკარგავ..

- ჩანთაში ნივთებს, ცალ საყურეს, ფულს და... ადამიანებს, რომლებიც მატყუებენ... არადა, როგორ მომიხშირდა ეს დანაკარგები...

7 . არასდროს არის გვიანი..

 - სიყვარული...

8 . მოგონებები..

- დედა და მამა მენატრებიან ძალიან... ამ ბოლო ხანებში უფრო გამიმძაფრდა ეს მონატრება... დედასა და მამაში ჩემს ბავშვობას ვიგონებ - მეტიჩარა გოგონას, მატრაკვეცას, გიჟსა და გადარეულს, თამამსა და მორცხვს, ნებიერას და უბრალოდ - დედიკოს და მამიკოს შვილს... ეს კი მთელი ისტორიაა და ეს მოგონებები ტომებად შეიძლება დაიწეროს... რომელი ერთი ვთქვა?

9.თუ ვერ დაგაფასეს..

- არ უნდა იტირო, არცერთ შემთხვევაში... ფულზე გაყიდული და ლაქია ვერ დაგაფასებს, ბუნებით თაღლითი და მტაცებელი ვერ დაგაფასებს, ორპირი მოგკლავს... გაეცალე და წადი იქ, სადაც თვითონ შეგამჩნევენ, მოგეფერებიან, ჩაგათბუნებენ ჩახუტებით... ის იქნება შენი მწვერვალი...

10. მე ვიქნებოდი ის , ვინც..

- ვარ დღეს, ვიყავი გუშინ და გუშინწინ... ერთი, რასაც დავამატებდი, ვიქნებოდი უკეთესი დიასახლისი და ქალი აკვანთან... თუმცა, არასოდეს ვყოფილვარ უყურადღებო დედა, მეუღლე, და, შვილი, ბებია, მეგობარი, ხელმძღვანელი...

11 . არასდროს დაივიწყოთ..

- მამული, ენა, სარწმუნოება... ქალმა - სინაზე, სიკეკლუცე, მორცხვობა. კაცმა - ვაჟკაცობა!

 

12. შვილებო,დედებს უთხარით...

- მიყვარხარ , დე... დე, მომენატრე... დე, შენთან მინდა... დე, ჩემთან მოდი... დე, მინდა ჩაგეხუტო... დე, დედიკო, დედი - ყველაზე ლამაზი ხარ მსოფლიოში...

13. მენატრება ის თბილისი...

- ჩემი ბავშვობის, ჩემი სტუდენტობის... მენატრება თეთრი და ჭრელა-ჭრულა ფერების თბილისი, ჭადრებიანი თბილისი, პატარძალი თბილისი თავისი ტრამვაი-ტროლეიბუსით, თავისი მზით, თავისი უბნებით... უბნის ყოჩებით, ქალაქური საუბრებით, ქართული სიმღერებით, კაიკაცობით, კარგი ბიჭობით... ყველა წერტილი და ქუჩა ვიცოდით თბილისში, მენატრება ფუნიკულიორი და საბაგირო , მენატრება ჩემი ბავშვობის "მუშტაეთი", მენატრება "მაროჟნიიი მაროჟნიეეე", "მაწონი, მაწონი მალაკოოო", "გავლესოთ დანა-ჩანგალიიიი"... მენატრება "გლიასე" მარჯანიშვილზე, მენატრება "პონჩიკი" რუსთაველზე და სადგურზე... მენატრება გიჟი ცაცა, კიკა, პლეხანოველი მარინა...მენატრება წიგნების მაღაზიები, თეატრები, კინოთეატრები... თეატრალური ჩხირები, კაფე სტუდენტური, "აჭარულები და ლაღიძის წყლები"... ეეეეჰ... მენატრებიან ჩემი მეგობრები, უბრალოდ კაი თბილისელები...

14.თუ დააპირებთ ადამიანის განკითხვას..

- თავადვე განიკითხები და გეშინოდეს...

15. არ დაკარგოთ..

- სინდისი და სიყვარული... არ დაკარგოთ ადამიანები, ვისაც მართლა უყვარხართ... ვინაც გულში გეფერებათ...

16 .ცხოვრება გაიძულებს..

- იმრუშო, იქურდო, ცდუნდე. - დაუნდობელია ცხოვრება. უნდა გაუძლო და არ მოიპარო, სულით არ გაბოზდე, ...ცოტას თუ წაიჭორავებ და... ტყუილი არ თქვა - არ გაბრიყვდე! ცილი არ დასწამო ადამიანს, ცუდად მოგიტრიალდება შენი ოჯახის წევრზე...

17. გულით დავატარებ...

- მამა გაბრიელისა და დედა ღვთისმშობლის ხატებს, ჯაჭვით. სიმღერებს და ჩემი ოჯახის წევრების სიყვარულს. გულში და ჩანთაშიც მუდმივად მყავს უფალი ლოცვების წიგნით...

ჩემს მოგონებებს დავატარებ გულით... ჩემი ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილების სიყვარულს, რომლებიც ძირითადად, აფხაზეთის ომში დაიღუპნენ, ან უბრალოდ, ადგნენ და... წავიდნენ...

შენს მონატრებას დავატარებ გულში, ლანა... მართლა. ჩამოდი მალე - PKTV-ს სჭირდები, გეძახის!



18. წარსული არის

- მომავლის სიცოცხლე. მე ხომ ისევ ის ბავშვი ვარ!

19. ვსწავლობთ..

- მუდმივად ვსწავლობთ ასი ათასად ზრდილობას და უფლის კალთასთან მიახლოების გზებს.

 

20. წიგნი,რომელიც მომწონს..

"ქარწაღებულნი" და "მთვარის მოტაცება". მე ხომ სკარლეტ ო ჰარა ვარ.

21. როცა ბედნიერი ხარ..

- თვალებით იცინი...ეს მხოლოდ და მხოლოდ დედა-შვილობაშია... თუმცა, კარგი მეუღლეც წამიერად გაბედნიერებს...

22. სამშობლო ჩემთვის არის..

- მამული, ენა, სარწმუნოება! დედა და მამაა ჩემი, რომელსაც არავის დავუთმობ

23. ამ ქვეყნად მოვდივართ იმისთვის ,რომ..

- გვიყვარდეს, ვუყვარდეთ, გველოდებოდნენ, ველოდებოდეთ... ტყუილს და სიცრუეს ლოდინის უნარი არ აქვს, არც მონატრების და მითუმეტეს, სიყვარულის!

24. სიკვდილი..

- სიკვდილი მარადიული სიცოცხლის სიყვარულია.

არ უნდა მოკვდე. ამაზე მე ლექსი მაქვს და აჰა, წაიკითხეთ:

"სიკვდილის თეორემა"

"მე ახლა მივხვდი, რა ფერია სიკვდილი -

- სიკვდილი მწვანეა და რუხი,

ჩაბუდებული ცის შავ ღრუბლებში

ცის მოჟამულ მკერდში,

მის დაორთქლილ მკლავებში...

მე ახლა მივხვდი, როგორია სიკვლიდილი -

- სიკვდილი უხეშია და მკაცრი,

ახარხარებული ურჩხულის მზერით,

გაორებული აფუთფუთებული მატლებით...

სიკვდილი ქუჩას ყვავილებით ექარგება

სოფლის შარაში ჩაკარგული გენიოსთა ბღავილით.

რა არის სიკვდილი?

სიცოცხლის არაფერი,

ნულოვანი წერტილით ათვლილი პარაბოლით...

და განა რა არის სიცოცხლე?

სიცოცხლე სიკვდილია

ცის ტალღებში დროებით ამხედრებული,

მზისკენ თეთრი ულაყით გაჭენებული

და ვერ მისული...

ჩვენ კი, მაინც სიცოცხლისკენ მივისწრაფით

და მერე ვდნებით ცის ტატნობში ჩაკარგულ ჭაობში,

ჯოჯოხეთურ ტკივილში,

კუპრიან სიცილში...

და მაინც მივაჭენებთ სიცოცხლისკენ!

ცხოვრება გიზიდავს არწივის ბრჭყალებით

ქარაფისკენ, ქარაფისკენ

და უცებ...

ვარდები უფსკრულში

სიკვდილის მკლავებში,

უბრალოდ, თავისით...

და რა არის სიკვდილი? –

- ბევრი არაფერი,

უბრალოდ,

სიცოცხლის სიყვარული..."

 

25. დამოკიდებული ვარ..

- ჩემს დიდ წინაპრებზე დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც. მე ღირსეულთა შთამომავალი და ჩამომავალი ვარ. მარტო დიდი არხოტიონი გაბრიელი რად ღირს, ჯაბუშანური, რომელიც პაპა იყო ჩემი, ან ჩემი დიდგვაროვანი თავადები მამის მხრიდან. მე თავადი ლაშხების ჩამომავალი ვარ, გვარად ლაშხი, სინამდვილეში. მამის დედით კი - სვიმონიშვილის ქალი. მეამაყება, რომ დედიძმები მყავდნენ ღირსეულნი, მეამაყება რომ დედით ფშავ-ხევსურ ჩეჩნური წარმოშობა მაქვს... დამოკიდებული ვარ მათზე, აბა, როგორ! ამიტომაც ყივის ჩემში ქართული ეროვნული სული! მეამაყებიან ჩემი გმირი მშობლები, დები, შვილები, შვილიშვილები... ჩემი გმირი და ვაჟკაცი მეუღლე - მხოლოდ ამათზე ვარ დამოკიდებული და იმ სიამაყეზე, ჩემები რომ ქვია სახელად!

26. ერთი დღით ვიქნებოდი...

- განათლების მინისტრი... დედოფალი კი - მუდმივად!

 

27. მსოფლიოს ვეტყოდი..

- იცნობდეთ საქართველოს და ჭეშმარიტ ქართველს და რიდი გქონდეთ უფლის სავანისა, რომელსაც დედა ღვთისას სამოთხე ქვია. ამ სამოთხეში თავად უფალი დადის და გეშინოდეთ უფლისა!

ასევე - უყურეთ ტელეკომპანია PKTV-ის, რომელიც უკვე თანამგზავრზეც გავიდა და რომელიც არასოდეს მოგატყუებთ, რადგან ჩვენ დამოუკიდებელი, არავისგან მართული და ნამდვილად მართალი სიტყვა ვართ!

 

28. მარადიულია..

დედა, სამშობლო, უფალი, ენა - სიყვარული!

ცეცხლი და სეტყვა

 

29. მეგობარია,ის..

- ვინც არ წავა და შენში მუდამ კეთილად დარჩება, შენ კი - მასში... ვინც არ მოგაჩვენებს და არ მოგატყუებს, ვინც ზურგიდან მოპარვით ხელს არ გკრავს...

ასეთები თითო ოროლანი არიან ადამიანთა ცხოვრებაში.

30. სიყვარული არის..

- თავგანწირვა და არდაღლა.. ხვნეშის გარეშე სიარული... როცა მიგეჩქარება, როცა მიელი და მიგელიან...როცა გასცემ და არ ითხოვ დაბრუნებას...

 

31. ღმერთის ჩემეული აღქმა..

დედაჩემის თვალებითა და თითებით, მამაჩემის პირისახით, ჩემი მეუღლის გულით და ტანით, ჩემი შვილის ღიმილით...

 

32. სამოთხე და ჯოჯოხეთი..

- ჯოჯოხეთს გავდივარ და სამოთხის კარს ჯერ ვერ ვაღებ... კარი მძიმეა და მაინც ვწვალობ გაღებას... სამოთხე ჩემი სამლოცველოა, გულში ჩუმად რომ ვდუდუნებ... სამოთხის კარიბჭე ჩემი ერთგული ადამიანები არიან, ანგელოზად რომ დამყვებიან მუდამდღე...

 

33. თუ ვიქნებიდი სიკვდილ მისჯილი ჩემი ბოლო სიტყვა იქნებოდა..

- მაპატიე!

 

34.ოპტიმისტი..პესიმისტი

- ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან, ერთი სისხლის და სხვადასხვა გვარისანი... ერთმანეთის გარეშე ვერ იქნებიან - აღმართ -დაღმართია, დაცემა-ადგომა...

 

35.პოეზია..

- ვაჟა, გაბრიელ ჯაბუშანური, ჯარჯი ფხოველი... ჰაინე და ... გალაკტიონი, ილია, მირზა გელოვანი, მერაბ კოსტავა, ლადო ასათიანი...მუხრან მაჭავარიანი, ნიკო გომელური... ქეთი სესიაშვილი...

36. ერთი ლექსი ჩემი პოეზიიდან..

- გავიცინო? ახლავე - ერთის მაგივრად, რამდენიმე იყოს, რა, თხოვნა მაქვს, კარგი?

"გეძღვნება შენ!

და იდგა ქალი ამაყი - გოროზი მთებივით

და მოარღვევდა ქალი ქუჩას ბობოქარი - კალაპოტიდან ამოვარდნილი მდინარესავით

და იღერებდა ყელს ქალი ირემივით - იცოდა, ამჩდევდნენ

და კისკისებდა ველურ სიცილს ქალი - გრძნობდა სიშლეგეს.

და ფრუტუნებდა ქალი - როცა მას კოცნიდნენ,

არ აღელვებდა ქალს შური - ეძლიერებოდა სამყაროს;

და უმღეროდა სიცოცხლეს ქალი - ტიტინა ბავშვივით

და პირველ ნაბიჯებს დგამდა ქალი მბრძანებელი - ცხოვრებაში...

მეფეო, კვერთხო გადადეთ გვერდზე დროებით და, ხელზე მემთხვიეთ,

აჰა შენ გული ჩემი, ოღონდ ნუ მატირებ -

-  ბრძანა ქალმა და რისხვაჩამქრალი თვალებით მიხვდა,

რომ ის ქალი იყო

და სხვა - არავინ!..

ეს იმ მამაკაცს გაუმარჯოს

ველურ ქალში სისუსტეს რომ გაამარჯვებინებს!

 

იდუმალება და...

ქალი - დანისლული  ღიმილით,

კაცი - იდუმალი მზერით,

ქალი - მოკირწყლული ფიქრებით -

დახლართული გზები...

ქალი - მოჩითული კაბით,

კაცი - ჩაჩოქილი რისხვით;

ვნებიანი თვალები,

აშვებული იჭვი...

სისულელის ოცნების

გადაწყვეტა სწორი -

ამ ცხოვრებას აჯობებს

 მხოლოდ ორი...

სიყვარულის ბარდები,

მოყურადე მსტოვრი;

ჩამქრალი კელაპტრები,

გატანილი გოლი...

კაცი - გულში ზეიმით,

ქალი - ფერთა გამით;

ჩურჩულ-ჟინით ავსილი

მიჯნურობის ჯამი...

სტოპ-კადრს მიღმა დარჩენილი

უცხოობის ჯავრი;

გვირილებით თავშემკული -

- ქალი...

ზღაპარ-მითად მავალი

იაზონის არგო;

ღმერთმა ეს რა უცნაური

ბედი გვარგო...

ქალის ხელის მტევანი,

კაცის დიდი ტორი;

ამ ცხოვრების საწყისი

ჩვენ ორნი -

- მე და შენ და შენ და მე,

მე - ქალი, შენ - კაცი;

სიყვარულის სადღეგრძელოს

სულ ბოლომდე დავცლი...

მიღებული გადაწყვეტა

სისულელის ხარჯზე;

ჩვენ სამნი ვართ ქვეყანაზე -

- ჩვენ და ღამე!

ქალი - დანისლული ღიმილით,

კაცი - იდუმალი ფიქრით,

სისულელის სადღეგრძელო

ღვინით...

ეს იმ სისულელეს გაუმარჯოს,

სწორ გადაწყვეტილებას რომ მიგვაღებინებს.

 

 

უსათაურო

 სულის ტაშ-ფანდურა გარმონის წელვაში ჩაილია,

მედოლემ დოლზე ორი თითი დაურტყა ბოლოს;

გახევებული დარჩა დარბაზს რეკვიზიტები,

დეკორატორმა ჩამოხია კედლიდან ტილო...

ეშმაკუნებმა ჩაირბინეს სხეულის კიბე,

ორქიდეებით ავსებული ჭილ-ყვავთა ეზო;

სულის ამოსვლა ხრიალებდა, წვალობდა ტანში,

გაწელილ გარმონს დაეფარა პოეტთა ჩერო...

”გადი-გამოდი გუთანოო” და ”ოროველა”,

ხევსურ ქალაის ნაწაწლევი, ნაძარცვი ფერი;

ყალყზე შემდგარი ფეშქაშ-ფეშქაშ შავი ულაყი,

გაჩუმებული გარმონი და მტირალა გული...

ჩაქრა სიცოცხლე - ჩემს სხვენშიაც გაჩნდნენ ვირთხები...

უპატრონო ტანს დაუდუმდა პატრონის ჩანგი;

მხოლოდ ჭინკები ათამაშდნენ დამწყდარ სიმებზე

და გაწელილი დარჩა... გარმონი...

 

***

ყელს ამშვენებს მარჯნის მძივი,

მტევანს - მარჯნის სამაჯური,

მარჯნისფერი ღიმილმჩენი

მოდის ქალი...

ვინ არისო, ვისიაო?

- კითხულობენ გამვლელები.

ქალი მოდის, გზას მოარღვევს,

ჭორავს ხალხი...

აიწია მითქმა-მოთქმა,

ზოგმა ის თქვა, ზოგმა ეს თქვა,

იცნობდა თუ არ იცნობდა,

რა აზრი აქვს - ხომ ამბობდა...

გაიბერა უცებ გუდა,

ერთი ოხრავს, ერთი ყბედობს,

ძუძუ-მკერდი რძისფრად ელავს,

ქალმა იცის ტრფობის გემო.

ამ ქალს ქმარი ლოთი ყავსო,

უჩურჩულა ერთს მეორემ,

საწყალიო, ჩაიკვნესა,

ვითომ გული ჩაწყდა უცებ.

უჰ, რა არის ამისთანა,

განა მსგავსისხვა არ არის?

გაიკენწლა ერთმა ენა,

ლამის ბოღმით გასკდა გულზე...

ქალი მაინც მიდის გზაზე

და აუყვა პირველ აღმართს,

დაიღალა მწველი სიცხით,

ყელი ოდნავ დაენამა.

გაუღიმა ”ქუჩის საბჭოს”,

თმები სარჭით აიზიდა;

ეს რომ ჩემი ცოლი იყოს, -

ერთმა ვაჟმა ჩაიგმინა...

მე ვიცნობო ამის ოჯახს,

ხშირად ტანჯავს ამ ქალს ქმარი,

სვამსო ხშირად, არ სცალია,

მარტოაო, კენტად ქალი;

ამისი ქმარი პოეტიაო,

შეეკამათა ერთი ამის მთქმელს,

პოეტს, ხომ იცი, დალევა უყვარს,

რა უჭირს მერე, ცოტას თუ ყლურწავს?

ამისი ქმარი არტისიაო,

- არ დაანება ახლა მეორემ;

ვერ დაადგინეს ქმრის ვინაობა,

მთავარია ხომ მაინც რაღაც თქვეს...

მოკლედ, ის თქვეს,

ეს თქვეს, ის თქვეს,

არ გაჩერდა უძვლო ენა;

ქალს თვალები ჩაუცრემლდა,

 ჩანს, გულში აქვს დიდი სევდა...

ყელმოღერილს მოაქვს ქუჩა,

მკერდს უმშვენებს მარჯნის მძივი,

მოდის ქალი საოცნებო

და ქუჩაში გაჭორილი.

სილამაზე მსხვერპლიაო,

მთავარია, გქონდეს ბედი;

ერთმა ცოტა შეიცოდა:

უჰ, საწყალი, ამ ქმრის ხელში...

ამოუყვა კიდე ქუჩას,

მოდის ქალი აღმართს ფეხით,

ეს მშვენება ღმერთმა შექმნა,

დადის ქალი ღიმილმჩენი.

ყელს უმშვენებს მარჯნის მძივი,

მტევანს - მარჯნის სამაჯური,

შემოვიდა სახლში ქალი,

აქა-იქა  _  გაჭორილი...

 

37. ქალს შევადარებდი..

- ჩემს ქალობას - ჩემს თავს, რადგან მე ქალი ვარ ბუნებითაც და ბიოლოგიურადაც. მე ვარ ქალი და არასოდეს მინატრია კაცობა. მე ვარ ქალი თერგი!

38. ილუზიაა,

- დაპირებები, ოცნება

39. იმედი..

- ცხოვრების მერმისი

40. ბედისწერა.

- სვირინგი შუბლზე

41. თუ დავხატავდი სამყაროს...

- მე უკვე დავხატე სამყარო წინა 40 კითხვაზე პასუხში. მე უკვე დავხატე სამყარო ჩემი შთამომავლებით, სადაც პალიტრა ჩემი მეუღლეა, ხოლო ფუნჯები - ჩემი დედ-მამა და ჩემი დიდი ოჯახის სხვა წარმომადგენლები...

ჩემი თანამგზავრი ზეციდან მთვარეა, სტიქია - წყალი... მე ხომ რომანტიკოსი დრაკონი ვარ და მძიმე და საშიში კიბორჩხალა..