Feedback

PKTV-ში წერილი მოვიდა: ღია წერილი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს ბატონ გიორგი ქოჩიშვილს

  /   ნანახია 195 ჯერ

PKTV-ში წერილი მოვიდა: ღია წერილი შიდა აუდიტისა და  მონიტორინგის  დეპარტამენტის უფროსს ბატონ  გიორგი ქოჩიშვილს

ტელეკომპანია PKTV-ის რედაქცია უცვლელად გთავაზობთ PKTV-ის მთავარი რედაქტორ ქეთი სესიაშვილის სახელზე მოსულ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, კინოპროექტის „ყველაზე მოკლე დღე“ სცენარის ავტორისა და მთავარი პრუდუსერის, ბატონ ალექსანდრე ჟღენტის  ოფიციალურ წერილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და   სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  დეპარტამენტის უფროსს ბატონ  გიორგი ქოჩიშვილისადმი მიწერილს: 

 წერილი გაგრძელებაა წინამდებარე თემისა: 

- "კინოპროექტების გაყალბება და კულტურის სამინისტროს მიერ "ნახევრად დანაშაულებების" ლობირება?! - სკანდალი "ყველაზე მოკლე დღის" ირგვლივ"

მაშ ასე, გთავაზობთ ამ წერილს უცვლელი სახით:

 

   "ალექსანდრე ჟღენტის,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე,

საქართველოს საპარლამენტო კინოკომისიის თავმჯდომარე (1991),

საქართველოს სახელმწიფო კინოკორპორაციის დამაარსებელი,

პროექტის „ყველაზე მოკლე დღე“ სცენარის ავტორი და მთ პროდუსერი 

ტელ.:  + 995 597 330 526;  

e-mail:   alikozhgenti5@gmail.com

ღია წერილი

 

       საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა        

                                                         და   სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და

                                                              მონიტორინგის  დეპარტამენტის უფროსს ბატონ

                                                               გიორგი ქოჩიშვილს

 

  ბატონო გიორგი,

 მივიღე თქვენი 14.08.2019-ით  დათარიღებული წერილი, რომელიც პასუხია კინოპროექტ „ყველაზე მოკლე დღის“ 06.08.2019 წელს  გამოგზავნილ წერილზე, რომლის ადრესატი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გახლდათ და რომელმაც (უკვე მერამდენედ) თავი აარიდა ჩვენს პრეტენზიებზე პასუხის გაცემას. თქვენი სამინისტროსთვის ასეთი რამ სისტემატურ ხასიათს ატარებს. სხვათაშორის, ყოფილმა მინისტრმა ბატონმა მიხეილ გიორგაძემ ისე დატოვა თავისი თანამდებობა, რომ ჩვენს პროექტთან დაკავშირებულ გზავნილებს არ უპასუხა.

 ჩემთან გამოგზავნილი წერილის  თავსართში, ადრესატი (ანუ  მე) "მოქალაქედ" არის მოხსენიებული, რითაც მე ვამაყობ, რადგან ამ სტატუსში ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე მაქვს ხელი მოწერილი. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ადრესატს "ბატონობით" მიმართავენ. თქვენც "ბატონობით" მომმართეთ წერილის დასაწყისში, ამით წერილის ფორმა (რომელიც საბჭოთა კავშირის უბნის რწმუნებულის სტილშია დაწერილი) ერთგვარად ჩვენს ეპისტოლარულ ტრადიციებს მიესადაგა. 

 დასანანია, რომ თქვენს სამინისტროში (ისევე როგორც აწ გაუქმებულ კულტურისა და სპორტის სამინისტროში) ჯეროვნად ვერ აფასებენ ჩვენს კინოპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებმაც უკვე სკანდალური სახე მიიღო და ბევრად გასცდა (არ არის გამორიცხული მომავალში კიდევ უფრო გასცდეს) ერთ კონკრეტულ ფილმთან დაკავშირებულ თაღლითობებს, რადგანაც საქმე ეხება განუზომლად უფრო მნიშვნელოვან საკითხს, ვიდრე თქვენ სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი  უწყების ზოგიერთი ყოფილი და დღევანდელი ხელმძღვანელის და მათ მიერ მოწვეული ექსპერტების არაკეთილსინდისიერ საქმიანობას. ყოველივე ამაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებელი ბატონი ბატიაშვილია, ამიტომ პასუხი პირადად მას უნდა მოეწერა.

 მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პროექტთან დაკავშირებულ საქმეში ჩემთან გზავნილის ავტორს (თანაც სხვის მაგივრად მოპასუხეს) უნდა ახსოვდეს, რომ მიმართავს მოქალაქეს, რომელიც იყო საქართველოს საპარლამენტო კინოკომისიის თავმჯდომარე,  ჩაატარა კინორეფორმა, დააფუძნა სახელმწიფო კინოკორპორაცია, რომლის დაცხრილვისა და გაძარცვის შემდეგ, შეიქმნა კინოცენტრი  და დღევანდელი ქართული კინოსისტემა, მართალია კარიკატურულად, მაგრამ მაინც დაფუძნებულია იმ პრინციპებზე, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიმუშავეს პროფესიონალმა სპეციალისტებმა და არა პუტჩის შემდეგ აღმოცენებულმა, კინოხელოვნებაში გამწესებულმა გაუთვითცნობიერებელმა ჩინოვნიკებმა. მაგალითად, ბატონ ზ. მაღალაშვილს ეგონა, რომ კინოფირის ოდენობა კოლოფების რაოდენობით განისაზღვრება და არა მეტრაჟით, ხოლო მისი ვადამდელი თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, კინოცენტრის ხელმძღვანელად მოვლენილი გ. ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ რეჟისორს, სულ ერთია, რომელს, თეატრის, პანტომიმის, მარიონეტების, თავისთავად შეუძლია გადაიღოს ფილმი.

 რაც შეეხება კინოცენტრის დღევანდელი დირექტორის მტკიცებას, რომ მან თითქოს რაღაც რეფორმა ჩაატარა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ეს სინამდვილეს არ შეეფერება. რეფორმები როგორ ტარდება, ამის თაობაზე, პირველ რიგში, ქართული კინორეფორმის ჩამტარებლებთან  უნდა მიეღო კონსულტაციები. ყოველივე ისევ იმ მანკიერი სისტემის ფარგლებში დარჩა, რომლის შექმნაში ბატონმა ჩხეიძემ თავად მიიღო მონაწილეობა, თავისი პირველი დირექტორობისას. ისევ უვიცი ხელმძღვანელობა, ფრიად საეჭვო კრიტერიუმებით საექსპერტო ჟიურის არჩევა სცენარების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ და ამით გამოწვეული განუწყვეტელი სკანდალები.

 მიუხედავად ჩვენი მიმართვისა, მინისტრთან ერთად სდუმს სამინისტროს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა - იურიდიული დეპარტამენტი.

 სხვათაშორის, თქვენს სამინისტროში არ არის არც ერთი კინოსამართლის სპეციალისტი, რაც ბევრ რამეზე მიუთითებს. რაც შეეხება შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს, მის მიერ ჩატარებული ჩვენი პრეტენზიების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს არაკვალიფიციურ, კინოსპეციფიკის სრულიად არმცოდნე ადამიანებთან, რომლებმაც ყოველგვარი მოკვლევისა და ფიგურანტების დაკითხვის გარეშე დაწერეს დასკვნა ჩვენს საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, ამ დასკვნაშიც არის აღიარებული, რომ იყო დარღვევა („ნაწილობრივი დარღვევა“), აქედან გამომდინარე - თუკი არსებობს დარღვევა, ბუნებრივია, უნდა იყოს დამრღვევიც (თუ გინდ „ნაწილობრივი“), რომელიც უნდა დაისაჯოს. ეს, როგორც ეტყობა, უფრო მაღალი დონის მონიტორინგის სამსახურმა უნდა გააკეთოს მომავალში.  რასაკვირველია, ჩვენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ. სამწუხაროა, რომ ჩვენი პრეტენზიების გამოკვლევისას ბევრი სხვა დარღვევებიც გამოვლინდება. მაგ: უკვე მესამე წელია, (!) დებიუტანტების კონკურსებში გამარჯვებული არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა, თუმცა ერთმა ჩვენმა შემფასებელმა დაწერა, რომ „ჩვენი ჟიურის პრიორიტეტი იყო ახალგაზრდული მუხტის მქონე პროექტებზე ფოკუსირება, რომლებიც ენერგეტიკულადაც ახალი და თემატურადაც კვალიფიციური იქნება. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ გავაკეთე მე უფრო სხვა სახის პროექტზე არჩევანი". რეალობა კი ასეთია, სანამ ეს „ენერგეტიკული და რევოლუციური“ ფილმები გავა ეკრანზე, გადაღებულ იქნა არაერთხელ დაფინანსებული უბინძურესი  პასკვილი „ხიბულა“, რომელიც შეაქო კულტურისა და სპორტის ექსმინისტრმა.

 ბატონო გიორგი, მერამდენედ უნდა მოგვწეროს თქვენმა უწყებამ, რომ „ საექსპერტო კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად და მის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება არ აქვს ეროვნული კინოცენტრის დირექტორსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს“. როგორც ჩანს, ამის შემთხზველს არა თუ კინოსამართალში, ზოგადად, სამართალში გარკვევის პრობლემა აქვს. თქვენი სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი კინოცენტრის ყველა საქმიანობაზე სწორედ დირექტორი აგებს პასუხს, ექსპერტების შერჩევაც მას აქვს მინდობილი და თუ მან, თავად არაკვალიფიციურმა მოხელემ, ასეთივე დონის ექსპერტები დანიშნა, მერე გინდ ჩაერიოს მათ საქმიანობაში და გინდ - არა. იგივე ეხება სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომელიც უვიც ჩინოვნიკებს ნიშნავს და შემდეგ პასუხს არავინ სთხოვს.

 ბატონო გიორგი,

თქვენს წერილს, სამწუხაროდ, თქვენივე უწყებისთვის ტრადიციული ფრაზით ამთავრებთ (კანონის მუხლების არაფრისმთქმელი მითითებით) „უფლებამოსილი ხართ მიმართოთ სასამართლოს“.

 ვის მივმართავთ, როდის და როგორ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია და ვიმედოვნებ ამის შემდეგ ეს პრეცედენტი განსაკუთრებით ახალგაზრდა დებიუტანტებს გამოადგებათ.

 ბატონო გიორგი,

 რადგან თქვენ დაგევალათ (მინისტრის მაგივრად პასუხის გაცემა), მოგმართავთ:

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან ბატონმა ალექსანდრე დარახველიძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 31.07.2019 გამოგზავნა წერილი-დანართი 4 ფურცელი №1001594 და მითითება მოგცათ (გნებავთ დაგავალათ) „განიხილოთ მითითებული საკითხები. განხილვის შემდეგ აცნობოთ მომართის ავტორს“. 

 თქვენ მწერთ, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტში გამოგზავნილ წერილში ჟიურის წევრების შეფასებაა მოყვანილი და ამ წერილზე მიპასუხეთ 03.07.2019. ეს ასეა. მაგრამ ეს წერილი თქვენთან გადმოამისამართა    მინისტრმა (ან მისმა რომელიმე თანაშემწემ), რადგან ის ბატონ ბატიაშვილის სახელზე იყო გზავნილი (სხვათაშორის  ამ წერილს ჩემს გარდა კიდევ 3 კინემატოგრაფისტი აწერს ხელს), ხოლო მთავრობის ადმინისტრაციიდან თქვენს სამინისტროში  გამოგზავნილ 2 წერილზე მე პასუხი არ მაქვს. ამ წერილებში კი წამოჭრილი საკითხი უმთავრესია. ეს გახლავთ პოლიტიკური საკითხი.

 თქვენი მდგომარეობა ჩემთვის გასაგებია, რადგან ჩემს პრეტენზიებზე რეაგირება რანგით და პასუხისმგებლობის დონით ყველას არ ეკუთვნის, ისიც გასაგებია, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ ისეთი დამოკიდებულების გამართლება, რაც „ყველაზე მოკლე დღის“ შემოქმედებით ჯგუფთან შეხვედრისას გამოამჟღავნა ბატონმა კინოცენტრის დირექტორმა, არამარტო შეუძლებელია, არამედ დღევანდელ ვითარებაში სამართლებრივად დასჯადია.

 ბატონმა ჩხეიძემ კი ასეთი რამ ბრძანა (სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების დაწყებიდან 28 წლის შემდეგ): „მე არ მიმაჩნია, რომ მოხდა პუტჩი. ეს იყო სახალხო აჯანყება და მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი და აქციებში ვმონაწილეობდი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ“. ე.ი. თქვენს სამინისტროს დაქვემდებარებულ კინოცენტრს, რომელიც არამარტო სოლიდურ თანხებს ანაწილებს ფილმების შესაქმნელად, არამედ კინორეპერტუარის სახელმწიფო პოლიტიკაზე აგებს პასუხს, ხელმძღვანელობს მოქალაქე, რომელიც ქართველი ერის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას, რომელსაც პრეზიდენტის მკვლელობა მოჰყვა, ამართლებს და ანტისახელმწიფოებრივ აქციებში (სადაც რენეგატები ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას მოითხოვდნენ) თავისი სისტემატური მონაწილეობით ამაყობს! საოცარია, ეს ყოველივე წარმოითქვა დაწესებულებაში, რომლის მისამართია ზვიად გამსახურდიას სანაპირო №4! (თუმცა, ჩვენთან ბოლო ხანს გამოგზავნილ ბლანკებზე დაბეჭდილი მისამართია სანაპიროს №4-ეტყობა ჩხეიძეს დაქვემდებარებული მოხელეები ზვიად გამსახურდიას საიუბილეო წელს ამით გამოხატავენ „სახალხო რევოლუციის“  მეხოტბის ერთგულებას). ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რა დამოკიდებულება ექნება ამ პიროვნებას „ყველაზე მოკლე დღესთან“, სადაც დამოუკიდებლობის გამოცხადება, ზეიმი  და 22 დეკემბრის მოვლენებია ასახული. თუ რა დონის ექსპერტები დანიშნა თბილისში ჩამოყვანილი შევარდნაძის სიტყვების გამმეორებელმა კინოცენტრის დირექტორმა, თქვენ თავად წაიკითხეთ მათი „დასკვნები“.

 აშკარაა,  სამინისტროში ვერ აცნობიერებენ იმას, თუ რა შედეგი მოჰყვება ყოველივე ზემოაღწერილის ჩადენას. აი, მაშინ მოღალატეთა აქციების ვეტერანმა, შესაძლოა გამოიყენოს თქვენი ჩემთან წერილში გამოგზავნილი რჩევა-მიმართოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს. მე კი ვურჩევდი თქვენმა იურისტებმა, (რომელთაც საჭიროების შემთხვევაში სხვებიც შეუერთდებიან), საქართველოს სისხლის სამართლის 317 მუხლი გააცნონ.

 მეც კინემატოგრაფისტის ამპლუათი აღარ შემოვიფარგლები.

 „ყველაზე მოკლე დღე“, სადაც ზვიადის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება არის ასახული, სახალხო ზეიმიც და პუტჩის დაწყებაც, გადაღებული იქნება, ისევე, როგორც გამოძიებული იქნება პრეზიდენტის მკვლელობის  გარემოებები. ის საბუთები კი, რომლებიც ჩვენს პროექტთან დაკავშირებით შევაგროვეთ, ნათელ წარმოდგენას შექმნის იმაზე, თუ რა ვითარება იყო პუტჩისშემდგომ ქართულ კინემატოგრაფში (და არა მარტო მასში). ჩვენ ამაზე ფილმს ვიღებთ. ეს კინოაქცია აუცილებელი გახლავთ მომავალში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისკენ მიმავალ გზაზე.

 გისურვებთ წარმატებას.

 

ალექსანდრე ჟღენტი                                                                                       

 06.09. 2019

  თბილისი"