Feedback

მონტენეგროს სცენარის ქართული ვარიანტი - რა მიზნით ჩამოვიდა გავრილოვი; ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან, PKTV.GE

  /   ნანახია 637 ჯერ

 მონტენეგროს სცენარის ქართული ვარიანტი - რა მიზნით ჩამოვიდა გავრილოვი; ინტერვიუ  სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან, PKTV.GE

ესაუბრა შორენა პაპაშვილი

 

საქართველოს უმაღლესი კანონმდებლის სავარძელში რუსი დეპუტატის, "კომუნისტური პარტიის" წევრის, სერგეი გავრილოვის  ჩაჯდომას, ქართული საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ეს, რუსეთის კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რაც საქართველოსში პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავს მიზნად.

გთავაზობთ ჟურნალისტ შორენა პაპაშვილის ინტერვიუს ვახტანგ მაისაიასთან :

- ყველაფერი თავხედი რუსი პოლიტიკოსის, გავრილოვის საქართველოში ვიზიტით დაიწყო. ეს კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რაც თავიდანვე ჩანდა, როცა გავრილოვი და მისი გუნდი ჩამოვიდა საქართველოში, როცა ბერძენმა გენერალურმა მდივანმა უცებ შეცვალა გადაწყვეტილება და გავრილოვი უცებ, იმ სკამზე დააბრძანა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და რაც გამოიწვევდა აშკარა პროვოკაციას.

-ბატონო ვახტანგ, და მაინც,  ვინ არის გავრილოვი?

- გავრილოვი 2016 წელს დაჯილდოვდა სპეციალური ჯილდოთი "სამშობლოს წინაშე დამსახურების გამო", რომელიც ნაწილობრივ წარმოადგენს მაღალ ჯილდოს ოკუპანტი რუსეთის ფედერაციაში და რომელიც არის სამი სესიის დეპუტატი, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტი და რაც მთავარია, "კომუნისტური პარტიის" დეპუტატი. ის საკმაოდ საშიში პიროვნებაა. საინტერესოა, სად იყო იგი 1999 წლიდან 2016 წლამდე? დიდი ალბათობით, გავრილოვი  რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცერია. გარდა ამისა, რა უნდა კომუნისტ დეპუტატს მართლმადიდებლურ ასამბლეაზე, როდესაც დღემდე ეთაყვანება მუმიზირებულ საკუთარ ბელადს - ვლადიმერ ლენინს, რომელსაც მილიონამდე დახვრეტილი მართლმადიდებლის სისხლში აქვს  ხელი გასვრილი. ეს უკვე სცილდება წმინდა წყლის ჰიბრიდული ომის სტანდარტებსაც. ოკუპანტი ბობოქრობს. ამ პიროვნების შემოშვება, დანაშაული  თუ არა, რბილად რომ ვთქვათ, "შეცდომაა"... არა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტს საქართველოში. მმართველ პარტიაში დროა კარდინალური ცვლილებებისა. ეს ფაქტია!

- 20 ივნისის აქციაში თქვენ სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები დაინახეთ?

- ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა მონტენეგროში, 2017 წელს განხორციელებულ მოვლენებს, სადაც პარლამენტის შტურმით აღებასა და ქვეყანაში  პოლიტიკური არეულობის შექმნის მცდელობას ჰქონდა ადგილი. იქ საუბარი იყო პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლაზე. შესაძლოა , იგივე სცენარი განვითარებულიყო ჩვენთანაც. მაშინაც, მონტენეგროს ულტრარადიკალური პარტიის წარმომადგენლებმა  დაიწყეს უცებ პარლამენტის შენობის შტურმი და ლამის ხელისუფლების შეცვლის პოლიტიკური გეგმაც გამოაცხადეს. მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო დუკანოვიჩმა შეძლო ვითარების ლავირება და პარლამენტიდან მომიტინგეების  განდევნა. გამოძიებამ მაშინ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამ სპეცოპერაციის უკან  რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ და ამას კურირებდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე პატრუშევი, რომელიც თავის დროზე ფედერალური სამსახურის ბიუროს დირექტორი გახლდათ. ეს არის მონტენეგროს მიერ დადებული გამოძიება. ამ სცენარის მიზანს მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანებისთვის  ხელის შეშლა წარმოადგენდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მონტენეგროშიც, პირველად გამოიყენეს ბოთლების სროლის ტექნოლოგია. იქ საკმაოდ კარგად მომზადებული "ბოევიკების" ჯგუფი მუშაობდა. მათი 5-10 წუთიანი როტაცია პარლამენტის შენობასთან საკმაოდ კარგად იყო დაფიქსირებული.

- ბატონო ვახტანგ, არც ერთ ლიდერს არ ეტყობოდა 20 ივნისს, რომ ისინი ვარდებ აიღებდნენ ხელში და პარლამენტში შეიჭრებოდნენ. პირიქით, ბარამიძემ აქციის მონაწილეებს უთხრა, მიდით და მოგყვებით, თქვენი ხმალი და ჩემი კისერიო...

- როგორც კი  დაპირისპირება მოხდა, ლიდერები მომენტალურად გაიფანტნენ, დაიმალნენ და რეალურად,  კარგად მომზადებული ჯგუფები მუშაობდნენ. ჩვენ გადაგვარჩინა იმან, რომ ნაციონალებმა ვერ გათვალეს, კერძოდ, კარგად მომზადებული ჯგუფების რაოდენობა არ გაზარდეს, ანუ საკმაოდ მცირე  ჯგუფი მუშაობდა.

- თქვენი სიტყვები მენიშნა, შს მინისტრმა გახარიამ ჟურნალისტებთან თქვა, იყო გარკვეული ჯგუფების მხრიდან პოლიციაზე თავდასხმები...

- მე გეტყვით თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები მონტენეგროში. რუსეთიდან ტურისტების სახით ჩადიოდნენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები. ისინი იქ სწავლობდნენ ვითარებას და შემდგომ, ტურისტების სახით,  სპეციალური ოფიცრები მთაგორიან რაიონებში ამზადებდნენ რაზმებს. ისინი ფარულად გადიოდნენ სპეციალურ მომზადებას,  შემდგომ სწორედ ეს კარგად მომზადებული რაზმები შეიჭრნენ მონტენეგროს დედაქალაქის მთავარი შტურმის ობიექტებში. სხვათა შორის,  ეს გამოძიებამ დაადგინა და გამოავლინა აღნიშნული პირები. ამიტომ იყო, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა თანაშემწე მაიკლ კარპენტერმა შემთხვევით არ ახსენა რუსი ტურისტების მოზღვავებული რაოდენობა საქართველოში და ეს იყო ერთგვარი გაფრთხილება, 20 ივნისის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე. გავრილოვის ჩამოსვლა  სიგნალი იყო. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს და მის უტიფარ გუნდს, უბრალოდ, კარგად ათოხლეს მათ რუსეთის სპეცსამსახურებმა, ეს ფაქტია.

- მაინც, რა წარმოადგენდა  ამ შემთხვევაში რუსეთის მიზან?

- საქართველოში ვითარების მაქსიმალურად დესტაბილიზაცია, ქვეყნის არშემდგარ სტატუსამდე მიყვანა, ჰიბრიდული შეტევა. ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სპეცსამსახურებმა განახორციელეს ჰიბრიდული შეტევა, რომლის მთავარი მიზანი იყო არა რომელიმე პარტიის მოყვანა, არამედ პოლიტიკურ ვითარებაში ქაოსის შეტანა, ქვეყნის მიყვანა არშემდგარ ქვეყნამდე. 2 განსხვავებული ამოცანაა მონტენეგროსა და საქართველოს შორის. რუსეთის დახურულ საინფორმაციო საიტებზე უკვე გამოჩნდა რუსეთის სპეცსამსახურების მიზნები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში ორი პროდასავლური ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

- ბატონო ვახტანგ, თქვენ ლოგიკურად თუ მიგაჩნიათ ის ფაქტი, მე საუბარი მაქვს ბრალდებებზე, რომელიც ღარიბაშვილმა ვაშაძის მიმართ წამოაყენა, როდესაც ეს უკანასკნელი გავრილოვთან კავშირში დაადანაშაულა?

- სავსებით ლოგიკურად მიმაჩნია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, "ნაცმოძრაობის" ლიდერი სააკაშვილი დიდი ხანია რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური კლანის, სანკტ-პეტერბურგის კლანის მნიშვნელოვანი ფიგურა გახლავთ. უკრაინის მიერ გამოვლენილი მისი კავშირები რუსეთში მიმალვაში მყოფ უკრაინელ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსთან, რომელიც, ფაქტობრივად, ვლადისლავ სურკოვის მარჯვენა ხელს წარმოადგენს, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ისმება კითხვა: ვინ უფრო აქტიურობდა ამ ოპერაციის დაგეგმვაში? აქ გამოჩნდა  "ნაციონალური მოძრაობის" სახე. როგორც მოგვიანებით გამოჩნდა "ევროპული საქართველო" ამ პროცესებს ჩამოსცილდა,. 
ამ პროცესებმა მედიის ველზეც მოახდინეს ლუსტრაცია. უკვე გამოჩნდა, რომ "პირველი TV" არის ბოკერიასი, "რუსთავი-2" ნაციონალების, ხოლო - "იმედი" - "ქართული ოცნების". მედიოკრატია არის ის რეალობა, რაც პოლარიზაციამ მოიტანა.

- თქვენი აზრით, ამ ვითარებაში რა საფრთხე ელის საქართველოს კონფლიქტურ ზონებში? 20 ივნისს, უკვე შეიმჩნეოდა რუსეთის აქტიურობა ცხინვალის რეგიონში, იქ რუსული ვერტმფრენებიგამოჩნდნენ...

- რუსეთის სამხედრო - საბრძოლო ვერტმფრენმა, "მი 28 ემ"-მა, რომელსაც "მონადირეს" უწოდებენ,  საქართველოს საჰაერო სივრცე გადმოლახა და საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე დემონსტრაციული ფრენა განახორციელა. ეს მეტად საყურადღებო  მომენტია. სწორედ დღეს გავრცელდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებისა და რუსი მარიონეტების სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც, ფაქტობრივად,  რუსეთის სამხედრო ძალების შემადგენლობაში იმყოფებიან, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი. ეს არის საინტერესო და საყურადღებო გარემოება ყველა იმ მოვლენების ფონზე, რაც ახლა თბილისში  ხდება.

- ექმნებათ თუ არა საფრთხე ჩვენს მოქალაქებს კონფლიქტის რეგიონში?

- ყველა სცენარი გასათვალისწინებელია. თუ საქართველოში ვითარება ისე აირია, როგორც ეს რუსეთის სპეცსამსახურებს სურთ - ქაოსისა და ანარქიის ელემენტების დანერგვა, ოკუპირებული ცხინვალიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებს შეუძლიათ აქტიური ქმედების  განხორციელება და მერე სტრატეგიული ობიექტების დაკავება, მათი ვითომდა, სამხედრო უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე და, გამოიწვიონ ე.წ ლიბანი - სცენარის განმეორება.

- და ბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარე მოითხოვს, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მედებებში, თბილისში მომხდარი არეულობის ორგანიზატორთა გამოსავლენად, ბატონო ვახტანგ, იქნებ აგვიხსნათ,  ნიშნავს თუ არა ეს .. "კარტის" გახსნას?

- ეს პირდაპირი მუქარაც არის. რუსეთის ოპერატიული სამხედრო სარდლობა, როგორც ჩანს, ინტერვენციისთვის კარგა ხანია ემზადება. რუსეთი ცდილობს, ყველა ხერხით გააძლიეროს კავკასიაში თავისი სამხედრო გავლენა. რუსეთს არ დაუმალავს, რომ მიაღწია  საქართველოში პოლიტიკურ დაპირისპირებას პოლიტიკურ ძალებს შორის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს -PKTV.GE, სადაც უამრავ საინტერესო მასალას გაეცნობით.

ასევე,  გვიყურეთ ჩვენ, ტელეკომპანია PKTV-ის (silktv 251-ე არხი; მაგთიკომზე (კავკასუსზე)-049-ე არხი; CTV1, myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE- live) . ჩვენ არ მოგატყუებთ! სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ! დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 577 40 83 82 (ცხელი ხაზი), 592 777 311