Feedback

ლალი ბარძიმაშვილი: მერაბ კოსტავა - უჩვეულო 'ძე ქარიშხლისა'

  /   ნანახია 337 ჯერ

ლალი  ბარძიმაშვილი:  მერაბ კოსტავა  - უჩვეულო  'ძე   ქარიშხლისა'

მერაბ კოსტავა  ფასეულობებისა და თავისუფლების დამცველი გმირია! ფასეულობათაგან ხომ ერთ-ერთი უმთავრესი სწორედაც თავისუფლებაა.  უჩვეულო ფენომენის ადამიანი, ერის სულიერი წინამძღოლი ზვიადთან ერთად, მუსიკათმცოდნე,  პოეტი, თეატრალური კრიტიკოსი, შემართების სიმბოლოა და უტეხი ძალა, მარად უდრეკი. 'ლექსი მისი საქართველოს ციხეების დუღაბით ნაგებს ჰგავს.' - ზვიად გამსახურდია.  რა სიმძიმე არ გაიარეს,  'ახალ ხარისხზე ასწიეს ერი და დაემკვიდრნენ ხალხში მითივით.'  ორივ ერთად - საქართველოს სიმბოლო!  წუთისოფელმა  ჩვეული ჭირვეული ზნე მათზეც დასცადა და საწუთროს პრესზე მერაბი ლექსებშიც  საუბრობს.

    'ცხოვრება მუდამ სვამდა საკითხებს,

      უკომპრომისოდ, ულმობლად მწვავედ.

       საკუთარ სინდისს მკაცრად მოჰკითხე,

      თორემ  პირისგან მისისა განვედ.'

ვისზე  ანდა რა მოვლენაზეც არ უნდა საუბრობდეს იგი, ყველაფერში  თავად ვლინდება. ეს მასაც ეოცნებებოდა - 'სხვა სამშობლო, ქვეყანა ღმერთის მაძიებელი.' არაორდინალური  დრო და გარემოც ხომ სრულყოფილებას მით უფრო ითხოვს:

  'დამავალთა ზეობაა, მდაბლის მაღლით მზეობა,

    უქცეველი ზნეობაა, უტეხელი მეობა.'

'ფათერაკს მკერდით გადაუდექი, მოძმეთ იმედი არ წარუხოცო' - ეს მისი  ხასიათია, უდრეკი გზნება.

 მერაბის სისრულე, რაინდული სახე და  განსაკუთრებულობა  ყველაფერში იგრძნობა, გულსანდო,  სხვა სიმაღლისა. აი, როგორ აფასებს იგი ნამდვილქალის მშვენებასაც:

'მრუდე განვირიდე ფიქრების ნაკადი,

  მაგ ქართველქალობის ხელყოფას ვშიშობდი,

  შენს მაღალ მშვენებას, დედოფლის საკადრისს,

  სულის სისპეტაკე შეშვენის ღვთისმშობლის.'  ღირსების კაცი - ყველგან და ყოველთვის! ნების მთლიანობით,  ხაზგასმული დახვეწილობით,  დიდი  კულტურითა  და ცნობიერებით, მაინც როგორი სისადავით გამოირჩეოდა.  მხნე  რაინდი!  'ცხრა კართაგენი თუნდაც დაეცეს,  უნდა ელოდე  შემდეგს.' - გარდაუვალის გარდუვალობა მყარი როდია და შეცვლაც შეიძლება თუ  იქნა  ნება!                                                                                             უნდა გადალახო ყველა სიმძიმე, ყველაფერი რომ  მოიპოვო.

 'რად დაუტევე თავშესაფარი,

  ან ზეცას ზურგი რად შეაქცია,

  მოხეტიალე ცის ბინადარმა

  ვიდრე შენამდე ჩამოაღწია'...

 დიდია  ვალი სამყაროსი, რჩეულთა წინაშე, ყოველივეს მიმართ. დავალებულია იგიც, ამ ვალის მიზღვა ყველგან იგრძნობა. ყველას წილხვედრ გამოსასყიდს მერაბი თითქოსდა თავად ტვირთულობს და სხვათა სათქმელსაც იგი ამბობს, ყველა სიკეთის ერთბაშად გამღები. თავსარგოდ ერთი დღეც არ უცხოვრია. რთულია ეს  გზა, 'ნუ სადა დამიტევებ, ნუ სადა განმეშორები' (ღვთისმშობლისადმი).  სიდიადის მეხოტბეა წერილებსა თუ  პოეზიაში. ეს ხომ მასაც ხელეწიფებოდა  - 'ახსნის  მიწიერ ყოფნის სპექტაკლებს.'' ის მხოლოდ უმჯობესს სცნობს.  'გაქსუებული კოლტი ღორების'  სიზმარივით შორს რჩება; მერაბის სამზერი სხვას სწვდება. საწუთროს ცდომას ყველგან მტვერივით ჩამოიფერთხავს. ამაოებისთვის სად სცალია უკიდეგანო ფიქრის მხევალს.  იგი თითქოს მხოლოდ მითოსში სახლობს - 'მითოსით გახსენ ჭეშმარიტება.' ბიბლიური სახე,  გმირთა სახეც შექმნა ლექსებში, ის სახე, რომელსაც თავადვე ატარებდა მაღალი შინაგანობით და სასოებით.  თავადვე იყო - 'საღვთო ქორწილის მაყარი.' ძალუმი კაცი!  ზვიადთან ერთად - თვალშეუდგამ სიმაღლის სწორნი, ზეკაცნი!

'ფეხით მითელავენ ამაგს, სიკეთეს არვისგან ველი.' და  იქვე ძალაც, ამისდა მიუხედავად, - 'ო, ნურც ივაგლახოს გულმა.'                                       სიყვარულის რომანტიკული ხედვა და საჭიროება ყველგან თან მიაქვს: - 'სიყვარული რომ შეუკეთო შეშის მაგიერ.' სიყვარულია მთავარწადილი.  თავისუფლების  რწმენაც  ყველაფერში  ჩანს,  რომ ამირანს - 'რკინის მკვნეტელად ვინც დაჰბადა  იგი აუშვებს.''  სულის დავრდომილობა მისთვის უცხოა, შეუთოკავ - შეუბოჭავი გმირი იკითხება ამ პოეზიის მიღმა.  სულის სიძაბუნეს არსად არა სცნობს. მისთვის ერთია ცხოვრებაც და ლექსის სამყაროც.  იგი  აქ სახლობს - სიყვარულის, თავგამეტების დიდ წიაღში. სიყვარულის გმირია! დროის შფოთიც საუკეთესო შვილებს გადაედებათ ხოლმე, ესეც  მას  ეთქმის  მხილების მახვილითა და ღირსების ძალით: -

'თხემიდან ტერფამდე ხართ სინდისს ახდილი,

  გინდათ, რომ სიწმინდეს ნამუსი ახადოთ.

 მაგრამ შურისგების გაგტეხავთ მახვილი.

 მოდგმას ადამიტურს  ჩაზრდიხართ მარწუხად.

 გინდათ რომ უკუსვლით ვიდოდეს სამყარო.

 გსურთ  რომ დედამიწა, როგორც ღორმა მუხა,

 დედაბუდიანად გეზიდან ათხაროთ.'

აქ  ჩანს მერაბის შეურიგებლობაც. მისი სულის სწორ-სარგო გარემო არსად იყო. მტარვალ დროს ეპაექრება, როს - 'მოწამლულია თაფლი და ღვინო, ვერ ნახავ ორაგულს არაგვის ტალღებში''...  და ძალამოცემულს სჯერა გამარჯვებისა,  არცთუ მარტოა, - 'კუშტად გადმოსცქერის სამყაროს მიქაელ არქისტრატეგოსი ზეციურ მხედრობის.'  აქაა შვება და მადლი... საცა  ბრალია  იქვეა ვალიც. ცოდვის გასწორებაც ამაოდ როდი იტვირთეს 'ქრისტესმიერმა' ძმებმა. სამყარო მათით  'დაანკარავდა.'  საყოველთაო  სიყვარულის  ძალის სწამს;  ეს ხომ  კერძო ხვედრი არ იყო, ზოგადკაცების გზა ამგვარია, ხოლო თავგანწირვას  გამოძახილიც მოსდევს! მერაბის ხედვა ჰუმანიზმითაა ნასაზრდოები. 'კანონს სიქველე შეაშველონ მოყვასის მიმართ' - პირდაპირ მოწოდებაა 'საღვთო ეთიკის.'  ადამიანთა გამრუდებულს  ღმერთი განასწორებს.

  'შემაძლებინე მაღალო ღმერთო

   მოყვასთა ჩემთა მუხლი ვუყარო.'

თავადვეა ჯვარისმტვირთველი, წინამძღვარიც, მოძღვართმოძღვარი კი დიდი კონსტანტინე იყო, მათი დამფრთიანებელი.

განა, ზვიადსა  და მერაბსაც ზედმიწევნით არ შეესაბამება  მერაბის პოეტური ამოძახილი? -

   'მიტომ გაგიხსნეს საიდუმლოს ყველა კარები,

    დაუყოვნებლივ ვინც სეირნობ ანგელოსებთან.'

 სხვა სამყაროს სუნთქვაა მათში და გაცხადება. მათ მიწაზეც  ზეცა იტვირთეს.  

 უკეთურობის  ჟამი  ცუდ მმართველობაშია:

'იმ ქვეყანაში ხალხიც მალე შეიბილწება,

  ყოფა ტახტის და საკურთხევლის შესატყვისია.'

ყველაფერს რუდუნებით და ზრუნვით სწვდება მისი თვალსაწიერი. ზნეობის წიგნია მერაბის ლექსთა კრებული.

'ვინაც მიითვლის მარტოოდენ და არ კი გასცემს,

  გაუმდინარე ტბას მაგონებს ამგვარი კაცი.'

 ზნეობრივი გადარჩენა უნდა იყოს ადამიანის მიზანი. 'მთას შესევია ბილიკები კენტი და ლუწი,' - საითაც წახვალ ყოფაც იმის შესატყვისია ან ვის უკვალავ წინმავალი გზას. სხვაგვარობაა  მათი ყოფის დღესასწაული, ამადაც შექმნეს მეტყველი მაგალითი!

  სიდიადეც ხომ უბრალოებაშია  - 'სიმდაბლე თავად დიდების გზით მიემართება.'  'ღირს  მამა დავითს'  საოცარი ხოტბაა - ცამეტი წმ. მამის. (მათზე აკაკი წერეთელს აქვს მოკვლევა და ცნობილი ფაქტია, რომ ქართველები იყვნენ).

'საქმეთა თქვენთა ასაპყარეს ბილწი დრაკონი

 და ბოროტება უმსახურეს სიკეთის წიაღს.'

სულ  გრძელდება და მეორდება ქრისტეს დიდი  მისტერია. ბოროტების ალაგვმა, დათრგუნვაა წმინდა საქმე, რომ ასაპყარო სიცუდე.  სულიც  ამგვარ  ეპოქებს ედგა,  როს  დიად ძალას მოეცვა;  'და თბილისს ცაზე აღებეჭდა ღვთისმშობლის ღიმი.' ქმნადობაშია სიკეთე, ღწვა, გარჯა.

ბუნების მადლითაც  მრავალფერია სამყარო, კეთილზიარი, თანხმიერი, ღვთივკურთხეული: 'მზეს დაუკრა მიწამ კვერი,' ასე მობრძანდება ბუნების ბატონი - გაზაფხული:

'წინანდალში ვაზის ნაყარს ცრემლმა ამოატანა,

  ნუშის ყვავილგადანაყარს  უსალბუნა ატამმა.'

ეს ჰარმონია სულში  ინაცვლებდა, ხან მუსიკად იღვრებოდა. მერაბი და ზვიადი ხომ საუკეთესოდ ასრულებდნენ მუსიკალურ ნაწარმოებებს.

ადამიანი ან ყველაფერია, ან არაფერი, არ არსებობს შუალედი: -

 'და რომ განმართლდეს ძველი იგავი,

   ან ნურსად იქნები, ან ყველგან იყავი.'

როგორ გრიგალივით მოძრაობს მერაბის  დიდი სამყარო,  ლაგამაუსხმელი, უაღვირო, დაუოკებელი. არავის შეეძლო მისი მარწუხებში მოქცევა.  სულში  ისმოდა  მუსიკა ქარის.

'ქარდაქარ ქარდაქარ ქარდაქარ

  იქროლე თეთრკავშა მერნებით,

  მიღმეთში ისე ვერ გადახვალ

  ჯვარცმულის წვით თუ არ ევნები.'

აი, სადაა მთავარძარღვი, თაურსიბრძნეც, ლეგენდად ყოფნის  შესაძლებლობა. დრო კი ამგვარ მხედრებს  როდი სწყალობს ხოლმე და ამგვარი სტრიქონებიც  ბუნებრივია:

'შემოგვიტია, არ მოგვერიდა,

  ირონიით და ნიშნის მოგებით.

  ეს რა უწყალოდ გადაგვეკიდა,

  რა უსაშველოდ მოგვაწვა რქებით.'

სულიერ მწუხრით შვილს ეხმიანება; ირაკლის უძღვნა, თუმც მთელი ეპოქა შეფასდა.

 'აღვლესოთ გულნი, ვითარცა ხმლები.'- სხვაგვარად უძალოა სიყვარული, უქმია გული. მერაბი თავადვე იყო ''ვაჟკაცობის დიდი მოძღვარი.'' მის ლექსებშიც უფლის კვალია, ყველაფერი ''მისარქმელია.'' ცხოვრება დუნეა ყალბი პათოსით, ამიტომაც ბავშვის გულუშურველობით ღირს სიცოცხლე, მისდაგვარი სიხალისე-სიწრფელით:

   'ხელახლა ბალღათ თუ არ ვიქეცით,

     სასუფეველში ვერ შევალთ ისე.'

თანამედროვეთა შორის  გამგებიც ცოტაა: -

    'საიქიოში თუ ბინადრობენ

    აღურაცხელნი მოყვასნი ჩემნი.'

ძნელია სხვაგან დაიგულო თანამოაზრენი  ნაძარცვ გარემოში. 'თაღლითი თვალი წარეც კეისარს, ზენაარს თვალი პატიოსანი.' - ცხოვრების ფორმულა ორივ გზის სამან-გზაგასაყარის, ორი სხვაობის...'სული იყავ და სულადვე იქეც' - ესეც განსხვავებული ფორმულა გარდასვლის, სული და არა - მიწა იყავ და მიწად იქეცო, - სახეცვლილია ცნობილი თქმა აღსასრულის, რადგან მიწა ყველგან დაძლეულია მასთან. ამაღლებული ყოფის მადლს უზიარებს სამყაროს. საპირისპირო დამცრობია, კნინი,  უკადრისი, შემარცხვენელ -სახელამყრელი:

'მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი...

  და ცოხნი დღეებს შემაზრზენი კმაყოფილებით...

  მამულის ტრფობით არ ყოფილხან ნაშიმშილები,

  უკუნ ღამეში არ გაგიკრავს  აბედზე კვესი,

  ჩეულ  ვაჟკაცებს პირველობას არ ეცილები...

  აღსავლის კარზე სამარცხვინოდ გაეჩხირები.'

 თითქოსდა დედამიწა სიყვარულს ჩამორჩა და ადამიანიც ყოფიერებამ გაიტაცა, ამის შემკავებლად  სურს აღიმართოს. თქმულიც  მაშინ არის დიდი, როცა მთქმელის მიღმა ღირსება იგრძნობა. ყველა ბოროტება კი არასაკმარისი სიყვარულისა და არასაკმარისი ცოდნისგანაა. მათ კი განაღეს სულის კარი. არაფერს დაერიდნენ ვაჟკაცურ გამბედაობით, რაკი ადამიანმა დაკარგა მნიშვნელობა. ადამიანის ცხოვრება  სავსეა მოვლენებით - კარგით თუ ცუდით; კარგს საპასუხო სჭირდება - საპასუხო განწყობა,  შესაბამისი გრძნობა და ა. შ. რას დაუხვედრებ შენ, ხოლო ცუდ მოვლენებს კი პასუხი ესაჭიროება და რით სცემ შენ  პასუხს? და რით მეტობ ამას, - აი, აქ არის ადამიანობის ხარისხი და ადამიანობის სიმაღლეც. ადამიანს ეს მნიშვნელობის განცდა უნდა დაბრუნებოდა, აღდგენა ამის უკვე საუფლო სურვილი იყო.                                                                                                               საწუთროს დიდება მცირედად მოჩანს და ამრუდებს ადამიანის მისიას.  წარმავალისთვის  მოცალეობა ფუჭად დროის კარგვაა:

 'რად გინდა საწუთროს ამაო დიდება,

 მპარავი წაიღებს, არ დაგერიდება.

 უსაგნო მიზნისთვის ხელი რად გაიღე,

  საწუთროს დარჩება, ქურდივით წაიღებს.'

 სამყაროს შველა ცხოვრების წესად აქციეს ზვიადმა და მერაბმა. ორივემ -''დაუმორჩილა უზენაესს თავისი ხვედრი. ' თვითონაც იყვნენ' იმ ეპოქის კაცნი პირველნი,'' რომელნიც - 'არასოდეს  ბედს არ ჰყვედრიან.'  ცოტას  თუ ვიხილავთ:  'კაცს ანგელოსურს და ბიბლიურ ღმერთის სახიანს.'  მათ შექმნეს განსხვავებული ეპოქა და ცხოვრების სწორი მაგალითი!

ამადაც ამბობს მერაბი გულსარწმუნოდ:

'ლოცვად და ვედრებად მოვალ, 

  ლოცვად და ვედრებად მოვალ.'

ის თავს იდებს ყველას გასაკეთებელს, სხვის წილადაც მზადაა თავად აღიმართოს ვით გოლიათი, ამაშია მისი ბუმბერაზობა. არჩევანსაც დებს და გადაწყვეტასაც თავად უძებნის:

'ვალის მიტევებას  ნუ დააგვიანებ,

  ვარდი დარგე და მოსთხარე ეკალი.

  თორემ მოგიხტები ყოვლის წამლეკავი,

 თორემ არ დაცხრება ჩემი მძვინვარება.

  ზათქით გადავრეცხავ  ზურგს დედამიწისას;

  მცირე ნაკოდარებს გიქცევ იარებად...

  ზვირთებს  დავადევნებ ქარიშხალს აწყვეტილს.'

 აი, როგორი მეგობარი უნდა ჰყოლოდა ზვიადს! ამ გოლიათურ ძალასაც უწოდა - 'ძე ქარიშხლისა.' აი, როგორებს ძალუძთ შეცვალონ სამყაროს ბრუნვა! როგორც  ზვიადმა შეაფასა - 'მართლაც დისონანსი ამ ვაჭრულ ეპოქაში.'

მერაბის მრწამსიც ამაშია  - არა ამ მყოფადში, ურგებში, არამედ მერმინდელში, როცა საწუთროს გზას კაცობით გაივლი  და სხვის ვალსაც თავს იდებ და კიდეც გარდიხდი.

'სიცრუის ხნარცვში და ჭორების მორევში თუ რამ სისწორეა,

  ალბათ ის, რასაც წვითა და დაგვით იმ სოფლად წაიღებ.'

მიტომაც შეძლო ყოფილიყო განსაკუთრებული და  გამორჩეული!

მერაბის პუბლიცისტიკაშიც იგივე მორალური ატმოსფერო სუფევს და ზნეობრივი ხაზი. დიდი შეგონებაა! რამდენიმე ეპიზოდიც- საგულდაგულოდ: ' -'გალობა არს ხმა ანგელოსთადმი შემსგავსებული.' დემეტრე მეფის 'შენ ხარ ვენახი,' რომ ფერწერაში წარმოიდგინო აღმსდგარი ქრისტეს საფლავთან ყინწვისის ანგელოსის გონებისწამღებ ხატებას დაინახავდი. ბგერათა ლაჟვარდი და ჰაეროვნება ხაზებისა აქ ერთსა და იმავეს ღაღადებენ: 'იცან თავი შენი, იდეალად დაისახე სრული კაცი, იგრძენ სულისკვეთება ჩვენი დიდი წინაპრებისა, ღვთაებრივს შეამსგავსონ კაცებრივი ბუნება ნათესავისა ჩვენისა... აი, განღმრთობისა და კაცებრივის ანგელოსურში გადაზრდის გზა.' -სავედრებელივით ისმის. ამგვარი სული და  გზნება იყო დასაბამიდან -ეროვნულ წიაღში. ზნემ როს იცვალა ფერი, შეცვლილი რეალობაც მივიღეთ, ისეთი, როგორზეც შენიშნა: - 'ორბელიანის იგავში 'სოფლის მაშენებელნი'  ცხოველთა სიმბოლურ სახეებში და მათ ქმედებაში ჩახვეულია ღრმა აზრი, ნაწარმოების ზღაპრულ სიუჟეტში  იგრძნობა მწარე ირონია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყეფითა და ყივილით  ფიქრობენ დიდი საქმეების კეთებას.'' როგორი ნიშანდობლივია ჩვენს დროში ეს ხაზგასმაც.

ესათუთება მერაბის სული წარსულ სახეებს, იგონებს მათ, ვინაც დინების საწინააღმდეგოდ შეძლო აღმასვლა. გურამ რჩეულიშვილსაც სასოებით იხსენებს; ძალუმადაც  შეაქო 'ზღუდეთა მსხვრეველი.' ამადაც დასახა ალავერდის გუმბათზე მდგომი - 'ისტორიის ჯვარზე გაკრულ იბერიის სახედ.' ერის სულის ხასიათი მის საუკეთესო შვილებში ვლინდებაო. ამავე წერილშია დიდი შემაჯამებელ-შეფასებითი  რაფინირებული სიტყვა: 'დიახ, სულის ახოვანი მხედრები არიან 'ვეფხისტყაოსნისა' და 'გალობანი სინანულისანის' ავტორები, რუსთაველი და დავით აღმაშენებელი, სულმნათი გურამიშვილი და ლაშარის მოყმე ვაჟა -ფშაველა. საქართველოს ცის ეტრატზე ამოტვიფრული მოიხილა ბარათაშვილმა მისი ბედის სამძღვარს გადაცილებული მერანი. ცხენზე ამხედრებული მიადგა სიტყვის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე გამსახურდია სვეტიცხოვლის ბჭეებს (სავანეს, სადაც ქრისტეს კვართი ანუ ''საქართველოს ცხელი გული ასვენია'') და თვით გალაკტიონიც თვისის ლექსებიდან ხშირად ეგზომ ნაზად გამომჭირვალი,  მხოლოდ ლურჯა ცხენებით თუ ცხადდებოდა ცხენთა და ლექსთა შეჯიბრებაზე. დიახ, წმ. გიორგის მხედრებმა შექმნეს ჩვენი ეროვნული მწერლობა (ჩვენი დამწერლობის ერთ შტოსაც ხომ მხედრული ეწოდება). მაშასადამე, საქართველოში გზა ერთია მხედრობიდან სულეთისაკენ და მხედრობიდან მწერლობისაკენ. ' ჯერ მწერლობის არსი ასე არავის გადმოუცია.  ეს მამულზე დამაშვრალი კაცის ფიქრებია.  ერთგანაც ჩვეული სიდიადით მიუთითებს: -'თავად  ჭეშმარიტეებაა ყურითმოთრეულ ყველა ავტორიტეტზე უაღრესი და ავტორიტეტთა კომპეტენტურობის გამსაზღვრელი'... 'დანარჩენი ჟამთა მონაკვეთში მომწყვდეული არასრულყოფილებაა, რომელიც  გამუდმებით უნდა სცვალოს და სწვართოს სრულყოფილებისათვის მებრძოლმა'.  ამ სრულყოფილებისთვისაც დაწერს: - 'აწ აღარავინ აიძულებს ადამიანს მსხვერპლის მიტანას სოლომონის, იოსების ან  სხვა ნებისმიერ ტაძარში, დღეს მხოლოდ სულით და ჭეშმარიტებით გაღებული მსხვერპლი შეიწირების'... საგულისხმოა, როგორაა განსაზღვრული დასაბამიდან რჩეულებზე დაკისრებული საგანგებო ხვედრიც, წმინდა სიტყვას იმოწმებს - ''და ამასცა იქმს ღმერთი მრავალგზის,  რა იხილნოს სული ახოვანნი და დასაბამსავე მიუშენის მათ ზედა ბრძოლანი, რათამცა მალიად გვირგვინოსან ყვნა იგინი. 'იდეების წრედიც'' ასე იკვრება და სწორუპოვართა თანასწორობაც ასე ხდება შესაძლებელი... ილიას ღვაწლსაც გამოარჩევს, ვინაც - 'დაუცხრომელი სულიერი ენერგიით შეაჩერა დაღმასვლა ქართველი ერისა.' ამგვარი დაქანების უკიდურეს წერტილზე მოავლინაო ისტორიამ მხსნელად და მეოხად. იმ ძალისხმევას განადიდებს, რასაც შეუძლია ცუდი კარგად აქციოს. ყველაფრიდან, რასაც არ უნდა ეხებოდეს, მაგალითს სახავს.                                                                                                                 

ადამიანის მისიად თვლის: - 'დაბალი ეგოისტური  'მე'' უმაღლეს 'მე'-ს ანაცვალონ,  პავლე მოციქულის თქმისა არ იყოს ''მე''-ს ნაცვლად ქრისტე დაიმკვიდრონ ჩვენში.'' ადამიანმა უნდა მოახერხოს  თავისი და სხვათა ზნეობრივი გადარჩენა! სხვების ხსნა - მისი მისიაა. ასეთია მორალური დებულებებითა და კეთილი საწადელით გაჯერებული მერაბის პუბლიცისტიკა და ვითარცა დიდი სამადლობელი ისე ხმიანობს, რასაც ერთობლივ ყველაფრიდან  ასკვნის: -  რომ განუყოფელია ღვთისა და მოყვასის სიყვარული, 'რამეთუ ღმერთი თავისი განკაცებით მოყვასად იქცა, ხოლო აღდგომითა და კაცური საწყისის უკვდავყოფით მან ღმერთად აქცია მოყვასი.'

დიდება ამ სიტყვას და დიდება მერაბს!

'სული იყავ, სულად იქეც!' - საქართველო არასდროს ივიწყებს გმირებს!