Feedback

PKTV-ს "სკივრიდან ამოღებული კადრები": 1989 წ. დავით ქობალიას სპეცრეპორტაჟი აჭარა-ჯავახეთიდან: „ოდეს კაცსა დაეჭირვოს“ ..

  /   ნანახია 346 ჯერ

PKTV-ს

გვესტუმრეთ: http://pktv.ge
დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 577 40 83 82 (ცხელი ხაზი), 592 777 311
ტელეკომპანია PKTV-ს საავტორო რუბრიკა"სკივრიდან ამოღებული კადრები", გთავაზობთ ჟურნალისტ დავით ქობალიას 1989 წლის სპეცრეპორტაჟს აჭარა-ჯავახეთის რეგიონებიდან, რომელიც მომზადდა იმ დროის საქართველოს ტელევიზიის სახალხო მეურნეობის მთავარი რედაქციისთვის, რუბრიკაში "ოდეს კაცსა დაეჭირვოს"...
მონტაჟი სპეციალურად PKTV-ს ეთერისთვის: თამარ ლაშხის, 2019 წ.
აქ გთავაზობთ გადაცემის ავტორის, ჟურნალისტ დავით ქობალიას მოკლე ანოტაციას ამ გადაცემის თაობაზე:

2018 წლის 21 ოქტმბერს, 29 წელი შესრულდა იმ ისტორიული კადრების გადაღებიდან, რომელსაც  იხილავთ ამ შესავლის წაკითხვის შემდეგ. 

29 წლის წინათ, 11 ოქტომბერს, საქართველოს ტელევიზიის სახალხო მეურნეობის რედაქციის ტელეგადამღები ჯგუფი, რეჟისორ ელდარ ორჯონიკიძის, ოპერატორ ვლადიმერ მედვედევის და გადაცემის ავტორ და წამყვან დავით ქობალიას შემადგენლობით ბათუმში ჩავედით. 
მატარებლის სადგურზე, აჭარის საოლქო კომიტეტის წარმომადგენლები დაგვხვდნენ და გვაუწყეს - ბატონი გურამ ემირიძე, საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი გელოდებათ და პირდაპირ მას უნდა ესტუმროთო!
აჭარაში ყურადღებას რომ არ მოგვაკლებდნენ, ისედაც ვიცოდით, მაგრამ, ის, რაც დაგვხვდა, მოულოდნელი აღმოჩნდა. 
მოკლედ, აჭარის საოლქო კომიტეტში, თითქმის ორ საათიანი თათბირის შემდეგ, რომელსაც რამდენიმე ათეული მაღალჩინოსანი ესწრებოდა, გადაწყდა - გადაღების დაწყების დღიდან (იგი 5 დღით დაიგეგმა), მის დამთავრებამდე, სადაც დაგვაღამდებოდა, ღამე პირველ შემხვედრ ოჯახში უნდა გაგვეთია, წინასწარ შერჩეული და გაფრთხილებული მასპინძლის გარეშე.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, როცა "საქართველოს ტელევიზიიდან ჩამოსული შემოქმედებითი ჯგუფის ხეშესაწყობად გამართული თათბირის მონაწილეთათვის" მადლობის მოსახდელ სიტყვაში ვახსენე:
ჩვენი გადამღები ჯგუფის სამივე წევრი პირველად ვნახავთ არა მარტო მთიან აჭარას, არამედ გავეცნობით მის აბორიგენ მოსახლეობას, რომელმაც საუკუნეების მანძილზე, საკუთარი სისხლის ფასად, მუხლჩაუხრელი შრომითა და სამშობლო - საქართველოსადმი ერთგულებით, კეცზე გამომცხვარი, საიდუმლოდ ჯვარდასმული მჭადით გამოზრდილი თაობებით შემოინახა ყოველივე ქართული, რითაც აქამდე მოვაღწიეთ -მეთქი!
ეს გადაწყვეტილება პირნათლად შესრულდა. ხუთის ნაცვლად, ათი ღამე გავათენეთ ათ უცხო ოჯახში. არსად, გარდა ორი შემთხვევისა, სადაც ოჯახის დიასახლისი არ დაგვხვდა დედულეთში სტუმრად ყოფნის გამო, საყვედური არ გვსმენია - "წინასწარ რატომ არ გაგვაფრთხილეთო!"
თუმცა, არც იქ დაგვკლებია რამე, - "მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო", მთიან აჭარაში ისევე ჩინებულად იციან, როგორც დანარჩენ საქართველოში!
...29 წლის შემდეგ, ჩემთვის, ამ დოკუმენტური კინო-მასალის ნახვა, საქართველოს უახლესი ისტორიის გარდა, უმძიმესი, მტკივნეული ნოსტალგიის აღმძვრელიცაა იმ ჟამისადმი, როცა არსებულისადმი პროტესტს გამოვთქვამდით, დღეს კი სანატრელი გვაქვს, ცხოვრების და ზნეობის ის დონე, რაც იმდროინდელ კინოკადრებშია ასახული, როცა ქართველს ვერ ნახავდი, - ქართველის გასაჭირი, საკუთარ გასაჭირად არ აღექვა! 
29 წლის შემდეგ საგანგებო მადლობა მინდა ვუთხრა ასოციაცია "ჯავახეთის" პრეზიდენტ ბატონ ომარ გრიგოლაშვილს და მის უერთგულეს წევრებს, ბატონებს: გოგი ნიკოლაიშვილს, რომან კენკიშვილს, კუკური მეტრეველს, ოთარ გაფრინდაშვილს, გურამ თევდორაძეს, გია მაზმიშვილს... რომლებსაც, ერთი დღეც არ დავიწყებიათ ჯავახეთი, მისი აბორიგენი და გასული საუკუნის 90-იან წლებში აჭარიდან გადმოსახლებული ქართველებით!
მათთან ერთად, იმათაც მადლობას ვუხდი, ჟამიდან ჟამს, სადღეგრძელოებში მაინც რომ ახსენდება ის ხალხი, ვისაც ქვემოთ შემოთავაზებულ კადრებში ნახავთ!

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის ათი დღის თავზე, 19 აპრილს, ბუნება შემოგვწყრა აჭარაში!
-ცოტა ვინმე მეგულება, ვისაც, მაშინ და მას შემდეგ, სრულად წარმოედგინოს, თუ რას ნიშნავდა, თავისუფლების გზაზე დამდგარ და სსრკ-დან გასვლაზე მეოცნებე საქართველოს თავსდატეხილი სტიქია!
სწორედ აქ გამოჩნდა, 9 აპრილ გადატანილი, ქართველი ხალხის სიმტკიცე და ერთ მუშტად შეკვრა, - საკუთარი დანაზოგიდან, ყოველთვიური ხელფასებიდან, თუ, არც ისე ხვავრიელი ჯიბიდან ამოღებული შემონაწირებით, სხვისი ხელისშემყურედ არ ვქცეულვიყავით და საკუთარი უბედურება თვითონვე დაგვეძლია!
მაშინ, ჯერ კიდევ არ იცოდა ქართველმა, - სამშობლოს ხელყოფა, მისი გაყიდვა-გასხვისება და იავარქმნა თუ შეიძლებოდა!
29 წლის წინათ გადაღებული, დღეს უკვე დოკუმენტური, ჩვენი სამშობლოს ჭეშმარიტი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთის ამსახველი კადრები, მიმაჩნია, საინტერესო იქნება, დღევანდელი, "ევრო-ამერიკულ" ანტიეროვნულ იდეებს გამოკიდებული მაყურებლისთვის და მას დაანახებს, რომ, _ სხვა გზაც არსებობს საქართველოსთვის, რომელიც, არც ჩვენს მრავალათასწლიან ტრადიციებს და ზნეობას შელახავს, არც თანამედროვე სამყაროსთან ურთიერთობაში შეგვიშლის ხელს!
აჭარა, - როგორც 29 წლის წინათ, ასევე დღესაც, ქართველთა დიდ უმრავლესობას (ბოდიშს ვიხდი დანარჩენებთან), ქობულეთიდან სარფამდე შავი ზღვის სანაპირო ჰგონია!
- ქართულ-ეროვნულ საქმესთან მიმართებაში, ჩვენდა (ქართველების) სამწუხაროდ, 29 წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა ამ კუთხეში, გარდა იმისა, რომ, მაშინ, - ფეხბურთის სათამაშოდ გამოსული ხულოელი ბავშვები, ერთ ციდა მოედანზე, გულზეჯვარდაკიდებულნი ეპაექრებოდნენ ერთმანეთს!
მას შემდეგ, - "ჟამი იქცა" და ის ბავშვები, გარესამყაროდან გარიყული და უსახსროდ დარჩენილი საქართვლოს მომავალი, უნებურად "გაიანიჩარდნენ"!
ყურადღება მიაქციეთ ტელეფილმის დასასრულს ნათქვამ ფრაზას,_ „ჯავახეთში იდგა ჟამი აღმშებლობისა!“
- მართლაც ასე იყო, მაგრამ იგი დიდხანს არ გაგრძელდა და კვლავ მობრუნდა, - "ჟამი ნგრევისა", რომელიც, სამწუხაროდ, გულმოდგინედ და მიზანმიმართულად, დღემდე გრძელდება!
ბოდიშს გიხდით, თუ ზედმეტად დაგძაბეთ, მაგრამ, ზოგჯერ, უკან მოხედვაც გვმართებს, რომ არ დაგვავიწყდეს, - ვინ ვიყავით და ვინ უნდათ რომ გაგვხადონ! 
ნახეთ, ჩვენი უახლოესი ისტორიის ამსახველი დოკუმენტური მასალა, თუ მოგეწონებათ, მადლობელი დაგრჩებით!

პატივისცემით,

დავით ქობალია

"აჭარა-ჯავახეთი" დოკუმენტური მასალა რუბრიკიდან „ოდეს კაცსა დაეჭირვოს“ (1989წ.)

ტელეკომპანია PKTV მაყურებლს სთავაზობს, მოგვაწოდონ ძველი საინტერესო კადრები, მასალები, სიუჟეტები, რეპორტაჟები და ა.შ. PKTV-ს "სკივრიდან ამოღებული კადრებისთვის". საინტერესო მასალებს ჩვენ PKTV-ს პირდაპირ ეთერშიც გავუშვებთ და ჩვენს ვებგვერდზეც ავტვირთავთ. 

გვიყურეთ ჩვენ (silktv251-ე არხი; მაგთიკომზე (კავკასუსზე)-049-ე არხი; CTV1, myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ! სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ!

დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 577 40 83 82 (ცხელი ხაზი), 592 777 311

● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/

● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV