Feedback

ლალი ბარძიმაშვილი: მიგნებები შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში": ''ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად'', სპეციალურად PKTV.GE-სთვის

  /   ნანახია 209 ჯერ

ლალი ბარძიმაშვილი: მიგნებები შოთა რუსთაველის

 

რამხელა ძალაა ამ ერთ სტრიქონში მოცემული - სიცოცხლის ძალა აქვს სიმართლეს  და ამას ისე ვერაფერი გამოხატავს როგორც ეს ზედგამოჭრილად მისადაგებული  თქმა. ამ მიგნებაშიც გენიალურია რუსთაველი. ხმელის ნედლად ქცევა რას ნიშნავს? სიცოცხლის ტოლფასია ხომ, ასე რომ, სამართლიანობა სიცოცხლის ტოლფასია!  ხმელის განედლება ეს არის კვლავ სიცოცხლედ ქცევა. მაშასადამე, სიმართლე, სამართლიანობა სასიცოცხლოა. როგორც ხმელი განედლდესო ანუ  აღმდგენი ძალა აქვს, განახლების და ამას გამოკვეთს. სიმართლე  საღი ძალაცაა და გადამრჩენიც. ესაა საგანგებო ხაზგასმა  და ის  შეუძლებელს ან შემთხვევით არსად არაფერს ამბობს. რატომ  სჭირდება ეს ამ ფორმით ითქვას? იმიტომ ხომ არა, რომ სამართლიანობა ყველაზე იშვიათად გვხვდება და ყველაზე მეტადაცაა გამეტებული. წუთისოფელი არაა თავად სამართლიანი,   არმისანდობია საწუთრო,  უსამართლობით  ხასიათდება, არას დაგიდევს...

 ''ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნვებ,

 რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!''

და საწუთროს სამდურავი სულ არის  პოემაში. მით უფრო, რომ დამაბრკოლებელი გარემოებანი გაცილებით მეტია, არაკანონზომიერი, ვიდრე კეთილქმედება  ან შეწყნარება – ''ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.''  ესეც ხომ სიცხადეა, მაშ, შვებად რაღა რჩება? - უფლის იმედი, რომელიც წყალობს სიყვარულს, სიკეთეს და სამართლიანობას. ამისთვის უნდა იღონოს ადამიანმა ყველაფერი. ''ჭირთა უმუშაკო'' რადგანაც არაა და უგანსაცდელო ყოფა, სწორედ ამიტომაცაა საჭირო ადამიანურ უპირატეს გრძნობათა მოფრთხილება. სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა - ღვთაებრივი უნარია და ვერ იარსებებს ურთიერთის გარეშე, ეს ერთობლივი გრძნობებია. სიყვარული შობს სიკეთეს; სამართლიანობა ღვთაებრივ კანონზომიერებაში ამყოფებს ადამიანს და  მისი დარღვევით ირღვევა ყველაფერი. ამ სამით დიადობს ადამიანი! ღვთიურ სამართალს აღასრულებს ტარიელი, როცა ფრიდონს ეხმარება, თავადაც  განსაცდელში მყოფი. ასევე ავთანდილი  როგორც კი მოისმენს შეჭირვებული რაინდის მონათხრობს და შეიგრძნობს, რომ უჭირს სიყვარულს, სიკეთესა და სამართლიანობას, შეზარავს ეს და გული არ უშვებს; ''შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!''  უკაცრიელ გარემოში, მხეცთა თანა მავალს, ასმათის ამარა დარჩენილს ეუბნება... მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს შენაჭირვებ გარემოს, თუკი ადამიანი სიყვარულის მწვერვალზე იმყოფება?!..  ყველაფერი გაცუდდა მისთვის ტარიელთან შედარებით, რადგან ადამიანის სიდიადეს ვერაფერი უტოლდება ქვეყნად და  პირობას აძლევს, რომ შემოიქცევა - დაბრუნდება და ადამიანურ ვალს აღასრულებს. ამას სიცოცხლის ფასადაც კი კისრულობს. ყველაზე მძიმე ხომ გამეტებაა და ასეთ დროს არ ეგების ადამიანის მიტოვება. აქაც სამართლიანობა ითხოვს ამას. '' არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა,'' ეს მართებს თითოეულს და ესაა გასხივოსნების ძალა''ბინდისფერ'' საწუთროში. ყველა ფასეულობა გაცამტვერდება თუ მოქმედებად არ აქციე!

არის ერთი გარემოებაც, ზოგჯერ ვერც კი ხვდება ადამიანი, როცა ჩადის უსამართლობას. ეს კი ისეთივე  მწვავეა, როგორც ამ  შესაფერის ფრაზითაც  გადმოსცემს რუსთაველი: - ''წყლულსა დანა  ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს.'' რაოდენ სიფრთხილე და სიმარჯვეა საჭირო, როცა თვით  ღირსებებით ესოდენ  აღმატებულ  როსტევანსაც  კი შეეშალა,  ჯერ ვეზირს გაუწყრა, შემდგომ  კი ავთანდილს ანდერძი დასჭირდა წასვლის ასახსნელ-გასამართლებლად...

უსიყვარულობა და უსამართლობა აუკუღმართებს ცხოვრებას, – ''ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!'' ასეთი ყოფა სამარცხვინოა, გმობილი, დამცრობილი და ხანმოკლე. გულიდან გულამდე განა რა მანძილია?!  სიყვარული  მარტოობაშიც  ხომ  მრავლობითი გრძნობაა, მიტომაც სავსე და  სრულყოფილია  მოსიყვარულე ადამიანი - ''თუ  თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.'' სულმოკლეობა კი კაცთა შორისაც კენტად იარება. ''ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს''. ასეთი გზამოჭრილია და  მომავლის არმქონე. 

სიყვარულია სამართლიანობის პირობა - საფუძველიც.  მისი ხვედრია ყოველგვარი სასიკეთო ცვლილება, თუნდაც ''ხმელის ნედლად ქცევა''. როგორც  ხმელია წამხდარ- უსიცოცხლო, ამ გრძნობათა  გარეშეც  ადამიანი და  ცხოვრებაც  ასევე უძლურია და დაცემული. მართალია, განსაცდელიც ყველა შემთხვევაში გარდაუვალია, მაგრამ მხოლოდ ღირსეული გაუმკლავდება და დაძლევს მას, ''მაგრა თქმულა: ''კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების.''  ამაშია სამართლიანობის ძალა, იმედიც, შენ რას უხვედრებ ამას და რით პასუხობ განსაცდელს? მთავარია როგორ გაართმევ თავს და რაა ''კოკასა შიგან'' ანუ რისი მტვირთველი და მატარებელი ხარ თავადაც. წმინდა წერილი ამბობს: - სიყვარული  არასადა დავარდების. ეს არის რუსთველისეული კრედოც - ''სიყვარული აგვამაღლებს!''  მხოლოდ სიყვარული შეგაძლებინებს სწორ დამოკიდებულებას. ძლევის ძალაც მასშივეა! საწუთროს სიმძიმესა და განსაცდელს უპირისპირდება სიყვარული, სიკეთე და სამართლიანობა! სიცოცხლის ფასად იცავენ ამას და აღასრულებენ. სხვა გარემოებებში არ სულდგმულობს ბედნიერება და  დროებითობის პრინციპია, რომელიც ადამიანს არსებით დანიშნულებას  წყვეტს და უკარგავს, უხშობს თვალთახედვას, - ''ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა''. ''ეშმაკთა ძირია'' ის და სულსაც ამძიმებს. ეს სიდიადეში ვერ გაგიყვანს და ვერ მოგაქცევს. ქვეყნად  ადამიანს ვერაფერი მეტობს,  არაფერს აქვს მასზე  დიდი  მნიშვნელობა და ღირებულება... ქვენა გრძნობები სიმართლეში ვერ გამყოფებს და ნაცვლად ცხოვრების სათავეში ყოფნა-გაძღოლისა, უსათუოდ მოგაქცევს ცხოვრების ორომტრიალში.   რუსთაველს სურს ამ  მორევსაც აარიდოს ადამიანი და შეახსენებს, რომ ''გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი''. მხოლოდ სუფთა გულში ბინადრობს სიყვარული - მკვიდრი გრძნობა, ხოლო სხვა ყველა გრძნობა არაბუნებრივი ხიზანია გულისა. ასეთი გულშენამღვრევი კაცი კი ხელს ვერაფრისთვის გამოიღებს. ამდენად, რაიმეზე დამოკიდებული ადამიანი თავისუფალი ვერ  იქნება და ძლიერი. სიძლიერე ღმერთთან ერთობაშია. მაშინ ვერც ვერაფერი აკლებს და ვნებს მას, რადგანაც, ''რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?'' ასეთია  კანონზომიერი ხვედრი... რაკი '''ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ  ავისა მქმნელია,'' მიტომაც მართებს ადამიანს სათნოება, გულის გაღება,  თავგამოდება  სიყვარულისა და სიმართლის დასაცავად! ეს კრედოა პოემის. უფლის ნებაც ასე ხორციელდება. ადამიანმა განცხრომა კი არ უნდა  ეძიოს, არამედ მსახურება  სიყვარულის, მოყვასის, სამართლიანობის. ამას აქვს იმდაგვარი ძალმოსილებაც, რაც  ხმელის განედლებას ნიშნავს და მოასწავებს. ყველაფრის დაძლევასაც ასე შეძლებ. სხვაგვარ ყოფაში  ხრწნაა. მნიშვნელოვანი  ის არის - ადამიანობა  შეინარჩუნო, დაუთმობელი არ დათმო, სიცოცხლის ტოლფასი სიცოცხლით ცხოვრება  შეძლო... ასეთი მდგომარეობიდან გამარჯვებამდე  მცირე ნაბიჯია. ზოგჯერ არაკუთვნილ, არასარგო  გზასაც კუთვნილივით  გადის ადამიანი  სიმართლის იმედით - სიყვარულის ამარა!          სიცოცხლის მისიასა და ვალდებულებაზეა ეს დიდი წიგნი, ღირსებათა საზომია და მთავარია ამ თანაგანცდაშიც იმყოფებოდე, ამადაც არის სარგო და საამო - '' ვინცა ისმენს კაცი ვარგი''...  

ლალი ბარძიმაშვილი, 2019.