Feedback

ლალი ბარძიმაშვილი: ''ვეფხისტყაოსნის'' იგავის მნიშვნელობა. სტატია სპეციალურად PKTV.GE-სთვის

  /   ნანახია 438 ჯერ

ლალი ბარძიმაშვილი:  ''ვეფხისტყაოსნის''  იგავის   მნიშვნელობა. სტატია სპეციალურად PKTV.GE-სთვის


''ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა,

უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,

ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იზახის ვაგლახ-ვასა.

ეგრე უთხრა: ''ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,

წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე''.

მას ქვეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე,

შემოჰყივლა: ''არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?''

რა  თქმა უნდა, რომ ეს იგავი უდიდესი მეტაფორაა, ხოლო პოემის ქარგაც, ფაბულაც აგებულია მოყვასის თანალმობის და თანადგომის პრინციპზე.  აქ  ''თოკიც'',  ''ჭაც'' პირობითია. განსაცდელი რა არის? განსაცდელი ბლოკირებას უკეთებს ადამიანს და  ხდის უმოქმედს, ამის ხორცშესხმული სახე უკვე ტარიელია, ''რა საწადელს აისრულებს'' ამიტომაცაა ეს ხაზგასმა. განსაცდელში უკვე  მთავარი გამოსავალია და  მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მეორე ადამიანს  და მისია  არჩევანი - წავა ''თოკის''  საძებნელად  თუ  რას მოიმოქმედებს. ამ გამოსავალში ესაა  უმთავრესი - ვინ ხარ! ღირსების ტოლი საქციელი რა არის!  როგორ შეძლებ! ..  ღმერთს ადამიანის ტანჯვა სრულებით  არ სურს, ეს უფლის  ნება  სულაც არაა, ''ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა''. მთელი პოემა ღმერთზე მინდობის საკითხია, ხოლო  უფლის ნება ხორციელდება და ვლინდება  ურთიერთსიყვარულსა და თანადგომაში, სიმძიმის დაძლევაში.  გავიხსენოთ,  ''რას სწუნობენ და ეურჩებიან ბრძენნი'', ილიაც ხომ ''უსწორმასწოროს''  ეძახის წუთისოფელს, ამადაც არის ასწილ მეტი სიყვარული საჭირო და გულმეტობით, გულდადებით ცხოვრება. ამაშია შენი საზომიც - ვინ ხარ შენ.  დაბრკოლებაც სულ უხვდება გზად ადამიანს, ეს ზოგჯერ ისეთი თავგაურთმევია როგორადაც ამ იგავშია, მაგრამ მარტო ხომ არ არის ის?  ზნესრულობაც ამაშია - დახსნის ძალას  ვინ და როგორ მოიპოვებს ასეთ დროს.  შეგიძლია მიატოვო თუ შემობრუნდე და საჭირო დროს საჭირო ადგილას იყო.  ერთი ადამიანის ძალას რაც აღემატება, ის უკვე  მეორის ვალდებულებაა. ადამიანის მნიშვნელობის საკითხი დგას, რასაც  შორს ვერავინ  წაუვა.  როგორც კი ერთ-ერთს რაღაც დაემართა, უკვე მეორის ადგილი განისაზღვრა. ეს არის მორალური კანონი და მთელი პოემა ამის ილუსტრაციაა. ადამიანის ღირებულება მოფრთხილების საგანია. მისი  მიტოვებით კი შენს თავსაც ტოვებ, შენს თავსაც განუდგები - ''ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა''... მეორე ადამიანს ძალუძს შეცვალოს გარემო პირველის სასარგებლოდ. 

 სიყვარულის ერთ-ერთი მკვებავი ფაქტორია - ჰუმანიზმი.  პოემა ამის დიდი დასტურია. როგორია  მიდგომა  სირთულეებთან? ვნახოთ ავთანდილი  რას  ამბობს:

"მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად,                                                                  

ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად."                                                              

როგორ შემსუბუქებით, შეთამაშებით ანუ შეთამამებით უყურებს სიკვდილს, ცხოვრებას. შიში უკვე სიმხდალეა,  ამ მხრივაც,  ყოველივე სიყვარულითაა დაძლეული. ეს ის გრძნობაა, რომელიც არასოდეს გაბედითდება, არასოდეს გაუმარჯოვდება. დავუბრუნდეთ იგავის საკითხს,  ერთი ადამიანის გადარჩენა მეორეს შეუძლია, მეორეს ეკისრება ეს.  ავთანდილიც ასე მიევლინა ტარიელს და ეს ხაზი სულ იკვეთება პოემაში, თავის მხრივ, ფატმანი შველის ნესტანს, ფატმანს ავთანდილი იხსნის ჭაშნაგირისგან ანუ განსაცდელი სულ არის, საფრთხე სულ არის. ერთი ამას გვერდს ვერაფრით აუვლის.  ''გული გულსა განაცვალი'' - ეს უკვე ადამიანობის საკითხია.  სიყვარულია ხიდი, ბურჯი, დამაკავშირებელი - ''სიყვარული  გზად და ხიდად.''  ქრისტეს მთელი გამოვლინება რა არის?! - სიკეთე,  ''კეთილისა შემოქმედსაო'',  სასწაულსაც სიკეთით ავლენდა - ბრმას თვალს უხელდა, ქორწილში ღვინო გაამრავლა, კურნავდა, სიკეთეა თავად სასწაული და ღმერთთან მსგავსების ძალა ამაშია. უსიკეთოდ უღონოა საწუთრო.  როგორია   ამის საპირისპირო თვალსაზრისი,- ეს დეტალი უკვე განვიხილეთ ავთანდილისა და ვეზირის საუბარში და რა ძვირად დაუჯდა ავთანდილს ეს...

განსაცდელი რომ გამოუვალია, ამას განასახიერებს სიმბოლურად ჭა, საით წაუხვალ - გზამოჭრილი, არასარგო გარემოს, გაბედითებული  და უცებ შეძახილი იმედისა - ''მწადსო,  თუცა ამოგზიდე'', რომ გამოსავალს შენთვის სხვა ტვირთულობს, სხვა კისრულობს, მან უნდა გამოგაღწევინოს. ამაშია    გაცხადებული ადამიანობა.  აქვე  გამახსენდა  ჩემი ლექტორის, თსუ -ს  აკადემიკოსის ნაამბობი, ამ ცოტახნის წინ, რაღაც მცირე განსაცდელის შემდგომ ერთ მეუფეს მისთვის უთქვამს -''ადამიანს, როცა განსაცდელი შეემთხვევა, ეს მისთვის კი არ არის მხოლოდ, ეს  გამოცდაა  მის ირგვლივ მყოფებისაც''...  ამაშია, ცოდვა-მადლი თავჩენილი. მადლი კი ნებაყოფლობითია, ძალდატანებით ვერ იქნება. ადამიანის სისრულეს შეუძლია დარღვეული გარემოს აღდგენაც.  სადაც   ეს არ არის, იქ  უსაშველობაა.  ადამიანი ღმერთობს ადამიანისთვის. გავიხსენოთ, რას ეუბნება ავთანდილი მხდალ ვაჭრებს - მე რა ვარო?  მიწა   ცუდიო  და  განგებას მიაწერს თავის გამარჯვებას.  აქ არის ადამიანის და ღმერთის შეხვედრის   მომენტი, როცა შენს თავს აჯობებ და გაიმეტებ,  როცა შენს არსებობაში სხვებსაც მოეძევება ადგილი. ადამიანობის დამაბრკოლებელ გარემოებებსაც სხვაგვარად ებრძვის რუსთაველი (გავიხსენოთ, ოქროზე,  ქრთამზე, ანდაც გულზე თქმული)... ადამიანის შემძიმება არაფერს უნდა შეეძლოს,  მაშინ შეეძლება ''თამაშად'' და ''მღერად''  მიითვალოს განსაცდელიც.  ესაა - ''ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!'' სხვისი მიღებით იღებ და ითავსებ სამყაროს. ადამიანმა არ შეიძლება ეს გამორიცხო და საპირისპირო დაუშვა, მაშინ სიკვდილს უტოლდება  შენი  არსებობა და სხვასთან ერთად ამრუდებ შენს თავსაც. ეს  არის  მტკივნეული და დაუსრულებელი თემა...

 არაერთგვაროვანია საწუთრო, ტაროსს - ამინდს ადარებს რუსთაველი მას და  როცა  წუთისოფელი არ  დიადობს, მაშინ ადამიანმა უნდა  იდიდოს.  სიკეთეს  აქვს ბოროტების შემუსვრის ძალა! ადამიანი ყოველთვის მეტი უნდა იყოს გარემოზე. სინამდვილე ითხოვს თვითონ ღონესა და გამკლავებას მისგან. ეს მხოლოდ გულუშურველობით შეიძლება,  გულის გაღებით.  ადამიანის სიმაღლეს თავის ადგილი აქვს შენარჩუნებული პოემაში. „კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების'' - ამის დასტურია  ''ვეფხისტყაოსანი'';  ეს არის მაღალცნობიერების ხვედრი!  ''ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,'' -  სიყვარული ხდის სრულყოფილს გარემოს, მაშინ განსაცდელიც შვებად მიითვლება, ოდეს სიყვარულით გადაილახება.