Feedback

ილია - მარად თანამედროვე ბურჯი ერისა!

  /   ნანახია 247 ჯერ

ილია  -   მარად   თანამედროვე   ბურჯი ერისა!

 ლალი ბარძიმაშვილი

მკვლევარი, მწერალი, ჟურნალისტი

 

                            ''ისარგებლე  დროით!'' (ჰორაციუსი)

''განა  ცოტა რამ არის, რომ უღონო თვალს თეთრი შავად აჩვენოს?'' - ილიას ეს რიტორიკული კითხვა  მთელ მის მცდელობას ხსნის, გარჯას, ღვაწლს, რომ ერს დასანახი დაანახოს. ეს თავკაცის ტვირთია, მისი სიტყვაც თავგზიანია. ''დღევანდელის მომდურავებმა ხვალინდელი დღე მაინც კარგი გავითენოთ'' - აქ მხოლოდ უკეთესის წადილი კი არ იკითხება, ესაა დევიზი  ცხოვრების, დედააზრი. ილიას შემოქმედებაც, პუბლიცისტიკაც მთლიანად საპროგრამოა, მზა გეგმაა მოცემული საკეთილდღეოდ. ვინც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ -''წამხდარი გულის'' არ არის, გაიგებს და გაითავისებს კიდეც ამას; რა ქმნის ცხოვრებას უღონოსა თუ ღონიერს. არიან ისეთნიც, ვისაც - ''სინდისი გაღვიძებული არა აქვს. ზნეობით და გონებით ისე დაცემულია და ბრჯგუ, რომ არ ესმის სიკეთე საზოგადო კავშირისა''... მთელი სიმკვეთრით საუბრობს საჭირბოროტო საკითხებზე; თუნდაც, რომ თითოეულის ინტერესი საყოველთაოზეა ''ზედ-მიბმული''...  პატიოსნება, კაი-კაცობა უფრო მკვიდრი განძიაო, ვიდრე დროებითი ხეირი ავკაცობისა, რომელსაც დიდი მანძილი არა აქვსო.  ილიას  ძალისხმევაც იქითაა მიმართული, რომ ადამიანი ''მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს'' და ''ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ყრმობა არჩიოს.'' ''ჭვარტლმოკიდებული გული''  ვერაფერს გაითავისებს, ცხადია.

  რა არის  სრულიად ''სახეირო გზა'',  სახელმწიფოებრივი წყობისთვის ან ცალკეული ადამიანისთვის საჭირო, აუცილებელი, ადამიანის მიმართება საზოგადოებასთან, ერის მისია თუ  ცხოვრების ყველა მიმართულება, ანდაც, რაა ''საკმაო და საპატიო კერძი წუთისოფლის სუფრაზედ''  -  ყოველივე განხილულია სიღრმისეულად.  მთავარია ადამიანმა თუ საზოგადოებამ გაიაზროს, რაშია ძირი ბედნიერებისა. ''ვიდრე ჩვენში ეს უგემური ''მეობა'' მოტყდება და ''ჩვენობა'' აყვავდება, ვიდრე ჩვენი შემძლებელი წრე ჩვენის საზოგადოებისა ჩვენის ქვეყნის საქმეს თავის საკუთარ საქმედ იცნობს, იმ დრომდე კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის''- როგორ გულისმომწყვლელად შენიშნა ის გულგრილობა, რაც ''საზოგადოების ცხოვრებას და საგზალს'' მართლაც ასცდა, ''ჭკუის უილაჯობით'' თუ სხვ. ფანდებით... კარგახანს ჩიხშიც დარჩა თქმული. ილიას ფენომენი ჯეროვნად გაცნობიერებული დღესაც არაა. მხოლოდ ეროვნული მოძრაობისას მოხდა ილიას გზით სიარულის დასახვა. ეს განახლებაც შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ილიას ბედი გაიზიარა ამ დროებამაც და  წიწამურიც  კვლავ განმეორდა.

''ზიზილ-პიპილებიანი განათლება'' კვალში ვერ ჩაუდგება ცხოვრების ყველა საჭიროებას. ადამიანი უნდა შეხაროდესო ცხოვრებას - ესაა უმთავრესი ფორმულირება;  რას არ შეიძლება დავცილდეთ, ამას განსაზღვრავს .კაცი ''სიხარულის თვალით'' უნდა იყურებოდესო. მაშ, რას მოაქვს სიმძიმე? - აქაა თავიდათავი იმ ყველა პრობლემისა, რასაც ილია წერილებში მიმოიხილავს. სათნოება კი დიდებასთან ერთად უნდა ვიდოდეს, - ესეც უმთავრესი განაცხადია.  აი, უცხადესი რჩევაც - ''ტანთ მოიკელ, ფეხთ მოიკელი, მშიერ-მწყურვალი იარე და ნუ ჩასდგები კი ჯერ შვილისა და მერე ქვეყნის ცოდვაში,'' რადგან ''განკარგება და გაძლიერება'' უნდა იყოს უპირველესი საწადელი. ადამიანი ჯერ გარემოების შვილია,  ანუ - ''ადგილის კაცია,'' ''სახლიკაცია ამ დიდი ოჯახისა,'' თუ უცხო ქართველია?! - ესეც საკითხავია. ''უნდა ჩვენს კერძო სარგებლობას, კეთილდღეობას ცოტა რამ ჩამოვათალოთ და საზოგადო სარგებლობას, კეთილდღეობას შევწიროთ'' - ეს  მოვალეობაა ადამიანის, მისი საყოველთაო დანიშნულებაა. ეს ასე თუ არ ხდება, მაშინ ყველაფერი პირიქითაა, ითელება კაციც, მარცხდება საზოგადოებაც და სუსტდება ცხოვრება. ეს უკვე ''გულშესატკივარი საქმეა,'' რადგან ,,ადამიანის პატიოსნება, ღირსება, სინდისი - მისი ზნეობითი კუთვნილებაა და ჩვენ მჩვრად გაგვიხდია.'' ილია ადამიანის ღირსებას ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს, კაცის გაუპატიურებააო ეს - ღირსების გაქელვა. ანდა, ვის აქვს უფლება, ''ადამიანის სინდისი - ეგ უძვირფასესი ზნეობითი განძი საქანელად გავიხადოთ.'' ის, რაც  ''პირველი  ანბანია ზნეობისა და ადამიანობისა შერყეულია.'' ამ მხრივ, ''ცალიერი სიტყვა და მითქმა-მოთქმა ვერაფერი თამასუქია'' ... ასევე, საგულისხმო თქმა:  ''ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანი კაცისა... რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა''; ხოლო  თუ სამართლიანი და კაცთმოყვარე  ხარ, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარო. ადამიანის ვინაობა-რაობის დიდი თემებიცაა  მოწოდებული და დამაბრკოლებელი გარემოებანიც.  ''უპირველესად,  კაცში სული უნდა მზიანობდეს.'' ამისთვის, ადამიანში ადამიანის  ცნობა უნდა მოხდეს. პირუკუ ცხოვრება კი რყვნაა, დაცემა. იგი მჩვარიაო და არა ადამიანი, ვინც ღალატობს თავის კაცურ კაცობას, საზოგადოებას; ასეთი თქმაც კი აქვს ილიას - ''მეტხორცი.'' ''ნაძირალთა გრძნობათა აშლა და ფეხის გადმოდგმა საზოგადო სარბიელზე პირქვე დასცემს ყველა კეთილსა''...  ''ღირსების მომვლელი'' -ასეთი სიტყვაც აქვს მას და  მისი მოფრთხილება  ''დედა-კანონად'' უნდა ჰქონდესო ადამიანს. არ შეიძლება ღირსება იყოსო - ''თავის სიმაღლიდან ძირს დაშვებული.'' ისაა ''ამღვრეული საქმეც'',  ვისაც სათაკილო არ უთაკილნია და და სამარცხვინო არ შერცხვენია''... პირდაპირი, ''კუდგამოუბმელი საუბარი'' ილიას მახასიათებელი თვისებაა... საწუხარიც ისაა, რომ ისევდაისევ  გვჯობნის, გვერევაო ეს უკადრისი, უვარგისი ''მეობა'' და დავიწყებულია -''მარგებელი და პატიოსანი ''ჩვენობა.'' აი, სათავეც  ყველა უბედურების, მარცხის. დამჩემებელი მეტია, ვიდრე მოღვაწეც, მიტომაც აღნიშნავს: ''ვისაც დიოგენის ფარანი აქვს, იმას მისი ყავარჯენიც უნდა ჰქონდეს''... ე. ი. მისი ზნეო.

ჩვენს დროშიცაა ის ლიბერალობის სენი, რასაც  ეხმაურება გენიოსი და აი, ესეც  -''ჭეშმარიტი ლიბერალობა ტყუილების, ოინბაზობის ხელის წაფარება არ არის... ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის, რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედინო, არავის გააქელვინო.''  ''საწვრილფეხო ლიბერალობა'' -ასეთი ფრაზაც შევნიშნეთ...  ''ტვინთხელობა, რომელიც საკუთარ ტვინს მოკლებულია, სხვისით სცხოვრობს,''  ცხადი მითითებაა...''ეხლანდელს ზნეობით დავარდნილ დროში ფეხადგმულია - უშვერი, უმსგავსო, სულელობით აღსავსე საქმე''-ო და აქ უნებურად, გახსენდება ეს  ფორმულირებაც - ''არც მის მაყურებელს აქვს სირცხვილი, რომ აგრე პირუტყვულად რაზედ ვექელვინებიო''...   ''ნუ იმოსები სხვისი მატყლითა, შენი იკმარე'' - ესეც ერთგვარ შეგონებად წაგვადგება.  ილია, რაზეც უნდა საუბრობდეს, ყველა სფეროს, ყველა მოვლენას ესადაგება ერთდროულად მისი თქმული, ერთმნიშვნელოვნად ეხება მრავალ  გარემოებას...

''ავი გული, ხარბი თვალი, გრძელი ხელი და ნამუსის ქუდის ახდა'' - საძრახისია!.. ''ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისკენ და ჭირისა სხვისაკენ'' სიკეთეს რომ არ მოიტანს, არაერთგზის შენიშნავს; ''მთელის ზიდვისთვის საერთო მხარი აღარ გვქონდაო.'' სიახლესაც არ რგებს აჩქარება, რათა შესაძლოა ''ზედ წააკლას არსებითი საგანი'' საზოგადოებამ... ერთ წერილს  ასეც ჰქვია - ''ვისსა ნათესსა ვმკით?''

''საქართველოს ხალხის ცხოვრების გამჯობინება - პირველი და უკანასკნელი სურვილი.'' - ეს არის ილიას ცხოვრების ქვაკუთხედი და ბალავარიც. მხოლოდ ერთიან სულისკვეთებაში ხედავს იგი  ხსნას და გამოსავალს. ადამიანის საზოგადოების მიკუთვნებულობის საკითხს ღრმად განიხილავს - ''იქ ''მე'' უღონოა, საცა ''ჩვენ'' გაცუდებულია, უარყოფილია, გალახულია, ამას ყველა ვგრძნობთ და ვვალალებთ კიდეც.'' საზოგადოებასაც აქვსო დროება -''თავისი გაზრდისა, კარგად-მყოფობისა და ავად-მყოფობისა... თავისი მიქცევა და მოქცევა, ან სასიკვდილოდ ან სასიცოცხლოდ.''  ''თავის ვინაობიდგან გადამდგარი კაცი'' კი რაღა კაცია; ანდა, რაა ''ღვთის მადლი თუ სიკეთე არ მოვაგებინეთო,'' ესეც უპირველესი მრწამსია ილიასი. სისადავეს, ზომიერებას, საქვეყნო კაცობას ქადაგებს ერის მეურვე. ''მეტის მდომი მდიდარიც ღარიბია.'' საყურადღებოდ შენიშნავს - ''კაცთა საზოგადოება ყოველ ცალკე ადამიანისგან ითხოვს იმოდენა სათნოებას, რომ ნაკლები შეუძლებელითღაა კრებულად ცხოვრებისათვის,  (საუბარიაო მინიმუმ სათნოებაზე), შესაძლოა ადამიანი ამ ხაზს ძირსაც დასცილდეს და ზე ასცილდეს კიდეც. დამცილებელი სცოდავს საზოგადოებას... ხოლო ზე-აცილება მოვალეობა აღარ არის კაცისა. იგი ღვაწლია, გადამეტებული სამსახურია, მსხვერპლია, გმირობაა.''

ევროპაშიო  გამოჩენილი კაცითო თითოეული თავს იწონებსო... (ეს მისი საკუთარი სახელიცააო).  რუსეთი, პირიქით, არად დაგიდევთო და ამისთანა კაცების ჩამოსათვლელად ათი თითია სამყოფი 80 მილიონიან ხალხშიო... ჩვენში, რომ  ცალ-ცალკე უღლის წევამ იჩინა თავი, არაერთგზის შენიშნავს და, რომ  გამოჩენილს გაიმარტოვებენ კიდეც... აკაკის მაგალითს კი  საგანგებოდ  იხსენებს, ერთ თავყრილობაზე უთქვამთ, შენისთანები მომავალშიც ბევრი გვყავდესო და აკაკის პასუხი: ღმერთმა ნუ გაამართლოს ეგ სიტყვა, რასაც დღეს ვჯერდებით, ის ხვალ საკმაო აღარ არისო... ილიას გონება კი არ სცილდება მათ, ვინც ''საქმობს მკვდარიც''...

ყოველივე იქითკენაა მიმართული, რომ ადამიანმა არ დაივიწყოს თავის ''საკადრისი ღირებულება და ფასი''. ''ღვთისკერძ ადამიანს''  ღვთიური ნიშანწყალიც უნდა ეტყობოდეს. იგი ''დღიურ ლუკმაზე'' მაღლა უნდა იდგას და  ''უმაღლეს საგანს ადამიანისას'' არ უნდა ასცდესო. ყველა -''უნდა უსათუოდ სცხოვრობდეს თავისთა მსგავსთა შორის.'' ''დაუძლურებული სული'' და ''დაფუყებული გული,'' ''ჩხავანა მოღვაწეობა'' კი ვნებს საზოგადოებას... ,,გამოუცვალეთ ადამიანს ეს გარემოებანი, რომელიც დღეს ერთსაც და მეორესაც ჰხუთავს.'' ადამიანს შეუბოჭავი გარემო სჭირდება, წელგამართული... საქმეც ესაა -  ''აღვირახსნილმა ფარფაშობამ ფულისამ გაჰბაწრა და შესთოკა ადამიანი.'' აზრიც იმაშია, - ,, ვინც ნამუსს და პატიოსნებას ჰპატრონობენ და ესარჩლებიან.'' თავგამოდებაა საჭირო ამისთვის, ამიტომო იმაზე ნუკი ვლაპარაკობთ რაც არის, ''არამედ მასზედ რაც უნდა იყოსო''.

მნიშვნელოვანია, რასაც ამბობს ინგლისის მაგალითზე - ''ინგლისი იმითი კი არ არის მდიდარი, რომ მდიდარი სოვდაგრები ჰყავს, არამედ იმითი, რომ მდიდარი წარმოება აქვს და კარგად გაწყობილი სოფ. მეურნეობა.'' საყურადღებო რაცაა ამ შემთხვევაში ის, რომ -სიმდიდრე სახელმწიფოსიო ვაჭრების სიმდიდრისგან კი არ შედგება, ''არამედ მომქმედთა და ნამოქმედარის მხმარებელთა სიმდიდრისაგან''... წარმოება ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია. (მიწათმოქმედება, მევენახეობა, მეღვინეობა, წარმოება და არა მხოლოდ აღებ-მიცემობა. პირდაპირ სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზს თუ კურსს როგორ ხედავს, ძირეულად აშუქებს). ღვინოზეც საინტერესოა, ჩვენო მეღვინეობის ქვეყანა ვართო და ძვ. დროში ასკლეპიადი, ჰიპოკრატის მიმდევარი, სახელოვანი მკურნალი ძვ. საბერძნეთისა, (ქრისტეს წინათ, მეხუთე ს.-ში), დღესაც ცნობილი მამამთავარი მკურნალთაო, სხვადასხვა სნეულებას ღვინით სწამლობდაო. (სახადს, წითელასაც ღვინით მკურნალობდნენო ადრე)...

ილიას თვალსაწიერი ყოველივეს სწვდება სიღრმისეულად. ადამიანის თუ სახელმწიფოს მიერ გააზრებაღაა საჭირო. მძიმე პერიოდიც დაუხვდა ილიას ნააზრევს. ბოლშევიკებიც, მათი წინამორბედი სოც. -დემოკრატები თუ საბჭოთა პროპაგანდა ჩქმალავდა მის ღვაწლს და დღესაც არაა სათანადოდ გაცნობიერებული. აი, რას ამბობს გულმტკივნეულად: -  ვერაფერი სანუგეშოაო, კაცი საზოგადო საქმის მოედანზედ გამოდის, სიტყვა და აზრი წინ გავიგდო და ვითამაშოო. ყოველი თამაში შექცევაა და საზოგადო საქმეს კი უპატიურად ხდის. საზოგადო საქმეს შრომა უნდაო... სხვაგვარი რამ დღემოკლედ მიაჩნია. წარამარად ბარბაციო საზ. საქმეში, როცა ''მე ესე მიჯობს'' აღვირაშვებული დაიარება და ის კი ''საქმეს უჯობს'' თავჩაღუნულიო, კილავს ამას და განა, შესაფერი წამლის მოძიებას ვცდილობთო, არამედ იმას, რომ საქმეს ზედაპირზედ ავუცურდეთ, ავუსხლტეთო... ასე რომ, აქაც შეგვიძლია ილიასებური ''ლარი და ხაზი'' გავავლოთ და ვთქვათ, რომ ''მაგისთანა კაცი ჩვენი კაცი არ არის''... ''თავისი სიამოვნება - ჭამა-სმასა, ტანსაცმელსა და მეჯლიშობას იქით ვეღარ გადაუცილებიათ... '' ესაა სწორედაც,  ის, რასაც ''დამბლადაცემულ ხალისს'' უწოდებს ერთგან და აქაც, იგივ  ლარი და ხაზი - ''რამდენადაც სიამოვნება მაღალია  და შესაფერია ღვთისკერძ კაცისა,''- ეს უნდა იყოს  საგულისხმო. ''თუ სადმე უქმობაა მარჯვენისა და მხნეობამოკლებულობა, უფრო მდიდართა შორის.'' მის გულისყურს არ გამორჩენია ის ქვენა გრძნობები, ვინც ისე წარმართაო  საზოგადო და სახელმწიფო საქმე, რომ ეჩოსავით სულთავისკენ მიითალაო. ხოლო, ''ვისაც გული გახსნია საქვეყნოდ, უცვნია ტკივილები... პირადი ანგარიში და გამორჩომა უკან დაუყენებია.'' ზოგჯერ,- ''თქმაც ქმნა არისო.'' ილიას ხედვა არაფერს ასცდენია, რაშიც კია - ''დიდი სიმი ეროვნებისა და სცემს უბოროტო ძარღვი ჩვენის ერის უბოროტო გულისა.'' გლეხკაცის სახსარ-ცხოვრებაზეც კი გულმოწყვლით წერს და აი, რა სავალალო ხაზგასმაა - გლეხს ადგილს არ აძლევენ, რომ თონე ჩააგდოს, იმის გვერდით კი გაშენდაო გოლოცინი, სვეჩინი, ვორონცოვი და სხვ. სოფლები. სახელმწიფოს აქვს დიდი ადგილი შავი ზღვის ნაპირებზე, სადაც სხვა ტომის ხალხს ასახლებენო. ''მამული გავინამცეცეთ'' - როგორი მწვავე შეძახილია... მისახედი რაა და მოსაგვარებელი - პირდაპირ მიმართულებას გვაძლევს იგი. ''უსაქმურობა, ფართიფურთობა... სხვისით ცხოვრება, საშინელი სენიაო.'' სად ქართველიო და სად ერთად უღლის წევაო, ,,ასე იცის, ამ საყოველთაო გრძნობის არ ქონამ.'' თუმცკი სხვანაირად,  ''წუთისოფლის საპალნე'' ადვილად არ აიწევა და ვერ ზიდავო... მცირე საგნებიდანო გონება მაღლა ვეღარ აგვიცილებია, - ესაა, ილიას უპირველესი საწუხარ-საზრუნავი. მეტი რაღა შეიძლება გითხრას მთქმელმა. საერთო, საყოველთაო ბედნიერებისთვის მებრძოლი კაცია. აკი გაკვირვებითაც კითხულობს- ''საიდამ დაგვჩემდა ეს საუბედურო თვისება -გულგრილობა?... რასაც ''ჩემობის'' ფერი ადევს და არა ''ჩვენობისა.'' ქართველსო, ჯერ ხომ  - ''ჩვენ'' ჰქონდაო სახეში და მერე ''მეო''. რამ ''გაუქსუაო  სურვილი.''.. ''დამშეული გული'', ''განთვითეულება'' ხომ მარცხის სათავეა, ადამიანობის დამაქცევარი.  ''განვთვითეულდით და თვითეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყოველთვის ადვილად საზიდია... ''გონება ''შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა''... თითოეულის ღონის კვალობაზედ კიო, რის ზიდვაც შესაძლოა ქონდრის კაცობისთვისო და დაპატარავებულ ტვინისთვის, ვნახეთო.

როგორც ''ვეფხისტყაოსანია'' ქართველისთვის დაუმთავრებელი თემა და ამოუწურავი, ასევე დაუმთავრებელი თემაა ილიას მთელი მოღვაწეობა...

''შენ თვითონ იცი, ვარდსა წინ მიუძღვის ეკალი, ვისაც სურს ვარდის მოწყვეტა, არ უნდა შიშობდეს'' - მართლაც, საგულდაგულოდ თქმული! ''მარტივნი ქართველნი'' - ასე გულგამთბარი ამბობს იმ ძველ თაობაზე, მამა-პაპაზე, რომელთაც ეს  ''სიმარტივე'' დიდბუნებოვნებით ჰქონდათ. თანდაყოლილი, პირველადი სიხარული სხვაა და ხელოვნურად შემძიმებული გარემო - სხვა. ღვთის წინაშე დარღვეული თანასწორობის შედეგი კი მწარეა და ერთიანობის რღვევა... სამყაროს ყურსმგდები კაცია ილია და იმ საქართველოსაც შენატრის, რომელმაც იცოდა, რაშიც იყო სიცოცხლის არსი და ბედნიერება. ელოლიავება თავის  ''სამოთხე -საქართველოს'' და  ''იმ პატარა სამოთხეში სცხოვრობს ერთი პატარა ერი, რომელსაც უდევს დიდი გული.''

ჩვენ გვაქვს განუმეორებელი ქვეყანა განუმეორებელი ადამიანებით. ამაშია ჩვენი სიმდიდრეც და მემკვიდრეობაც!..  ილიას თქმითვე  დავასრულებ, --''გულს ხომ ისევ ეტყობა იმათი სითბო, ესეც ნუგეშია.''