Feedback

PKTV-ში წერილი მოვიდა: განცხადება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის გადადგომასთან დაკავშირებით, 28. 01. 2019

  /   ნანახია 242 ჯერ

PKTV-ში წერილი მოვიდა: განცხადება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის გადადგომასთან დაკავშირებით, 28. 01. 2019

 

 ტელეკომპანია PKTV-ის რედაქცია უცვლელად გთავაზობთ PKTV-ის რედაქტორის სახელზე მოსულ კინოპროექტ "ყველაზე მოკლე დღის" სცენარის ავტორების წერილს.

  აღნიშნული წერილის გამოქვეყნებამდე, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების სამსახური კიდევ არაერთგზის, კერძოდ კი ბოლო 2 თვის (2018 წლის დეკემბერი, 2019 წლის იანვარი) განმავლობაში უკავშირდებოდა საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წამომადგენლებს, კონკრეტულად, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე მერამდენე ოფიციალური წერილით მივმართეთ აღნიშნული სტრუქტურის მინისტრ მ. ბატიაშვილს, ასევე ამ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სამინისტროს მაღალჩინოსან  გიორგი ბაბუციძეს, სამინისტროს კულტურის ნაწილის უფროსს ნანა დოლიძეს... ასევე ვუკავშირდებოდით სამინისტროს ტელეფონის ნომრებზე... ჩვენი მოთხოვნა იყო, პასუხი გაეცათ ოფიციალურად ჩვენს კითხვაზე: რას ნიშნავს ნაწილობრივი დანაშაული და კონკრეტულად, გამოევლინათ  დანაშაულის ჩამდენი პირი თუ პირთა ჯგუფი და მიეღოთ შესაბამისი ზომები... მაგრამ... დღემდე არც წერილობითი და არც სატელეფონო პასუხი არ მიგვიღია, თუმცა არის დაპირება (მუდმივად ერთი და იგივე), რომ ტელეკომპანია PKTV-ის ჟურნალისტური გამოძიების სამსახური პასუხს 2 დღეში მიიღებს... ჯერ მარტო დეკემბრიდან დღემდე ძალიან ბევრი 2 დღე გავიდა, მაგრამ პასუხი არ ჩანს... ალბათ ან წერა არ იციან, ან მართლაც ხელს აფარებენ დამნაშავეთ... და თუ ეს ასე4ა, სს სამართლის პასუხისგების საკითხი უნდა დადგეს ალბათ არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენების, არამედ  დამნაშავეთა ლობისტების! გარდა ოფიციალური წერილობითი თუ სატელეფონო მიმართვებისა, ჩვენი ტელეკომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსი კულტურის და ა.შ. სამინისტროს პირადადაც ეწვია და არა ერთგზის... კანცელარიის თანამშრომლებმა სართულ-სართულ ირბინეს და: 2 დღეში გაგცემთ პასუხსო... პასუხი კი არ ჩანს! პარალელურად ეროვნულ კინოცენტრსაც ვუკავშირდებით...შედეგად - გადადგა კინოცენტრის დირექტორი მაღალაშვილი...მერე? რა იქნება მერე?

ქვემოთ გთავაზობთ ტელეკომპანია PKTV-ს მთ. რედაქტორ ქეთი სესიაშვილის სახელზე გამოგზავნილი განცხადების  (28. 01. 2019) ტექსტს, რომელსაც ხელს აწერენ კინოპროექტ "ყველაზე მოკლე დღის" შემოქმედებითი ჯგუფის წევრები - სცენარის ავტორები: მაია არჩვაძე (რეჟისორი), ალექსანდრე ჟღენტი, მთ. პროდუსერი ზურაბ ხუციშვილი, კრეატიული პროდუსერი, კინომცოდნე მარინა კერესელიძე. წერილი გაგრძელებაა წინამდებარე თემისა: 

- "კინოპროექტების გაყალბება და კულტურის სამინისტროს მიერ "ნახევრად დანაშაულებების" ლობირება?! - სკანდალი "ყველაზე მოკლე დღის" ირგვლივ"

აღნიშნულ განცხადებაში ავტორები კინოცენტრის დირექტორის გადადგომაზე წერენ:

 

განცხადება კინოცენტრის დირექტორის გადადგომასთან დაკავშირებით

 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფეისბუკ გვერდზე 21.01.2019 გამოქვეყნდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის  დირექტორის ზურაბ მაღალაშვილის განცხადება თანამდებობის ვადამდე დატოვებასთან დაკავშირებით.

„ძვირფასო კოლეგებო, მე ვტოვებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას“ - ისე დაგვემშვიდობა ბატონი ზურაბი, თითქოს სურამის ციხის გალავანში უკრეს თავი.

გადადგომის მიზეზი დასახელებული არ არის, თუმცა ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ თანამდებობის დატოვების არცთუ უმნიშვნელო მიზეზი იყო ჩვენს მიერ კინოცენტრში განხორციელებული თაღლითობების მხილება.

ზემოთ ხსენებული სამინისტროს აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური იძულებული გახდა ეღიარებინა ჩვენი პროექტის „ყველაზე მოკლე დღე“ ჩაგდებისას გამოვლენილი დარღვევები, თუმცა მთავარ დამრღვევს ახალი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისა და სხვა კონკურსების გამოცხადების საშუალება მიეცა, რაც იურიდიული ნონსენსია - სადაც დარღვევაა, იქ დამრღვევიცაა, დამრღვევი კი უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს. დაზარალებულ პროექტს კი უნდა მიეცეს განხორციელების საშუალება, მითუმეტეს, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება ფილმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი და უმძაფრესი მოვლენები, რომელთა ობიექტურად ჩვენება ქართულ კინოსივრცეში არ ხორციელდება. სამაგიეროდ, ტარდება სრულიად დაუშვებელი კინოპოლიტიკა, რომლის გვირგვინია ფილმი-პასკვილი „ხიბულა“.

კინოცენტრის გადამდგარმა ხელმძღვანელმა თავისი საქმიანობა განცხადებაში დადებითად შეაფასა და დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში დეტალურ ანგარიშსაც წარმოადგენს. არ არის გამორიცხული, რომ ამაში მას დაეხმარება ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულ თაღლითობებს შეისწავლის და რომლის წარმომადგენლებს რამდენიმე თვეა ემალებიან თვით კინოცენტრისა და სამინისტროს მესვეურები, მინისტრის ჩათვლით.

კინოცენტრის დირექტორის სავარძლის დატოვება არ ნიშნავს პასუხისმგებლობის აცილებას.

ბატონ მაღალაშვილის წერილობითი თვითშეფასება ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. საინტერესოა ერთი დეტალი „განცხადებაში“, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ ვინ ხელმძღვანელობდა ქართული კინოხელოვნების უმნიშვნელოვანეს დაწესებულებას - კინოცენტრს. ბატონი მაღალაშვილი თავის ოპუსში აღნიშნავს, რომ მისი თაოსნობით „დამუშავდა 17 000 ყუთი ფირი“. თანამდებობაზე დებულების დარღვევით დამტკიცებულ, მსახიობის დიპლომის მქონე კინოხელმძღვანელს ის მაინც უნდა სცოდნოდა, რომ ფირის ოდენობა კოლოფების (და არა ყუთების) და იაუფების რაოდენობით კი არ განისაზღვრება, არამედ მეტრაჟით! აი, ასეთ ჩინოვნიკებს და წინა ხელმძღვანელების დროიდან კინოცენტრში შემორჩენილ ადმინისტრაციულ ბალასტს ლობირებდა და ლობირებს  ქართული კულტურის ხელმძღვანელობა.

და ბოლოს, ყველაზე აღმაშფოთებელია, რომ ეროვნული კინოცენტრის (რომლის მისამართია ზვიად გამსახურდიას სანაპირო # 4) დირექტორი, ქართული სახელმწიფოს უმძაფრესი მოვლენების ამსახველი მხატვრული ფილმის პროექტის განსახილველად, სისტემატიურად და მიზანმიმართულად, იწვევდა ადამიანებს, რომლებიც  მასმედიის ყველა საშუალებებით და პირად საუბრებში დაუფარავად აძაგებდნენ ქართველი ერის მიერ არჩეულ ეროვნულ ხელისუფლებას, მოუწოდებდნენ საზოგადოებას მისი დამხობისაკენ და სისხლიანი დაპირისპირებისაკენ. ამ ადამიანებმა და მათმა თანამოაზრეებმა 1991 წლის 24 დეკემბერს ტყვიამფრქვევებით დაცხრილეს საქართველოს სახელმწიფო კინოკორპორაციის შენობა და გაძარცვეს ქართული კინოკომბინატი. ბატონი მაღალაშვილი ე. წ. საექსპერტო კომისიაში იწვევდა ისეთებსაც, ვინც გააყალბა ისტორიული ფაქტები და იმითაც, ვინც ამაში უწყობდა ხელს. ყოველივე ეს კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას (პირველ რიგში მინისტრს) უნდა აღეკვეთათ. ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა.

პროექტის „ყველაზე მოკლე დღე“ შემოქმედებითი ჯგუფი

მაია არჩვაძე

ალექსანდრე ჟღენტი

ზურაბ ხუციშვილი

მარინა კერესელიძე

28. 01. 2019

თბილისი

 

იხ. PKTV-ს 24.12.2018 გადაცემა „ვის და რატომ აშინებს „ყველზე მოკლე დღე“

დააწკაპუნეთ ბმულზე და გადადით გადაცემაზე: http://pktv.ge/index.php?action=full_news&id=5885