Feedback

ლალი ბარძიმაშვილი: '' ’’ვეფხისტყაოსანი’’ - ავთანდილისა და ვაზირის საუბრის შესახებ'', სპეციალურად PKTV.GE-სთვის

  /   ნანახია 125 ჯერ

ლალი  ბარძიმაშვილი: '' ’’ვეფხისტყაოსანი’’ - ავთანდილისა და ვაზირის საუბრის შესახებ'', სპეციალურად PKTV.GE-სთვის

                                                                ’’წიგნი კი არა,- დილა ხარ

                                                               ქართველი ხალხის ნათელი.’’

                                                                           (გოგლა ლეონიძე)

რუსთაველთან დაკავშირებით საფუძვლიანი ნაშრომი მომზადდა ერთ-ერთი საპატიო წიგნისთვის. უამრავი კვლევა არსებობს და კვლავაც დაიწერება, რადგან ამოუწურავი სიბრძნის სალაროა პოემა.                                                                         

გოგლა ლეონიძემ დიდებულად თქვა:

                    ხელში აგიღებ... გაკოცებ,

                    კიდევ  ჩაგკოცნი...

                                ჩაგცქერი;

                    წიგნი კი არა, - ჟრჟოლა ხარ,

                    ჩამოქაფული ჩანჩქერის.

         

მართლაც ფასდაუდებელი განძია ’’ვეფხისტყაოსანი,’’ სიყვარულის წიგნი.                       

ახლა ერთ საგულისხმო ეპიზოდზე შევჩერდები. ეს არის ვაზირისა და ავთანდილის დიალოგი, რაც კვეთს ორი განსხვავებული ცნობიერების, სხვადასხვა მსოფლმხედველობის პერსონაჟს. ავთანდილი რამდენადაც გენიალური და იდეალური გმირია, მით უფრო, ჩვეულებრივ, პრაქტიკული გონის, ერთგვარად ვაჭრული სულისკვეთების ადამიანთან გვაქვს საქმე მისი თანამოსაუბრის სახით. აქ არის არისტოკრატის ხედვა და აზროვნება და,  მეორეს მხრივ, ყოფითი, მიწიერი. იგი არ არის მისი თანაკაცი და ასეთივე უანგარო. ეს თვალსაჩინოდ იკვეთება. იდეალური სამყაროს კუთვნილი პიროვნებები ცოტაა... რაინდის მისვლითაც კი უკვე მზის შუქი მიადგა მის სახლ-კარს...                                            გარემო ითხოვს ადამიანის თავდადებას -’’ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.’’ ეს აუცილებელი პირობა და უმაღლესი ნორმაა მაღალეთიკური პიროვნებისთვის, რადგან არასდროსაა ყოფა სრული, მხოლოდ სიყვარული სრულყოფს ყოველივეს. ავთანდილი ამბობს რა ამას, ხსნის კიდეც თავისი წასვლის სურვილსა და მიზეზს, რადგან -’’გული მას აქვს გულოვანსა.’’ უმთავრეს მოვალეობად აქცია ავთანდილმა გამორჩეული გმირის ხსნა და თანადგომა: ’’ვერას ვარგებ, გულსა დავდებ.’’ ტარიელისთვის თავგანწირული ყველასგან მოელის თანაგრძნობას, ამგვარივე სამსახურს სიკეთისას, ამიტომაც არ ეპუება ვეზირს, ’’თავი გაიგმირე’’- მოუწოდებს. ძნელია ავთანდილობა და მაღალი იდეალებისკენ ლტოლვასაც ყოველი კაცი როდი ესწრაფვის, ამიტომ აქვე სთავაზობს ასი ათას წითელს ანუ ოქროს. სიყვარულის მოტივაციისას ფული უქმია, ავთანდილს ტარიელი გაკვირვებით ეკითხება -’’უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი?’’ სიკეთეს სიყვარული იწვევს. ეს უღალატო ცნობიერებაა, სიქველეც ჩვევაში აქვთ. რაინდისთვის საფასური, გასამრჯელო ამგვარ საქმეში საჩოთირო იქნებოდა და შეურაცხმყოფელიც, თუმცა ვაზირი პრაქტიკული კაცია და თავს სრულებით არ გრძნობს უხერხულად. სხვა რამ აშფოთებს, (არა ქრთამი), ემძიმება როგორ გადასცეს ავთანდილის გადაწყვეტილება მეფეს. თავს უფრთხილდება, ის აფერხებს - სიკვდილი არ დაიმსახუროს და წყრომა. სიკეთის ვალსა და მადლს ყველა ერთნაირად არ ეკიდება. მას სიფრთხილეს აიძულებს თვითგადარჩენის ინსტიქტი და არც სიძაბუნის გამოვლენისა ერიდება. ყოყმანობს და რა მიზეზს არ ეძიებს ავთანდილის შესაჩერებლად. დასტურად იმასაც კი იშველიებს - მტერი ისარგებლებსო, ‘’ვითა ჩიტნი არ გაქორდნენ’’ და ა. შ. ასე იოლად ვერ შეძრა გული მისი და ატირდა ავთანდილი, გამოუვალ მგდომარეობაში ჩავარდნილი, მოძმის ბედით გულშეჭირვებული საოცარ რამეს ეუბნება გაკერპებულ კაცს: - ’’ჰე, ვაზირო,შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი’’ და ეს საყვედურია მთლიანად უსიყვარულო არსებობისა, არასარგო ცხოვრების, ვინც ამგვარად ცხოვრობს და ვისაც არ სურს ირწმუნოს, რომ პიროვნული სიმაღლე სიყვარულშია. უკვირს, როგორ არ უნდა მოულბეს ადამიანს გული ისე, რომ ამდენი ახსნა არ დასჭირდეს და კეთილი საქმეც არ შეაყოვნოს. ამ დროს ხომ არა მარტო ტარიელის სიცოცხლის საკითხი წყდება, არამედ ავთანდილის ღირსებისაც; თუნდაც რისხვა რაა სიკვდილთან ანდა გაბედითებასთან შედარებით?! საამისოდ კი ამას ვერავითარი დასაბუთება ვერ ეყოფა, რადგან ეს ლოგიკის საკითხს არ ექვემდებარება, ამას მსჯელობით ვერ აწონი, აქ საპირწონე გულია. ასეთ დროს უმცდარი გული მოქმედებს. ’’სიყვარული საჭიროა (საძნელოა), მით სიკვდილსა მიგვაახლებს’’, ეს ტარიელისა და ავთანდილის ცნობიერებაა და თავისთავად იბადება ამის წადილიც. როგორ შეიძლება ამგვარი რამ გადმოიცეს, ეს მხოლოდ განიცდება, იგრძნობა. იგი ამიტომაც მოუწოდებს ვეზირს -’’თავი დადევ საწამებლად,’’ ანუ მოყვასის სიყვარული მოწამეობრივი გზა ყოფილა, აქ სული უნდა გაიღო. თავისთავად სიხარულსა და კმაყოფილებას უნდა გვრიდეს ადამიანს თანადგომა, თანალმობა და ვინმეს ხსნა. ამას კი აღასრულებს ’’ცნობა-სრული’’ ანუ სრულყოფილი, მაღალზნეობრივი ადამიანი. ავთანდილისთვის გაუგებარია სხვაგვარი ქმედება. სხვის ბედნიერებაში თანამონაწილეობა საშური, სახარბიელო საქმე უნდა იყოს თავისთავად. ამ სიმაღლემდე ასე იოლად ვერ ადის ვაზირი, მისი ცნობიერება ასე შორს ვერ მიდის, ის არაა საყოველთაო სიკეთის გმირი... თავგანწირვა არ აიხსნება, არ ისწავლება, ეს შინაგანი ბუნებაა ადამიანისა. ესაა მადლი და უმაღლესი სიკეთეც. თავგამეტება იგივე გმირობაა.

 ერთი რამ მაინც ხდება ამ დროს,  ავთანდილის ცრემლმა გატეხა ჯიუტი ნება, გატყდა მტკიცე ნებისყოფა ვეზირისა. როგორც იქნა, აიძულა იგი რაინდმა, აღძრა თავდადება მასში, მოულბო გული. უკვე მასაც მოედო ეს ’’ცეცხლი’’, როგორც ამბობს. ასე რომ, სიკეთე გადამდებია და დაიძლია წინააღმდეგობაც. ავთანდილსაც სჭირდება დამხმარე, შუაკაცი და ვინმემ ხომ უნდა იტვირთოს ეს. სასურველია, როცა სიხარულით ჩადიან ამგვარ რამეს, ვეზირმა კი შიშით გასწია, ფერნაკრთობმა. ასევე ძლივს, რიდით მოახსენა მეფეს, რადგან ეს ნებაყოფლობითი თავგანწირვა არაა, თავისთავად დაბადებული და სიყვარულით ნაკარნახები. ასეთი საქმე შეგნებით უნდა კეთდებოდეს, სხვანაირად ძალა არა აქვს. ეს უფრო გარემოების გამოძახილი ქმედებაა, შთაგონებული და იმწუთიერი. ასე ავთანდილმა გადაწყვიტა და არა მან, იგია ბიძგის მიმცემი. სულიერი ღონე სხვაა, სიყვარულის ქმედება სხვაგვარია. როგორ წარსდგა, ან როგორი გამოვიდა?! - ’’გამოძრწა და გამომელდა’’, რადგან ეს თავდაჯერებული კაცის ქმედება არაა - შინაგანად გაღვივებული და გამოწვეული. ბოლომდეც ვერ გაიგო რას და რატომ ემსახურება. ამ სიღრმეს ვერ ჩასწვდა. ავთანდილს უფრო დაუჯერა და იმადლიერებს, თორემ გულმა როდი უკარნახა და ვაებს კიდეც. აკი ამბობს და თავსაც საყვედურობს - ’’რად მოვღორდი, რად დავბნელდი.’’ არსებობს როგორც ძლიერთა, ისე სუსტთა კატეგორია, ძალით ვერავინ გამამაცდება და სინანული გაჩნდა, რაც არ უნდა გაჩენილიყო... რაინდთათვის რაც სულთა ლხენაა, მას ’’ცრემლს ცხელს’’ გვრის. ’’გაწბილებული მივა ბედითა შავითა,’’ რადგან არ ახლავს სინათლე ამ ქმედებას. ასე მიაშურებს ავთანდილს და უსაყვედურებს კიდეც, თანაც ქრთამს სთხოვს, ვერც ოქროს ხიბლს მოერია, ’’თუმცა ცრემლსა ვერ იწურვებს’’. თვალცრემლიანი მაინც ითხოვს დანაპირებს. ’’თავი გაიგმირა’’, მაგრამ - ’’თავი დადევ საწამებლად’’ -ეს გაუცნობიერებელი დარჩა, რადგან ქრთამის მოლოდინი ამ მცნების საწინააღმდეგოა. მოწამე კაცი მოსიყვარულე კაცია, ანგარებითი კაცისაგან კი ამაღლებული ქმედება არ გამომდინარეობს. კერძო ინტერესის მიმყოლი საინტერესო პიროვნება ვერ იქნება. ასეთი პირადულს არაფრის გამო არ გაწირავს. თავის თავის დავიწყების გარეშე კი ღირსეული და დიადი საქმეები ვერ აღსრულდება. ავთანდილი იდეალისტია, მზადაა თავი შეაკლას ამაღლებული გარემოს დამკვიდრებას, ყველას ბედნიერების წადილს... სიყვარულის გმირია, რომელიც ყველაფერს ცვლის. ვისთვის რა ცნობიერდება, ’’თავსა ახლად ვერვინ იშობს.’’ ადამიანს თავისი ბუნების წინააღმდეგ წასვლა არ ძალუძს, ვისთვის კი რაა სიამე. ამ შემთხვევაშიც ეს ფაქტია წარმოდგენილი - ვიწრო და ფართო ცნობიერება, რაც ცხოვრებაში ხშირად კონფლიქტურ ხაზს ქმნის, გაუგებრობას მაინც...

’’ თავი დადევ საწამებლად’’ - ეს ღვთაებრივი ბუნების წესი და ხვედრია. ის არსებითი ფორმულა ავთანდილისთვისაა, ტარიელისთვის და რჩეული გმირებისთვის,.. ამას ვერ შესწვდება ვეზირი, (უკვირს კიდეც, განა სწორია ავთანდილის არჩევანი ტარიელის გამო ასე რომ სწირავს თავს?) ასეთთა ტვირთიც უფრო მძიმეა, ვიდრე კეთილმოქმედთა. არ შეიძლება სიკეთე იყოს მძიმე... მათ სხვა გულუშურველობა ახასიათებთ. ავთანდილმა ორმაგად დაუფასა თავგანწირვა, რადგან იცის რადაც დაუჯდა ეს, სიკვდილს რომ უდრიდა და შესაფერისადაც უზღო - სამოცი თვალ-მარგალიტიც დაამატა დაპირებულ ოქროს. ავთანდილის ყველა ნაბიჯი ღირსებიდანაა და თუ არ ამეტებს, არვის აკლებს რამეს... რა მოხდებოდა, თუკი ვეზირი ეტყოდა სპასპეტს - შენი ოქრო იყოს შენთანო, მკითხველისთვის ეს საამო იქნებოდა, მაგრამ სინამდვილე ხომ ასეთიცაა. ესეც ცხოვრების ერთი მხარეა. ასეთი იდეალიზაციაც ყოველთვის არ ხდება. ავთანდილი, ფრიდონი, ტარიელი რასაც იუკადრისებს, ის სხვისთვის ყოფითი ნორმაა. ამ ფსიქოლოგიური წიაღსვლებითა და ნიუანსებითაცაა პოემა სანიმუშო შედევრი.

სხვადასხვა ცნობიერების ადამიანებს გვიჩვენებს რუსთაველი, ტრაგიკული შედეგებიც აქედანაა... ხატაელთა სიმუხთლე, ვაჭართა ანგარიშიანობა, ქაჯთა გრძნეულება- დემონურთან წილნაყარობა, ხადუმთა მცველობა, ხვარაზმშა თუ ჭაშნაგირი- ეს არის ის ანამღვრევი სამყარო, ცოდვასთან ნაზიარები, ბილწი, რომელთა შემუსვრით, თავდახსნით, იდეალური გარემო და წონასწორობა აღდგება, სამართლიანობა, კანონზომიერება ივანებს.                                                                            სიყვარულსა და სიკეთის გმირებშია უმაღლესი თავისუფლებაც. ვერ იმარჯვებს სხვა ცნობიერება... უბედურია ის გარემო, სადაც ამის საპირისპირო გაიმარჯვებს. ამ სიბრძნეს კი  საღი გონება სჭირდება. ’’ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია’’ -ეს მხოლოდ ჯანსაღი საზოგადოების შესაძლებლობაა, ამისთვის ერთობლივი ნებაა საჭირო. ერთადერთი რასაც არ უნდა აცდე ეს სიკეთის გზაა, სიკეთე კი თავგანწირვაა.