Feedback

ნანა მიქელაძის ბლოგი: საქართველოში დავლურს უვლის სიკვდილის ანგელოზი

  /   ნანახია 187 ჯერ

ნანა მიქელაძის ბლოგი: საქართველოში დავლურს უვლის სიკვდილის ანგელოზი

 

                            
                                                                 -ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს?-კითხულობს მოხუცი ქალბატონი     
                                                                 - ეს ვარლამის გზაა, ეს ტაძართან არ მიგიყვანს                                                                                                                                         ...არა?.. მაშინ რა საჭიროა იგი? რის მაქნისია გზა, თუკი ტაძართან არ მიმიყვანს?

ტყიბულში ‘დასრულდა’ საპროტესტო აქცია, რომელიც მიმდინარეობდა დაახლოებით ათი დღის განმავლობაში მინდელის სახელობის მაღაროშიდატრიალებული მორიგი ტრაგედიის გამო-სავარაუდოდ თერმული აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და უმძიმესი დამწვრობა მიიღო ექვსმა მაღაროელმა. აქციას  ‘მასიური’ ხასიათი მიეცა მას შემდეგ,რაც ყველა გარდაცვლილი მიაბარეს მიწას.პროტესტის მონაწილეებს შეუერთდნენ დაღუპულთა ოჯახების წევრებიც. ამ ადამიანებმა გამონახეს თავის თავში ძალა და დადგნენ იმათ გვერდზე, ვინც ცდილობდა მათ უბედურებაზე საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ყურადღება კი ერთმა თვალშისაცემმა გარემოებამ ნამდვილად მიიქცია-ეტყობა იმდენად ‘მიეჩვია’ მთელი ქვეყანა და თვითონ ამ ქალაქის მოსახლეობა ლამის ყოველ მეორე თვეს მაღაროებში ადამიანების ჩახოცვას, რომ მეზობლის, მოძმის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია აქ უკვე აღიქმება როგორც ‘სხვისი ჭირი...’,თორემ როგორ შეიძლებოდა მთელი ტყიბული არ დამდგარიყო ფეხზე.

სრულიად საქართველომ გაიგო და დაინახა, თუ რა გაუსაძლისი მდგომარეობაა ამ მაღაროებში, როგორ არის უარყოფილი უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რამდენად კაბალურ პირობებში უწევთ შრომა აქ დასაქმებულ მაღაროელებს...და მიუხედავად ამისა, მიწის სიღრმეში 300-400 მ-ზე ყოველი ჩასვლისას ეს ადამიანები სასწორზე დებენ ყველაზე ძვირფასს რაც კი გააჩნიათ-საკუთარ სიცოცხლეს. რატომ აკეთებენ ამას?. ..იმიტომ, რომ მათ რეალობაში ეს არის ერთადერთი საშუალება გამოკვებონ საკუთარი ოჯახები, და-ძმა, ღრმად მოხუცი ბებია-ბაბუა.სამწუხაროდ,რისკი სიცოცხლესთან ძალიან ხშირად შეუთავსებელი ხდება. გამომდინარე აქედან, ისმება შეკითხვა-ვინ არის დამნაშავე? ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე-მაღაროს მეპატრონე, მთავარი ინჟინერი, ცვლის უფროსი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი-ერთეულ შემთხვევაზე რომ გვქონოდა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ესენი, სულ მცირე, ტრაგედიიდან რამოდენიმე საათში აღარ უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულ თანამდებობებზე,მაგრამ პრობლემა გაცილებით ღრმა და ყოვლისმომცველია-საყოველთაო განუკითხაობა, დაუსჯელობის სინდრომი, შერჩევითი სამართალი, ნიჰილიზმი, აბსოლუტური გულგრილობა ქვეყნის ბედის მიმართ. აქედან გამომდინარე პასუხი ცალსახაა-საქართველოს არ ყავს პატრონი, არ ყავს მთავრობა, რომელსაც მთლიანად უნდა აეღო პასუხისმგებლობა თავის თავზე, არ ყავს ოპოზიცია, რომლის პირდაპირი მოვალეობაა საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვა და არა პარლამენტში ჯდომა ან საპარლამანტო მანდატებისთვის ბრძოლა,არ ყავს პარლამენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ უნა ყოფილიყო ბრმა,ყრუ და მუნჯი ქვეყანაში მიმდინარე ლამის აპოკალიპსური მოვლენების მიმართ და არ დაკავებულიყო მხოლოდ საკუთარი გუნდის კეთილდღეობით. არასამთავრობოები?-მათ ხელფასს უცხო ქვეყნების მთავრობები, ჩვენი ღრმა რწმენით, არა საკუთარი ორატორული ხელოვნების დახვეწისთვის უხდიან,არამედ სწორედ მსგავს შემთხვევებში განგაშის ატეხვისთვის, ქვეყანაში რეალური და არა ვირტუალური დემოკრატიის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის. სახალხო დამცველი, სამართალდამცავი ორგანოები_სად არიან? რა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტით არიან დაკავებულნი?...ერთმა ღმერთმა იცის. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სადაც არ უნდა იყვნენ ესენი და რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ვარლამის გზას ადგანან. ამ გზას კი არც ისინი და მითუმეტეს არც ბედის უკუღმართობით მათ ხელში ჩავარდნილი ქვეყანა მიყავს ტაძრისკენ.