Feedback

ნანა მიქელაძის ბლოგი: დილა მშვიდობისა, საქართველო!

  /   ნანახია 318 ჯერ

ნანა მიქელაძის ბლოგი: დილა მშვიდობისა, საქართველო!

გამთენიისას კიდევ ოთხი მაღაროელი დაიღუპა და ექვსი დაშავდა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში (ბოლო ორი თვის განმავლობაში თექვსმეტი მსხვერპლი)- გვაუწყებენ დილის საინფორმაციო გამოშვებები. შემდეგ ვინაცვლებთ სასამართლო დარბაზსა თუ პოლიციაში. აი, დაახლოებით ასეთი ახალი ამბებით იწყება ყოველი „მშვიდობიანი“ დილა საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ანუ საშუალო და საშუალოზე დაბალი ფენებისათვის უკვე რამოდენიმე წელია. სულ სხვა „საზრუნავი“ აქვთ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ - ზაფხული, შვებულება, ტურისტული სეზონი, ზღვა, მთა, მაღალი მოდის კვირეულები, „ლუქები“, „ივენთები“, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც საფრანგეთმა ფინალში დაამარცხა ხორვატია, საქართველოზე ოდნავ დიდი (4.7მლნ მოსახლეობით) ახალგახრდა ევროპული ქვეყანა...მაგრამ ასეთი მარცხი ინატროს ბევრმა-ზეიმობდა დიდი და პატარა, ჩინიანი და უჩინო, თვით ხორვატების პრეზიდენტი - თავსხმა წვიმაში უქოლგოდ დარჩენილი ეროვნული ნაკრების მაისურში გამოწყობილი ახალგაზრდა მომხიბლავი ქალი მტრის გულის გასახეთქად, გულწრფელად ზეიმობდა მსოფლიო და მათ შორის ხორვატების გულანთებული ქართველი ქომაგი, ვიღაცამ შესაძლოა გაუბედავად წაიოცნება კიდეც-ეგებ როდისმე ჩვენც გვეღირსოსო მსგავსი მარცხი...

ხალხო, ერო, ქართველებო, რა ხდება! კაცობრიობა სხვა მიმართულებით მიდის, ჩვენ ორბიტას ვართ აცდენილები... საღი განსჯის უნარი დავკარგეთ თუ არც არასოდეს გვქონია, სულ დავჩლუნგდით, გარშემო სიკვდილის აჩრდილი დაძრწის, ჩვენ კი სოროებში ვიმალებით...ვამეტებ, ვამუქებ...მოუსმინეთ ნებისმიერ საინფორმაციო გამოშვებას დილით, შუადღით, საღამოს: დაიღუპნენ და მძიმედ დაშავდნენ მაღაროელები; მდინარეში იპოვეს მამაკაცის გვამი; უმოწყალოდ დახოცეს ახალგაზრდა ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი ოთხი წლის შვილი (ახლა, ტრაგედიიდან ორი კვირის შემდეგ „ვარაუდობენ“, რომ „შესაძლოა“ ლორა სმიტი გააუპატიურეს) ღმერთო, ამაზე სამარცხვინო განცხადება შეიძლება გააკეთონ „სამართალდამცავებმა“; არასრულწლოვანთა ორგანიზებული ჯგუფები ამსხვრევენ ვიტრინებს, ძარცვავენ ელექტრონიკის მაღაზიებს , მაგრამ მათ ვერ აკავებენ, რადგან აღარ არსებობს მარეგულირებელი ბერკეტი, დიახაც ქალბატონმა იუსტიციის მინისტრმა იხელმძღვანელა რა ყველაზე „ჰუმანური“ პრინციპებით, ეს ბავშვები ხელშეუხებლბი გახადა, მერე რა რომ  დაუსჯელობის სინდრომით „დაავადებული“ მოზარდები ხვალ პოტენციური კრიმინალები არიან. ზრდასრულობაში მათი დაჭერა აღარც პრობლემა იქნება და საქმეშიც ჩაეთვლებათ; „დათო სარალიძის მკვლელობის შემსწავლელმა კომისიამ“ განაახლა არასრულწლოვანთა დაკითხვა დახურულ ფორმატში „მოზარდების ინტერესებიდან „ გამომდინარე. მან მუშაობა უნდა დაასრულოს ივლისის ბოლოს, დასკვნას კი დადებს აგვისტოს ბოლოს (ამასობაში საპრეზიდენტო არჩევნებიც მოგვისწრებს): სტიქია თავის მხრივ ბობოქრობს-წყალმა წალეკა ჭუბერის ხეობა, რაჭა, ტყეები იწვის სვანეთში ნუ იტყვით და მეხის დაცემის გამო, თუმცა, თუ დააკვირდებით ზემოდან გადაღებულ კადრებს და ცეცხლის კერებს, ამ ოფიციალურად გავრცელებულ ვერსიაში აუცილებლად უნდა შეგეპაროთ ეჭვი. ეს უბედურებები, რაც დღეს გვჭირს, თორემ გუშინდელი რაღა მოსატანია...მაგალითად ის, რომ დაიღუპა კიდევ ერთი მშობიარე ქალი, სხვას მშობიარობის შემდეგ დაემართა პერიტონიტი იმიტომ, რომ ორგანიზმში დაუტოვეს დოლბანდი; ორი წლის ბავშვი სიკვდილს გადაურჩა მხოლოდ ფრანგი ექიმების წყალობით, რომლებმაც ასევე ქართველი ექიმების დავიწყებული დოლბანდი აღმოუჩინეს მუცელში პატარას: ისევ მაღაროში დაღუპული ბიჭი, რომელსაც წუთებში ჰქონდა გათვლილი თავისი ყოველი დღე, თუ ვის და როგორ უნდა დახმარებოდა. ავტობანის მიმდებარედ გზის მშენებლების დაუდევრობის გამო გაჩენილ წყალსატევში დაიხრჩო ორი ბავშვი; ინტერნეტთამაშებს შეეწირა ათობით მოზარდი, მაგრამ ამით არავინ დაინტერესებულა, სათამაშო ბიზნესის მსხვერპლი გახდა ათობით ახალგაზრდა და არა მარტო, ბიონარკოტიკებმა ბევრ მშობელს დაარქვა შვილმკვდარი და ა.შ და ა.შ.  ახლა“ საზღვრისპირა“ სოფლების ყოველდღიურობა-თანამედროვე “ლეკიანობა“-იტაცებენ ეკლესიაში მიმავალ მოზარდებს, მღვდლებს,მწყემსებს, 94 წლის მოხუცს და მერე უკეთეს შემთხვევაში ვიღაცეების დახმარებით, გადარეკვით,  გამოსასყიდით (ჩვენს ქვეყანაში ფულს ვუხდით მომხდურებს ჩვენივე მოქალლაქეების გასათავისუფლებლად) გვიბრუნებენ ამ გასაცოდავებულ ადამიანებს, უარეს შემთხვევაში კი ნაწამები ვაჟკაცის არჩილ ტატუნაშვილის სხეულიც კი სახვეწარი გვიხდება...(ღმერთო, დავპატარავდით, დავმონავდით...და შეგვინდე). ისე სხვას, თუნდაც ჩვენს უახლოეს სამეზობლოში რომ ეს დამართოდა, ისეთ ამბავს ატეხდა და სამართლიანადაც, რომ ნებისმიერს დაეკარგებოდა მეორედ მსგავსის ჩადენის სურვილი, მაგრამ რადგანაც ჩვენ ისინი არ ვართ და შესაშური „მოთმენის“ უნარითაც ვართ "დაჯილდოებუნი", გვყავს აგრეთვე კოდორის "გამშვებ პუნქტზე" დღისით, მზისით უამრავი თვითმხილველის თვალწინ უცერემონიოდ ჩაცხრილული გოჩა ოთხოზორია და კიდევ მრავალი. სინამდვილეში, ეს ყველაფერი კარგა ხანია მოვინელეთ და "გამჭრიახი" პოზიცია-ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წყალობით საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევის და სიბრალულის გამოწვეის "მძლავრ იარაღადაც" კი ვაქციეთ ეს ჩვენი მკვდრები- ამისთვის შეიმნა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია.

 ცხრამეტი წლის პანკისელი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა ცალკე ისტორიაა-ბიჭი მძინარე ლოგინში ჩაცხრილეს ტერორიზმის ბრალდებით და ამცნეს კიდეც საზოგადოებას განსაკუთრებით საშიში დამნაშავის გაუვნებელყოფის შესახებ, მტკიცებულებად მისი სატელეფონო მიმოწერა აგვაფარეს თვალებზე...საბრალო ბიჭი... თურმე საყვარელი გოგოსთვის ცდილობდა თავის მოწონებას...   

 ქვეყნის და საერთაშორისო უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომი ჩვენი ხელისუფლების "საქმენი საგმირონი" ამით არ მთავრდება-რად ღირს ცალხელა და ცალფეხა „ტერორისტის“ აჰმედ ჩატაევის და მისი გარემოცვის ამოჟუჟვა მრავალსადარბაზოიან საცხოვრებელ კორპუსში მთელი დღის განმავლობაში ასობით დაზაფრული ადამიანის თვალწინ. ეს "მასშტაბური" ოპერაცია, როგორც შემდეგ გვაცნობეს, თვეების განმავლობასი იგეგმებოდა, „გათვლილი“ იყო უმცირესი დეტალიც კი და მიუხედავად იმისა, რომ ერთი სპეცრაზმელის სიცოცხლეც შეიწირა , მიიჩნიეს წარმატებულად.

გავაგრძელოთ...უსასრულოდ შეიძლება. ზუსტად ვიცით, თუმცა არა, ჩვენ აღარაფერი ვიცით, უბრალოდ, სხეულის თითოეული უჯრედით ვგრძნობთ, ხვალაც იგივე იქნება, ზეგაც ან უარესიც, ამიტომ ვივითარებთ სარეცელს მიჯაჭვული მომაკვდავის ჭირისუფლის ფსიქოლოგიას...ველოდებით როდის ჩამოჰკრავს საბედისწერო ზარი...მანამდე კი ქვეცნობიერად მივდევთ ცხრა საუკუნის წინათ ნათქვამ ჩვენი გენიოსი წინაპრის სიტყვებს-„ ჭირსა შიგან გამაგრება ისრე უნდა ვით ქვითკირსა”. მაგრამ ამაშიც ჩვენეულ გაუკუღმართებულ იტერპრეტაციას ვდებთ-კი არ ვმაგრდებით, ტყავს ვისქელებთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტკივილი განგვაცდევინოს ჩვენი შვილების მასიურმა ხოცვამ, ჩვენი მოხუცების სიმწრის ცრემლებმა, ჩვენი მშიერი პატარების სხივჩამქრალმა თვალებმა...გვიკვდება საქართველო-სამშობლო, გვიქრება მომავალი, ჩვენ კი ვსხედვართ მონუსხულები, გონებაარეულები და ველოდებით... თვითონაც არ ვიცით რას, ვერ ვამჩნევთ ირგვლივ გამეფრბულ წყვდიადში ხანდახან გამომკრთალ სინათლის სხივს, თორემ როგორ შეიძლებოდა ღვთიურ ნიშნად არ მიგვეღო ზაზა სარალიძის თითქმის ბიბლიური ამბავი. ამ კაცის ცრემლებმა, ქვას რომ დაადნობდა, თითქოს საღათას ძილიდან გამოგვიყვანა, თითქოს შეგვრცხვა, როცა თავისივე თანატოლების მიერ უმოწყალოდ დაჩეხილი ბიჭის მამა უსასობისგან თავს ურტყამდა რკინის გისოსებს, რომლის მიღმა მყოფმა ბრმა თემიდას მსახორებმა კიდევ ერთხელ ჩასცეს მახვილი მის ისედაც სისხლისგან დაცლილ გულს...თითქოს...მაგრამ არა ჭესმარიტად, თორემ დიდი ხანია თვალებს გვთხრის ეს ჭეშმარიტება-ხელიდან გვეცლება სამშობლო, ერი,მამული, მომავალი. არ არსებობს ცალკეული ადამიანების სიმართლე და სამართალი, არსებობს ერთი ჭეშმარიტება-საქართველო, რომელიც მტერს მიყავს კატასტროფისკენ. ცხვრის ტყავში გახვეულ მგლების ხროვას ვატყუებინებთ თავს ჩვენთვის გადმოყრილ ნასუფრალს დახარბებულნი.

 ხალხო და არა ბრბო, ერო-ფარნავაზის, გორგასლის, აღმაშენებლის, თამარის, ერეკლეს, ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, ექვთიმეს, ქაქუცას, ჯავახიშვილის, ბერიტაშვილის, უზნაძის, ხარაძის, მელიქიშვილის, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას შთამომავალო, მერამდენედ შედიხარ ერთსადაიმავე მდინარეში, მერამდენედ უნდა გატყდეს ციხე შიგნიდან, მერამდენედ უნდა ჩაგცეს ზურგში მახვილი მოღალატე ფარსადანმა, ფარსმანმა, შადიმანმა. ისტორიულად დადასტურებულია -ქართველს ვერავინ დაამარცხებს ქართველის გარდა... ამიტომ გამოვიჩინოთ ვაჟკაცობა, თუკი კიდევ შემოგვრჩენია ამაყი სული, წინ აღვუდგეთ ამ საყოველთაო უსამართლობას, ვუთზრათ არა იმ ბრბოს, რომელსაც ჩვენ თვითონვე ჩავუგდეთ ქვეყნის სადავეები ხელში, მივბაძოთ მეზობლებს, რომლებიც გაჩენის დღიდან ჩვენ გვბაძავენ, ვაჩვენოთ ყველას, რა არის ნამდვილი დემოკრატია (რაც ქართველებს გენში გვაქვს), მოვოცილოთ "მონსტრების" გუნდი, რომლებსაც ეს ქვეყანა სათამაშო მოედნად უქცევიათ და გაყინული სახეებით მომზირალნი ვერ ხვდებიან, რამდენად ამაზრზენია მათში დაბუდებული სიყალბე. ჰუმანოიდი სოფია გვეწვია… ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი-საოცრება. სტუმარი ღვთისაა, ოღონდ ჩვენ ვერაფრით გაგვაოცებთ, პირიქით კი ნამდვილად მოგიწევთ- აქ დაგხვდებათ რობოტების მთელი გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას. თუმცა, უნდა ვაღიაროთ-ჩვენი რობოტები ინტელექტის მხრივ ჯერ კიდევ შორს არიან სოფიასგან.

და კიდევ ერთი-საქართველო არ არის არცერთი პარტიის საკუთრება, არ ყოფილა და არ იქნეა. საქართველო ქართველებისაა, ისევე როგორც თითოეული ქართველის სიცოცხლე ეკუთნის თავის სამშობლოს, და თუ მართლა ქართველები ვართ ვემსახუროთ მას უანგაროდ, დაუფიქრებლად. ჩავიბეჭდოთ თავში ლელთ ღუნიას (ერთი უბრალო მოხევის) სიტყვები-ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო, ანუ საკუთარი თავით ვიცხოვროთ და ხელს სამათხოვროდ ნუ გავიშვერთ, სხვისი დასაცინი ნუ გავხდებით, მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ, გვიხაროდეს მოძმის წარმატება, გაჭირვებაში ჩავარდნილს უმალ დავეხმაროთ რითაც შევძლებთ (ასე იქცევიან ჭკნიანი ერები) და მაშინ აღსრულდება ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ნათქვამი-საქართველო გაბრწყინდება უკუნეთი უკუნისამდე. და მაშინ იამაყებს ჩვენი მომავალი თაობა-  ძლიერი, მდიდარი, განათლებული, სტუმრის ღირსეულად დამხვედრი და მტრისთვის საკადრისი პასუხის მიმცემი, რომ დაიბადა იმ ერის შვილად, ვისი სამშობლოც არის ღვთივკურთხეული ქვეყანა-საქართველო... და მაშინ ყველას ერთად ყოველგვარი ირონიის გარეშე შეგვეძლება ამ შეკითხვის დასმა- ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?