Feedback

ციხიდან ირაკლი დოკვაძის წერილი მივიღე, რომელსაც 30 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი - ეკა ბესელიას დახმარების თხოვნით მიმართავს...

  /   ნანახია 333 ჯერ

ციხიდან ირაკლი დოკვაძის წერილი მივიღე, რომელსაც 30 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი - ეკა ბესელიას დახმარების თხოვნით მიმართავს...

ზაზა დავითაია:  ციხიდან ირაკლი დოკვაძის წერილი მივიღე, რომელსაც 30 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი - ეკა ბესელიას დახმარების თხოვნით მიმართავს... შემეძლო, ეს წერილი ეკასთვის პირად ფოსტაში გადამეგზავნა, მაგრამ ზომების მიღება მას უფრო გაუადვილდება, თუ საზოგადოების დასანახად, გამჭვირვალედ იქნება ყველაფერი:

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას 
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #15-ე დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფ
ირაკლი დოკვაძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ქალბატონო ეკა, მოგმართავთ თქვენ, რადგან ჩემს მიმართ განხორციელებულმა იურიდიულმა ცინიზმმა უკვე დანაშაულის ფორმა მიიღო. 
1992 წლიდან დღემდე, საქართველოს არც ერთ სასამართლოში არ მოიპოვება არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არც ერთი პირის მიმართ, იარაღის ძალით კანონიერი ხელისუფლების დამხობის ბრალდებით. მე კი დღეს სასჯელს ვიხდი 1992 წელს, სამხედრო საბჭოს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ბრალდებებისთვის, რომელიც იწყება სიტყვებით:
`1992 წლის 6 იანვარს, გამსახურდიამ დაკარგა რა ხელისუფლება, გაიქცა ჩეჩნეთში, სადაც ჩამოაყალიბა ბანდიტური, ტერორისტული და დივერსიული ჯგუფები~ (იხილეთ 1995 წლის 6 მარტის უზენაესი სასამართლოს განაჩენი), რაც იმას ნიშნავდა, რომ პროკურორ ანზორ ბალუაშვილის მტკიცებით, ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი კი არა, არამედ დანაშაულებრივი ჯგუფების ორგანიზატორი და მეთაური იყო. 
საქმეზე `ზ. გამსახურდიასა და სხვათა მიმართ~ უზენაესმა სასამართლომ 1995 წლის 6 მარტს მე და პეტრე გელბახიანს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა შეგვიფარდა, რითაც აღასრულა შევარდნაძის მოთხოვნა.
თქვენ გახსოვთ, რა გამოხმაურება მოჰყვა ამ განაჩენს მაშინ, მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ავტორიტეტული ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან. 
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჩვენი საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ, მოხდა ჩემი, პეტრე და გედევან გელბახიანების, ვიქტორ დომუხოვსკისა და ზაზა წიკლაურის პოლიტიკურ პატიმრებად აღიარება, რასაც დაეთანხმა ამერიკული `ჰელსინკი ვოტჩი~, ბრიტანული `ამნისტი ინტერნეიშელი~, გერმანული `აი ჯი ეფ ემი~ და ახალი ზელანდიის ადვოკატთა ასოციაცია. 
შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ, ჩვენი გათავისუფლების მოთხოვნით უმკაცრესი განცხადებები გაკეთდა საერთაშორისო არენაზე. 
დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურმა ზეწოლამ შედეგი გამოიღო და 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გავთავისუფლდით.
თქვენ იყავით ჩემი ადვოკატი 2002 წლის 4 სექტემბერს და მიცავდით პოლიტპატიმარს და არა ტერორისტს, დივერსანტსა და ბანდიტს, რაც არაერთხელ აღნიშნეთ თქვენს დაცვით სიტყვაში.
2004 წლის 9 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, მოსამართლე მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით, თქვენს მიერ შედგენილი სარჩელი დააკამაყოფილა ჩემი რეაბილიტაციისა და კომპენსაციის შესახებ, რითაც, როგორც მაშინ ჩაითვალა, წერტილი დაესვა 1995 წლის 6 მარტის დანაშაულებრივ და სამარცხვინო განაჩენს.
თქვენ იცით, რას ნიშნავს ცილისწამება. მე თქვენგან განსხვევბით არ მქონია იმის ფუფუნება, მრავალმნიშვნელოვნად გამეღიმა და წამოყენებული ბრალდებისთვის ბინძური ცილისწამება მეწოდებინა. 
ჩემს მიმართ ცილისწამებას, მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენით 30-წლიანი პატიმრობა მოჰყვა.
ვინაიდან `ქართულმა ოცნებამ~ მოსამართლეები და პროკურორები ხელისუფლების ზეწოლისაგან კი არა, არამედ სახელმწიფოსა და ერის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულობების პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა, ჩემი ადვოკატების არაერთგზის მცდელობისა და ჩემი ორჯერ თითო თვიანი შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საქმის გადასინჯვას ვერ მივაღწიე.
უფრო მეტიც, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროინდელი პოლიტიკური სურვილების მოსამართლე-ნოტარიუსები სამუდამოდ მოსამართლის მანტიით შემოსეთ, რითაც საბოლოოდ მოკალით სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობა!
თქვენს მიერ 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებული, პარლამენტის #202 `ამნისტიის კანონის~ მე-7 მუხლი არ შემეხო, რასაც მოტივად დაედო ჩემი წარსულში ნასამართლეობა(!) და ამა წლის 25 აპრილს პატიმრობიდან კი არ გავთავისუფლდი, არამედ 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მოსახდელი დამრჩა 18(!) წელი, რაც ჩემი ასაკიდან გამომდინარე, სამუდამო პატიმრობას ნიშნავს.
მე გულწრფელად გამიკვირდა, რატომ იღებდა `ქართული ოცნება~, როგორც პოლიტიკური ძალა, შევარდნაძისა და სააკაშვილისდროინდელ დანაშაულობებზე პასუხისმგებლობას, მაგრამ როდესაც გადავხედე დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობას, ძველი სახეები დღესაც მრავლად არიან წარმოდგენილნი, როგორც უმრავლესობაში, ასევე უმცირესობაში და თქვენ ერთმანეთს კოლეგებს უწოდებთ. ამიტომ ამ განცხადების შინაარსი ბევრ თქვენს თანაპარტიელს თუ ოპონენტს გააღიზიანებს, რადგან 1992 წლის სამხედრო-კრიმინალურ, ერის მიმართ ჩადენილ დანაშაულობებში, სხვებთან ერთად საკუთარ თავსაც ამოიცნობს!
პირადად ჩემთვის არც დღევანდელი ხელისუფლებაა ლეგიტიმური, რადგან არც უზენაეს საბჭოს არ გამოუცხადებია თვითლიკვიდაცია და არც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია არ გადამდგარა. ხელისუფლებისთვის კი სწორად და სამართლიანად ჩატარებული არჩევნების გარდა, სამართალმემკვიდრეობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
1992 წლიდან დღემდე, ყველა ხელისუფლება, სამხედრო გადატრიალების საშუალებით მოსული ხელისუფლების სამართალმემკვიდრეა. გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს კოლაბორაციონისტურად მოქმედი ცალკეული დეპუტატების არჩევნებში მონაწილეობა კი, მხოლოდ მათ მერკანტილურ ინტერესებზე მეტყველებს და არა ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე!
მე ვიბრძოდი კონსტიტუციური, პოლიტიკურ-სამართლებრივი რეჟიმის აღსადგენად და ვებრძოდი უკანონო, შეიარაღებული გადატიალების გზით, ხელისუფლების სათავეში მოსულ დამნაშავე ხელისუფლებას! საყოველთაოდ აღიარებული სტატუსით, მე ვითვლებოდი პოლიტიკურ პატიმრად და, ამდენად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ვიყავი უდანაშაულო.
ვინაიდან ჩემს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას აფერხებს მხოლოდ 1995 წლის 6 მარტის სამარცხვინო და პოლიტიკური ნიშნით გამოტანილი განაჩენი, მოგმართავთ თქვენ, პარლამენტის წინაშე დააყენოთ ჩემი პოლიტიკურ პატიმრად ცნობისა და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.
პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძე
2018 წლის 25 ივნისი