Feedback

კონსტანტინე ფოჩხიძე: ლუსტრაცია - ისტორიული აუცილებლობა და არსებული რეალობა, ექსკლუზიურად PKTV-სთვის

  /   ნანახია 454 ჯერ

კონსტანტინე ფოჩხიძე: ლუსტრაცია - ისტორიული აუცილებლობა და არსებული რეალობა, ექსკლუზიურად PKTV-სთვის

კონსტანტინე ფოჩხიძე, პოლკოვნიკი

ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი

სტატია დაწერილია 2006 წელს

 

ლუსტრაციის თემა პოლიტიკურ სპექტრში დისკუსიის საგანია, საკუთარ ექსპერტებზე დაყრდნობით, გთავაზობთ საფძვლიან ანალიზს ლუსტრაციის ისტორიული აუცილებლობისა და  არსებული რეალობის შესახებ.

პრობლემის არსი:

ლუსტრაციის თემა პირდაპირ კავშირშია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ საფრთხეებთან და არ შეიძლება მისი განხორციელების შესახებ მსჯელობა იმ გარემოებების გარკვევის გარეშე, თუ არსებულ გამოწვევებს რამდენად უწყობს ხელს ამჟამად შექმნილი ვითარება და რა პრაქტიკულ შედეგებს მოგვცემს ლუსტრაციის პროცესის დაკანონება.

საბჭოთა კავშირის ერთიანი სახელმწიფოს დაშლის პროცესი, რომლის შედეგადაც პოსტ-საბჭოურ სივრცეში წარმოიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოები - ისტორიული კანონზომიერებაა, რაც განპირობებული იყო საბჭოთა იდეოლოგიის კრახითა და დემოკრატიული განვითარების აუცილებლობით. სისტემური ნგრევა განიცადა ტოტალიტარიზმმა და მისმა სახელმწიფო აპარატმა, რომლის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენდა ე.წ. 'სუკ-ი' (კგბ).  'სუკ-ი'  იყო მისი წინამორბედების - 'გპუ'-სა და 'ენკავედე'-ს სამართალმემკვიდრე სპეციალური სამსახური, რომელიც 70 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა სსრკ-ს სახელმწიფო იდეოლოგიის შენარჩუნებას. მისი მოქმედების არეალი განისაზღვრებოდა არა მარტო სსრკ-ს შიდა, არამედ მის საზღვრებს გარეთ არსებული ტერიტორიებითაც. ის აწარმოებდა დაზვერვასა და კონტრდაზვერვას სსრკ-ს სასარგებლოდ,  ატარებდა აქტიურ აგენტურულ-ოპერატიულ ღონისძიებებს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

'სუკ-ის'  ორგანიზაციული სტრუქტურა მოიცავდა: დაზვერვის, კონტრდაზვერვის, სამხედრო კონტრდაზვერვის,  ოპერატიულ-ტექნიკურ, გარემეთვალყურეობისა და  კორესპონდენციის პერელუსტრაციის , ანალიტიკურ და სპეციალური ოპერაციების დანაყოფებს. ასევე, მოკავშირე რესპუბლიკების 'სუკ-ის'  დანაყოფებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ერთიან სისტემაში. 70 წლის განმავლობაში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (სუკი) დაკავებული იყო აგენტურული პოზიციების შექმნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ოპერატიული პოზიციები იყო მყარი გარანტი 'სუკ-ის'  წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის საქმეში. გადაბირება წარმოებდა იდეურ-პოლიტიკურ, მატერიალურ და მაკომპრომიტირებელი მასალების საფუძველზე. ყველა შემთხვევაში იქმნებოდა შესაბამისი საქმეები, რომლებიც ინახებოდა 'სუკ-ის'  განყოფილებებში და არ ნადგურდებოდა გადაბირებული პირის სიკვდილის შემთხვევაშიც. ამასთან, მოკავშირე რესპუბლიკების დანაყოფების არქივი დუბლირებული იყო ცეტრში - ქ. მოსკოვში.

სსრკ-ს დაშლის შემდგომ წარმოქმნილმა რამოდენიმე დამოუკიდებელმა ქვეყანამ ( ბალტიისპირეთის ქვეყნები) მოახერხა  'სუკ-ის'  არქივების შენარჩუნება, რასაც ლუსტრაციის კანონის უპრობლემო მიღება მოყვა. რაც შეეხება საქართველოს, 1990-იანი წლების დასაწყისში სსრკ-ს რღვევის პროცესში, საქართველოს 'სუკ-ის'  მაღალჩინოსნების ხელშეწყობით, ქალაქ სმოლენსკში გატანილ იქნა საარქივო საქმეები. საქართველოს 'სუკ-ის' სამართალმემკვიდრე ორგანოებმა ვერ მიიღეს საქართველოს მოქალაქეებზე მათი უშიშროების ორგანოებთან თანამშრომლობის დამადასტურებელი საარქივო მასალა, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას. აღნიშნული გარემოება იქცა მთავარ მუხრუჭად დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ლუსტრაციის კანონის მისაღებად. პოსტ-კომუნისტური ეპოქის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თავი იჩინა ლუსტრაციის განუხორციელებლობის შედეგებმა. სსრკ-ს 'სუკ-ის'  ოპერატიულმა წყაროებმა შეაღწიეს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იქცნენ გავლენის აგენტებად, რომლებიც პირდაპირ და ირიბად მოქმედებდნენ სსრკ-ს სამართალმემკვიდრე ქვეყნის  - რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ. ამ პერიოდში განვითარებულ მოვლენებში აღნიშნულმა კონტინგენტმა დიდი როლი ითამაშა.

ლუსტრაციის ხარისხიანი განხორციელების ისტორიული აუცილებლობა, ხსენებული გარემოებების გამო, ამჟამადაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი რჩება. მთელი დატვირთვა უცხო ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობის  გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთის ღონისძიებება დამოკიდებული გახდა კონტრდაზვერვის სამსახურის ეფექტურ მუშაობაზე და საქართველოს დაზვერვის პოტენციალზე. ამასთან, გასათვალისწინებელ ფაქტორად რჩება მეტად მნიშვნელოვანი გარემოება იმის შესახებ, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე აგენტურის გადაბირებას აწარმოებდა სსრკ-ს 'სუკ-ის'  მე-3 მთავარი სამმართველო (ამჟამად სამხედრო კონტრდაზვერვის წინამორბედი), რომელიც არ ექვემდებარებოდა მოკავშირე რესპუბლიკების  უშიშროების კომიტეტებს და სსრკ-ს შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველო  ე. წ. 'გრუ', რომელთა მიერ გადაბირებულ პირებზე შექმნილი დოკუმენტაცია არ ილექებოდა მოკავშირე რესპუბლიკების 'სუკ-ის'  დანაყოფებში, არამედ იგზავნებოდა სსრკ-ს 'სუკ-ის'  და 'გრუს' სათაო დაწესებულებებში.  აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის მთავარ საფრთხეს სწორედ ეს აგენტურული აპარატი წარმოადგენს. მათი ლუსტრაცია კი მხოლოდ კანონის მიღებით შეუძლებელია და მოითხოვს მუდმივ გამართულ მაღალხარისხოვან კონტრსადაზვერვო პროცესს, კონტრსადაზვერვო და სადაზვერვო დაწესებულებათა კოორდინირებულ საქმიანობას.

ლუსტრაციის კანონზე მსჯელობის პროცესში გასათვალისწინებელია ასევე მნიშვნელოვანი რისკ-ჯგუფები, რომლებიც აუცილებელ ოპერატიულ მეთვალყურეობას საჭიროებს. ასეთი აგენტურა შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად:

ა) ყოფილი სსრკ-ს 'სუკ-ის'  მე-3 სამმართველოს და ე.წ. 'გრუს' აგენტურული აპარატი;

ბ) ყოფილი სსრკ-ს 'სუკ-ის'  პირველი სამმართველოს დაზვერვის აგენტურული აპარატი, რომელიც ძირითადად საზღვარგარეთ მარშრუტირებისას გამოიყენებოდა;

გ) 1980-იანი წლების შემდგომ გადაბირებული აგენტურული აპარატი (სსრკ-ს ყველა სპეცსამსახურის), რომლებიც დღეს, სავარაუდოდ, შეიძლება იყვნენ საშუალო ასაკის;

დ) სამეცნიერო წრეებიდან გადაბირებული აპარატი;

ე)  სსრკ-ს 'სუკ-ის'  მე-5 სამმართველოს (იდეოლოგიური კონტრდაზვერვის) აგენტურული აპარატი.

მნიშვნელოვანია საბჭოთა მენტალობის მატარებელი რისკ-ჯგუფებიც:

ა)  სსრკ-ს 'სუკ-ის'  ყოფილი თანამშრომლები;

ბ) პარტიული და საბჭოთა ნომენკლატურა;

გ) საბჭოთა ინტელიგენცია.

თუ გავაანალიზებთ ზემოთ ჩამოთვლილ რისკ-ფაქტორებს, აგენტურული აპარატიდან 'ა' პუნქტით გათვალისწინებული ჯგუფის ლუსტრაციის კანონით ლუსტრირება შეუძლებელია., რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, ლუსტრირება მხოლოდ ნაწილობრივადაა შესაძლებელი.

მთავარი არგუმენტი: შესაძლო სასამართლო დავები სამუშაო და პირადი საქმეების არარსებობის პირობებში დამთავრდება ლუსტრაციის ორგანოს სავარაუდო მარცხით.

რაც შეეხება საბჭოთა მენტალობის რისკ-ჯგუფებს, საქართველოს ძალოვანი უწყებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდნენ სსრკ-სდროინდელი  'სუკ-ის' ოფიცრებისგან, რომლებიც ამჟამადაც მრავლად არიან აღნიშნულ სტრუქტურებში.

პარტიულ და საბჭოთა ნომენკლატურასთან მიმართებით შეიძლება გავივალისწინოთ 1980-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ვითარება, კერძოდ, ის გარემოება, რომ სსრკ-ს 'სუკ-ის'  თავმჯდომარის სპეციალური განკარგულების საფუძველზე, 'სუკ-ის'  ორგანოებს აეკრძალათ პარტიულ და საბჭოთა ნომენკლატურის რიგებიდან უშიშროების სამსახურის სასარგებლოდ პიროვნებათა გადაბირება, რაც მათ შორის აგენტურის არსებობის მცირე შესაძლებლობას მაინც ტოვებს 'სუკ-ის'  სპეციფიკიდან გამომდინარე.

საბჭოთა მენტალიტეტის რისკ-ჯგუფი - საბჭოთა ინტელიგენცია მუდმივად გახლდათ იდეოლოგიური კონტრდაზვერვისა და ე.წ. 'პგუ'-ს ყურადღების ობიექტი, საბჭოთა იდეოლოგიის შენარჩუნების მთავარი იარაღი.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პრობლემა სავსებით ნათელია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი საქართველოს დაუბრუნებს გატანილი აგენტურული საქმეების არქივებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლუსტრაციის კანონის მიღება მაინც რჩება ისტორიულ აუცილებლობად. კანონმდებლებმა უნდა გაითვალისწინონ სტატიაში მოყვანილი არგუმენტები, საზოგადოებამ კი უნდა იცოდეს, რომ ლუსტრაცია არ არის ერთჯერადი აქტი, არამედ იგი დაკავშირებულია ლუსტრირების მუდმივ პროცესთან და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს სპეცსამსახურების ეფექტურ საქმიანობაზე.