Feedback

კასპში ახალგაზრდები პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ

  /   ნანახია 396 ჯერ

კასპში ახალგაზრდები პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ

რა მოხდა 21 მაისს კასპში - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის სამმართველოს თანამშრომლების უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომის ფაქტების ადგილზე შესწავლა დაიწყო.

საქმე ეხება ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 21 მაისს კასპში რესტორან „აგურებში" პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ინიციდენტის სავარაუდო მონაწილეები, ირწმუნებიან, რომ პოლიციის თანამშრომელმა ახალგაზრდებთან შეხლა-შემოხლის დროს იარაღიც გაისროლა.

მათივე თქმით, პოლიციელები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ რესტორნაში შეკრებილ ახალგაზრდებს, რომლებიც მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. „თრიალეთის“ ცნობით, ნაცემია ინციდენტის მონაწილე ორი პოლიციელი.

გუშინ კასპში პოლიციის განყოფილებასთან, სადაც ინციდენტის მონაწილეები დაკითხვაზე დაიბარეს, ახალგაზრდები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ისინი კასპის პოლიციის უფროსის იოსებ მურადაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ, რადგან ახალგაზრდების თქმით, რესტორან „აგურებში“ მომხდარი ინციდენტი მხოლოდ ერთი ეპიზოდია. ისინი ყოველდღიურად განიცდიან პოლიციის მხრიდან ზეწოლას.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან სამეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კასპში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის სამმართველოს თანამშრომლების უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომის ფაქტების ადგილზე შესწავლა დაიწყო.

ბოლო დღეებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც კასპის ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე საუბრობდნენ.

გამოიკითხა კასპის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები და დაგინდა, რომ მათ ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის ფაქტები არ იკვეთება. ასევე გამოიკითხნენ აქციის მონაწილეები, რომლებმაც სამართალდამცველების მიერ 
კანონდარღვევის კონკრეტული ფაქტები ვერ დაასახელეს.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს, მათ უარი განაცხადეს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. 22 მაისს კასპში საზოგადოებრივი თავშეყრის ერთ-ერთ ადგილზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კასპის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.