Feedback

ლალი ბარძიმაშვილი: ''რატომ კარგი აგიგია'' ანუ დიდოსტატის ხვედრზე! უცნობი ფაქტები ექსკლუზიურად PKTV.GE-სთვის

  /   ნანახია 705 ჯერ

 ლალი ბარძიმაშვილი: ''რატომ  კარგი აგიგია''  ანუ დიდოსტატის ხვედრზე! უცნობი ფაქტები ექსკლუზიურად PKTV.GE-სთვის

''ხელოვნებაა თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი.'' - ისევ ხმიანობს და ისევ მეორდება ხელოვანის ტრაგედიაც... ამჯერად,  სამიზნე თავად მწერალი აღმოჩნდა, (თავის გმირივით),  და ერთ დღესაც მოულოდნელად კვიმატი აზრი გაკრთა, ვერ დაფრთიანდა, მაგრამ ითქვა ის, რაც სინამდვილეს არამცთუ არ შეეფერება, ''საარაკო სისულელეა'', (მიხ. ჯავახიშვილისა არ იყოს).

ახალგაზრდებთან შეხვედრისას, კონსტანტინე გამსახურდია, ლევან გოთუა და  ლევან სანიკიძე  ათეისტებად  გამოაცხადა დეკანოზმა ლევან მათეშვილმა, (ვიდეომასალა  ამ გამოსვლის  იუთუბზეა). ლევან გოთუაზე მიმართეს რა მას პროტესტით, შესწორდა  და ამოღებულ იქნა. ძალიან უხერხული ფსევდობრალდებაა და  ფაქტობრივი მასალით დავადასტურებთ. (გადაცემაც მივუძღვენი ამ  თემას).

 ახლა დაწვრილებით იმაზე, რაც სრულიად საპირისპიროს ადასტურებს:

''წავალ, ვემთხვევი მაცხოვარის წამებულ სხეულს.''

(კონსტანტინეს ლექსიდან ''მარია სტელლა'').  ცხადია, ათეისტი ამას ვერ დაწერდა.  -''განა, მან არ გაუგზავნა თხოვნის ბარათი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში კალინინს, როდესაც მთავრობამ სიონის ტაძარს უზარმაზარი გადასახადი შეაწერა და ტაძარს დახურვა ემუქრებოდა? კალინინმა თხოვნა შეისმინა და გადასახადი მოახსნევინა.'' -  მერაბ კოსტავას წერილიდან მწერალზე. გაუსინჯავად თქმული კი ადამიანის ღირსების შემლახავია და ცოდვაც... ახლა  კი ის ფაქტები, რაც  შესულია  მე-20 საუკუნის  ლიტერატურის ისტორიის  სახელმძღვანელო წიგნში, აკადემიკოსის - რუსუდან ნიშნიანიძის მიერ:

1. კონსტანტინემ  ჯერ კიდევ  მოწაფეობისას, დადო ფიცი საფიჩხიას ეკლესიაში -  სამშობლოს  ხსნის რუსეთისგან.

 2. მან შექმნა პირველი საიდუმლო ორგანიზაცია ''ცხრა მუხა,''  ასევე  მოწაფეობისას და ოცხელმა იხსნა პატიმრობისგან.

3. კონსტანტინე გამსახურდიამ გადაუხადა  საეკლესიო  პარაკლისი  გარდაცვლილ კლასიკოსს -  გრიგოლ რობაქიძეს  სვეტიცხოველში, სადაც  მისვლა  ვერ  გაბედეს, მიწვევის მიუხედავად. მოძღვართან ერთად მხოლოდ მწერალი იდგა და ასევე, მწერლის და - ლიდა რობაქიძე.  აღნიშნული ფაქტი  არაერთ  სამეცნიერო გამოცემაშია და კოლაუ ნადირაძის მოგონებაც ადასტურებს. დიდი ღირსების  ამ დიად ფაქტზე, აგრეთვე, მერაბ კოსტავაც  წერს  წერილში - ''გამოსათხოვარი.'' კონსტანტინემ  გადაუხადა  სულის  მოსახსენებელი პანაშვიდი  ექვთიმე  თაყაიშვილსაც, სიონში.

''დიდოსტატის  მარჯვენა'' კი  ალეგორიული ხასიათის ნაწარმოებია და მწერალმა  მხოლოდ  ზერელე,  ფორმალური  მიდგომა გააკრიტიკა, რუსეთისგან  ერთმორწმუნეობა ხომ  გარეგნული  ნიღაბი იყო მხოლოდ. ამ შემთხვევაში, ბერძენიც  რუსის ალეგორიაა, (კრიტიკოსთა თანახმად). ქრისტიანობა, როცა  საფარველია, მოჩვენებითია - ეს  ხაზი გამოკვეთა... ერთდროულადაა რომანში: -  დიდი ენერგიით დაძრული მშენებლობა სვეტიცხოვლის, რაიც ერის სულიერი ანაგობის სიმბოლოცაა და, მეორეს მხრივ, პასიურობა, ქვეგამხედვარობა, რაც გარედანვე შლიდა და არღვევდა საქართველოს. მართლაც, მწერლის ეპოქა ეს ხომ არ იყო თორნიკე ერისთავისა  და გრიგოლ ხანძთელის დროინდელი აქტიური სულის  საქართველო.

 ''დავით  აღმაშენებელი'', ''ზარები  გრიგალში'' და  ''ფოტოგრაფი'' სჯობს გაიხსენონ მწერლის რელიგიური მსოფლმხედველობის დასადგენად. ''ფოტოგრაფში''  ბოლშევიკს,  ავმოქმედს, როცა მთავარი გმირი ეუბნება: - შენ  შემაყვარე ღმერთი... ეს ძალიან მამაცური გადაწყვეტაა მწერლისგან. იმდენად არაადამიანური და მხეცური იყო ბოლშევიკის ნამოქმედარი, ამან უფრო დაბადა ღმერთის წყურვილი და სწრაფვა უფლისკენ. წითელი  სენის (წითელბატონებიც  სიმბოლურია), მძვინვარებისას კი  ჯვარს  გამოსახავს მთავარი გმირი ყველა კარებზე, ჯვარი - გადარჩენის  ნიშანი.

კვლავ მერაბ კოსტავას შეფასება: - ''უამრავი მტერი და მოშურნე ჰყავდა კონსტანტინეს ცხოვრების მანძილზე. მათ აცოფებდათ მისი შინაგანი თავისუფლება და მოუსყიდავობა. მათი შავი ხროვა ხშირად აღძრულა მის მოსაშთობად...  ებრძოდა საბჭოთა სახელმწიფო  კონსტანტინე გამსახურდიას - დაპატიმრებით, მუქარით, მწერალთა კავშირიდან გარიცხვით;  უსაფუძვლო,  მოსყიდული კრიტიკით, ჭორის ღრუბლებით.''  აქვეა  პასუხი იმ  მთავარ  ''ბრალდებაზე'', რომელსაც არაგულწრფელნი ანდა საქმეში ჩაუხედავნი, დღესაც იმეორებენ: - ''საქართველოში არსებობს ინტელიგენციის პატარა ნაწილი, რომელიც  ჩუმად გამოსთქვამს  საყვედურს სიტყვის დიდოსტატის მიმართ. ეს ის ჯგუფია, რომელიც თავს ქრისტიანად რაცხავს, ხოლო გამსახურდიას წარმართ მწერლად მიიჩნევს. ასეთები ''დიონისეს ღიმილით'' და ''მთვარის მოტაცებით'' ხელმძღვანელობენ... (საუბარია სავარსამიძესა და ემხვარზე). მაგრამ ამგვარმა მსოფლჭვრეტამ ხომ  მიიყვანა ეს გმირები კრიზისამდე?  ხომ იყო ამ გმირების ტრაგიკული ფინალი მათივე მსოფლმხედველობის ლოგიკური შედეგი?  ხომ შემოაღამდათ მათ თავიანთი ცხოვრების შუა გზაზე?. .ვინც დიდოსტატი არსაკიძის კათარზისს, მისი  შინაგანი ფორმირებისა და სრულყოფის გზას ქრისტიანობის გარეშე განიხილავს, მას წარმოდგენაც არ გააჩნია  ამ დიად ცხოვრებისეულ პრაქტიკაზე. კიდევ მეტიც, კონსტანტინე გამსახურდია სულ სხვა გზით და უფრო ახლო მოვიდა მწერლობაში ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან...  თავისუფლების იმპულსით.  შესაქმის პირველივე თავები გვამცნობენ, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად თავისად. თუკი ადამიანი ხატია ღვთისა, მასში უმთავრესი ღირსება შესაბამისად იგია, რაც უმთავრესია ღვთაებაში, ღმერთში კი  უპირველესია სიყვარული, თავისუფლება და აქტიური შემოქმედებითი უნარი. არსაკიძეში ძალმოსილადაა წარმოჩენილი ამ უნართა გრადაცია... თავად უშინაგანესი ქრისტიანული აქტი: დიდოსტატმა ხომ შესწირა  სული  სვეტიცხოველს?... (ეს უკავშირდება გოლგოთის მისტერიასაც). აღარაფერს ვიტყვით მისი შემოქმედების მწვერვალზე ''დავით აღმაშენებელზე'', სადაც მწერალი ქრისტიანობის საიდუმლოთა უფსკრულებს სწვდება, ამისათვის დაე, მომავალმა იღაღადოს.'' - დაასკვნის მერაბი  აღნიშნულ  წერილში და ესაა მართლაცდა, სეფე-სიტყვა მავანთათვის თუ მოყვრისათვის.

  ყოველ კვირას, ჩოხით, ეროვნული სამოსით, ესწრებოდა წირვას სვეტიცხოველში კონსტანტინე - დენდი და რაინდი ქართული კულტურისა და სულიერების. გთავაზობთ საგულისხმო  ამონარიდს  მისი  წერილიდან:-''ღმერთმა  ინებოს, ჩემი  ცისკრის ქვეყანა გაბრწყინებული და  ლაზარესავით  აღდგინებული მენახოს მარადჟამს, რამეთუ  მრავალტანჯული ქართველი  ხალხი  ამ  უდიდეს  ბედნიერებას  ნამდვილად  იმსახურებს.'' (წიგნიდან - ''კოლხური  კოშკის  ქრონიკები''). 

''მთვარის მოტაცებაში'' ღმერთზე მას არაჩვეულებრივი სიტყვები აქვს გამოთქმული, საოცარი ხოტბაა  და სასოება ამავდროულად: - ''ღმერთი ფიქრსავით უხილავი, ცეცხლსავით ხელშეუხებელი, წყალსავით შეუმუსრავი, ქარსავით მიუღწეველი და ზღვასავით უფსკეროა.'' (კონსტანტინე გამსახურდია).

მან  შექმნა  მცნება   მწერლობაში-''ჯვარცმული  ქვეყანა''  და  ეს სიტყვაც  ნიშანდობლივია, აზრობრივადაც და  სულიერი სურათ-ხატითაც.

იგი მოითხოვდა წმინდანად გამოეცხადებინათ ექვიმე თაყაიშვილი და ილია ჭავჭავაძე, (მათ გვერდით ასახელებდა ივანე ჯავახიშვილსაც. დღემდე ინახება ჩემს ოჯახში ეს საიუბილეო ნომერი მწერალზე, რომელშიაც ეს მასალაა).

 აღსანიშნავია,  ჟურნალ ''კარიბჭისა'' და  ''კვირის პალიტრის''  ჟურნალისტის,  კახა კენკიშვილის წერილიდან - "შორს კი შუქურად მოჩანს ღვთის წყალობა - ბერი გაბრიელი,"  ერთი ეპიზოდი მამა გაბრიელზე: ''შინაურები რადგან  ლოცვასა და მარხვას უშლიდნენ. ღამეებს სასაფლაოზე ან რომელიმე დაკეტილი ეკლესიის წინ ათევდა, ცივ ქვაზე მიწოლილი, მშიერ-მწყურვალი და აკანკალებული...  ჩამოივლიდა თბილისის ქუჩებს, ქრისტე იწამეთ, გამოფხიზლდით, - ივედრებოდა.  ერთხელ ქადაგებისას ჩოხოსანი მამაკაცი დასდგომია თავს...  ჩოხოსანს მისთვის თავისი მისამართი მიუცია. როცა გინდა, მესტუმრე, ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიააო, უთქვამს. ის ჩოხოსანი კონსტანტინე გამსახურდია იყო...

ეს ჟურნალისტმა - კახა კენკიშვილმა ჩემს გადაცემაში სტუმრობისასაც გაიმეორა  და, მით უმეტეს, თვალსაჩინოა, რომ  მაშინ მოხდა მოხმობილი ფაქტი მწერლის მხრიდან, როცა იდევნებოდა წმინდა ბერი...

ცოტამ თუ იცის, რომ ოთხი ციხე  გამოიარა დიდმა მესიტყვემ - მეტეხის, ლეფერტოვოს (რუსეთში), ლუბიანკას, ბუტირკის და გადასახლებულიც იყო სოლოვკის არქიპელაგზე - უმძიმეს პირობებში.  მთელი ცხოვრება მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ და ესეც შეტანილია აკადემიურ გამოცემებში... საზოგადოება, როცა ბედნიერი არაა, მაღალი ცნობიერების მაინც უნდა იყოს, ეს აუცილებელი პირობაა. სიყვარულითაც ართმევდა თავს ყოველივეს...

იპოლიტე გამსახურდია საოცარ ფაქტებს იხსენებს თავის საავტორო წიგნში მწერალზე.  გალში შეხვედრისას კულტურის სახლში, რომელიც დიდოსტატს მასპინძლობდა, გამოემცნაურა  კონსტანტინე. ასე გაუცვნია. დიხაზურგაშიც მიუწვევიათ სასიქადულო მწერალი. საპატივსაცემო სუფრასაც მისხდომიან და ასეთ ფაქტსაც იგონებს:

''-აკაკი ამბროსოვიჩ! თქვა ერთ-ერთმა მასპინძელმა...  ამ დროს გაისმა კონსტანტინეს ხმა:

-რას ნიშნავს ეს, ჩემო კეთილო, ქართული დაგავიწყდათ?!..''

საღამოს განყოფილებაზე, უნივერსიტეტში სწავლისას, სამსახურის ცნობა მოუთხოვიათ იპოლიტე გამსახურდიასთვის,  დახმარებია კონსტანტინე. ხელმეორედ კი  ჩაწერის გამო მიუმართავს, რათა ბინის აღრიცხვაზე დამდგარიყო და რაოდენ დიდ გულისხმიერება -კეთილშობილებას ადასტურებს ის ფაქტი,   რომ მწერალი შორეულ ნათესავს მუდმივად ჩაწერს ცოლ-შვილით. თანაც ჰკითხავს:

 - რამდენი შვილი გყავს?

  -ოთხი ბიჭი. 

-კაცი შენ ყოფილხარ, ჩაგწერ, აბა, რას გიზამ... ოთხ მესაზღვრეს უზრდი სამშობლოს,  მათ  ბინა არ უნდათ?

 მაშინვე  კალინინის რ-ნის მილიციის საპასპორტო მაგიდის უფროსთან გაგზავნა  ბარათით, საბინაო წიგნიც გადასცა და სამკუთხა ბეჭედიც. კონვერტი გაუხსნია, მწერლისგან წამოსულს და ეს წაუკითხავს -

'' ბატონ ვლადიმერ კიტიას!

გთხოვთ, ჩამიწეროთ მუდმივად ჩემს კოლხურ კოშკში  ნათესავი  იპოლიტე იონას ძე გამსახურდია და მისი მეუღლე  ლიანა ბუკოს ასული ყოლბაია.

       პატივისცემით კონსტანტინე გამსახურდია.''

მთარგმნელობითი საქმიანობაც მეწადაო, თუმცა ვერ კიდებდა ხელს ინგლისურში არასაკმარისი ცოდნის და გაუწაფაობის გამო, მაგრამ შეიტყო რა მწერალმა ეს ამბავი, ზვიადი მოიხმო და კვირაში ორჯერ დრო დაანიშნინა იპოლიტეს სამეცადინოდ. (წიგნიდან: იპოლიტე გამსახურდია -''მოგონებები კონსტანტინე გამსახურდიაზე;'' გამომცემლობა ''ალაშარა, სოხუმი-1991 წ. ).  ვფიქრობ, აქ   რაიმეს დამატება ზედმეტია, იმდენად აღმაფრთოვანებელი და თვალსაჩინო მაგალითია მაღალადამიანურობის.

ახლა ერთობლივ, დიდი კონსტანტინეს დამსახურებებსა თუ დევნაზე, რევაზ კვერენჩხილაძის  წიგნს  -''წამების გზას'' გავადევნოთ თვალი:

კონსტანტინე ''ქართველ მწერალთა კავშირის'' ერთ-ერთი დამფუძნებელია.  იგი იცავს სამშობლოს და  ხმლითაც იბრძვის თურქი ასკერების წინააღმდეგ, 1918 წელს...  მდგომარეობა რთულდება.  1923 წ. 15 მაისს  საქ. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა გასცა მკაცრი განკარგულება, რომლის მე-4 პუნქტიც ეს გახლავთ:

 4. წინადადება მიეცეს განსახკომს - მოხსნას გამსახურდია უნივერსიტეტიდან.

(განსახკომი-განათლების სახალხო კომისარიატი).

მწერალი მაინც არაფერს  თმობს და  შეუპოვრადაც აგრძელებს ბრძოლას: -''როცა ერი პოლიტიკურ ფრონტზე მარცხდება, კულტურული საალყო წესები უნდა იყოს გამოცხადებული და კულტურული დიქტატურა.'' ამგვარია პოზიცია აქვს, მკვეთრი და  თავადვეა  ''კულტურის ფრონტის'' ერთ-ერთი გუშაგი და ერთგული მეციხოვნეც. მამულიშვილ მწერალს მძიმე და გაუსაძლისი ტვირთი არგუნეს, ამადაც უწოდეს -''შინაური ემიგრანტი,'' მაგრამ რაკი სამშობლოსაც არ ულხინდა,   მხნედაც იტანდა  სადაგ დღეებს.

ზემდგომებმა მარჯვედ ჩაშალეს ივანე ჯავახიშვილის გადაწყვეტილებაც - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ჰუმბოლდტის სახ. სტიპენდიის, სამეცნიერო მივლინების  კანდიდატად, კონსტანტინე გამსახურდიას წარდგენა - გაგზავნის შესახებ.  ამას უკვე  პატიმრობის ხანაც მოჰყვა ზემოთხსენებულ ციხეებში...

თავიდან რამდენჯერაც იწყებს დიდოსტატი ბრძოლას, იმდენჯერ ახლდება  ძველი იარაც. სიყვარულით მმოსავსა და სიმართლის მოლაშქრეს, არავინ აძლევს გასაქანს  და მოგვიანებით, კვლავაც უხსენებენ მწერალს ძველ ბრალდებებს. მორიგი თავდახსმაც სახეზეა; კომპარტიის ცკ-ის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილების  გამგემ - კარლო ორაგველიძემ ასე ჩამოაყალიბა მის მიმართ  ''ბრალდებანი'':

1. ქართველი ერის განსაკუთრებულობას ქადაგებს.

2.ამბობს: საქართველოში ნაციონალიზმი არ არისო. მაშ, პარტია ცდება, როცა ამბობს - არისო.

3.ნაციონალისტობაა, როცა გამსახურდიამ პლენუმზე თქვა:  აფხაზეთის მეგრელმა რუსულად რატომ უნდა მელაპარაკოსო.

4. ასევე ნაციონალისტობაა, როცა ამბობს ბაღდათს  მაიაკოვსკი რატომ უნდა ერქვას, როდესაც ქართველი მწერლის სახელი არც ერთ ქალაქს არ ჰქვიაო.

ძმა ალექსანდრეც დაუხვრიტეს 1937 წელს...

 რა ქარტეხილებში არ მოექცა ჯიქურ მავალი, უტეხად მბრძოლი ურჩ ბედთან... ხვედრი უჩვეულო ერგო ზნეობრივ მაშვრალს. აკი, თავადვე  წერდა - ''დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები''... თუმცა,  მისივ თქმულია: ''ურმით დადის ბედისწერა ამქვეყნად, რაც უნდა ჩქარა ირბინო, მაინც წამოგეწევა ბოლოს.''

 მომავლის იმედს კი  უკვე ზვიადსაც გადასცემს და მასა და მერაბს აფრთიანებს თავისუფლების მწვერვალებისკენ...

''ომი ყველა კაცს არ შეუძლია და ინტრიგობა კი ყველას ძალუძს.'' (კონსტანტინე). მას მართლაც გადახდა ბრძოლა, რომელიც მხოლოდ გმირებს ერგება და   ბრძოლის მედროშედაც შვილი არჩია...

 დასასრულს, კვლავ იპოლიტე გამსახურდიას წიგნს დავუბრუნდები.  საიდან აღარ იღებდაო  კლასიკოსი მწერალი  კორესპოდენციებს - ''დელი, პარიზი, ლაიპციგი, კიევი...  ეწერა კონვერტებზე''...  საყოველთაო სიყვარული კი სამშობლოს ბედზე  მჭმუნვარებას ვერ აქარვებდა.  ერთ-ერთ სტუმრობისას იხსენებს, როგორ შეასხა გენიოსმა ხოტბა ენგურს და როგორ არ ეამა ენგურჰესის მშენებლობა... გაზეთ ''სამშობლოს,'' 1971 წ. 10 დეკემბრის ნომერში, რომელიც  მწერალ- აკადემიკოსის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთლიანად კონსტანტინეს დაეთმო,  მწერლის  საოცარი ავტოგრაფიც მოხვედრილა, ულამაზესი სავედრებელივით სულისშემძვრელი:

''მე არსად მინახავს  ასეთი თეთრი, აქატის ღრუბლები, არც ასეთი გამჭვირვალე ჰაერი,  არც ბალახს, არც ნეშოს ასეთი სურნელება არ აუდის სხვაგან. მთელ ქვეყანას არ მოლანდებია ასეთი გათენება და შეღამება.

მზეო, საქართველოს მზეო, მომანიჭე მე შენი მზერა და შენებური ღიმილი, ნურც სიყვარულს დამაკლებ საქართველოს სურნელოვანო მიწავ.

ასე შემითვისე და შემიყვარე.''

 კონსტანტინე  გამსახურდია.

1971. 15. X.