Feedback

ლალი ბარძიმაშვილი: დროის მოზაიკა - ვეღარ იხარეს, ისე დაჭკნენ ატმის კვირტები ! ახალი ესსე სპეციალურად PKTV.GE-სთვის

  /   ნანახია 353 ჯერ

ლალი ბარძიმაშვილი:  დროის მოზაიკა  - ვეღარ იხარეს, ისე დაჭკნენ ატმის კვირტები ! ახალი ესსე სპეციალურად PKTV.GE-სთვის

 ვეღარ იხარეს ისე დაჭკნენ ატმის კვირტები; სად გაქრა ცხოვრების ლამაზი ფერი?  ატმის კვირტების აფეთქებას ჰგავდა სიყმაწვილე, დაჰკრავდა მზისფერი...                                

და, ნათელ დღეთა შორის იშვა შავი სიღამისე... როგორ ვუძლოთ დროს შემოტეულს - მშიერ ქორის თვალთა კვესებით, რა წაგგვგლიჯოს ამას რომ ელის... ვით შევუერთდით შემოდგომის გაცრეცილ ფერებს, სულმიხდილ დღეებს?! აკაფულ ვაზთან დამხობილა დამაშვრალი ამაოდ მეზვრე!.. ვინ იყენებდა კაცთაგანი წინათ გამარჯვების უკეთურ წესებს! ვინ მიაგებდა ანდა პატივს უღირსთა მეჯლისს... წაგებულ ყოფას სიხარულად ვინ მიითვლიდა...                                                                       

მორალის ჯებირს - ფეხმორღვეული ვერ ალაჯებდა. დღეს კი სწორ გზაზეც იოლია ფეხის დასხლტომა. იმდენად დიდი იყო სიყვარული, მტერთაც ვაწვდენდით... დედაც ხომ მუდამ დედა იყო, თუნდაც კი მტრისა ყოფილიყო და იწერებოდა ბალადა- ''ვეფხისა და მოყმისა'', სიბრალულ -სიყვარულის საგალობელი. იდგმებოდა ლიტერატურული ძეგლი მუცალის - მტრის ღირსებისა. სიყვარული ჩამოდიოდა ციდან ოქროს ბილიკით, გული თავად იკვლევდა გზას იმ ბილიკისკენ, ცვილივით დნებოდა სიყვარულის ალზე. ერთდროულად ვიყავით მიწის და ცის ბინადარნი; ამქვეყნად მყოფებს არც ის ქვეყანა გვავიწყდებოდა... მოქანცული ირმებივით ვისვენებდით  და ცისკენ გვეჭირა ამაყი მზერა... და დროც რბიოდა გაბედული რაშის ჭენებით, ახლა დაქანცულ ცხენის თოხარიკს რომ ჰგავს უღიმღამო სვლა... საით გასწიეს ლაგამამოდებული დროის  მხედრებმა ასე ერთობლივ?!

სად გაქრა ადრეული მზეშერთული, ნათელი გული? ჩვენ დაუკეცავ ცადაღმავალ ლაღი ფრთებით სივრცეს ვწვდებოდით, მტრის ისარსაც არ ვიხვედრებდით, მყისვე ვიცდენდით.

სად დაიკარგა ანდა ბავშვის ბავშვური ცქერა  - მისი შემოხედვა პირველი აკორდის აღებას რომ ჰგავდა? იღვრებოდა ჩვენში მისი სულის სუფთა მუსიკა... სად  მიყუჩდა სულში სამყარო, რომელიც მუსიკად რეკდა?!..  მართლაც ჰგავდა  ღვინის ზეიმს და მარნის გახელებას- ქართული სისხლის დუღილი...  ყველა წინაპარი თავს იყრიდა უფლის ვენახში, იქიდანაც კი გვპატრონობდნენ...  მათი კვალით ლაღად ვიდოდით...

ყინულშერთულ ყოფას შევდგომივართ... თავს ვეღარ ვიმაგრებთ და სხვასაც ვაქცევთ... სად ჩაიკარგა ბავშვის მზერა -ალალ-მართალი, ჩვენი არსებობის საათს რომ ასწორებდა,  გამრუდდა რაღაც.  შთაინთქა ქალის ტაატ-ნარნარი, გამოხედვაში ანგელოზი რომ ბინადრობდა. სად გაქრა ვაჟის ქცევა, მამრული, ლომფერი რომ გადაჰკრავდა და  არწივივით როცა იყო ლაღი, ამაყი! თანდათან ვეთვისეთ ცოდვას - ღელედ რომ იდგა და ნიაღვრად მოსკდა.

დღეს ჩვენში მეფობს ქაღალდის მეფე, კუპიურა და  მასთან ყოველი პატარად მოჩანს... (აღარ დაილია ვერცხლთა ლაქია და ვერცხლმოყვარე); ის მრავალთათვის გადაიქცა ღმერთის მონაცვლედ და გაიბა ანგარების შავი ხლართები... სიცოცხლეც მოექცა მის ჭრელ ბადეში! ყოველივეს დამღად ატყვია კვალთა სიშავე... მაშინ,  როდესაც ღვთივრჩეული ერი ვიყავით; მერმე რა იყო?! მტერს ჩავაბარეთ დედა- ციხე და შეისვა თასი ღვინის უხამს ტუჩებით!

სად გადაშენდა ქალი მზევინარი - გაუტეხავი, უნდო, გიჟმაჟი, საკუთარ სულის დედოფალი, - ანდა სანათა?!  ბერი ლუხუმი?! - გმირი, ღმერთკაცი, თავის ღირსებით გველსაც რომ გაწვრთნის... სად გაქრა ოთარაანთ ქვრივი -კალთა სიშავით, ბედს შეჭიდებული ამაყი ქალი, რკინებრ უტეხი, სევდა უთქმელი, მანდილმოუხდელ-შეურცხვენელი...  მაშინ არცკი ტორტმანობდა ასე სამყარო, რადგანაც გოლიათთა სვლის ჟამი იყო.  ღმერთმა აცხონოთ, მათი სახე ვინაც ჩამოქნა! ვინაც  დაუღალავ საწუთროს ჯარას არსით ჩამორჩა...

სადღაა ტატო? ისევ რომ ვნატრობთ... ღონემიხდილ ტაატით ხან რომ მიემართებოდა მთაწმინდისკენ - უსასოობაში ერთადერთი სასოებისკენ...  მზე ვით ჩაუქრა მერანის პატრონს?! თავს ძლივს იკავებდა შემღვრეულ მიწაზე და კოჭლმა დრომ ისიც დააკოჭლა, მაგრამ ბუმბერაზის სვლით გაიარა... გამკვალავმა სამერმისო საზრდო -ხნულების, თვით დაღდასმულმა, გააბიჯა სიდიადეში! ასეთნი უფალს სიცოცხლეში უწყობენ ფეხსაც და უფლისმიერ კვალსაც ტოვებენ, თუნდაც ქვეყნად მარტოდ ვიდოდნენ...

ჩვენში  მუდმივად თავგანწირვა - სიდარბაისლე ერთადერთობდა; ერი და ბერი თავად ჰგავდა გოლგოთაზე ასულ მაცხოვარს! არც დაკარგულა, ახსოვდა ვისაც -''ვისი გორის ვართ''?!  საკმეველივით კაცნი შემორჩა!. უთვალავ-უკლებლობა მათი ღმერთს სურდა... დღესაც იმ გმირებს ისევ ველით, ბუმბერაზი ნაბიჯებით მოვარდნილ ვეფხვის, იქნებ როგორღაც დაიძლიოს ეს ნავსი ბედი!

და სულში ისევ რეკენ ტკივილის ზარნი!.. ვიღაც, როგორც მტერი, შიგნიდან გვარღვევს სანამ რამეს მივხვდებით... ანდა მივხვდებით?! მობიბინე  მინდვრების ნაცვლად ახლა მოჩანს ნახანძრალი ხოდაბუნები... დაგვიანდება, სანამ კიდევ რამეს მივხვდებით!  ვეღარ იხარეს ისე დაჭკნენ ატმის კვირტები...

 აგვიხდა თითქოს ღამეული მუქი სიზმრები... როდის მივხვდებით, ანდა მივხვდებით?! ისევ მაწვალებს შორეული ტკბილი ხილვები... დღეს გზას მივყვები მარტოდმარტო, უფლის იმედით! თვალს ვარიდებ გარშემო ლანდებს, ლიბრი მზერით, ლიზღი ქცევით, თითქოს მხარნაქცევთ  და მოვუხმობ იმ წინაპრებს -ღირსეულთ, ნაღდებს! მე ჩემს სულში ვგრძნობ მათ ნაკვალევს და ცხოვრებას ჩემსას დღესაც ვაწყობ მათი კარნახით... ადრე სინათლეც მეტი იყო, ვიდრე წყვდიადი... სიცოცხლის ძარღვი კვლავაც ფეთქავს მათივ წიაღში...

და რამდენგზის უკვე  გაზაფხული კვლავ  შეგვიანდა!

და ასე გაჩნდა ულმობელი ბედის იარა, სანამ ისევე არ აღსდგება ერისშვილობა!          განა, არა სჯობს კეთილ საქმეს ვყავდეთ ზიარად, განა არა სჯობს?!  დაიბადო ერთხელვე და სამარადჟამოდ, - არა მედროვედ დაიბადო ან წარმავალად, მართლაც მედროშედ დაიბადო.. არ დაახანო, არ დააღამო... რომ მოევლინო ქვეყნიერებას სამერმისოდ და სამარადჟამოდ, განა  არა  სჯობს?!  არც ვის უმტყუნო, არც ვის უმუხთლო...                                                                                                                                                  ვინ შეედრება ანდა სიყვარულით მოსავ- ფერდაკრულს...  რა დაედაროს შეუსუსხავ მზიან სამყაროს...

 ვეღარ იხარეს  ისე დაჭკნენ ატმის კვირტები... და  ახლა რატომღაც მოწეულა ნაყოფი სევდის.... და რომ იცვალა ცხოვრებამ ფერი, - როდის მივხვდებით?!... ანდა, მივხვდებით?! 

კვლავაც ანთია გაზაფხულად  გულშიც იმედი, ოდესღაც მაინც იხარებენ  ისევ კვირტები!..

 

(2000 წ.)

 

ავტორი ლალი ბარძიმაშვილი

 

გზა ვინც მასწავლა

 

გზა მიმასწავლეს - არსაიდან,- გზა მიმასწავლეს,

გზა მიმასწავლა - განა ხეთა, განა ყვავილთა,

გზა მიმასწავლა ეტრატებმა, კიდევ ტაძრებმა,

საფლავებმა თუ წარწერებმა - სიძველის ნაშთმა.

გზა მიმასწავლა  ცურტაველმა, ბერმა ხანძთელმა,

იოანემ და სულხაბ-საბამ, კიდე დავითმა...

გზა მიმასწავლა ბაგრატოვანთა ჯვარმა, მანდილმა,

ცრემლმა, მახვილმა, ქარტეხილად რამაც გვაწვიმა.

გზა მიმასწავლა -ნიკორწმინდამ, ზარზმამ, ვარძიამ,

მღვიმემ, უდაბნომ, ბერთა სევდამ, ვაჟას არწივმა!

უტას მარჯვენამ, კონსტანტინეს - ლანდთა ლაციცმა;

გზა მიმასწავლა ტატოს ტრფობამ  თუ  ფიროსმანმა!..

გზა მიმასწავლა ყოველივემ, რაც ცრემლად იშვა...

ვით მეციხოვნე ერთგულებით ამ გზასვე ვიცავ!

ნეტა, რომელი ჩამოვთვალო - ვის კვალსაც ვფიცავ!

და ველოდები გზის სიმძიმეს იტვირთებს ვინაც...

 

 

განცდაც შუქია

 

ეგებ დარდია ფერმიხდილ ვაზის,

თითქოს ჩამქრალა ნათელი მთვარის,

შორია გრძნობა როგორც სიზმარი,

ქარში ფარფატებს ობოლი ჰანგი.

ვალის მოხდაა თითქოს ყველასი,

სადღაც მოთმენაც  ჯიბრით თასს დაცლის;

რეკს მოლოდინი შვების და ახლის...

გულს სიყვარული არცროდის დაღლის.

 დიან  ფიქრები ჭენებით რაშის,

 ცეცხლად ჩახჩახებს მზის სხივი სარკმლის...

განცდაც შუქია პაწია სანთლის,

და როგორც ექო შემოკრულ ზარის,

ზეცად იჭრება ლაღი ნავარდით...

ბედისწერა კი ნელი ტაატით,

ცხოვრებასა რთავს სევდით ნაქარგით;

დაე, დაეტყოს გულს ყველა ბზარი, -

სიცოცხლე მქონდეს ღმერთის სადარი!