Feedback

ვინც საქართველოს ემახსოვრება! - თეიმურაზ ქორიძის გახსენება, PKTV

  /   ნანახია 223 ჯერ

 ვინც   საქართველოს  ემახსოვრება! - თეიმურაზ ქორიძის გახსენება, PKTV

  ლალი ბარძიმაშვილი - ფილოლოგი, მკვლევარი                  

თემურ ქორიძეზე საუბრობენ როგორც პუბლიცისტზე, როგორც მეცნიერზე, ლიტერატორზე,  უპირველეს ყოვლისა კი იგი თავისუფალი საქართველოს ერთგული შვილია.  ის არ პირველია, ვისაც წუთისოფლის მუხანათობამ სიმწარე აგემა და გულს იარა დააჩნია როგორც მამულიშვილს. ეს მაშინ მოხდა, როცა არაადამიანურმა საწყისმა გაიმარჯვა და საქართველოს თავისუფლება  გარიჟრაჟზევე  წყვდიადად აქციეს.  ამ რაფინირებულ ადამიანს ყველაზე შეუსაბამო დროში მოუხდა ცხოვრება. ასეთების არ არის  ეს ჟამი, მისი შესაფერისი დრო ალაგმეს, ხელმოწერაღა დარჩა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.  თითქოსდა დაობლდა სამშობლო და ყველას ცალკე, ეულად უწია უღლის წევამ, ვინც არ შეეგუა გარემოდგომილ ბოროტებას. ცხოვრება კი დილეგს ემსგავსა.                                                                                 შესაძლოა ბედნიერება დაგენგრეს, მაგრამ ადამიანობა გადაარჩინო. თემურმა ეს შეძლო - სიყვარულით განაგრძო სვლა წუთისოფლის გზაზე და რუდუნებით ეკიდებოდა რჩეულ საქმიანობას. მართალ სიტყვასაც ძალდაუტანებლად,  ჩვეული ღიმილით ამბობდა, თუმცა რამდენადმე შევიწროვდა ეს ასპარეზიც, ბუნებრივია. სარბიელი ასეთ ერისკაცებს როდი ეთმობათ.

მაინც როგორი იყო იგი?! რუსთველური გაგების კაცი -როგორი შეფასებაც დამკვიდრდა ზვიადისგანვე.  „ ბოროტსა სძლია კეთილმან“ - ამ მრწამსის ადამიანი, ქართული სულისკვეთებით ნასაზრდოები.  კონსტანტინე გამსახურდიას ღირსეული ფრაზა თავისთავად მახსენდება - პოლიტიკური დიქტატურის დროს კულტურამ უნდა გამოაცხადოსო საალყო წესები. ამგვარი ერთ-ერთი მეციხოვნე იყო თემურ ქორიძეც…ხშირად უყვარდა თქმა  "ქილილა და დამანაშია’’  - ჭაროს ნათქვამი არაკის -  "მე და შენი საქმე ჭიქასა და ქვასა ჰგავს, თუცა ქვა ჭიქასა ეცა, ანუ ჭიქა ქვასა დაჰკრა, ორგანვე ჭიქა დაილეწება და ქვა უვნებლად დადგება". მას მაინც სწამდა ფრანც კაფკასავით, რაღაც დაუნგრეველი საწყისის არსებობა ადამიანში, ურომლისოდაც არსებობას აზრი არ ექნებოდა...

მე იგი დამამახსოვრდა ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან.  1989 წლის ბოლოს ზვიადისა და მერაბის დაარსებული  ’’ჰელსინკის კავშირი’’ შედარებით გაფართოვდა,  (შეზღუდულად)  და მეც იმ ხუთი ადამიანის შემდგომ აღმოვჩნდი, ვინც პირველ რიგებში ანუ ავანგარდში ჩადგა.  ყოველ სამშაბათს, ხუთ საათზე, ლიტერატურის ინსტიტუტის დარბაზში  შეხვედრები დაინიშნა, საინფორმაციო ხასიათის კრებები და აქ, ერთ-ერთი გამწევი ძალა, წამყვანი ძალა ბატონი თემურიც იყო; საინტერესო, ენამახვილი გამოსვლებით, ჩვეული შემართებით. ეს იყო უზომოდ კულტურული, პროგრესული თავყრილობები. ამ მოძრაობის ბაზაზევე ჩამოყალიბდა რამდენიმე კომისია, რომელსაც დარღვევები უნდა გამოევლინა და დაეცვა ადამიანის უფლებები. მე და დედა განათლების კომისიაში აღმოვჩნდით, რომლის თავმჯდომარეც თემური გახლდათ. ჯერ კიდევ არაფორმალები ვამოწმებდით სკოლებს, განათლების სამინისტროს. მახსოვს, ნათელა ვასაძესთანაც  შევედით ერთ-ერთი წერილის საფუძველზე და მოწიწებით, ფერგამკრთალმა მიგვიღო კიდეც. ზომებიც მყისვე ტარდებოდა და ადამიანთა სასარგებლოდ წყდებოდა საკითხი. ხალხს უბრუნდებოდა დაკარგული სილაღე და სამართლიანობის განცდა. ძალიან ბევრისთვის იყო იმედი ეს მოძრაობა და თანდათანობით ვძლიერდებოდით, იზრდებოდა ჩვენი რიგები, სიყვარულით გვიერთდებოდა მთელი საქართველო და ეროვნული მოძრაობა მართლაც იყო სრულიად საქართველოს მომცველი და ერთიანობის სიმბოლო!                                                                                                

დაპირისპირების ინსპირაციაც მოხდა და  პროვოცირებულმა ჯგუფმა საზიანო ხელისშემშლელი საქმიანობა წამოიწყო, ღალატი ღალატზე მზადდებოდა, იმატა ქვენაინსტიქტებით ამოძრავებულმა ქვეგამხედვარებმა და აქაც აღიმართა ციხე-სიმაგრესავით თემური, რომელიც დიდი  გაბედულებით იცავდა  სიმართლეს, სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით დაწყებულ  ეროვნულ და სამომავლო საქმეს. ისტორიული მისია ხვდა  წილად  ეროვნულ მთავრობას და ყველანაირი ქარტეხილისთვის მზაობაც იყო. რას აღარ უმკლავდებოდნენ, რის წინაშე აღარ იდგნენ... საქართველოს ბედნიერი დღეებისთვის თავდაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა.  ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობდა „მრგვალი მაგიდა“,  უზენაესი საბჭო, მაინც ეროვნული ძალებისა და თავისუფლების მარცხით დასრულდა ეს დიდი თავგანწირვა, თუმცა ეროვნული მთავრობის მონაპოვარი და ღვაწლი -პირველი მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა რეგლამენტაციის  (ანუ საბჭოთა კონსტიტუციის) გარეშე,რეფერენდუმის მნიშვნელობა- სრულიად საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე  ჩატარებითა და სრულიად მოსახლეობის ნების გამოხატვით,  დამოუკიდებლობის აქტის აღდგენა-  თავისთავად დიდი გამარჯვებებია ისტორიულ სარბიელზე. ეს იმ კანონზომიერებისა და სამართლიანობის აღდგენაა, რაშიც ღვთის ნება და ხელდასხმაცაა.  ქართულ ზნეობას, ქართულ სულსა და კულტურას ქომაგი ჰყავდა.  „ჩვეულებისამებრ მამულისა სვლა“  გრძელდებოდა.                                                                                                     

რაოდენ გულისმომკვლელია, როცა თვალწინ ცდილობენ ყოველივე ამის გაცამტვერებას და თემურიც არ ეპუება ამას... ამოღებული სატევარივით იყო მისი სიტყვა, თავგზიანი, გზაგაკვალული. უწესობა ექციათ წესად- ამგვარ მტარვალთა და უბირთა  გულისწადილს შემკავებელ ზღუდედ ედგა.  არაღირებულ ყოფაში კვლავაც ღირებულს ნერგავდა.  შემდგომაც - კალმით, კრიტიკით, ახალგაზრდების აღზრდით, ლიტერატურულ სალონებში მონაწილეობით, ცდილობს ზღვარის გავლებას საუკეთესო პერიოდსა და უკეთურ საქართველოს შორის. ყველა გამოსვლა კულტურული პროტესტია, კულტურული გალაშქრებაა და, რაც მთავარია, პროტესტია ძალით ალაგმული ადამიანობის, ზნეობის გამო... იგი სხვა რეალობაში იმყოფება, იმ ხელშეუხებელ სამყაროში, რომელსაც ვერადროს ვერაფერი ვერ გაანადგურებს.                                                                                                                                            ის მართლაც საზრდოობს ქართული სულით, წარსულით, ტაძრით, მიწით, საფლავებით, წიგნით, მამულით, უფლისმიერი საქმით და ცდილობს აღადგინოს  ’’უმითო დროში’’ ჰეროიკული სული, ავთანდისეული ვალი, მაღალზნეობრივი შეგნება, ილიას მრწამსი და მოლოდინი, რომ- ოქროს აკვანში ის ყრმა წევს... ამ მომავალს აღზრდა სჭირდება, აქ ვერ იტყვი - ’’ხვალემ იზრუნოს ხვალისა’’,  ძველისა და ახლის გზაგასაყარზე მოქცეულს  გსურს -’’აწმყო შობილი წარსულისაგან იყოს მშობელი მომავლისა.’’  ეს უკვე სამშობლოს მსახურებაა, რუდუნებაა და  სხვა ტკივილს წარმოშობს... დიაგნოზიც არ აყოვნებს და ოთხგზის შეჭირვებულმა სნეულმა გულმა საბოლოოდ უმტყუნა. ლექციის წინ, ახალგაზრდებთან შეხვედრის მოლოდინში, საქართველოს ფეხზე წამოდგომის მოლოდინში თავად დაეცა.  ძალა აღარ ეყო, ის ხომ შეჩერებულ დროს ძრავდა, შეჩერებულ დროს აცოცხლებდა.  მახსენდება ნიკო ლორთქიფანიძის „გული’’ - როცა რუკა იტყვის: - მე დავაჭკნე, მე დავწვი. ასეთია მამულიშვილთა სიკვდილიც, ხან მუხანათი ხელი აჩერებს ამ გულს,  ანდაც  ის სიყვარული, (მოხმობილი მოთხრობის რუკასავით), ფერფლად რომ აქცევს მსხვერპლადქმნილ გულს...   

 განისვენე, ვალმოხდილო მამულიშვილო! სამაგიეროდ, ღირსეული საქართველო გეჭირისუფლა, გულმა უთხრათ, რადგან ყველასვე უყოფდი თავად გულს. დიდი იყო გამოხმაურებები და ელდანაცემი შეკითხვა -იუთუბზე, ვიდეოებზე მინაწერიც - ეს კაცი გარდაიცვალა? ეს რა კაცი ჰყოლია საქართველოს, კიდევ ერთი პიროვნება წავიდა  დაუფასებლად... გინაკლისა საქართველომ, გინატრა ქართველობამ... შენ თავისუფალი საქართველოს შვილად დარჩი, მიტომაც იყავი ასეთი დახვეწილი, ოპტიმისტი, მხნე, ერუდიტი და უდიდესი  საგანმანათლებლო მოღვაწე!..  ასეთი ურიგო ბედი აქვთ ზოგჯერ სიყვარულის დიდ მხედრებს, მაგრამ მათი კვალი მაინც წარუშლელად რჩება და ილიასი არ იყოს, - „ დასაწყისია განთიადისა’’.

არავითარი მედიდურობა, არავითარი ამბიცია არ იყო მასში.  ყველასთან მოკრძალებული გახლდათ და რაც არ უნდა მძიმე ან სააუგო ამბავი გეთქვათ -რას ბრძანებთ, რას მეუბნებით, გულწრფელად გაიკვირვებდა. თქვენობის გარეშე კი ბავშვსაც არ დაელაპარაკებოდა. გულდადებით ისმენდა ყველაფერს და მერე გამოსავალს ეძიებდა.  რამე იმედიანს კი აუცილებლად იტყოდა. წუხდა სხვის გამო და სხვის მაგივრადაც... მის საცხოვრებელ სახლსაც ეტყობოდა ეს მოკრძალება, მხოლოდ აურაცხელი წიგნები მთელ კედელზე, მაგიდაზეც  წიგნები - სანიშნეებით, ჩაკეცილი ფურცლებით...                                                                                                                           დიდი აკაკი გაწერელიას ჩინებული აღზრდილი, ზვიადს თურმე მუდამ გამორჩეული პატივისცემით ეპყრობოდა, (ერთად მუშაობდნენ ადრეული წლებიდანვე ლიტერატურის ინსტიტუტში).  სხვანი როს უფრთხოდნენ, გაურბოდნენ  სხვაგვარად მოაზროვნესა და თავისუფლების მებაირახტრეს, გუმანმა, სიბრძნემ, ღირსებამ  უკარნახა ვინც იყო მის წინაშე, ამ კეთილმოპყრობისთვის კი ხშირად იბარებდნენ  დაკითხვებზე, სულს უწეწავდნენ...

                                                                                                                                                                                                      ადამიანი  რომ ეთიკური არსებაა - ამ ურყევ რწმენას ასეთი პიროვნებები გინარჩუნებენ...                                                                             

კვლავ ილია მართალს გავიხსენებ, ’’გულთა ძვრაა’’  საჭირო და რჩეულ ადამიანთა მოვლინება, მათი სანიმუშო საქმენი ამადაც ფასობს, ცხოვრება ხომ მაგალითის დასწავლაცაა.  ქართული ხალხური საგანძურიც ამას გვასწავლის - „გული სანთლებრ მნათობელი გულდამწვათა მცნობელია.“  ერისკაცებიც მუდამ დაფასებულნი იქნებიან...

მინდა ჩემი ორი ლექსით დავასრულო ეს მოსაგონარი, რადგან ერთობლივი ბრძოლიდან  და ერთნაირი ტკივილით დაიბადა ეს ლექსები. ჩვენ ასეთ გმირებს და ამგვარ  საქმეს ვერთგულებდით, უმცდარი ხედვით და  გვჯეროდა სულ, რომ ამ გზასაც მათ ამარა არავინ მიატოვებს...  ტვირთი კვლავაც ასაწევია.

 

ზვიადს და მერაბს

                      

ვერ შეგიმღვრიეს ტკივილებით

სული მაღალი,

შორეულ ხედვით საწუთროს გზებს

სევდით ქარგავდით...

ოქროსფერ ფუნჯით კვლავ

ვარდისფერ აღმართს ხატავდით;

არწივის ფრთებით სიყვარულის

კალთებს   ფარავდით;

ყაჩაღებს დარჩათ საუნჯენი

როგორც ნადავლი..

 იყავით  ორნი უფალივით

დიად -მართალნი.         

 

ეს კი  უკვე თემურის ხსოვნასაც ეძღვნება, რადგან იგიც იმ გმირებში მოიაზრება, ვისი სვეც მწარეა და ცხოვრება მოწამეობრივი.

 

***                                                                                                                                                                    (მამულის მსახურ გმირებს)

 

ეს მერამდენე გაზაფხული ფერს ძერწავს ზამთრის!

შავჩოხა გმირებს მზე ამწყალობებს აღვსებით მადლის!

შორს მიაქვს მზერა დაუნჯებას ფერშეცვლილ ღამის!

უნდოთ განგმირეს მზე წიწამურის, მზე ჯიხაშკარის!

  ცარიელ ადგილს  აბეზარი ქარიღა დაქრის!

 ზამთარმოწეულ  ყვავილად მარტის - უჭკნობად განქრით!..

 სამშობლოსათვის დაუღლილთა  წაქცევით ხარის,

 ქვითინი არის  ქარშემოკრული  ნაბზარი ზარის!

 

(ლექსები დაწერილია ჩემი სტუდენტობის ხანაში. ლალი ბარძიმაშვილი)