Feedback

არ გადასცეთ სპეციალური საშვები ოჯახის წევრებს- კახა კალაძე.!

  /   ნანახია 793 ჯერ

არ გადასცეთ სპეციალური საშვები ოჯახის წევრებს- კახა კალაძე.!

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებსა და დედაქალაქის მთავრობის სხვა წევრებს სთხოვა, ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით, პარკირების სპეციალური საშვების გამოყენებას მოერიდონ.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარკირების სპეციალური საშვები მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებისთვისაა განკუთვნილი.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებისთვის სარგებლობასთან დაკავშირებით, ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პარკირების სპეციალური საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებისთვის და ასევე, იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების უფროსები სხვებისთვის სამაგალითო უნდა იყვნენ.

„ეს საშვები აქვთ შესაბამის სამსახურებს და მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ქალაქს და რიგითი მოქალაქეებისგან არაფრით განვსხვავდებით. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, მოადგილეებსაც ეხება ეს, სამსახურის უფროსებს და ყველა ჩვენს თანამშრომელს, ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტი: გიორგი ჩოხადარი.