Feedback

გიგა ლელაძე: კახი-მერი - ანუ ისევ 'ავტოგოლი?' - PKTV.GE

  /   ნანახია 625 ჯერ

გიგა ლელაძე: კახი-მერი - ანუ ისევ 'ავტოგოლი?' - PKTV.GE

'წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...'

ბევრი დიდი პოლიტიკოსი ახსოვს საქართველოს, ბევრი დიდი ფეხბურთელიც. აი, ორივეში რომ „დიდი“ ყოფილიყოს, პირადად მე, ბევრი ნამდვილად არ მახსენდება. სახეზეა კახი კალაძე.

ძვირფასო მკითხველო, დავიწყებ ქრონოლოგიურად:

          მაშ ასე, კახა კალაძემ ითმაშა ძალიან დიდი ფეხბურთი. მიუხედავად იმისა, რომ ძველ თაობაში იყვნენ ძალიან დიდი ფეხბურთელები (ჩამოთვლას არ დავიწყებ შეგნებულად, რამეთუ ყველა ქართველს კარგად მოეხსენება), მსგავსი შედეგი, რაც კალაძემ აჩვენა, არავის ჰქონია. იმასაც თამამად ვიტყვი, რომ ბევრი ძველი თაობის ფეხბურთელის დონისა კალაძე ვერ იყო, მაგრამ შედეგი დადო და, ისტორიაც შემოინახავს აუცილებლად.

როგორც რიგით ქართველს, დიდი სურვილი მაქვს, მისი წარმატება (ფეხბურთში) ბევრმა გაიმეოროს, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს და, შორს მოსჩანს მსგავსი პერსპექტივა. კალაძემ ხომ ორგზის აღმართა თავს ზემოთ „უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი“! აღნიშნულ პერიოდში იგი იტალიური „მილანის“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო და არა - რიგითი, სათადარიგო სკამის „დამსუფთავებელი.“ დამსახურებულადაც მიაღწია წარმატებას. ხალხსაც ძალიან უყვარდა და ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანიც დამსახურებულად იყო.

და მაინც, მის საფეხბურთო კარიერაში არის ერთი საკმაოდ დიდი ლაქა. იტალიის ნაკრების წინააღმდეგ საკუთარ კარში შესრულებული „დუბლი“. აღნიშნული ორი გოლი დღესაც დავის და კამათის საგანია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მან ქართული ფეხბურთის ისტორიაში თავისი გვერდი დაწერა.

და რა მოხდა შემდეგ? - მოხდა ის, რომ წავიდა იქ, სადაც არ უნდა წასულიყო. კალაძე გახდა გუნდის წევრი, ოღონდ პოლიტიკურის. ქართველ ხალხს ძალიან უნდოდა ძველი „ჭირის“ მოშორება. ამიტომაც ერთხმად, ყოველგვარი ფიქრის გარეშე ზარ -ზეიმით მოიყვანა ხელისუფლებაში გუნდი, სახელად „ოცნება“, არადა, რა გვეოცნებება? - უკვე რა ხანია, რაც სული კბილით გვიჭირავს... სწორედ ამ გუნდის წევრი გახლავთ ბატონი კახი. გუნდის კაპიტანი თუ არა, წამყვანი მოთამაშე მაინც ნამდვილად არის. ყოველ შემთხვევაში, მწვრთნელის (გურუ, სენსეი, მენტორი - რაც გინდათ დაარქვით, თქვენთვის მომინდია) დავალებებს ასე თუ ისე, კარგად ასრულებს.

საბოლოო ჯამში, ქართველ ხალხს ისე დაემართა - „ვაის გავეცალე და უის შევეყარეო“. რა თავიც დაადგა ხსენებულმა “DREAM TEAM” -მა, ყველანი კარგად ვხედავთ.

ხო მართლა, “DREAM TEAM”-ს ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებს ეძახიaნ მეტსახელად და სპორტში კარგად ჩახედული მკითხველი დამეთანხმება, რომ ისინი ნამდვილად ამართლებენ სახელს. ჩვენებისა კიდე რა მოგახსენოთ...

მკითხველო, ისიც კარგად მოგეხსენებათ, თუ ვინ იწოდება ქართული ისტორიის მიხედვით „პატარა კახის“ სახელით - თვით დიდი ერეკლე მეფე! არ ვიცი, მაგრამ მგონი „კალა-ბატონს“ „დიდკახობა“ მოსდომებია.

არ ვიცი, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს და, მე პირადად ეჭვი მეპარება. თბილისელების არჩევანი როგორი იქნება, ყველანი ერთად ვნახავთ, გახდება თუ არა კალაძე დედაქალაქის მერი? - ამასაც ერთად ვნახავთ...

და ბოლოს, ხომ არ ნიშნავს ეს გადაწყვეტილება კალაძის მხრიდან კიდევ ერთი „ავტოგოლის“ გატანის მცდელობას? - არ ვიცი, ამასაც, ალბათ დრო გვიჩვენებს...