Feedback

თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე შაშკინს და ექს ოფიცერ ჯიბუტს: ‘ჯერ წვერი გაიპარსე და სამხედრო მუნდირი ისე ჩაიცვი’!

  /   ნანახია 6018 ჯერ

თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე შაშკინს და ექს ოფიცერ ჯიბუტს:  ‘ჯერ წვერი გაიპარსე და სამხედრო მუნდირი ისე ჩაიცვი’!

შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე III  ქვეითი ბრიგადის ყოფილ ოფიცერს ზურაბ ჯიბუტსა და დიმიტრი შაშკინს მიმართავს: ‘ჯერ წვერი გაიპარსე და სამხედრო მუნდირი ისე ჩაიცვი’!

‘ყოფილო ოფიცერო ზურაბ! მე მოვისმინე თქვენი მონოლოგი და თავი ვალდებულად ჩავთვალე, გიპასუხოთ. ‘ როცა ღმერთი ადამიანის დაღუპვას გადაწყვეტს, პირველად მას გონებას ართმევს’.  მინდა იცოდეთ, რომ სამხედრო ტექნიკის მდგომარეობის შესახებ მასობრივი მაუწყებლობის საშუალებით საუბარი, ჭურვების რაოდენობის გასაჯაროვება და არმიის ოპერატიული ვითარების ღიად განსჯა, სერიოზული სახის დანაშაულია, ყოველივე ეს კი, კანონით დასჯადი! რაც თქვენ ისაუბრეთ ღია ეთერში, ესაა სამხედრო საიდუმლოების გათქმა, ვინაიდან ის ტექნიკა, რომელიც თქვენს მონოლოგში აღნიშნეთ და ,,პოვერპოინტის“ სახით წარუდგინეთ მოსახლეობას,  წარმოადგენს საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ საჰაერო თავდაცვის საბრძოლო ელემენტებს. ახალგაზრდა კაცი ხართ და ნამდვილად მეწყინება, რამე ცუდი შეგემთხვეთ, აშკარაა სამხედრო აღზრდა და განათლება არ გაქვთ და თუ თქვენს საუბარს ღრმა პოლიტიკური სარჩული უდევს, ვფიქრობ, როგორც ოფიცერი, უკვე დაიღუპეთ.  ბატონო ზურაბ, თქვენი ლამბერსექსუალიზმისკენ მიდრეკილება ჩემთვის უფრო გასაგებია, ვიდრე წარწერა თქვენს ვიდეო ბლოგზე: ‘ყოფილი ოფიცერი’! შეიძლება იყო ყოფილი მეუღლე, ყოფილი საყვარელი, ყოფილი მოსამართლე, ყოფილი ადვოკატი მაგრამ ყოფილი სამხედრო ოფიცერი არ არსებობს, რადგან ოფიცრები გადადიან რეზერვში და თადარიგში. ბატონო ზურაბ, მინდა გირჩიოთ,  როდესაც სამხედრო მუნდირში გამოეწყობით, უპირველესად წვერი გაიპარსოთ, არ შეშვენის ოფიცერს არატრადიციულ მდგომარეობაში ყოფნა, თქვენ მაგალითი უნდა იყოთ წესრიგისა და ერუდიციის და თუ ეს ასე არაა,  უმჯობესია, მუნდირი გაიხადოთ და შემდეგ თუ გნებავთ, მუხლამდე ატარეთ წვერი. თქვენი განცხადების შემდეგ, ბატონი შაშკინის კომენტარმა ცხადყო, რაც იყო ამ ფსევდო პატრიოტული ისტერიის მოტივი! უბრალოდ  მე  ბატონ დიმიტრი შაშკინს შევახსენებ:  1. 2008 წლის ომის წინა პერიოდში ვინ შეიძინა უკრაინიდან ჩამოწერილი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი БУК М1, რომელიც საბრძოლო მორიგეობაზე 3 კილომეტრიან მარშსაც ვერ აკეთებდა.  2. ვინ გადააბარა სენაკის სამხედრო ბაზაზე ამავე კომპლექსის (БУК М1-ის) საბრძოლო ერთეულები რუსებს ( დამტენ გამშვები დანადგარი, მიზნების აღმომჩენი სადგური და თვითმავალი საცეცხლე დანადგარი)? 3. ვინ დააწვევინა რუსებს სენაკის მთაზე უნიკალური საბრძოლო რადიო-ლოკაციური დაზვერვის სადგური ,,36 Д 6“ , რომელიც მხოლოდ იმიტომ დაწვეს რუსებმა, რომ მისი გამწევი მოწყობილობა ახალიას მამის ძმაკაცებს ტყეში ჰყავდათ გაყვანილი შეშის მოსამზადებლად?  4. სამხედრო ბაზებზე ვინ დაუტოვა მოწინააღმდეგეს მილიონების ღირებულების საბრძოლო ქონება მხოლოდ იმიტომ რომ, ევაკუაციის ბრძანება არ გაეცით და არც გეგმა გქონდათ ამისი!? 5. ვინ ჩაატარა ფსევდო ოპერაციები ე.წ. რუსების აგენტურის დასაკავებლად, რა დროსაც, ყველანაირი ბრალის დასაბუთების გარეშე, ჩვენი ნაომარი მფრინავები გააუბედურეთ?! 6. ვინ დევნიდა იმ ღირსეულ ოფიცრებს, ვინც ომის დროს მილიონების ღირებულების შეიარაღება გადაარჩინა (განა შაშკინის თანამოძმეებმა არ უთხრეს ვიცე პოლკოვნიკ გაიოზ მოსეშვილს და მაიორ გოდერძი ლეკვეიშვილს:  ‘ვინ გეკითხებოდათ, ათეულობით მილიონის ქონებას რუსების წაღებისგან რომ შველოდითო’?) ?! 7. ვინ აწინაურებდა იმ კადრებს, ვინც ომის დროს პირადი შემადგენლობა გაწირა და მიატოვა?’  

P.S. მე ბატონი იზორიასა და ბატონი ჩაჩიბაიას დამცველად უდავოდ ვერ გამოვდგები, თუნდაც იმიტომ რომ, ისინიც თქვენი ბუდიდან აფრენილი ჩიტები არიან. ერთს განათლება აკლია, მეორეს - კომპეტენცია!  შეიარაღებულ ძალებში ეს ქაოსი მათი ხელით თქვენ შექმენით, ახლა კი ამის გამოყენებას ნაცმოძრაობის პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობთ, საკმაოდ ნაცნობი ტაქტიკაა.  გაანებეთ არმიას თავი! ის პოლიტიკის ნაწილი არაა, თქვენს მიერ განადგურებულ ტექნიკაზე საჯაროდ  იმიტომ გესაუბრეთ, რომ დამწვარი, წართმეული და განადგურებული ტექნიკა უკვე საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს! მე ვთხოვ სამხედრო კონტრ დაზვერვის სამსახურებს, არ დაუშვან არმიისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმოება, დროულად გამოავლინონ სამხედრო ტექნიკის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამტანი პირები (პირთა ჯგუფები, დაინტერესებული ორგანიზაციები, მხარეები) და ინფორმაციის გადაზიდვის არხები, მოახდინოთ მათი ინფილტრაცია და უზრუნველყონ საიდუმლოების რეჟიმის დაცვა. ამაზე საუბარს უახლოეს ხანებში განვაგრძობ...