Feedback

ლევან იზორიამ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ქართულ სამხედრო კონტინგენტს მადლობა გადაუხადა

  /   ნანახია 264 ჯერ

ლევან იზორიამ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ქართულ სამხედრო კონტინგენტს მადლობა გადაუხადა

ავღანეთში, მაზარი-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის და წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ქართულ სამხედრო კონტინგენტს მადლობას უხდის.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი სწრაფი რეაგირების ჯგუფის მეთაურსა და წევრებს პირადად გაესაუბრა, მოისმინა დეტალური ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციის შესახებ და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმა კოალიციურმა ძალებმა აღკვეთეს. გამორჩეული იყო ქართული ოცეულის რეაგირება, რომელმაც საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყო. ქალაქ მაზარ-ი-შარიფში დიპლომატიური მისიის შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გავიდა მტკიცე მხარდაჭერის მისიის, სწრაფი რეაგირების ქართული ოცეული, რომელმაც თავდამსხმელების მხრიდან გახსნილი საპირისპირო ცეცხლი მოიგერია და საკონსულოს შენობიდან თანამშრომელთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უზრუნველყო. ქართველმა სამხედროებმა სიტუაციის სრული გაკონტროლება შეძლეს. ქართული ბატალიონიდან და კოალიციური ძალებიდან არავინ დაშავებულა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ ავღანეთის უშიშროების ძალებისა და ქართული შეიარაღებული ძალების მიმართ Resolut Support-დან, რომლებმაც მამაცურად, პროფესიულად და დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება და თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს”, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.