Feedback

გამოფენა

  /   ნანახია 471 ჯერ

  გამოფენა

წვიმისაგან დაღლილი ზაფხული, გადაღება , რეპორტაჟი, დაბნეული ჟურნალისტი მიზეზი? ზუსტი მისამართის არცოდნა!

მომენტი, როდესაც ციდან წვიმა ასხამს და გზააბნეული „გაწუწული წიწილასავით“ დადიხარ, თბილისის ქუჩებში ეძებ ადგილს, სადაც დღევანდელი შენი სიუჟეტი უნდა ჩაიწეროს, მიადგები შენობას, რომელსაც წვიმისაგან დაღლილი ქალაქის მოსახლეობის მცირედი ნაწილი შეფარებია, იმედით ივსები, რადგან იცი, რომ მიიღებ შენს კითხვაზე პასუხს. მოგვიანებით აღმოაჩენ, რომ ეს ის შენობა არაა, მაგრამ... უნივერსიტეტია!!! უნივერსიტეტია, რომლის სტუდენტებსაც იმ შენობის შესახებ არაფერი სმენიათ და შენც გაწბილებული, იმედდაკარგული წვიმა აღარ გაწუხებს, რადგან იცი, რომ უნდა მოასწრო - გადაღებაზე ვერ დაგვიანებ!

თითქოს ცა დაგცინის და სიცილისგან ასე ომახიანად ყრის ცრემლებს - ყველაფერი შავთეთრია! შენს ნათელ წერტილს მხოლოდ ის შენობა წარმოდგენს, რომლსაც ეძებ!  ესღა გაკლდა - ტროტუართან  ისე ჩაგიქროლა მანქანამ, „გემრიელად  დაგბანა“,  მაგრამ ეგეც არაფერი!.. ისევ იმ ადგილას ბრუნდები, სადაც ხალხი გეგულება, გული მიგიწევს იქით - თავიდან გგონია, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ იქ ხალხია და მეტი არაფერი, მაგრამ აღმოჩენ, რომ შენობას რაღაც გასავლელი აქვს გვერდით - ინტერესით მიდიხარ და ამოწმებ, რა ხდება,? რადგან იცი, რომ ახლოს, ზუსტად იმ ქუჩაზე, სადაც შენ იმყოფები, ის შენობაა, რომელსაც ეძებ, ოქროსფერი საინფორმაციო დაფიდან, რომელიც უნივერსიტეტის შენობის უკანა მხარეს არის, ზუსტად იმ წარწერას კითხულობ, რომელსაც ეძებ... დიახ, შენ გაიმარჯვე - ეს ის შენობაა, რომელსაც ეძებდი! ევრიკა! ნათელი წერტილი შენობა მეგონა თურმე, არადა, ის ფოიე ყოფილა, სადაც გამოფენა მიმდინარეობდა. ბედნიერი ფერებისგან შემგარი ნახატებით გახალისებულმა დამთვალიერებლებმა ყურადღება გაწუწულ ჟურნალისტზე გადმოიტანეს, რომელიც იმ მომენტში ხელოვნების ექსპონატს უფრო ჰგავდა, თუმცა, ეს აღქმა წამიერი იყო, შემდეგ ყველანი ნახატებს მიუბრუნდნენ... ყურადღება არავისზე გამიმახვილებია, რადგან ნამდვილად გამახალისა და სიცოცხლე შემმატა საოცარმა ფერთა გამამ... 

გადაღება დასრულდა, სიუჟეტი ჩავწერეთ და ვიცი, რომ კარგი და საინტერესო გამოვა. ტელევიზიაში დაბრუნებამდე, გზაში, გამუდმებით ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, ვინც უნივერსიტეტის შენობასთან იყვნენ და ის არ იცოდნენ, რომ ადგილი, რომელსაც ჩვენ ვეძებდით, მათი უნივერსიტეტის უკანა ეზოში მდებარეობდა, ან შესაძლოაა იცოდნენ კიდეც და არ დაგვეხმარნენ, არაფერია გამორიცხული. როდესაც სიუჟეტების ჩაწერის შემდეგ ტელევიზიაში ვბრუნდებოდი, გზად ვფიქრობდი და ვალაგებდი, თუ რა, როგორ და რანაირად გამეკეთებინა და როგორ აჯობებდა, თუმცა დღევანდელმა დღემ ეს ფიქრები შემიცვალა. ჟურნალისტის პროფესია მრავალმხრივ საინტერესოა, ვინაიდან რეალურად ბევრ რამეს დაინახავ და გაიგებ, თან ეს ყველაფერი შენდა დაუგეგმავად ხდება. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიყვარს ჩემი პროფესია და ყოველ დღიურად საინტერესოსთან ერთად, სხვადასხვა კატეგორიის ხალხთან გიწევს შეხება, რას იზამ, ესეც ჟურნალისტიკის ერთ-ერთი პლუსია...