Feedback

ოქროს ბიჭები საქართველოდან - საქართველოს ვაჟ ძიუდოსტთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო

  /   ნანახია 1295 ჯერ

ოქროს ბიჭები საქართველოდან - საქართველოს ვაჟ ძიუდოსტთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო

რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ტრიუმფით და საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ტურნირის ბოლო დღეს ევროპის გუნდური პირველობა გაიმართა და ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა.

ვაჟთა შეჯიბრებაში სულ 16 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო და საჩემპიონო გზაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი გამარჯვება მოიპოვეს.

ოქროს აღმართს უზნაძის გუნდი უნგრეთის ნაკრების ადვილად ძლევით შეუყვა. ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), გიორგი პაპუნაშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+90 კგ) გავიდნენ და ხუთივემ იმარჯვა.

მეოთხედფინალში სამწვრთნელო შტაბმა საბერძნეთის ნაკრებთან საჭიდაოდ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა – განაცხადში ამირან პაპინაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) დააყენა.

პაპინაშვილმა და ტატალაშვილმა თავიანთი ბრძოლები მოიგეს, ჭრიკიშვილი კი მოულოდნელად დამარცხდა და ნახევარფინალის საგზურის ბედი 90 კილოგრამის შეხვედრამ გადაწყვიტა, სადაც ლიპარტელიანმა ალექსიოს ნტანაციდისს აჯობა. შემდეგ კი ადამ ოქრუაშვილმა წონამომატებული ილიას ილიადისი შებოჭა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 4:1.

ანალოგიური ანგარიშით გავიხარეთ ნახევარფინალშიც, სადაც პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ მარგველაშვილმა, შავდათუაშვილმა, ლიპარტელიანმა და ლევან მატიაშვილმა აიღეს ქულები. პაპუნაშვილმა კი თავისი ბრძოლა წააგო.

ევროპირველობის ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა და მარგველაშვილის უიღბლო სტარტის შემდეგ 0:1 ჩამორჩა, მაგრამ ტატალაშვილმა, ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა ზედიზედ სამი ქულა აიღეს და საქართველოს ნაკრებს ევროპის გუნდური ჩემპიონის მე-8 ტიტული გაუნაღდეს. უმოტივაციოდ დარჩენილმა მატიაშვილმა კი გაფრთხილებით წააგო და საბოლოოდ ტაბლოზე 3:2 დაფიქსირდა.

მესამე საპრიზო ადგილები აზერბაიჯანისა და პოლონეთის ნაკრებებმა დაიკავეს.