Feedback

რაგბი - სპორტის სახეობა, რომელმაც ქართველი გულშემატკივარი სტადიონს დაუბრუნა

  /   ნანახია 942 ჯერ

რაგბი - სპორტის სახეობა, რომელმაც ქართველი გულშემატკივარი სტადიონს დაუბრუნა

გიგა ლელაძე

სპორტის აღნიშნულმა სახეობამ საქართველოში საკმაოდ ძლიერად მოიკიდა ფეხი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ქართველი მორაგბეების დიდებული წარმატება განაპირობებს და პირიქით - ჩვენს ქვეყანაში რაგბის ასეთი პოპულარიზაცია განაპირობებს წარმატებას.

სპორტის ეს სახეობა ძალისმიერი ორთაბრძოლების, ზვიადი ბუნების და ბოლომდე ბრძოლის გარეშე რომ წარმოუდგენელია, ამაზე აღარ შევჩერდები და ვიტყვი, რომ ქართველები ამ სამი ჩამოთვლილის ნაკლებობას ნამდვილად არასოდეს უჩივოდნენ. ყოველთვის იყვნენ ჩვენს ქვეყანაში ძლიერი ქართველი ვაჟკაცები, რომელთაც სუფთა ქართული ზვიადი ბუნება ყოველთვის თან ახლდათ და ბრძოლებიც საკმაოდ ბევრი უწევდათ, სადაც ბოლომდე იხარჯებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში თავსაც კი სწირავდნენ. სპორტის ეს სახეობა სწორედ რომ ქართველთათვის მისაღები და ზედგამოჭრილია.

ძველად ტრიბუნებს ფეხბურთი ავსებდა...

საქართველოში სპორტით ცხოვრობდნენ. ამაში, ალბათ ჩემზე გაცილებით ასაკოვანი და სტჟიანი გულშემატკივრებიც დამეთანხმებიან. არაერთ სახეობაში იყვნენ ჩვენი სპორტსმენები ძლიერები.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჭიდაობა. ამ სახეობაში თუნდაც ლევან თედიაშვილის და ლეგენდარული გივი კარტოზიას ხსენებაც საკმარისის, რომლებიც თავის დროზე შიშის ზარს სცემდნენ მეტოქეებს.

მიხეილ ქორქიამ და ზურაბ საკანდელიძემ კი სრულიად საკალთბურთო სამყარო აალაპარაკეს თავიანთი დიდოსტატობით. მოკლედ, სპორტი რომ ნამდვილად ამართლებს საქართველოში, ამაზე შევთანხმდებით.

ყველაზე მთავარი გასახსენებელი და ამავდროულად გულდასაწყვეტი ქართული ფეხბურთია. მიუხედავად ზემოთ ნახსენებ სახეობებში წარმატებებისა, ქართველი გულშემატკივარი ფეხბურთით ცოცხლობდა. იყო დიდი თბილისის “დინამო”, ქუთაისის “ტორპედო” და ლანჩხუთის “გურია”, რომლებიც წარმატებით გამოდიოდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. თბილისის დინამომ კი სულაც ევროპა დაიპყრო და 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, დინამოელებმა დიუსელდორფში გამართულ ფინალში იენის „კარლ ცაისს“ ეგრეთ წოდებული „ქამ ბექ“-ი გაუკეთეს და 0:1 ჩამორჩენის შემდეგ  გერმანელებს გერმანიაშივე 2:1 მოუგეს. მანამდე იყო დიდი ევროპული კლუბების სტუმრობა თბილისში - „ლივერპული“, „ფეინოორდი“ და სხვანი ერთმანეთის მიყოლებით გამოთიშეს ქართველმა ფეხბურთელებმა ტურნირიდან. ღირსეულად მივიდნენ ფინალამდე და დამსახურებულადაც აღმართეს თასი.

ამ ყოველივეს გახსენებაზე ტანში მაჟრჟოლებს, ისევე, როგორც ყველა ქართველ გულშემატკივარს. მაშინ, ბუნებრივია, საფეხბურთო ტრიბუნებზე მოხვედრა ურთულესი იყო, რამეთუ ყველას უყვარდა ფეხბურთი. ყველაფერს აკეთებდნენ სტადიონზე მოსახვედრად და როგორც იტყვიან, „ნემსი არ ჩავარდებოდა“ ისეთი ანშლაგი იყო. დეღეს კი, რა დღეშიცაა ქართული ფეხბურთი, ყველა კარგად ვხედავთ. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება, ეს აქსიომაც ყველას კარგად გვახსოვს. ასე რომ, ქართულ ფეხბურთს ღრმა ძილით სძინავს და აქედან თავის დაღწევის გზებზე სხვა დროს, სხვა სტატიაში...

პირადად მე, არ მინახავს დაძინებული ადამიანის სანახავად მისული ადამიანი (თუ რა თქმა უნდა, საღათას ძილით არ სძინავს და პანაშვიდზე არ მივა ხალხი, ამისგან ქართული ფეხბურთი ღმერთმა დაიფაროს). შესაბამისად, ხალხიც აღარ დადის სტადიონზე. მხოლოდ ფეხბურთელებისა და გაბრაზებული მწვრთნელების გადაძახილ-გადმოძახილს თუ გაიგონებს კაცი. სამწუხაროა, ქართულმა ფეხბურთმა მაყურებელი დაკარგა...

დღეს რაგბი გვიხარია...

სამაგიეროდ, სტადიონს ავსებს სარაგბო მატჩები. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლად გამოსვლა დაიწყო სპორტულ სარბიელზე, რაგბი ნელ-ნელა დამკვიდრდა, როგორც სპორტის #1 სახეობა და ამაზე უკვე აღარავინ დავობს. მაშინ როდესაც საფეხბურთო ნაკრები ისეთი ქვეყნების ნაკრებებსაც კი ჩამორჩება მსოფლიო რეიტინგში, რომელთა არსებობა ბევრმა ქართველმა არც კი იცის, სარაგბო ნაკრები დღითიდღე წინ მიიწევს და ტოპ კლასის გუნდებისთვისაც უკვე თავსატეხს წარმოადგენს. სიამაყით ვიტყვი, რომ „ევროპის ერთა თასის“ გათამაშებაში, ჩვენი „ბორჯღალოსნები“ უძლეველ გუნდად ჩამოყალიბდნენ და მათი მარცხი (ჯვარი აქაურობას) უკვე უდიდეს სენსაციად მიიჩნევა.

აბსოლუტურად სამართლიანად ვითხოვთ მოწინავე ევროპულ ნაკრებებთან ერთად „ექვსი ერის“ გათამაშებაში აღზევებას. ამას ჩემი ქართველობა არ მალაპარაკებს მხოლოდ, მსოფლიო სარაგბო სამყარო აღნიშნავს ამ ყოველივეს.

ჩვენმა ბიჭებმა სამი მატჩი ჩაატარეს მიმდინარე „ერთა თასზე“ და ერთმანეთის მიყოლებით, ძალინ მარტივად დაამარცხეს გერმანიის, პორტუგალიის და ესპანეთის ნაკრები გუნდები (იმედია, საფეხბურთო ნაკრებიც შეძლებს ამას ოდესმე).

ამ ყველაფრის პარალელურად, იტალიის ნაკრები, რომელიც „ექვსი ერის თასზე“ გამოდის, უსუსურად გამოიყურება და მსოფლიო რეიტინგში გადავასწარით კიდეც. ამას თუ დავამატებთ გასულ წელს გამართულ მსოფლიო თასზე ჩვეენების წარმატებულ გამოსვლას, მგონი უკვე დროა, იტალიის ნაკრები ჩაანაცვლოს საქართველოსამ და იქ ვაჩვენებთ ყველას, რა შეგვიძლია!

აქვე მსოფლიო რაგბის რეიტინგი ბოლო მონაცემებით:

1 (1). ახალი ზელანდია 96,10

2 (2). ავსტრალია 89,33

3 (3). სამხრეთ აფრიკა 87,66

4 (4). უელსი 83,98

5 (5). არგენტინა 82,59

6 (6). ინგლისი 82,18

7 (7). საფრანგეთი 80,20

8 (8). ირლანდია 79,70

9 (11). შოტლანდია 78,03

10 (9). იაპონია 77,05

11 (10). ფიჯი 76,96

12 (13). ტონგა 71,60

13 (14). საქართველო 71,45

 

14 (12). იტალია 70,78

15 (15). სამოა 70,36

16 (17). რუმინეთი 67,93

17 (16). აშშ 66,86

18 (18). რუსეთი 63,53

19 (19). კანადა 63,42

20 (21). ურუგვაი 62,04

21 (20). ნამიბია 61,75

22 (22). ესპანეთი 60,63

23 (26). გერმანია 57,69

24 (23). ჰონკონგი 57,17

25 (25). კორეა 56,70

26 (28). ბელგია 56,17

27 (24). ჩილე 56,04

28 (29). კენია 55,89

29 (30). უკრაინა 55,51

30 (27). პორტუგალია 55,34

დაე, იარონ, იარონ, ამინ!

წარმატებები არის, საფუძვლიანი ამბიციაც გვაქვს და გულშემატკივრებიც დაუბრუნდნენ სტადიონს. რამოდენიმე დღის წინათ, ეპანეთის ნაკრების ძლევის მაუწყებელი ნიუსის ქვემოთ გულშემატკივრის კომენტარი ვნახე: „ვთხოვთ რაგბის კავშირს, გაითვალისწინოს გულშემტკივრების სურვილი და იქნებ თბილისის გარდა ქალაქებშიც ჩატარდეს ნაკრების თამაში“. ძნელია არ დაეთანხმო ადამიანს. რაღა თქმა უნდა, გულშემატკივარს სურს, იხილოს ჩვენი აგრერიგად წარმატებული ნაკრების თამაში და ამისთვის ყველა ვერ შეძლებს ქუთაისიდან, ბათუმიდან სხვა ქალაქებიდან თბილისში ჩამოსვლას. ამის მიზეზებიც ყველას კარგად მოეხსენება და ამაზე აღარ შევჩერდები. ასე რომ, იმედია, გაითვალისწინებენ ამ თხოვნასაც ქართული რაგბის მესვეურები.

ჩვენი ბიჭები კი წინ მიიწევენ - დაე, იარონ, იარონ ამინ!!!