Feedback

ცოლ-ქმრობა

  /   ნანახია 464 ჯერ

ცოლ-ქმრობა

 (წმ. იოანე ოქროპირი)

"ჭეშმარიტად, ღვთისმოსავი და გონიერი ცოლი უდიდეს ზეგავლენას ახდენს მეუღლეზე - შეუძლია მისი სულიერი განწყობის საკუთარი სურვილისამებრ შეცვლა. ქმარი არც მეგობრების, არც მასწავლებლების, არც უფროსების რჩევა-დარიგებას არ დაუჯერებს ისე, როგორც ცოლისას.. ცოლი ხომ ქმართან იყოფს ტრაპეზსა და სარეცელს, აშკარა თუ დაფარული საქმის დასაწყისსა და დასასრულს... მათ ჰყავთ შვილები; ცოლი მისი ერთგულია, მასთან შეერთებულია, როგორც სხეული თავთან და თუ ის გონიერი და ყურადღებიანია, თავის ქმარზე იზრუნებს ისე, როგორც სხვა არავინ, და გაიმარჯვებს კიდეც. ცოლებო, ამიტომაც გარწმუნებთ: თქვენს მოვალეობად მიიჩნიოთ - ქმრებს სათანადო რჩევები მისცეთ. დედაკაცს აქვს უდიდესი ძალა, როგორც სათნო, ისე მანკიერ საქმეთა აღსასრულებლად..

თუ ქმარი დაინახავს, რომ არ ხარ ანჩხლი, არ ეძალები ფუფუნებას, არ გიყვარს სამკაულები, არ ითხოვ ზედმეტ შემოსავალს, სჯერდები იმას, რაც გაქვს. ამის მხილველი ქმარი უეჭველად ყურად-იღებს შენს რჩევებს.. თუ ოქროს, თვალ-მარგალიტსა და ძვირფას სამოსს არ დახარბდები და სანაცვლოდ აირჩევ თავაზიანობას, უბიწოებას, კრძალულებას, შეგეძლება, იგივე მოსთხოვო ქმარსაც. მის საამებლად საჭიროა სულის გამშვენება და არა სხეულის მორთვა. ქმრისთვის ახლობელსა და საყვარელს გაგხდის არა იმდენად ოქრო, რითაც იკაზმები, რამდენადაც უმწიკვლობა, ალერსიანი მოპყრობა და მისთვის სიცოცხლის გაწირვისთვის მზაობა. აი, ეს ატყვევებს ქმრებს ყველაზე მეტად.. ზემოხსენებულ სათნოებებს, ალერსსა და მეგობრობას არც გარჯა სჭირდება და არც ხარჯები... ტანსაცმელს, როცა მიეჩვევი, გბეზრდება კიდეც. სულის სამკაული კი მარად ცხოველმყოფელია..

მაშ, თუ გსურს, ქმარს მოსწონდე, შეიმკე სული უბიწოებით, ღვთისმოსაობით, ოჯახზე ზრუნვით. ეს სილამაზე მეტადაც ატყვევებს და არც არასდროს ჭკნება - მას ვერც სიბერე დააკლებს რამეს და ვერც სნეულება. ხორციელ სილამაზეს დრო ანგრევს, ავადმყოფობა მასაც და ბევრ სხვა რამესაც უღებს ბოლოს; მაგრამ ის, რაც სულს ამშვენებს, ამ ყველაფერს აღემატება. გარდა ამისა, ხორციელი სილამაზე შურის აღმძვრელი და ვნებათა აღმგზნებია. სულის სამკაული - ამ სენისგან სუფთა და ყოველგვარი მზვაობრობისგან თავისუფალია..

მაშ ასე, თუ გსურთ, ქმრებს მოსწონდეთ, შეუქმენით სასიამოვნო განწყობა სულისა, ამას კი მოახერხებთ მაშინ, როცა უარს იტყვით ძვირფას ტანსაცმელსა და სამკაულებზე. ისინი, ჩანს, ქმარს მოსწონს საქორწინო ზეიმის დროს, მაგრამ მოგვიანებით, დროთა განმავლობაში, მის თვალში მათ ფასი ეკარგებათ. ჩვენ ხომ მაინცდამაინც არ გვაოცებს ესოდენ ლამაზი ცა და ყველა სხეულზე შეუდარებლად თვალისმომჭრელი მზე, რადგან მათ ხილვას შეჩვეულნი ვართ. მაშ, როგორ გინდა, ქმარს მუდამ აღაფრთოვანებდეს შენი მორთულობა?!.. იქნებ გსურს, თავი მოაწონო უცხოებს და მათგან მოისმინო შექება? მაგრამ ამგვარი სურვილი შეუფერებელია ღირსეული ცოლისთვის. თუმცა, თუ ეცდები, უცხონიც შეგიყვარებენ და შეგაქებენ ღირსებისათვის. სინამდვილეში ცოლს, ვისაც სურს უცხონი მოხიბლოს, საერთოდ არ მოიწონებს მოკრძალებული და წესიერი კაცი, მას შეაქებენ მარტოოდენ გარყვნილნი და ტკბობისმოყვარენი.. ღირსეულ ცოლს ქებას შეასხამს ყველა, ერთნიც და მეორენიც, რადგან მათ არც რაიმე დაუშავდათ და მისი საქციელიც სიბრძნის გაკვეთილად გამოადგებათ. ასეთ ცოლს კაცნიც დიდად დააფასებენ და ღმერთიც დიდ ჯილდოს მიაგებს.

მაშ, მოშურნეობით ვიზრუნოთ ასეთი სილამაზის შესაძენად, რათა აქაური ცხოვრებაც უსაფრთხოდ განვვლოთ და სამომავლო სიკეთენიც დავიმკვიდროთ. დაე, ღირსნი გავხდეთ მათი მიღებისა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და სულისა წმინდისა თანა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ."


მამა თეოდორე ცოლ-ქმრობის შესახებ