Feedback

“ვერ ვპატიობ ჩემს თავს, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი ჩემს შვილს, მის გვერდით არ ვიყავი” – ემიგრანტის დღიურები

  /   ნანახია 729 ჯერ

“ვერ ვპატიობ ჩემს თავს, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი ჩემს შვილს, მის გვერდით არ ვიყავი” – ემიგრანტის დღიურები

ია მერებაშვილი – საბერძნეთი (კასპი.1967.15.04)

– როგორ და რატომ წახვედით საზღვარგარეთ?

– საზღვარგარეთ წასვლა მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო მომიწია, როგორც ყველა ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ სამსახური მქონდა. სკოლაში მუსიკას ვასწავლიდი, მოსწავლეებიც მყავდა თუმცა ეს ოჯახის სარჩენად საკმარისი არ იყო. რადგან მეუღლე იმ დროს უმუშევარი იყო და ძალიან გვიჭირდა. მეუღლე სამაჩაბლოს ომიდან დაწყებული ბოლომდე ომამდე იომა. საკუთარ ჯანმრთელობას სამშობლოს ანაცვალა. მისი მკურნალობის და წამლების ფული არ გვქონდა, ამიტომაც გამოც გადავწყვიტე საზღვარგარეთ წასვლა.

– რომელ ქვეყანაში იმყოფებით?
– ამჟამად საბერძნეთში, კერძოდ სალონიკში ვარ. 10 წელი შემისრულდება მარტში, რაც აქ ვარ. საბუთების არ ქონის გამო საქართველოში ფეხი არ დამიდგამს. საბუთი მაქვს, რომლითაც საბერძნეთის ქალაქებში შემიძლია გადაადგილება, თუმცა ქვეყნის გარეთ წასვლა-წამოსვლის უფლება არ მაქვს.

– წასვლაში ვინ დაგეხმარათ?
– საზღვარგარეთ წასვლაში ბიძაშვილი დამეხმარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. წლების წინ იყო საბერძნეთში და მეც წამომიყვანა თავისი ფულით. მუშაობა, როცა დავიწყე ნელ-ნელა გადავუხადე თანხა. ზუსტად, არ მახსოვს თუ არ ვცდები მგზავრობა 3 600 ევრო დამიჯდა, ვიზით კი 4 500 ევრო ღირდა. მგზავრობის დღე მწარედ მახსოვს. საშინელი შიში ვნახეთ, თურქეთამდე ჩვეულებრივად მოვედით. მძღოლმა 10 კაცი საზღვარზე მალულად გადაგვიყვანა, სამალავში კი 4 კაცი ვიყავით, ვერც ფეხს ვშლიდით და ვერც ხელს. ერთი შეღავათი ის იყო, რომ სამალავში კონდენციონერი გვქონდა, მაგრამ ბერძნებმა საბაჟოზე დიდხანს გაგვაჩერეს და მისი გათიშვა მოგვიწია, რადგან ხმა გარეთ გავიდოდა.

– რა მოლოდინები გქონდათ და გაგიმართლათ თუ არა იმედი?
– რა თქმა უნდა, იმედები დიდი მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ შვილებს არაფერს მოვაკლებდი და ოჯახს ფეხზე დავაყენებდი. გამიმართლა იმ გაგებით, რომ იმ დროს სამსახური ბევრი იყო, ანაზღაურებაც კარგი, და არ ვაკლებდი ოჯახს არაფერს. ოჯახს თანხითაც ვეხმარებოდი და ამანათებსაც ვაგზავნიდი, ახლობლებსაც ვეხმარებოდი (ძუნწი კი არ ვარ) შემდეგ მეუღლეც წამოვიყვანე, რადგან უჩემოდ ვეღარ გაძლო. სამსახური მძიმე მქონდა, მაგრამ ბებიას შვილებს ძალიან ვუყვარდი და პატივსაც მცემდნენ. არ გამიშვეს, როცა ვუთხარი, რომ მეუღელე ჩამოდიოდა და სხვა სამსახური უნდა მეშოვა, ბინა გვექირავა. მოკლედ მეუღლის მიყვანაც შემომთავაზეს. მე და ბებია ვიყავით მხოლოდ, ბებია ლოგინს იყო მიჯაჭვული. ვიცხოვრეთ ერთად, სანამ ბებიამ იცოცხლა. შემდეგ ვიქირავეთ ბინა და გადავედით. რაღაც დროის შემდეგ ჩვენი ბიჭი ჩამოვიყვანეთ. მეორეც გვყავს, გოგო, რომელსაც ძალიან კარგი ოჯახი აქვს. ცუდად მახსოვს ის დრო როცა წამოვედი, რადგან ფეხმძიმე დავტოვე. ამას ვერ ვპატიობ ჩემს თავს, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი ჩემს შვილს, მის გვერდით არ ვიყავი. ყველა მის გვერდით იყო და სამწუხაროდ დედა არი მასთან.

– როგორია თქვენი სამუშაო გრაფიკი და რაიმე შეზღუდვები თუ გაქვთ?
– ამჟამად 24 საათი მიწევს მუშაობა, მანამდე დღის ცვლაში ვიყავი ყოველთვის. მეუღლე ოთხი წელია რაც საქართველოში დაბრუნდა, რადგან აქ ხან მუშაობდა ხან არა და მკურნალობა ესაჭიროებოდა, რასაც აქ ვერ ვახერხებდით. მე და ჩემი შვილი, ალექსი ვართ აქ. სამუშაო 24 საათიანი + დასვენებით და ძალიან გადატვირთული არ ვარ. ბებიას როცა სძინავს, ვისვენებ ხოლმე. თუმცა ისეთი სამუშაოებიც მქონდა, სადაც ბებია ღამეც არ მაძინებდა, ადგებოდა და დადიოდა, არ იძინებდა იმის შიშით, რომ ეგონა ჩუმად რამეს შევჭამდი ან მოვიპარავდი. ამ სამსახურში არანაირი შეზღუდვები არ მაქვს, რადგან ყველას ძალიან ვუყვარვარ და მენდობიან. ოჯახსაც ხშირად ვეკონტაქტები, როცა გვცალია, მეუღლეს კი თითქმის ყოველდღე.

 

– ცხოვრების პირობებზე რას გვეტყვით?
– ნორმალური ცხოვრების პირობები მაქვს, ოჯახში მარტო მე და ბებო ვართ. თუმცა, ბებია 89 წლისაა და აზრი აქვს დაკარგული, ბავშვობა აქვს ჩარჩენილი გონებაში და თავის შვილსაც კი ვერ ცნობს. მოკლედ თავიდან ძალიან გაუჭირდა ჩემთან შეგუება.

– ტრადიციებზე რას იტყვით ?
– ტრადიციებს რა შეეხება, ბერძნები განთქმულნი არიან დროს ტარებით და მხიარულებით. ჩვენნაირი ტრადიციები არ აქვთ, მაგრამ სტუმართმოყვარე ხალხია, გვენდობიან და სირცხვილია ამათი ღალატი. როგორც ჩვენთან სოფლებში , ისე აქაც თბილი ხალხი ცხოვრობს. ასე რომ, ქართველებს არაფერი გვიჭირს სხვისი მისაბაძი და ვინმესგან გადმოსაღები.

– ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემების შემთხვევაში თუ შეგიძლიათ საქართველოს საელჩოს, რომ მიმართოთ?
– ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები, მხოლოდ მე კი არა, ყველას აქვს აქ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ფსიქიკა საკმაოდ მოშლილია,წლების მანძილზე სამშობლოს და ოჯახის მონატრება. მძიმე სამუშაოების შედეგად, “ოსტეოპოროსი” და ყველაფერი მაწუხებს. ემოციებისგან და განცდისგან არითმია დამემართა. აქ, სალონიკში სინესტეა, ამიტომაც ყველას თითქმის ძვლებზე აქვს პრობლემა. საელჩოსთან შეხება არ მქონია არასოდეს, თუმცა ჯერჯერობით დამჭირვებია და მივა, როცა პასპორტს ვადა გაუვა.

– ლეგალურად მყოფ ქართველ ემიგრანტებს რა უპირატესობა აქვთ არალეგალთან შედარებით?
– ლეგალურად მყოფების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ აქვთ საბუთები, ასევე ჯანმრთელობის წიგნაკი, რომლითაც მათ შეუძლიათ უფასოდ იმკურნალონ, მხოლოდ დაზღვევის ფულს იხდიან. საქართველოში წასვლა-წამოსვლის უფლება აქვთ. სამუშაოს და ხელფასის, მხრივ კი უპირატესობა არაფერია.

– რომელი საქმე არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი?
– მაღალი ანაზღაურება აქვს იმ პროფესიას, რაც უფრო მძიმე სამუშაოს ასრულებ .ამის გამო, წელზე და ფეხზე პრობლემები მაქვს. 3-4 კილოს ვეღარ ვწევ ხელით, თუ მოხდა და პროდუქტი ვიყიდე სახლისთვის, მაშინ ჩემი ბიჭი მეხმარება.

– რას ფიქრობენ ბერძნები ქართველებზე?

– ქართველებზე ძალიან ცუდი წარმოდგენა არ აქვთ, თუმცა ბევრი რამ მოხდა მათი მონაწილეობით. ესენი ყველას გვარცხვენენ. ბევრჯერ აღმოვჩნდი ცუდ სიტუაციაში, როცა ტელევიზორში აცხადებდნენ, რომ ქართველებმა დანაშაული ჩაიდინეს. თუმცა ბებია და შვილებისგან უნდობლობა არ შემიმჩნევია. ხშირად მეუბნებიან, რომ ცუდი და კარგი ყველა ერშია. მათ მოსწონთ ჩვენი კულტურა და ქორეოგრაფია. ბერძნებმა კარგი ქართველების წყალობით, კარგად გაგვიცნეს.

– რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ოჯახის მიტოვება და უცხოეთში სამუშაოდ წასვლა ?
– არ ვიცი. ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ საერთოდ არ წამოვსულიყავითქო, არც აქეთ ვარ და არც მაქეთ. მინდა წამოსვლა, მაგრამ მესმის, რომ უკიდურესი გაჭირვებაა და ვფიქრობ. სადაც არ ხარ, კარგი გგონია ადამიანს. როცა გიჭირს ეკონომიურად, აღარ ფიქრობ, რაა მართებული და რა არა. პირობები რომ ქონდეს ადამიანს საქართველოში, რატომ იფიქრებს საზღვარგარეთ წასვლაზე? გამოსავალს ვერ ხედავენ და მიდიან.

– ურჩევთ თუ არა ქართველებს საზღვარგარეთ წასვლას?
– მე რაც არ უნდა ვურჩიო, ვისაც უნდა მაინც წავა. სულ არაა ადვილი, გამოიხურო კარი და წახვიდე სხვა ქვეყანაში ფულის საშოვნელად. ფულს ვაგზავნით და ყველაზე მთავარს, სითბოს ვაკლებთ შვილებს.
რა თქმა უნდა, ჯობია არავინ წავიდეს სხვა ქვეყანაში და არ ემსახუროს ვიღაცას, ბევრჯერ დამცირებული და ტირილით ჩამძინებია.

– აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?
– 20 რა თქმა უნდა დავბრუნდები, ჩემი შვილი, მეუღლე და შვილიშვილები მელოდებიან. მშობლების საფლავები მელოდება. ახალგაზრდები მშობლები დავკარგე და უკვე 10 წელი გახდება, რაც მათ საფლავზე სანთელი არ ამინთია.

– რას უსურვებთ ქართველ ემიგრანტებს?
– ჩემს ქართველ ემიგრანტებს ჯანმრთელობას, გამძლეობას და ამტანობას ვუსურვებ. ყველა ქართველი ემიგრანტი დალოცოს უფალმა და მშვიდობით დააბრუნოს ყველა ოჯახში.

ავტორი: თეონა აბესაძე

http://primetimenews.ge/