Feedback

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტა

  /   ნანახია 387 ჯერ

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტა

"საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 დეკემბრის N378 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"სააკაშვილისთვის მოქალაქეობა, ალბათ, უფრო ადრეც უნდა შეეწყვიტათ",- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ელისო ჩაფიძემ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი. 

"ეს ალბათ ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ დღეს მიიღო. რამდენადაც მე ვიცი, ეს გადაწყვეტილება სამარტლებრივად გამართულია. 

მაშინ, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და აქტიურად ჩაერთოს იმ ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არის სრულიად გასაგები და სამართლიანი. 

მიენიჭება და აღუდგება თუ არა სააკაშვილს განსაკუთრებული წესით, განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოს მოქალაქეობა ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. მე დღეისათვის ამის საფუძვლებს ვერ ვხედავ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანს თავის სამშობლოს ბედთან დაკავშირებით ცოტა უცნაური მოსაზრებები და შეხედულებები აქვს. თუ დადასტურდა ის ფაქტიც, რომ სააკაშვილი არის წამსვლელი სისხლისღვრაზე იმისთვის, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქეობის ღირსი",- განაცხადა ჩაფიძემ. 

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბარამიძს, მან  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა სამარცხვინო ქმედებად შეაფასა: 

"ბუნებრივია, ეს არის სამარცხვინო ქმედება, რომელიც ნამდვილად სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება იმ ადამიანების ბიოგრაფიებში და იმ უწყებების ისტორიაში, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო",- განაცხადა ბარამიძემ. 

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ კი, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება დაგვიანულად შეაფასა და განაცხადა, რომ  სააკაშვილი, ოდესაში, კონტრაბანდით უზარმაზარ ფულს აკეთებს:

"დაახლოებით ერთი კვირის წინ საზღვარგარეთ ვიყავი და სრულიად შემთხვევით ერთ-ერთი შეხვედრის დროს გამესაუბრა ადამიანი, რომელიც ნიუიორკ თაიმშში მუშაობს და მითხრა: შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, თქვენმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვაო.

არ მეგულება ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში. იუსტიციის სამინისტრომ დააგვიანა და ამ ხელისუფლებამ, როგორც ყველაფერში აქაც არაეფექტურობა გამოიჩინა. როდესაც სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი, მისთვის ავტომატურად უნდა ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქეობა, როგორც ეს რიგითი მოქალაქის მიმართ ხდება. 

სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთავს. სააკაშვილი ქვეყნის სირცხვილია. საერთოდ უპრეცედენტოა, როდესაც დამოუკიდებელი სახელწმიფოს პრეზიდენტი, რომელიმე სხვა სახელმწიფოს გუბერნატორად იწყებს მუშაობას, მაგრამ ნათელია, საკაშვილისთვის უმთავრესია, რაც არ უნდა დაუჯდეს, საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი უნდა გაუჩნდეს.

ოდესაში სააკაშვილი კონტრაბანდით უზარმაზარ ფულს აკეთებს, რაც მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის უცხო არ არის. 

"ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაცოცხლებულიყო", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ხოლო საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ბიძინა ივანიშვილის პრორუსული ორიენტაციით ხსნის და აცხადებს, რომ: "ივანიშვილის მიზანია, სააკაშვილს არ ჰქონდეს პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალებაო":

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომელიც რუსეთს უპირისპირდება. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინაში და საერთოდ, ანტირუსული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინის პოლიტიკაში, რომელიც რუსეთს ეომება.

გარდა ამისა, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რომ სააკაშვილს არ ჰქონდეს საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალება, რასაც აქამდეც აკეთებდა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის პრორუსული შედეგია ის რაც ხდება სააკაშვილთან მიმართებაში,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

PKTV.GE: მოკლედ, ვინც რა უნდა ის თქვას, ფაქტი ერთია, დღეს საქართველოს მომქმედმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, თავის წინამორბედ კოლეგას, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა...