Feedback

ქეთი სესიაშვილის პოეზია: ციკლიდან ”თუშეთის მთები”

  /   ნანახია 1055 ჯერ

ქეთი სესიაშვილის პოეზია:  ციკლიდან ”თუშეთის მთები”

ქეთი სესიაშვილი, 25.07.2012

პირიქითა თუშეთში

 თუშეთის მთებში

სოფელ დართლოში

ჩაღამებულან სიპის სახლები

და უსინათლო მოხუცთა მსგავსად,

ჩამქრალან მათი ათინათები.

ხევი ჩამოჰქრის, ჭრელა მთებიდან

გადმოვარდნილან ზვავის ზვირთები,

პირიქითითა ალაზნის ხმაში

ამღერებულან დართლოს ველები:

 

გწყალობდეს იახსარ!

გწყალობდეს ლაშარ!

გწყალობდეს დანო!

გწყალბეს კვავლო!

გწყალობდეს დიკლო!

გწყალობდეს ჭეშო!-

 -შენ შეგეწიოს თუშეთის მთებო!

აირბენ გირევს,

აკოცებ ფარსმას,

ჩაეხუტები დართლოს და ჩიღოს,

მაღალოელის ბორცვები გლოცავს

ნანოს და ნაჩოს ძუძუთა დარად...

კოშკები, ძველი რაინდის მსგავსნი,

გადმოგცქერიან ზვიად თუშები,

იახსარს სამჯერ შემოსწირავენ

ყელგამოღადრულ უწყინარა ცხვრებს;

 

ბრძენსახა შულტა არყით დაგლოცავს

და შენს შესაწირს შასწირავს ჩუმად,

იქ ლუდს მოჰხარშვენ თუშის კაცები 

აგითქვირავენ გულ-მუცელს და თან

ამაყი სახით გახელდებიან,

დიაცებს გარმონს გადაჰკიდებენ

და მერე დოღში ულაყს და ფაშატს -

ააცეკვებენ ფლოქვებმყარ ცხენებს;

 

დართლოს მთებიდან დაღესტნის მთებში

არ აურევენ თუშურ მზეწვიას,

მიყვარხარ ჩემო დიდო საგმიროვ,

შენ საქართველოს თუშეთ რომ გქვია!

ველურ სიყვარულს ჩავუკეკლუცდი,

მივწი-გავწიე ტყეთა სიჭრელე,

მთათა იდუმალ მრისხანებაში

იახსარობას მადლი შავთხოვე;

ორეს უბანში ჟრიამულა ხევს

ჩემი სახელი დავარქვი ჩუმად,

დავისაკუთრე დართლოს ხეობა

თავის კოშკიან-აკლდამიანად...

ჩემი ხარ, მთებო,

თუშეთის მთებო,

გფარვიდეს ლაშარ-იახსრის ძალა,

გწყალობდეს ჩიღო,

გწყალობდეს დანო,

წყალობა უფლის

მარად და მარად!

 

შენ იღორძინე დართლოის მთებო,

თუშ ვაჟკაციან-დიაციანად!

 

ნაჩო

ეთერი დეიდას ნაჩო ჰქვია

წოვა თუშურად,

სწორედ მეც ნაჩოს ჩავეხუტე

ზემო თუშეთში,

ჰოდა, ეს ნაჩო - თუშ-დიაცი

სოფელ დართლოში

თუშურ სიყვარულს მოგაგებებს

მაყვალ თვალებით.

 

დაუღალავი ნაჩო დილით

მოწველავს ძროხებს,

ჩაგიბუჟბუჟებს რძიან ერბოში

გამომცხვარ კოტორს,

არ დაიზარებს, ტკბილ ქადებსაც

დაგიცხობს მყისვე,

თუშურ კილოზე

მოგიყვება ისტორიებსაც...

 

ნაჩოს ვეძახი, თორემ ისე

მგონი, ნანოა,

ანდა, აგ-ოა,

წოვა თუშურით

ბებოს რომ ნიშნავს,

მთლიანობაში, ნაჩო ნანაა,

რაც ნიშნავს, დედას,

ჰოდა, მიყვარხარ,

ჩემო ნაჩოვ, ნანავ და ყველავ!

 

ამ სპეტაკ მთებში

ცივში, მკაცრში,

კლდეთა სარტყელში,

მოხუცი ნაჩო

დაუზარავად გმასპინძლობს სტუმარს,

ერთი კვირაა, დართლოს მთებში

ნაჩოსთან ვცხოვრობ

და მენანება, ხვალ თბილისში

მისგან რომ წავალ.

 

ეთერ ქალაის

ჩემი ბებოს სუნი აუდის,

მინდა ვეფერო,

ავუწეწო ჭაღარა თმები,

ნაჩო, იცოცხლე,

ამას გეტყვი

და მეტს, ვერაფერს,

გაისად ისევ

დართლოს მთებში ჩაგეხუტები...

 

არ მიმატოვო, ჩემო ნაჩო,

გაფიცებ ჩემს თავს,

მომავალ ზაფხულს ამოგირბენ

გულის ფანცქალით,

ჩაგეხუტები, მოვეფერები მაგ შენს ნაოჭებს,

დაკოჟრილ თითებს დაგიკოცნი -

ჰოდა, შემპირდი:

მაგ შენს ბრდღვიალა თვალთა ციმციმში

ამიმაყვალებ ამ ჩემს სიანცეს...

 

ვიცი, გაისად

დაუღალავი ნაჩო დილით

მოწველავს ძროხებს

და თბილ-თბილ რძეში

ჩამიბუჟბუჟებს დალუკმილ პურებს,

დამბალი ხაჭოს

ხაჭო ერბოს

შემოდგამს ცეცხლზე

და მომიყვება თუშურ ენაზე

ათასგვარ ამბებს...

 

ზემო თუშეთში

 

 თუშეთის მთებში ღრუბლებში გავიარე,

ცას თითებით მივწვდი და ხელისგულებით მზე ჩავიჭირე -

მზე ცხელი იყო, მაგრამ არ დამწვა,

რადგან თოვლის კეცა-კეცა ზვირთებმა მზის მცხუნვარება გაანელა.

 

უღელტეხილზე ღრუბლის ფთილებმა ქვითინი დაიწყეს,

თუშ დიაცივით ხმამაღლა დაიტირეს მგლოვიარე ნისლები;

ნამშეპარულმა სიცივემ წველი მცხუნვარება გაალღო,

კლდეებში ხმაური ჩააცხრო,

მთები ქურქებით შემოსა...

 

უკბილო ბებერივით დაიგმინა სიმყუდროვემ -

საჩეჩელადან ამოჩეჩილი მატყლი თითისტარზე დაართო.

ამოყვანილი ძაფის სიმსხო გზა დააგო -

- გზა ვიწრო და საშიში

პირდაღებულ ხეობებს შორის...

 

უფსკრულს ზემოთ ღრუბლები ცეკვავენ

ველურ ცეკვას,

შენც ამ ბეწვის ხიდზე მომავალი

მართლაც ღრუბლებში მოსრიალებ

და ცას ზემოდან გადმოჰყურებ -

ცა შენია,

შენ მოგყავს მთები -

თუშეთის კავკასიონის,

თავისი დოღრიალა ჩანჩქერებით,

კლდის ყოველი ნაპრალიდან რომ ცვივიან!

 

გზა საშიშია,

უბნობენ თუშები ამ ვიწრო ბილიკის სიავეს:

აქედან ბევრნი გადავარდნილანო;

ერთმანეთს უთითებენ ადგილებს -

აი, აქედანო...

 

გულისხეთქებით მივდივართ,

მანქანის ღმუილში ჩვენი გულის ბაგა-ბუგი არავის ესმის...

 

ველურ ბუნებას მაინც თავისი ხიბლი აქვს,

გაუხედნავi ცხენის დარ ველურ დიაცივით,

აბრდღვიალებულ მკერდის ბორცვებით ვაჟკაცს რომ შეშლის...

 

ამიტომაც ვერ ანებებ თავს

თუშეთის მთებს

და მისკენ იწევ - შიშს არად აგდებ!

 

დართლომდე შენაქოს ჩავეხუტეთ,

თუშურ კოშკებს შევესიეთ,

ცხენთ ზურგზე მოვახტით

 და გავაჭენეთ...

 

ეგზოტიკა, სიგიჟე, ველურობა -

ცხოვრება სიშლეგეა,

ეს მშვენიერება ჩვენია!

 

მერე - დართლო, თავისი წარსულ-აწმყოთი -

- ნასოფლარი, ზაფხულს საბუდარი

ფესვებიანი დართლოელებისთვის!

 

გაოგნებული ვუცქერ სხვადასხვა ფერის მთებს:

არა, ვერ დახატავ ასეთ ფერებში,

სულ რომ გულით მოინდომო...

 

მაკრატელას მთებმა ალაზანი პირიდან გადმოუშვა

და თავისუფლად ბოგინის უფლება მისცა -

- მაცდურია ალაზანი თუში დიაცის

ყელმოღერებულ კისკისივით...

 

ჭედილებს ზვარაკად სწირავენ სალოცავებს

და ავედრებენ საკუთარ ბედნიერებას

თუშები...

ჭედილები არ ტირიან -

უდრტვინველად იტანენ კისრის ჭრას;

გამოღადრული ყელიდან სისხლი იღვრება

და ნიშას რწყავს.

 

შულტები არყით ილოცებიან,

დიაცნი მოშორებით სხდებიან

და გარმონის წელვაში იცლებიან;

 

ყველას თავისი საქმე აქვს -

მოხარშულ ალუდს მოარბენინებენ ვაჟკაცები

და იწყება დღეობა...  

 

 ალვანში

ვუძღვნი ჩემს ძმადნაფიცს, იური (გიორგი) ომაიძეს და მის ლამაზ ოჯახს

 

თბილისიდან შვებულებით

წამოვედით თუშეთისკენ;

დავადექით კახეთის გზას

და ბარ-თუშეთს მოვადექით.

 

ალვანს დაგვხვდნენ ომაიძეთ

ჯალაბობა სტუმრიანი,

ფიც-ვერცხლნაჭამ და-ძმობისა

გვქონდა ადრივ შეფიცული.

ლურჯთვალება თუშ-დიაცი

დატრიალდა მასპინძელი, -

-ჩემ ძმობილის დედა გახლავთ

ომაიძეთ მარიამი!

 

შაიყარნენ თუშ-კაცები,

გადმოვიდნენ მეზობლები -

- ზემო ალვნის ვაჟკაცები,

იმათ გვარებს რა ჩამოთვლის...

 

უელავდათ ჯიქურ თვალში

დათბილული მკაცრი მზერა,

ჩამოისხეს ღვინო თასში,

ადღეგრძელეს სტუმართ მოსვლა;

 

 იქითურმა-აქეთურმა

დააღამა ის დღე გრძელი,

აუჩუყდათ სიყვარულით

შემთვრალული, ვაჟებს, გული...

ამ საღამომ გამახსენა

ვაჟას ''სტუმარ-მასპინძელი"'...

 

ძილის დრომაც მოაწია,

გაიკრიფნენ თავ-თავისას,

ასე იყო ზემო ალვანს

ომაიძეთ ჩვენი ყოფნა...

 

დილით თუშეთის მთებს მივალთ -

ასეთია ჩვენი გეგმა...