Feedback

SOS! - რა მდგომარეობაში არიან თურქეთში სამუშაოდ ჩასული ქართველები?! არის თუ არა ეს ტრეფიკინგი?!

  /   ნანახია 1253 ჯერ

SOS! - რა მდგომარეობაში არიან თურქეთში სამუშაოდ ჩასული ქართველები?! არის თუ არა ეს ტრეფიკინგი?!

უკვე მერამდენედ მიწევს წერა იმის შესახებ, რომ საქართველო ერთ დიდ „თავკომბალას“ ემსგავსება,სათვალავიც კი ამერია. სოფლები ცარიელდება, ყველანი ქალაქისკენ, კონკრეტულად, თბილისისკენ იღებენ გეზს და ეს „საცოდავი“ დედაქალაქიც იზრდება, იბერება და ალბათ ერთხელაც იქნება, გასკდება.

გასაგებია, რომ თბილისში ეძებს ბევრი ლუკმა პურის ფულს, მაშინ, როდესაც მამა-პაპისეული ბაღ-ვენახები მიტოვებული და დაუმუშავებელია. ეს, ერთი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მეორე და უფრო ყურადსაღები ის გახლავთ, რომ ხალხმა ნელ-ნელა გაიწია უცხოეთისკენ და იქ ეძებენ ოჯახის სარჩენად საჭირო ფინანსებს. ზოგი საბერძნეთში, ზოგიც იტალიაში და რაც ყველაზე „მთავარია“, ჩვენს მეზობელ თურქეთში.

დამეთანხმება ყველა, ვინც კი მიცნობს, არ ვარ არც ერთი სხვა ერის მიმართ ცუდად განწყობილი, მაგრამ მგონია, რომ ჯობს, საკუთარი მამა-პაპის დატოვებულ მიწას მივხედოთ, ჩვენი სოფლის მეურნეობა ავაღორძინოთ და ამით ჩვენს ქვეყანასაც ვუშველოთ.

მითუმეტეს, ჩვენი მეზობელი თურქეთი „განთქმულია“ სამუშაოს სიძნელეებით. ამის შესახებ ჩვენ ორ ადამიანს გავესაუბრეთ, რომელთაც საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი იქაური სიძნელეები და ასევე საკუთარი თვალით აქვთ ნახული, თუ რა დღეში არიან ჩვენი თანამემამულენი იქ. მათ არ ისურვეს საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება. ასე რომ, ჩვენ ვიცავთ მათ უფლებებს და ანონიმურობას, ამიტომაც მათ პირობითი სახელებით მოვიხსენიებ - კოსტა და ნოე...

ნოე

-         რა გითხრათ, აქედან ხალხი მიდის, ჩადის „აქსარაიაში“, (უბანი სტამბულში, რესპ.) ნახულობს დამსაქმებელს...

დამსაქმებლები ქართველები არიან?

-         კი, ქართველები არიან და სამუშაოს სანაცვლოდ ითხოვენ ხელფასის ნახევარს ერთჯერადად, მაგრამ საბოლოოდ მოტყუებულნი რჩებიან  და არავინ უხდით ხელფასს. ნარკოტიკებს ეძალებიან და უბედურდებიან, პლიაჟებზე, ღია ცის ქვეშ სძინავთ.

ბევრნი არიან ასეთები?

-         კი, სტამბულში, აქსარაიში, მთელი პლიაჟი სავსეა...

ხელფასი რამდენია საშუალოდ?

-         1000-1300 ლირა, თქვენ რა გგონიათ, ბევრია? - იმასაც ზოგჯერ უხდიან, ზოგჯერ არა.

ეს, ეგრეთწოდებული დამსაქმებლები ვინ არიან?

-         შეკრულები არიან ადგილობრივებთან, ანუ სამსახურის მეპატრონეებთან. მოკლედ, მთელი ჯაჭვია. უმეტესობა სამუშაოდ ჩასულებისა უბედურდება, „წამლის“ კეთებას იწყებენ და ბევრი მათგანი იღუპება კიდეც.

ნარკოტიკი ასე ადვილად საშოვნელია?

-         ჩვენთან აფთიაქში „ანალგინს“ ვერ იყიდი ისე მარტივად, როგორც იქ ნარკოტიკულ ნივთიერებას. „ჩაიხანაში“ მიხვალ და იყიდი, არანაირი პრობლემა არაა.

ფასი როგორია, ანუ რთულია შეძენა?

-         იცით როგორაა, უხეშად რომ შვადაროთ, ჩვენთან დაახლოებით 300 ლარი ღირდეს და იქ 20. ყველანაირი სახის ნარკოტიკული ნივთიერებაა.

როგორც ვიცი, თქვენ დიდხანს არ ყოფილხართ იქ, თუმცა, თუ გსმენიათ, აქედან ჩასულა ადამიანი „სუფთა“ და იქ დაუწყია „წამლის“ გაკეთება?

-         კი, როგორ არა, პირადადაც გავიცანი ერთი ახალგაზრდა, მეგრელი ბიჭი. ჩავიდა აქედან სამუშაოდ, რათა ოჯახისთვის პურის ფული გამოეგზავნა. თავიდან კარგ სიტუაციაში მოხვდა, მერე „წამალზე შეჯდა“, გაუბედურდა და როგორც აღვნიშნე, სხვების მსგავსად პლიაჟზე ეძინა. საერთოდ, მერე „ლომკას“ ვეღარ იხსნიან, იძულებულნი ხდებიან, მოიპარონ...

ალბათ, მოპარვას არავინ აპატიებს და ციხეშიც ბევრი იქნება...

-         კი ასეა, შეიძლება ითქვას, სავსეა იქაური ციხეები ქართველებით.

გასაგებია, მამაკაცები ბევრნი არიან, ქალებიც თუ არიან და როგორ არიან?

-         კი, საკმაოდ ბევრია ქალიც. აქედან რომ მიდიან და თითქოს იქ ბავშვს უვლიან, უმეტესობა პანელზე დგას და ისე შოულობს ფულს. ფასები 50 „ლირაა“, საკმაოდ დაბალი. ამ ფასად აქაც შეუძლიათ, მსგავსი მეთოდით იშოვონ ფული, მაგრამ იქ კლიენტურა გაცილებით მეტი ჰყავთ და თან, რაც მთავარია, შინაური ვერ დაინახავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ საკმაოდ ბევრნი არიან.

ახალგაზრდები არიან?

-         ყველა ასაკისას შეხვდებით.

ანუ, რა გამოდის, საქართველოდან მიდიან უფულობის გამო, ჩადიან თურქეთში, ვინ იცის, რა ხერხს მიმართავენ რომ ფული იშოვონ, და მაინც არ აქვთ?

-         არა, არ აქვთ, მაგრამ მიზერს მაინც შოულობენ და ხანდახან ოჯახშიც აგზავნიან. მოკლედ, იქაც თავის გატანაზე არიან. იქ, როგორც ადამიანს, არავინ არ გიყურებს, მათთვის უბრალოდ „გურჯი“ ხარ და მორჩა. როცა ჩავედი, ადამიანურად შემეზიზღა ის სიტუაცია და მალევე წამოვედი. ის კი არა და, აქედან ვითხოვე ისევ წამოსასვლელი ფული.

მოკლედ, ახლა მეორე რესპოდენტის საუბარს შემოგთავაზებთ, რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავს „ნოეს“ მონათხრობს.

კოსტა

-         მთლიანობაში, თურქეთში 5 წელი გავატარე, აქედან, სამი წელი ზედიზედ.

თქვენ სად იყავით კონკრეტულად და ქართველების სიმრავლე თუ იყო?

-         სტამბულში არის ასეთი დასახლება, „ოტობარი“ და „აქსარაი“, სადაც შედიან ძირითადად საქართველოდან გასული ავტობუსები. ქართველების 95 % იკრიბება იქ. პატარა საქართვლოს ეძახიან აღნიშნულ დასახლებას. აქ არიან „დამსაქმებლები“, ძირითადად ქალები, რომელთაც ჰყავთ ე.წ. ადგილობრივი „კრიშები“. თუ იქ ჩავიდა ადამიანი სამუშაოდ ისე რომ არ იცის სიტუაცია, ხვდება რამოდენიმე „დამსაქმებელი“ და სთავაზობენ სამუშაოს გარკვეული ანაზრაურების სანაცვლოდ. პარალელურად, სამუშაოს მეპატრონისგან იღებენ ასევე თანხას, ანუ ორმაგად შოულობენ ფულს.

ძირითადად რა სახის სამუშაოებია?

-         ჯინსების ქარხნები, მაისურების და ა.შ. წაიყვანენ, ამუშავებენ, ხელფასს ან მისცემენ ან არა. ძირითადად პასპორტებსაც ართმევენ. ეუბნებიან, მე შენში ფული მაქვს გადახდილი და მომეცი პასპორტიო.

კოსტა, რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის ტრეფიკინგის აშკარა მაგალითი...

-         დიახ, ასე გამოდის, ჩადიხარ, საბუთს გართმევენ და გეუბნება გიყიდეო. ბევრი გამოიქცა და თავი დააღწია აღნიშნულ სიტუაციას. ამ შემთხვევაში, „დამსაქმებელი“ ვალდებულია, სხვა მუშახელი მიაწოდოს მას და ასე ტრიალებს წრეზე.

ნარკოტიკებთან დაკავშირებით რას გვეტყვით, როგორი სიტუაციაა?

-         თავისუფლებაა. ჩვენთან შედარებით აშკარა თავისუფლებაა.

ქართველები როგორ დამოკიდებულებაში არია, თუ არის თქვენთვის ცნობილი?

-         აქსარაიში ძალიან ბევრი „წამალზე ზის“.  არის რაღაც ქიმიური შემადგენლობის „მოსაწევიც“.

იქ მომუშავე ქართველ ქალებზე რას იტყვი?

-         არის ზოგიერთი, რომელიც არასწორი მეთოდით შოულობს ფულს. მაგისთვის არის რამოდენიმე ადგილი, მაგალითად „შირინევრე“. „ბეუაზიტის ბირჟაზე“ დგას ძალიან ბევრი სხვა ეროვნების ქალებთან ერთად. თანაც, თუ სიტყვაზე, უკრაინელი ფასს გეტყვის 50 აშშ. დოლარს, ქართველები ასე ვთქვათ, ფასს აგდებენ და 20-25 დოლარზე არიან თანახმა.

ანუ, გამოდის, რომ ქართველმა ქალებმა საკუთარი სხეულის ფასიც კი დააგდეს?

-         კი, უმეტესობამ კი...

თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე, ხომ შეიძლება ქართველებმა თავისი მიწა დაამუშაოს და ასე გაიტანოს თავი?

-         იქ ფულის შოვნა მარტივი ჰგონიათ... არადა, სამთვიანი ვიზის ამოწურვის შემდეგ თუ დაგიჭირეს, მტრისას. ქართველებს ჩვენივე საელჩო ექცევა ცუდად. მე თვითონ ვიყავი მსგავს სიტუაციაში. ანუ, სამი კვირა მომიწია ციხეში ჯდომა და ვიცი. საელჩოდან პასუხია, „ჩვენ რა გიშველოთ, რაც გინდათ ის ქენით“. როცა ამას ადგილობრივი ხედავს, გეტყვის, შენ შენიანი არ გპატრონობს და მე რა გაგიკეთოო? თუ მიიტან 150 დოლარს, გამოგიშვებენ უეტაპოდ, ანუ, სანამ დეპორტირებულთა სია გარკვეულ რაოდენობას მიაღწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება 5-6 თვე მოგიწიოს იქ ყურყუტი. რაც ყველაზე მთავარია, არის საშინელი რეჟიმი.

მოკლედ, როგორ შეაფასებთ?

-         მოკლედ, თუ ნორმალური დამსაქმებელი შეგხვდა, შეიძლება გაგიმართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდ დღეში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი და შესაძლოა, სულაც გაუბედურდეს. რაც მთავარია, პასპორტი არ უნდა ჩაუგდო ვინმეს ხელში.

თვითონ ადგილობრივები როგორ არიან განწყობილნი ადგილობრივების მიმართ?

-         ერთი რამაა ნიშანდობლივი და ყურადსარები, ქურთი უფრო დაგიდგება გვერდით, ვიდრე თურქი მოქალაქე. და კიდევ ერთი, ცუდ მდგომარეობაში მყოფთა 99 % ისევ და ისევ ჩვენი თანამემამულეების წყალობით ხვდებიან ამ დღეში!!!

ძვირფასო მკითხველო, თქვენ კარგად ნახეთ, თუ როგორ ჰგავს ერთმანეთს ორიე რესპოდენტის მონათხრობი. ყველაზე მეტად, პირადად მე გული იმაზე მტკივა, რომ ქართველი ქალი საკუთარი ფეხით ეახლება თურქს აკეთებს იმას, რისი არგაკეთების სანაცვლოდაც, ჩვენი წინაპარი მანდილოსნები სიცოცხლეს სუიციდით ასრულებდნენ. ძველად შაჰის ცოლობასაც კი უკადრისობდნენ და თავს იკლავდნენ, დღეს კი ერთ ჩვეულებრივ თურქს ფულის გამო უწვებიან საწოლში. მგონია, რომ ჩვენი რესპოდენტების მონათხრობი ქმნის რეალურ სურათს იქაურ ცხოვრებაზე. ამიტომაც, იქნებ შესაბამისმა სამსახურებმა იზრუნონ სიტუაციის გამოსასწორებლად.

სავარაუდოდ, მსგავს სიტუაციაში საკმაოდ ბევრი ქართველია. ვისაც საკუთარ თავზე გამოგიცდიათ, ან მოგისმენიათ მსგავსი რამ, დაგვიკავშირდით აუცილებლად.

ჩვენი ტელეფონებია: 592 777-311 - მთავარი რედაქტორი, ქეთევან სესიაშვილი; 568 983-663 - ჟურნალისტი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, გიგა ლელაძე.