Feedback

დიმიტრი გაბუნია: "თუ სოხუმში დაბრუნება იქნება, აქ ერთი წამით არ დავრჩები“

  /   ნანახია 527 ჯერ

დიმიტრი გაბუნია:

სოხუმელი დიმიტრი გაბუნია, რომელმაც 22 წლის წინ დატოვა აფხაზეთი საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატია. იგი „აიპრესთან“ 22 წლის წინ აფხაზეთი სვანეთის გავლით იძულებით დატოვებას იხსენებს და ამბობს, რომ მისთვის ეს მტკივნეული თემაა.    

„აფხაზეთიდან სვანეთის გზით წამოსვლა ჩემთვის მტკივნეული თემაა. სვანეთის გზას მოვუყვებოდით აფხაზეთის მკვიდრნი, არ იყო საჭმელი, მხოლოდ წყალი, შაქარი და გადარჩენა.

15-16 წლის ვიყავი, ყველა დეტალი მახსოვს რაც ხდებოდა, რამდენად მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი. 11 სექტემბრის შერიგება, თითქოსდა იმ ქართველების დაბრუნება ვინც იყვნენ გახიზნული ომის პერიოდში... ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რატომ დაიწყო აფხაზეთში სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლა უფრო ადრე, ვიდრე... რატომ დასჭირდათ ამდენი ქართველის ჩაყვანა აფხაზეთიდან.

11 დღე სოხუმს აფხაზეთის მოსახლეობა იცავდა, ვიცით რომ სამეგრელოდან ჯარი ვერ წამოვიდა. არ მინდა ამაზე საუბარი, როგორ და რატომ მოხდა... ჩემი თემა არ არის პოლიტიკური საკითხია, თუმცა რაც მოხდა აფხაზეთში ქართველების პრობლემა იყო. საკუთარი პოლიტიკური ამბიციის გამო... საბოლოო ჯამში ჩვენ დავკარგეთ საკმაოდ დიდი ტერიტორია, ჩვენი სამშობლოს ნაწილი. 

სოხუმის დაცემა არ შეიძლება განხილული იქნას ჟიული შარტავასა და იმ ხალხის გარეშე ვინც იქ იყო. ცნობილ კადრებში ყველაფერია ასახული. მათ პირველებს შეეძლოთ წამოსულიყვნენ იმ წამიდან როგორც კი მიიღეს ინფორმაცია - სოხუმი დაეცა. ამ ადამიანებმა გმირობისა და ადამიანობის მაგალითი დაუტოვეს შთამომავლობას. 

ზოგი გემით გადმოვიდა, ზოგი თვითმფრინავით. ჩვენ ვიცით, რომ ორი სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოვარდა და ხალხი დაიღუპა. ყველაზე დიდი ტანჯვის გზა სვანეთი გზა იყო. პრაქტიკულად 9 დღე მოვდიოდი ნათესავებთან ერთად. მიჭირს ამ თემაზე საუბარი.  სვანეთის გზას მოუყვებოდით აფხაზეთის მკვიდრნი, არ იყო საჭმელი, მხოლოდ წყალი, შაქარი და გადარჩენა... რთულია იმ ასაკში პირველად შეხედო სიკვდილს, როგორ მოდიან ადამინები და იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად. ეს იყო უმძიმესი კადრები.  მოდიხარ და არ იცი ხვალ ცოცხალი იქნები თუ არა. ძალიან ბევრი ადამიანი გზაში დაიღუპა. ეს იყო პირველი ეტაპი. 

მეორე ეტაპი კი საკუთარი მიწა-წყლიდან შორს დამკვიდრება. ხალხს ჯერ გათვითცნობიერებული არ ჰქონდა, სახლ-კარი და ოჯახის წევრები დაკარგა და მაინც იმედი - ორ თვეში თუ არა სამ თვეში, ან ერთ წელიწადში, წილიწადნახევარში დავბრუნდებით აფხაზეთში... საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ 22 წლის განმავლობაში ეს არ მოხდა, ეს დღე არ დადგა. ზოგი როგორ დამკვიდრა, ზოგი როგორ, მაგრამ ზოგიერთმა ვერ გაუძლო და გადაყვა აფხაზეთის დაკარგვას. 

ამას იმიტომ კი არ ვამბობ ყურადღება მოგვაქციეთ, გვიჭირს და დაგვეხმარეთ, არა! აფხაზეთიდან იძულებით წამოსულები, ვისაც როგორ შეუძლია ისე შრომობს. თუმცა ყველაზე დიდი შეურაცხმყოფელი არის ის, რომ ამ ხალხს ნებაყოფილობით არ დაუტოვებია თავისი ტერიტორია და არ უთხოვია მე მინდა ცხოვრება საქართველოს სხვა ტერიტორიაზე. ესენი არიან იძულებით გადაადგილებული პირები, რაც ყველაფერზე მეტყველებს. ბევრმა მიაღწია წარმატებას, მაგრამ ამ წარმატების მიღწევა დიდი შრომის ფასი დაჯდა. რთულია, როცა შენს შენ დაიბადე და გაიზარდე საკუთარ სახლში და მოულოდნელად მოდიხარ აბსოლუტურად უცხო ქალაქში, სადაც არ გეპყრობიან სათანადოდ და გიყურებენ როგორც მეორეხარისხოვან ადამიანს... როცა შენ იწყებ დამკვიდრებას, პრეტენზიას აცხადებ და გარკვეულ წარმატებას მიაღწევ, იმის მაგივრად რომ წაახალისონ ასეთი ადამიანები პირიქით, დარტყმის ატანა უწევთ, პირადად მეც გამომიცდია.

ჩვენი ოჯახი ბოლო დღეებში სოხუმიდან დაახლოებით 20 კილომეტრში იყო გახიზნული. სვანეთის გზაზე არის ასეთი სოფელი წებელდა, სადაც  ძალიან ბევრნი ვიყავით. ყველა ასე იყო 20 -25 ადამიანია ერთად. ნათესავებიდან ზოგს მანქანაში ეძინა. როცა გავიგეთ სოხუმი დაეცა და მტერი აქეთ მოდიოდა, იძულებული გავხდით სვანეთის გზას გავყოლოდით და 9 დღე ვიარეთ. 

4 ოქტომბერს ჩამოვედით ზუგდიდში. შემდეგ ვინ სად წავიდა მისი გადასაწყვეტი იყო. ეს იყო მძიმე დღეები. ადამიანის რეალური სიკვდილი პირველად იქ ვნახე. სექტემბრის ბოლო იყო. ვეღარ უძლებდა ადამიანი სვანეთის გზას და ეცემოდა ხრიოკში, სიცივეში და თოვლში. ეს იყო გოლგოთის გზა, არავის ვუსურვებ გამოიაროს ასეთი კატასტროფა. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის ადამიანების მიმართ მიდგომა შეიცვალოს, პირიქით მე მიკვირს ის აგრესია, როდესაც გარკვეულ წარმატებას მიაღწევს ადამინი, ეს იქნება მუსიკოსი, მხატვარი იურისტი თუ ასე შემდეგ გაათმაგებული ფილტრში ატარებენ და არის კითხვები, რატომ ან როგორ შეძლო დევნილმა ამის მიღწევა. იყო დისკრიმინაციული მომენტები, ამას არ ვამბობ სხვის მონაყოლს. ჩემს თავზე გამოვცადე, შენ როგორ გაბედე და მიაღწიე წარმატებასო. ეს დიდი შრომის შედეგია. ამას არ უნდა მიაქციოს ყურადღება ჩვენმა ხალხმა, ვინც აფხაზეთიდან წამოვიდა. მე ძალინ ბევრი ასეთი წარმატებული ვიცი,"- განაცხადა გაბუნიამ. 

დიმიტრი გაბუნია "აიპრესთან" ამბობს, რომ როგორც კი დადგება აფხაზეთში დაბუნების საკითხი, ის მიატოვებს ყველაფერს დედაქალაში და  წავა სოხუმში. 

"გულწრფელად ვაცხადებ, დავბურნებით თუ არა აფხაზეთში, ამას კითხვის დასმაც კი არ ჭირდება. მე მზად ვარ დავტოვო ყველაფერი, ეს არაერთხელ მითქვამას. დავბრუნდები იქ სადაც ჩემი სახლია. შეიძლება ადამიანმა ყველაფერს მიაღწიო, იყო კომფორტში, ცნობადი, მაგრამ არის მთავარი კონკურენტი, რასაც შენი სახლი ჰქვია. ის გაკლია და ცარიელი ხარ.

მე და ჩვენნაირებს არ გვაქვს უფლება არ დავბუნდეთ აფხაზეთში. ის ტერიტორია არის გასაშენებელი, იქ ყველა სფეროში განათლებული და კვალიფიციური კადრები ჭირდებათ. დაბრუნების შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას აღდგენილი ის ბალანსი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით დისბალანსურ მდგომარეობაშია. თუ სოხუმში დაბრუნება იქნება, პირადად მე აქ ერთი წამით არ დავრჩები“- განაცხადა გაბუნიამ.