Feedback

01.10.2012-ში ვინ წარმოიდგენდა, რომ ნაციონალები ფენიქსივით აღდგებოდნენ და ფრთებსაც გაშლიდნენ

  /   ნანახია 331 ჯერ

01.10.2012-ში ვინ წარმოიდგენდა, რომ ნაციონალები ფენიქსივით აღდგებოდნენ და ფრთებსაც გაშლიდნენ

როცა რაღაც შეუძლებლად გეჩვენება, ამბობ, ეს მაშინ მოხდება, როცა „ვირი ხეზე ავაო“. თუმცა ეს იყო ადრე, ახლა კი, სრულიად შესაძლებელია ვირი ხეზეც ავიდეს და ჰალსტუხიც გაიკეთოს…თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ ვიღაცას უნდა რომ ასე მოხდეს! თუ უნდა, შეიძლება ბალახი ხედ მოგვაჩვენოს ან ვირი ალპინისტად… და ჩვენც დავიჯეროთ… ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა წარსული შეიძლება მომავლად იქცეს, აწმყო კი წარსულად გადაიქცეს… ჩვენი დროის კულმინაციად კი კოჰაბიტაცია და გლობალური ამნეზია იქცა!

ვინ წარმოიდგენდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, რომ სულ რაღაც 3 წელიწადში „ნაციონალური მოძრაობა“ ფენიქსივით აღდგებოდა და ფრთებსაც გაშლიდა! ან იმას ვინ წარმოიდგენდა, ვინმე „ოცნების“ მაისურს და დროშას რომ დემონსტრაციულად დაწვავდა, ამ სიტყვის ხსენებაზე კი სიბრაზისგან სახეზე წამოწითლდებოდა? შეიძლება იყვნენ კიდეც ასეთი ადამიანები, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი სურათის რეალურად შეცვლას და ოქროს საუკუნის დადგომას ელოდა.  ეეჰ, ანთიმოზიც ეძებდა ნატვრის ხეს და….გაიყინა!..

დრო მიდის და ადამიანები იცვლებიან, დრო მიდის და როლებიც იცვლება! თურმე ნუ იტყვი და შეიძლება შეხედულებებიც შეიცვალოს-აქ ახალი არაფერა, უბრალოდ ყვარყვარემ ტანსაცმელი გამოიცვალა და დროსთან შეხამებული ჩაიცვა.  ახალი ის არის, რომ ერთი ყვარყვარეს ნაცვლად უამრავი მოვიდა-გულში ჩუმად „მეოცნებე“ ყვარყვარეები. ამათ კი ნამდვილად ის „ნაციონალები“ ჯობიან, ადრეც 5 ნომერი მაისურით რომ დადიოდნენ და ახლაც მყარად დგანან საკუთარ პოზიციაზე, მეტიც, კარგადაც ახერხებენ, უგულავას თქმის არ იყოს „აბაროტის“ აღებას და ბევრ 41-იან მაისურიანს თავისკენ იბირებენ, რას იზამ, ჩემო იმანო, ხომ გაგიგონია, „დრონი მეფობენო…“

სიტყვამ მოიტანა და საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია თბილისის ყოფილი მერის 23 საათიანმა თავისუფლებამ, არ დაიწყოთ ახლა, ჩაწყობილია, გარიგებულები არიან, არაკომპეტენტურობის შედეგია, კანონდარღვევაა-ფაქტია,  რაღაც ახალი ტალღა დაიწყო და შესანიშნავად ისარგებლეს წინასწარმეტყველებმა თუ პოლიტიკოსებმაც. ლელა კაკულიამ, ვხედავ უგულავა მოდისო, ოღონდ შეცვლილიო არ შეგეშინდეთ ისე აღარ მოიქცევაო. ვიღაცამ კაკულიაზე ნაკლები რითი ვარო, მასში მომავალი პრემიერიც კი დაინახა და საზოგადოებაც დამოძღვრა. ვარდების რევოლუციის და მაიდნის ერთ-ერთმა პროდუქტმა ზღულაძემ, შეცდომები კი გვქონდა, მაგრამ უკვე ნაფიქრი გვაქვს, ყველაფერი დავინახეთ და გამოვსწორდითო, კიდევ ერთხელ გვენდეთ და იმედებს აღარ გაგიცრუებთო.

ისე კი, მართალიცაა, რას ვერჩით ამ პოლიტიკოსებს, ყველაფერში დამნაშავეა-სკამი! აბა დააკვირდით-სანამ სკამებზე დაჯდებიან, ყველაფერს სხვა თვალით ხედავენ, აპროტესტებენ, შეცვლას მოითხოვენ, დაჯდებიან და, ჰოი საოცრებავ, ვეღარც ხედავენ და აღარც არაფერი ესმით, იქიდან „ყველაფერი კარგად ჩანს“. ხოდა, რა გვინდა ამ ადამიანებისგან, გავასამართლოთ-სკამი!

ამას წინათ სოციალურ ქსელში რომელიღაც სტატუსში წავიკითხე-ციკლიდან „რა იცი რა მოხდებაო“, მართლაც შეუძლებელია გათვალო რა მოხდება, აბა, როგორ გავთვლიდით, რომ დაპირისპირებული პოლიტიკოსები, რომლებსაც ერთმანეთის სალანძღავი სიტყვებიც აღარ ჰყოფნიდათ, დღეს ერთმანეთს ფლირტს გაუბამდნენ, ვითომდა  ადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ჩაძირულებს გადასარჩენად ნავებს მიაწვდიდნენ და მდინარის ერთ ნაპირას აღმოჩნდებოდნენ ? ან იმას როგორ გავთვლიდით, რომ ქვასროლია ადამიანები, „ოცნების“ ხსენებასაც რომ უკრძალავდნენ საზოგადოებას დღეს „ოცნების“ მანდატებით ხელდამშვენებულნი სწორედ ამ ადამიანების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები გახდებოდნენ? ან იმას როგორ გავთვლიდით, რომ დამნაშავე, სისხლისმსმელ რეჟიმად შეფასებული „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ხელისუფლებაში მოსვლას დაგეგმავდა და ეჭვის ჭიასაც შეგვიშვებდა გულში-რა იცი და რა მოხდება, იქნებ მართლა შეიცვალნენ და ახლა მაინც აქციონ თავიანთი დევიზი საქმედო?..

ხო, იძახე შენ, ჩემო იმანო, მაგათმა ჩაილურის წყალი დალიესო, მარტო რას გახდები, აბა გაიხედე შენს გვერდით რამდენს შეჰყარეს ხელოვნურად ამნეზია!.. ცხარე ცრემლებიც აღვრევინეს ნიჭიერად დადგმულ კადრებზე თუ ერთმანეთის მიმართ მიწერილ გულისამაჩუყებელ საჯარო წერილებზე…

ხო, კინაღამ დამავიწყდა, ერთ რამეში არ შეიძლება კაკულიას არ დავეთანხოთ-ვიღაცამ ხომ უნდა გამოასვენოს დეპუტატები პარლამენტიდანო-თქვა და მართალიცაა, ერთი ლენინი მავზოლეუმში და მეორე-ჩვენი „მოქალაქეთა კავშირის“ სახეები პარლამენტში! …მოკლედ, ახალი ძალა გვჭირდება, ახალი სახეები, ახალი სახელები! მაგრამ…

ნეტა ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანში მწოლიარე ყრმა აღარ გაიზარდა? თუ მაინცდამაინც იქამდე არ გაიზრდება, სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ „ქართული ოცნება“ არ ახდება?