Feedback

თინა ხიდაშელი: არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ

  /   ნანახია 515 ჯერ

თინა ხიდაშელი: არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა BBC-ის ეთერში, გადაცემა "HARDtalk"-ში. განაცხადა, რომ ვარშავის სამიტს საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილების არ მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ პარლამენტში უმრავლესობაში პრორუსული ძალები მოვიდნენ.
"ვარშავის სამიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან მას ჩვენს ქვეყანაში 2016 წელს დაგეგმილი არჩევნები ემთხვევა. თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს და ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებიც ამაზე მიანიშნებენ. ეს არის დემოკრატია, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვკრძალავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და არ ვიჭერთ პოლიტიკურ ოპონენტებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისვე თქმით, თუ მსოფლიო საქართველოს შემთხვევაშიც ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, მაშინ რუსეთს აგრესიული ნაბიჯების განხორციელებისკენ წააქეზებს.
"რუსეთი ხელშეკრულებებს არამარტო აფორმებს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, მათ 6000-კაციანი საოკუპაციო ჯარები ჰყავს განთავსებული ამ ტერიტორიაზე, რომლებიც თითქმის ყოველ დღე საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ. გლეხს, რომელიც ტყეში სოკოს მოსაგროვებლად მიდის, რუსი ჯარისკაცები იტაცებენ. 24, 48 ან 72 საათის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ხასიათზე იმყოფება რუსი სამხედრო, მათ უკან აბრუნებენ. რუსები განმარტავენ, რომ გლეხებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო აკავებენ და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.
გარდა ამისა, რუსები ყოველდღიურად ახორციელებენ მცოცავ ანექსიას. რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ არ არსებობს 2008 წლის განმეორების საფრთხე. თუმცა, თუ მსოფლიო საქართველოს შემთხვევაშიც ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, თუ მსოფლიო ხელს არ შეუშლის თავისუფლების ექსპანსიას, მაშინ წააქეზებს რუსეთს აგრესიულ ნაბიჯების განხორციელებისკენ", - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება შეკითხვას, ის, როგორც თავდაცვის სისტემის ხელმძღვანელი, რას გააკეთებს ომის განახლების შემთხვევაში, ხიდაშელის თქმით, აგრესიის შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, გმირებად დავიღუპოთ.
"აგრესიის შემთხვევაში ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვრჩება: გმირებად დავიღუპოთ. თუმცა, მაინც არსებობს კითხვები. შეუძლია თუ არა მსოფლიოს რამე დადებითის გაკეთება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს არ იქნება მარტო საქართველოს ტრაგედია. რუსეთს შერჩა 2008 წლის საქართველოს მოვლენები და შემდეგ მივიღეთ უკრაინა. თუ ახლა რუსეთს შერჩება უკრაინაში განხორციელებული უკანონობა და თუ ნატო მკაფიოდ არ განაცხადებს, რომ ისინი არ შეეგუებიან მსგავს ფაქტებს, რუსეთი არ შეჩერდება", - განმარტა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, საქართველო არ თხოვს ნატოს განახორციელოს ინტერვენცია რუსეთში, "მან, უბრალოდ, შემაკავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს".
"ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სადაც ნატო შედის, იქ ომი აღარ ხდება", - დასძინა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.