Feedback

რეტრომედია: ამერიკულ-ქართული სიყალბე ანუ რისთვის გვაჩუქა პენტაგონმა 10 ვერტმფრენი?

  /   ნანახია 567 ჯერ

რეტრომედია: ამერიკულ-ქართული სიყალბე ანუ რისთვის გვაჩუქა პენტაგონმა 10 ვერტმფრენი?

„საქართველო“, 3 თებერვალი, 2002 წელი

საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო დახმარების ავ-კარგიანობაზე საუბარი გვინდა დავიწყოთ 1996 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში ნატოს ეგიდით ჩატარებული პირველი წარმომადგენლობითი ღია კონფერენციის გახსენებით. ამ ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ "ნატოს ინფორმაციის და პრესის ოფისი", "ფრიდრიხ ებერტის ფონდი" და "კავკასიური ინსტიტუტი", ხოლო იგი ჩატარდა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში. კონფერენციის ზოგადი თემა იყო "მცირე ქვეყნების (იგულისხმება საქართველო) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება". მალევე "კავკასიურმა ინსტიტუტმა" ბროშურის სახით გამოსცა აღნიშნული კონფერენციის მასალები.

ღია კონფერენციის ზოგადი თემის ფარგლებში ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის კერძო თემას შეადგენდა "არმიის მშენებლობა ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში", ხოლო ძირითადი მომხსენებელი გახლდათ ამერიკელი სამოქალაქო ექსპერტი სამხედრო საკითხებში ბატონი ქენეთ ბრაუერი. მისი სიტყვებით: "ნატოს ქვეყნებში თავდაცვას არ უყურებენ სერიოზულად, რადგან აქვთ გარანტია ამერიკული ბირთვული იარაღის სახით... ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო სამსახურში იყენებენ 18-38 წლის მამაკაცთა მხოლოდ 2-10%-ს (იგულისხმება ომიანობის დროს შეიარაღებული ძალები). ეს იმიტომ, რომ ისინი დიდი ქვეყნებია. ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, სინგაპური და ისრაელი საგანგებო ვითარებაში იყენებენ იმავე ასაკის მამაკაცების 100 %-ს.

რას ნიშნავს ეს? თუ ქვეყანაში ხუთმილიონიანი მოსახლეობაა, ნატოს პრაქტიკის თანახმად, ომის შემთხვევაში, მხოლოდ 60 ათასი ადამიანი უნდა გაიწვიონ, მაგრამ რეალურად 5 მილიონ ადამიანზე შეიძლება 550-ათასიანი არმიის მობილიზებაც".

აქ ბატონი ბრაუერის ნათქვამში გარკვეული უზუსტობაა. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ცივი ომის მიწურულს, 1991 წელს ნატოს ბლოკის იმ მცირე ევროპული სახელმწიფოების სარდლობები, რომლებიც ვარშავის პაქტის სახელმწიფოთა დასავლეთ საზღვრიდან დაშორებული იყვნენ გერმანიის ტერიტორიით (ანუ ნიდერლანდების, ბელგიის, დანიის), ომიანობის დროს გეგმავდნენ შეიარაღებულ ძალებში მართლაც საკმაოდ მცირე რიცხვის სამხედროვალდებულთა მობილიზებას - მოსახლეობის სულ 1,7-3,4 %-ის, ხოლო ნორვეგიის სარდლობა, რომელიც უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს - ქვეყნის მოსახლეობის 8,5 %-სა. ამ მაჩვენებლით იგი თითქმის უტოლდებოდა ფინეთს, შვედეთს, შვეიცარიასა და ისრაელს, სადაც ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში უნდა გაეწვიათ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10 %. სახელდობრ, 5,0-მილიონიან ფინეთში ომიანობის დროს იარაღით ხელში უნდა გამოსულიყო 500 ათასი ადამიანი, და კიდევ 200 ათასი ზურგისა და სხვა დამხმარე სამსახურებში; 6,5-მილიონიან შვეიცარიას ჰყავდა 625 ათასი მომზადებული რეზერვისტი; ხოლო 4,8-მილიონიან ისრაელს ომის დროს გამოჰყავდა 504-ათასიანი შეიარაღებული ძალები. ამ ფონზე 4,2-მილიონიანი ნორვეგიის სამხედრო ხელმძღვანელობას 358 ათასი მომზადებული რეზერვისტი ჰყავდა ომიანობის დროს გამოსაყვანად.

კონფერენციის მუშაობისას ერთ-ერთმა ქართველმა მონაწილემ დასვა შეკითხვა: "როგორი უნდა იყოს (ჯარების) დაკომპლექტების წესი? ჯობია მცირე ნაწილები პროფესიულ პრინციპზე, თუ საყოველთაოდ გაწვეული 30-40-ათასიანი არმია?"


ამაზე ბატონმა ბრაუერმა უპასუხა: "მე არ მჯერა მუდმივი არმიის. პატარა ქვეყნებში არმია მოსამზადებელი სკოლაა. ნამდვილი ძალა რეზერვია. ყველა გაწვეული კარგად უნდა მომზადდეს. მაგრამ თითოეული ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება სწრაფი რეაგირების ძალაც. ამისთვის საკმარისია 18-თვიანი გაწვევა. ამ ვადის პირველი მესამედის მანძილზე ჯარისკაცი გადის ინდივიდუალურ წვრთნას, მეორე მესამედი ეთმობა მომზადებას სამხედრო ნაწილში, ბოლო მესამედს კი ჯარისკაცი პრეზიდენტის ხელქვეით მსახურობს. შემდეგ ჯარისკაცი გადადის რეზერვში, მაგრამ მას ახალი შეცვლის... ამის შედეგად მოხდება შეკავშირებული, შეკრული ნაწილების შექმნა, რომელთა წევრები ერთ სარეზერვო ნაწილებში იმსახურებენ შემდგომი 20 წლის მანძილზე. ესაა უწყვეტი ჯაჭვი და ხუთ-ექვს წელიწადში იარსებებს მაღალკვალიფიციური არმია. იწყებთ პატარა ბირთვით და 20 წელიწადში გეყოლებათ 500-ათას კაციანი რეზერვი. იმედია, ამ დროისთვის ფულიც გექნებათ (სათანადო შეიარაღების შესაძენად)".

ბატონი ბრაუერის სიტყვების დასტურად მოვიყვანთ ისევ 1991 წლის ფინეთის მაგალითს. ამ 5-მილიონიანი ქვეყნის მშვიდობიანობის დროის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში მიითვლებოდა 31800 ადამიანი (მათგან 24 000 გაწვეული). ხოლო სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო ერთი ჯავშანსატანკო და ათი ქვეითი სასწავლო ბრიგადა, საველე და სანაპირო არტილერიის სამი პოლკი და სამი ცალკეული დივიზიონი, საჰაერო თავდაცვის ოთხი პოლკი. სარეზერვო კომპონენტში კი შედიოდნენ ერთი ჯავშანსატანკო და 15 ქვეითი ბრიგადა, დაახლოებით 50 ცალკეული ბატალიონი (დივიზიონი) და ტერიტორიული (ადგილობრივი) თავდაცვის 200 ცალკეული ბატალიონი (ასეული). ასეთნაირად აწყობილი რეგულარული და სარეზერვო შენაერთების, ნაწილებისა და ცალკეული ქვედანაყოფების სისტემა უზრუნველყოფდა საჭიროების დროს ერთი კვირის განმავლობაში 700-ათასიანი შეიარაღებული ძალების მობილიზებას.

სწორედ ასეთი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას გვთავაზობდნენ 90-იანი წლების შუახანებში სპეციალისტები. იმ დროიდან ექვს წელიწადნახევარზე მეტი გავიდა, და ჩვენს ხელისუფლებას სერიოზულად რომ გადაედგა პრაქტიკული ნაბიჯები ამ მეტად ნათელი, კონკრეტული და განხორციელებადი ამოცანების გადასაჭრელად, დღესდღეობით უკვე 120-150 ათასი მომზადებული რეზერვისტი უნდა გვყოლოდა. მათი სათანადოდ შეიარაღების შემთხვევაში საქართველო რეგიონში უკვე ანგარიშგასაწევი ძალის მქონე სახელმწიფო იქნებოდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხსაც გაცილებით უკეთესად მოაგვარებდა და ვერც რუსული საბრძოლო ავიაციის წვრილი თავდასხმების მსხვერპლად იქცეოდა. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა ქვეყნის სამხედრო მშენებლობის რეალურად წარსამართავად, ხოლო ამ საქმით დაკავებულ სტრუქტურებში დასაქმებული, ძირითადად, არაკომპეტენტური ადამიანები ნატოს ქვეყნებში მივლინებებით "გულაობას" უფრო მეტ ძალასა და ენერგიას ახმარდნენ, ვიდრე თანამედროვე სამხედრო საქმის საფუძვლიანად შესწავლასა და ქვეყნის თავდაცვის სისტემის რეალურად ჩამოყალიბებას.

ამის კვალდაკვალ თანდათან იცვლებოდა ამერიკელი და სხვა ნატოელი სპეციალისტების რჩევები საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში. იმავე პენტაგონისა და ბუნდესვერის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენს მეზობელ თურქეთს სახმელეთო ჯარების შეიარაღების გასაახლებლად 90-იან წლებში მიაწოდეს 1180-მდე საბრძოლო ტანკი, 340 თვითმავალი ჰაუბიცა და სხვა საარტილერიო შეიარაღება, ხოლო თავად თურქებს მისცეს ლიცენზია და გამოაშვებინეს UPR-765 სერიის 1480 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და ა.შ., ჩვენ დაჟინებით გვიმეორებდნენ, რომ საქართველოს ჯავშანსატანკო ტექნიკა და საველე არტილერია მაინცდამაინც არ სჭირდება და მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯარებითაც შეძლებს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფას.

ნატოელი სპეციალისტების რჩევებში გამოიკვეთა და ჩვენში დაემკვიდრა მეორე სიყალბეც, რომ თურმე მრავალრიცხოვანი რეზერვისტების მომზადება საჭირო აღარ არის და ჩვენი თავდაცვისათვის საკმარისი იქნება მცირერიცხოვანი პროფესიული და კარგად გაწვრთნილი ჯარების აშენება, და ამას რატომღაც ნატოს ბლოკის სტანდარტებად ასაღებენ. როგორც ზემოთ ვნახეთ, თავად ნატოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ე. წ. "ცხელ რაიონში" მდებარე ბლოკის წევრი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ომიანობის დროს ქვეყნის მოსახლეობის 10+-ის ტოლი შეიარაღებული ძალების მობილიზებას. დღესდღეობით ეს მაჩვენებელი, ცივი ომის დასრულების გამო, იგივე ნორვეგიაში (შვეიცარიის მსგავსად) მოსახლეობის 5%-მდეა შემცირებული და 220 ათას რეზერვისტს ითვალისწინებს, და არა 12 ათასი პროფესიონალს, როგორც ამას ჩვენ ამერიკელი და სხვა ნატოელი სპეციალისტები "გვირჩევენ".


მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების მშენებლობის პრაქტიკა მართლაც არის ნატოს ბლოკის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნიდერლანდები, ბელგია და პორტუგალია, მაგრამ ნუთუ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, სამხედრო-პოლიტიკური გარემოცვა და რეგიონში სიტუაციის დაძაბულობა რამდენადმე უახლოვდება დასავლეთ ევროპის ამ სამი მცირე სახელმწიფოს მდგომარეობას? და მერე რატომ არის გასაღებული თუნდაც ნიდერლანდების, ბელგიისა და პორტუგალიის სამხედრო მშენებლობის პრაქტიკა "ნატოს სტანდარტებად", როდესაც სრულიად საწინააღმდეგოს მეტყველებს ნორვეგიის, ან ბლოკის სამხრეთ ფლანგზე მდებარე საბერძნეთისა და თურქეთის გამოცდილება?

რატომ შეიცვალა ასე რადიკალურად ნატოელი მრჩევლების დამოკიდებულება საქართველოს ჯარების მშენებლობისადმი? საქმე იმაშია, რომ 90-იანი წლების შუახანებში ნატოელი სპეციალისტები და ექსპერტები ახლად შემოდიოდნენ საქართველოში და ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შესწავლილი და ათვისებული საქართველოში ამ მხრივ არსებული სიტუაცია, არ ჰყავდათ ნაყიდი და გადაბირებული თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საკვანძო თანამდებობებზე მყოფი ჩინოვნიკები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ხოლო მათ მიერვე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და დასავლეთისთვის სასურველი კლიმატის შექმნა ისე კარგად არ შეეძლოთ. ამიტომ ამ ფონზე ჩვენში ჩამოსულ ამერიკელ და სხვა ნატოელ მრჩევლებს, ჩვენივე ნდობისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მაშინ უფრო მეტი სიმართლის თქმა უხდებოდათ. სულ ეს არის და ეს.

საქართველოს სამხედრო დახმარების საკითხში ამერიკულ-ქართული მორიგი სიყალბის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ ამ ცოტა ხნის წინ პენტაგონის მიერ საქართველოსთვის UH-1D "იროქეზის" ტიპის 10 ვერტმფრენის გადმოცემა. მართალია, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება, მაგრამ როდესაც ამ საჩუქარს თან სიცრუე და ვერაგობაც მოჰყვება, მაშინ კი კარგად უნდა დავფიქრდეთ და გავარკვიოთ, ასეთ სიცრუეს საით შეიძლება მივყავდეთ.

საქმე იმაშია, რომ UH-1 "იროქეზი" სერიის ვერტმფრენები აშშ არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში და ვიეტნამის ომში ამერიკელები გარკვეული ამოცანების გადასაწყვეტად მათ წარმატებითაც იყენებდნენ. UH-1 ვერტმფრენები წარმოადგენენ მრავალმიზნობრივ ანუ ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებს, რომელთა ფუზელაჟის ზომები სიგრძეში, სიგანესა და სიმაღლეში არის 12,8X2,8X4,4 მ, საბრძოლო დატვირთვა, დაახლოებით, 1700 კგ. თითოეულ ასეთ ვერტმფრენს შეუძლია 11-14 სრულიად ეკიპირებული ჯარისკაცის ან ცხრა საკაციანი დაჭრილის გადაყვანა. თავის დროზე სცადეს მასზე უმართავი საავიაციო რაკეტების, საავიაციო ავტომატური ქვემეხებისა და ტყვიამფრქვევების ჩამოკიდებაც მოქმედი სახმელეთო ქვედანაყოფებისთვის ცეცხლით მხარდაჭერის აღმოსაჩენად. მაგრამ ფუზელაჟის მსხვილი ზომების გამო ასეთი ამოცანების გადაწყვეტისას ისინი ადვილად მოწყვლადი ხდებოდნენ მოწინააღმდეგის საზენიტო საშუალებებისგან.

ამიტომ ცეცხლით მხარდაჭერის აღმოსაჩენად იმავე ვიეტნამის ომის პერიოდში ამერიკელებმა გამოუშვეს სულ ორადგილიანი კაბინის მქონე მცირე ზომის ვერტმფრენები AH-1 "კობრა", რომლის ფუზელაჟის ზომებიცაა 13,6X1,0X4,1 მ. კაბინაში ერთმანეთის უკან სხედან მეთაური და დამმიზნებელი, რის ხარჯზეც ფუზელაჟის სიგანე 1,0 მ-მდე შეამცირეს. ასეთ ვერტმფრენებზე ჯერ დაიწყეს უმართავი საავიაციო რაკეტების ჩამოკიდება მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დასაზიანებლად და მსუბუქი საფორტიფიკაციო ნაგებობების დასანგრევად და მათ უწოდებდნენ ცეცხლით მხარდაჭერის ვერტმფრენებს AH-1G.

უფრო მოგვიანებით დაიწყეს "თოუს" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების ჩამოკიდება (8-8 რაკეტა "თოუ") და, შესაბამისად, AH-1Q და C მოდიფიკაციებს უწოდებდნენ ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენებს. 80-იან წლებში ამ ვერტმფრენების AH-1წ და W/P მოდიფიკაციებზე დაიწყეს უფრო სრულყოფილი "ჰელფაირის" ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ჩამოკიდება, ხოლო ამასთანავე გამოუშვეს უფრო თანამედროვე AH-64 "აპაჩის" სერიის ვერტმფრენები. AH-1 და AH-64 ვერტმფრენები უკვე საბრძოლო მანქანებია და მათ უწოდებენ სპეციალიზებულ მოიერიშე ან დამრტყმელ ვერტმფრენებს.


გარდა ამისა, აშშ არმიის შეიარაღებაში არის მსუბუქი ორადგილიანი OH-58 "კაიოვა" სერიის სადაზვერვო და CH-47დ "ჩინუკი" ტიპის მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენები (საბრძოლო დატვირთვა 18 ტ, კაბინაში შეუძლიათ 44 ეკიპირებული ჯარისკაცის გადაყვანა).

ასეთ პირობებში ზოგადი დანიშნულების UH-1 და უფრო თანამედროვე UH-60 "ბლექ ჰოქი" ვერტმფრენები განკუთვნილია მცირე ტაქტიკური დესანტების გადასასხმელად, დაჭრილებისა და ავადმყოფების საევაკუაციოდ, ტვირთების გადასაზიდად, საძიებო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად, ადგილმდებარეობის დისტანციურად დასანაღმავად. აგრეთვე მათში შესაძლებელია რადიოელექტრონული ჩახშობის აპარატურის დაყენება და მაშინ EH-1 და EH-60 სერიების ასეთ ვერტმფრენებს იყენებენ რადიოელექტრონული ბრძოლის საწარმოებლად.

UH-1 და UH-60 ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებით ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ზურგში ტაქტიკური აერომობილური დესანტების გადასხმას წინ უნდა უძღოდეს ჯერ სადაზვერვო ვერტმფრენებით დესანტის ფრენის დაგეგმილ მარშრუტზე მოწინააღმდეგის მიწისზედა ჯარების საზენიტო საშუალებების გამოვლენა, შემდეგ კი მოიერიშე ავიაციის თვითმფრინავებითა და AH-1, AH-64 დამრტყმელი ვერტმფრენებით აღნიშნული საშუალებების განადგურება ან ჩახშობა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი UH-1 და UH-60 ვერტმფრენებით ტაქტიკური დესანტების გადასხმა. შემდეგში მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედ მედესანტეებს საავიაციო მხარდაჭერას უნდა აღმოუჩენდნენ მოიერიშე თვითმფრინავები და დამრტყმელი ვერტმფრენები. მხოლოდ ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი წარმატებული აერომობილური მოქმედებების წარმოება.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, აშშ არმიის ყველა დივიზიაში არის საარმიო ავიაციის ბრიგადა, რომელიც შეიცავს სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენებს. სახელდობრ, აშშ ჯავშანსატანკო (მექანიზებული) დივიზიის შეიარაღებაში არის სულ 146 ვერტმფრენი, მათგან 50 დამრტყმელი, 30 ზოგადი დანიშნულების, 54 სადაზვერვო და 12 რადიოელექტრონული ბრძოლის (ანუ 50 საბრძოლო და 96 საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი). სწორედ ამ მანქანების ასეთი შეხამება იძლევა როგორც მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო ტექნიკასთან ბრძოლის, ისე აერომობილური მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას. მხოლოდ ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენების გამოყენება კი მოწინააღმდეგის ჰაერიდან შემოვლის მიზნით მედესანტეების უცილობელ დაღუპვასთან იქნება დაკავშირებული.

ამ ვერტმფრენებით უბრალოდ შესაძლებელი იქნება თავად ამერიკელების საჭიროებისთვის სერბეთის პროვინცია კოსოვოში ან სხვა რომელიმე რაიონში "სამშვიდობო" ოპერაციების წარმოებისას იქ ქართველი ქვედანაყოფების გადასროლა. ანუ ამერიკელები კი არ გვეხმარებიან ჩვენი ჯარების ჩამოყალიბებაში, არამედ ისინი თავად გვიყენებენ თავიანთი მიზნებისთვის. და ასეთია სამწუხარო რეალობა.

for.ge