Feedback

უხერხული მეტოქე დამარცხებულია - საქართველო - ბელგია 70:68

  /   ნანახია 503 ჯერ

უხერხული მეტოქე დამარცხებულია - საქართველო - ბელგია 70:68

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, ჩვენს გუნდში ისეთი შემადგენლობაა, მეტოქეებზე დამოკიდებულები არა ვართ - თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ბევრი ძლიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლიაო. ბელგიელებს პირველ ტაიმში სწორედ ჩვენ მივეცით დაწინაურების შანსი. 

როგორ? ძალიან მარტივად: ოქმში არის ერთი გრაფა, რომელშიც წერია, რამდენი ქულა ჩააგდო მეტოქემ შენ მიერ დაშვებული შეცდომის წყალობით. ამ გრაფაში ბელგიელების სასარგებლოდ 13 ეწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ნახევარში ჩვენი დაკარგვები მეტოქემ 13 ქულად გარდასახა. საქართველოს ნაკრებმა კი მხოლოდ 2 ასეთი ქულა ჩააგდო. 

პირველი ტაიმი, რომელშიც 12 შეცდომა დავუშვით, 7 ქულის სხვაობით, 38:45 წავაგეთ.

ასე რომ გაგრძელებულიყო, შეცდომების ევრობასკეტამდე გამოსწორების იმედით დაგემშვიდობებოდით, მაგრამ საბედნიეროდ, მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრები ერთიორად კონცენტრირებული გამოვიდა, შეტევასა თუ დაცვაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მომავლისთვის არ გადადო და ბელგიელებს თამაში დიდი შესვენების მერევე შემოუტრიალა. 

თავად განსაჯეთ: მესამე ათწუთეულში მეტოქემ ჩვენი დაკარგვების (სულ ორი გვქონდა) შედეგად ქულა ვერ მოაგროვა...

ამ საქმეში, ცხადია, ყველა კალათბურთელს დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ გამოსაყოფია ზაზა ფაჩულიას დამაჯერებელი თამაში. მას ბელგიელები წესების დაურღვევლად ვერ აჩერებდნენ. ზაზა 11-ჯერ დადგა საჯარიმოს ხაზზე და თერთმეტჯერვე მიზანში მოარტყა. 

გუშინ ამ კომპონენტში მართლაც გამოვირჩეოდით - საქართველოს ნაკრებმა 21-დან 20 საჯარიმო გამოიყენა. მშვენიერი შედეგია!

ბელგიის ეროვნული გუნდი, რომელსაც მეტსახელად "ლომებს" უწოდებენ, დიდი ხანიაედი კასტელსის ხელმძღვანელობით ასპარეზობს, შეთამაშებისა და კომბინაციური თამაშის მიხედვით ევროპაში ბევრი ვერ სჯობნის, მაგრამ მეორე ტაიმში ქართველებმა მართლაც კარგად დაიცვეს თავი: სამწამიანში მეტოქეებს ფაჩულია დარაჯობდა, პერიმეტრზე კი თავისუფალი ბელგიელი იშვიათად რჩებოდა. ჩვენი დამცველები დროულად ახერხებდნენ პერიმეტრზე ასვლას ან თანაგუნდელის დაზღვევას. 

განსაკუთრებით საინტერესო სანახავი ბოლო წამები იყო, როცა ანგარიშის შენარჩუნება გვჭირდებოდა. ბოლო წუთს მინიმალური სხვაობით შევხვდით (69:68). დარჩენილ დროში ორივე მხრიდან იყო შეცდომები, მაგრამ "ლომებმა" საქართველოს დაცვის გაჭრა ვერ მოახერხეს და 70:68 გავიმარჯვეთ. 

დღეს, 22 საათზე, მასპინძლებს, ევროპის მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

წყარო: sportall.ge