Feedback

ჯაბა კანკავა ფრანგული "რეიმსის"ფეხბურთელია

  /   ნანახია 342 ჯერ

ჯაბა კანკავა ფრანგული

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა კარიერას ევროპაში გააგრძელებს. ხანგრძლივ მოლაპარაკებებს მის საფრანგეთში გადასვლის თაობაზე წერტილი დაესვა. საფრანგეთის 1-ლიგა ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ჩემპიონატია, საფეხბურთო კლუბი "რეიმსი" კი, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კლუბია, რომელმაც კვირას მეორე ტურის შეხვედრა გამართა (ჯაბა განაცხადში ჯერ არ იყო) ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ მარსელის "ოლიმპიკთან" და 1:0 დაამარცხა მეტოქე. ეს ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო "რეიმსისთვის" და ჩემპიონატს "პარი სენ ჟერმენთან" და "კაენთან" ერთად უდანაკარგოდ ლიდერობს.
საქართველოს ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" აწ უკვე ყოფილი 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი საფრანგეთში 13 აგვისტოს ჩაფრინდა და ერთდღიანი მოლაპარაკების შემდეგ "სტად რეიმსთან" კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდა. მერე სამედიცინო შემოწმება გაიარა, კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და 4-ნომრიანი მაისურიც მიიღო.
ჯაბამ ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა, მისი დებიუტი კი, სავარაუდოდ, მომდევნო ტურში შედგება, როცა 22 აგვისტოს "რეიმსი" "ნანტს" ესტუმრება.
კანკავა დაესწრო "მარსელთან" გამართულ მატჩსნ და საპატიო სტუმართა ლოჟიდან, "რეიმსის" პრეზიდენტ ჟან-პიერ კეოსთან ერთად ადევნებდა თვალს. სხვათა შორის, კეოს ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ კანკავაში ფრანგებმა "დნიპროს" 1,1 მილიონი ევრო გადაუხადეს. "ტრანსფერმარკტი" ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს - ეს ინტერნეტგამოცემა 1,5 მილიონ ევროს ასახელებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია.
"ტრანსფერმარკტი" კანკავას 4 მილიონ ევროდ აფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ქართველი ფეხბურთელია ყაზანის "რუბინის" მცველ საბა კვირკველიასა და არნემის "ვიტესის" შემტევ ნახევარმცველ ვალერი ყაზაიშვილთან ერთად. ამ ასპექტში კანკავა ახალ კლუბშიც ერთ-ერთი ლიდერია. მასზე ძვირადღირებული მოთამაშე "რეიმსს" არ ჰყავს, 4 მილიონად კი მხოლოდ ალჟირის ნაკრების მცველის, აისა მანდის ტრანსფერს აფასებენ.
კანკავა ფრანგულ კლუბში უკრაინული "დნიპროდან" გადავიდა. მანამდე კი თამაშობდა თბილისის "დინამოში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", კიევის "არსენალში", კრივოი როგის "კრივბასში" (იჯარით)... 2012 წელს ის "დნიპროს" დაუბრუნდა და მისი ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. ბოლო საფეხბურთო სეზონში, ჯაბამ ამ გუნდთან ერთად ევროპალიგის ფინალში ითამაშა, სადაც "სევილიასთან" 2:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ზსენებულ მატჩში ჯაბა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და "სევილიას" სახელოვან ნახევარმცველებს ტოლი არაფერში დაუდო.
კანკავას საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 48 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ამგარიშზე 4 გოლია.
"ევროპაში თამაში სულ მსურდა. ახლა ამის შანსი მომეცა და გამოვიყენე. რეიმსში პარასკევს ჩამოვედი. მწვრთნელი, ოლივიე გეგანი შემხვდა და კონტრაქტი გავაფორმეთ. ორშაბათს უკრაინაში დავბრუნდები, მერე ისევ "რეიმსს" შევუერთდები და ჩვეულებრივად ვივარჯიშებ" - განაცხადა კამკავამ.
ომის შემდგომ პერიოდში "რეიმსი" ფრანგული ფეხბურთის ლიდერი იყო: 6-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, სამჯერ - ვიცე-ჩემპიონი, 2-ჯერ საფრანგეთის თასს დაეუფლა, 4-ჯერ კი - ქვეყნის სუპერთასს.
1956 და 1959 წლებში "რეიმსმა" თვით ჩემპიონთა თასის ფინალამდეც გააღწია, სადაც ორჯერვე მადრიდის "რეალთან" (რომელიც იმ წლებში 5-ჯერ დაეუფლა ძველი კონტინენტის უპირველეს საკლუბო ჯილდოს) დამარცხდა - 3:4, 0:2.
მოკლედ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი საკმაოდ საინტერესო და ძლიერ კლუბში გააგრძელებს კარიერას. რაც მთავარია, ევროპის ერთ-ერთ ტოპ ლიგაში და იმედია უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე აქამდე მიაღწია. ეს ყველაფერი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებს დადებითად წაადგება.
ვუსურვებთ მას ახალ კლუბში წარმატებებს, მითუმეტეს, როცა საწყის ორ ტურში ორი გრანდი, "ბორდო" და "მარსელი" დაამარცხეს. წესით, ამ ყველაფერმა გუნდი დადებითად უნდა დამუხტოს, ბრძოლის ჟინი გაუძლიეროს და ვინძლო, ლიდერთა მარაქაშიც გაერიოს სეზონის ბოლოს.